ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2014


* * * ( ენდერლინის დღიური II )

***

რა არის ამ ვიწრო  ოთახში მოგონებებზე მეტი ...?

ვუყურებდი, 
როგორ უსხდნენ თავთან მომაკვდავ ახლობელს,
შვილები, ნათესავები...
როგორ ცდილობდნენ მასთან საუბარს...
და ვხედავდი, 
რომ  სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ადამიანს მხოლოდ
მოგონებები მიაცილებენ,
რომელებიც მიწაზე მძიმედ დააწვებიან ცარიელ სხეულს.


***

წუხელ მინდოდა გავცლოდი ამ ოთახს,
ამ ლოგინს და  მეხეტიალა ქუჩაში მარტოს,
ღამეს დამგზავრებული უსახლკარო კაცივით,
რომელიც ცარიელ ურნებს ესვრის ქვებს და
დასასვენებლად მიწვება მხოლოდ იქ,
სადაც დაღლას იგრძნობს...
მაგრამ ისე უშფოთველად და
ისე უმალ ჩამეძინა, თითქოს,
ბავშვივით სუფთა სინდისი მქონოდეს....



***
შუაღამისას, რა გვაწერინებს ,
ამდენ გაფანტულ წერილს ?
ერთმანეთთან ყოფნის წადილი თუ
სურვილი გავექცეთ პირისპირ დარჩენილ სინდისს?
იქნებ, ეგოიზმი,
ჩვენ რომ მონატრების და სიყვარულის ჩვრებში ვხვევთ...

***
ვიცხოვრეთ ჩვენი მამების დროს
და მაინც ვიყავით თანამოზიარენი
წინასწარმეტყველთა სისხლის.
ვიცხოვრეთ ჩვენი შვილების დროს და
მაშინაც თანამოზიარენი ვიყავით
წინასწარმეტყველთა და შვილების სისხლის.
და ცხოვრობთ ახლაც, მივდივართ ყოველ დღე მდინარესთან
და სადაც დავინახავთ ამღვრეულ ადგილს,
უმალ იქ ვიწყებთ ქვების სროლას, ნაცვლად იმისა,
რომ ავუყვეთ ზემოთ და ვნახოთ, სად იმღვრევა იგი.


***
“რა არის სიყვარული ?“
ვეკითხებოდით ერთმანეთს და 
დავეხეტებოდით სოფლის შარაზე,
ჯერ კიდევ ფეხისგან გაუთელავ ბალახში,
რომელიც შენს სულზე მაფიქრებდა...
და ვნახეთ კაცი, როგორ აჰყურებდა თავის დარგულ ხეს,
-ზუსტად ისე, როგორც დედა, საუბრისას, უკვე თავისზე მაღალ შვილს.
„ყოველივე უხილავი ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები