ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2014


  ჩამოტვირთვა

ჰარე ჩემო!

ზიხარ ახლა სადმე. ტუჩით არმანიაკს
ოდნავ ეხები და როგორც მენატურე,
ისე იმზირები სველი სარკმლებიდან.
ვითარ კეისარი უმზერს სენატორებს.
როგორც განზრახვათა,
ფიქრთა პოლიგლოტი.

შენი თვალებიდან თავად შენ წახვედი.
ახლა შენი მზერა, მზერას აღარ ნიშნავს.
როგორც მთა მთაა და მიდის მუჰამედი.
ჩემთვის ჰარე ჩემო! (ვისთვის ჰარე კრიშნა!)
შენი ქალურობის,
მე ვარ მოჯაჰიდი.

ყოველდღიურობა გახდა ესტაფეტა.
აღარც გამარჯვება, აღარც ტრიუმფები.
ვდგავარ მებადური შორის მენავეთა,
ბადის უთევზობას ვგმობ და ვიფურთხები -
ყელში გამეჩხირა
ბრაზი ვინაიდან.

სისხლში გამჯდარია გლოვის პროცესია.
შენ დრომ წაგიყვანა ნელა, ფეხაკრეფით.
ჩემგან მოიპარე წილი პოეზია,
როგორც შემოდგომამ თეთრი მიხაკები
და გრძნობ
მარტოობა უახლოესია.

სულში სხვანაირი სველი კლიმატია,
მკერდში საკმარისად ბევრი სიმარტივე,
შენგან არაერთი გრძნობის ანათემა.
(ქუჩამ შეუხვია ლურჯი მონასტრისკენ)
ახლაც გაპატიე.
უკვე მერამდენედ.

ზიხარ ახლა სადმე, ტუჩით არმანიაკს
ოდნავ ეხები და როგორ მომენატრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები