ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბეგი
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2014


გაბი

''ორს მივუმატოთ ორი ოთხია და გაბიმ ეს იცის''.

გაბი ტრანშეში წევს. საარტილერიო ჭურვები გააფთრებული აწყდება მიწას. გაბიმ იცის, რომ თანამებრძოლთა ნახევარი ჭურვებმა იმსხვერპლა. უცნაურად დიდი ზომის ჩაფხუტი ახურავს და შუაგულ ომშიც კი სასაცილოდ გამოიყურება.
ბრძანება:
_ შეტევაზე!
ბრძოლა უნდა დასრულდეს.
გაბი ყველასგან გამორჩეული ჯარისკაცია. შეუძლებელია სხვებზე წინ გაეგო მეთაურის ბრძანება, მაგრამ მაინც ასწრებს სხვებს.
ერთი,
ორი,
სამი,
ოთხი...
გაბი ეცემა.

_ თვალები დახუჭე, ჯარისკაცო!
გაბი მამაცია, თვალებს არ დახუჭავს. ამ საკაცეზე მიჯაჭვულიც კი, თითქოს მხნედ გრძნობს თავს. ლაზარეთს კიდევ ერთი თანამებრძოლი შეემატება. აწი ვეღარ გაიზრდება მათი რიცხვი. ბრძოლა მოგებულია.

სახლს ააშენებენ. მანძილი სახლიდან _ მთავარ, მტვრიან ქუჩამდე, შეგეძლება ფეხით დაფარო. ბილიკს გაუყვე და პირდაპირ აღმოჩნდე გზასთან, მერე ჩაჯდე გზის განაპირას მდგომ ჯიპში და ქალაქში წახვიდე. ბენზოგასამართი სადგურიც რამდენიმე კილომეტრშია. ამ სახლის მობინადრეები იშვიათად ტოვებენ ეზოს. ძირითადად მიწას თხრიან. შუადღით თაკარა მზეს თავს აფარებენ და ჩრდილში ისვენებენ.
გაბი სულ იღიმის.
ცოტაღა დარჩა...

გაბის ყველაფერი შეუძლია. შეუძლია იყოს
მძღოლი,
გენერალი,
მოკრივე,
მფრინავი,
მამა,
ძმა..
შეუძლია ცირკის მსახიობადაც წარმოგიდგინოს თავი და გაგამხიარულოს.

''ორს მივუმატოთ ორი ოთხია, მაგრამ გაბი ამაზე არასოდეს საუბრობს''.

და იქ, ხის ძირში, მწვანე მინდორზე პირაღმა წვანან. ალბათ წლებია გასული. გაბის კი უცნაურობა სჭირს _ არასოდეს ახამხამებს თვალებს. მეთაურს არც კი ახსოვს, თუ როდის მერე. აღარც გაბის. გაბი სულ ჩუმადაა. ამიტომ შეუძლებელია გაიგო, ახსოვს თუ არა რამე საერთოდ.

უფრო მერე კი...

'' შეგიძლია დაარტყა. მანქანით დაეჯახო. აგინო კიდეც და ბოულინგის ჯოხით სცემო, მოკლა, მერე გვამი ზურგზე მოიგდო და მდინარეში გადააგდო. შეგიძლია გაექცე, დაგიჭირონ და გაექცე. მოგკლან, გაცოცხლდე, მოგკლან და ისევ გაცოცხლდე. მთავარია ტური დაძლიო...''
გაბი კი აქ არაფერ შუაში იყოს.

''ორს მივუმატოთ ორი ოთხია და გაბიმ ეს შეუძლებელია იცოდეს''.

ფიცრულში გდია, მიტოვებული და დაძველებული. უკვე ორი თვეა, რაც გზისპირას მიგდებული ჯიპიც არ დაუქოქავს ვინმეს.

არ იცის,
არ შია,
არ სცივა,
არ სცხელა,
არ სტკივა,
არ ხედავს,
არ გრძნობს... არ გრძნობს...

გვიან ხვდება, რომ სანამ ძველ სახლს დატოვებდნენ, ახალ სახლში ნივთების გადასატანად გამზადებული მანქანის საბარგული გაბის მოსათავსებლად პრაქტიკულად ცარიელი იყო. რაღაც ტკივილიანი იგრძნო და და ძველ სახლში ახალ მობინადრეებს მიაკითხა.
_ ყვითელქოჩრიანი თოჯინა დამრჩა, გრძელი ნისკარტით...

ოთახში ბავშვი წევს. ჭრელ, ნათელ საწოლში ჩუმად სძინავს და მთელი გრძნობით გულში ჩაუკრავს ყვითელქოჩრიანი, გრძელნისკარტა თოჯინა.

ახლა, ისე, როგორც ოდეზღაც: ''ორს მივუმატოთ ორი ოთხია და...''

_ გაბი ჰქვია. მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები