| ავტორი: აინინა ჟანრი: პროზა 23 ივლისი, 2014 |
ეძღვნება ზაქროს- შაქრო II-ს შაქრო რა კაცია? შაქრო ის კაცია, რომელიც არც ერთ შვილიშვილს თვალით არ გვინახავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, ჩვენ რომ დავიბადეთ, ის კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ უკლებლივ ყველას გვიყვარს, თანაც ისე, გულები გვიკოცონდება სიყვარულით...დიდი პაპა, კაცური კაცი!
არ მახსოვს ჩვენს ოჯახში ჭიქა აწეულიყო, მეორე სადღეგრძელო შაქრო პაპასი არ ყოფილიყო, მაშინაც, როცა მამა და ბიძა ცოცხლები იყვნენ და მერეც, როცა ჩვენ გავხდით ამ ტრადიციის შემნახავები...მეორე სადღეგრძელო ყოველთვის და მერეც...როცა ღვინო თავისას იზამდა, სულებს ჩაათბობდა და გაალაღებდა, ისევ ვუბრუნდებოდით, ათას რამეს ვიხსენებდით, რაც სუფრასთან მამა-ბიძებისგან, ბებიისგან, მამიდებისგან, მეზობლებისგან მოგვესმინა, შემონახული წერილებიდან ვიცოდით... ხან ვიცრემლებ- ვიღიმოდით, ხან ნაღველი დაგვიმძიმებდა გულებს, ხან სიამაყისგან ცვებერებოდა გულები, ხან მის საყვარელ სიმღერას შემოსძახებდა პაპას სეხნია, უფროსი შვილიშვილი,შაქრო II. ყველაზე მეტად ის გრძნობდა პასუხისმგებლობას „შაქროობა“ შემოენახა ჩვენი ჯიშ-ჯილაგისთვის, ხოდა სიმღერასაც ის მღეროდა, ოღონდ თუ მეტისმეტად გადათვრებოდა, მაშინ. ასეთი რამეებიც გვეხერხებოდა!....უცნაური სიმღერა იყო, ბიძაჩემისგან შემონახული, რომელსაც არც სმენა ჰქონდა და არც ხმა...ბიძაშვილს ცოტა რაღაც გაეგებოდა სიმღერის, მაგრამ რამდენად იყო ეს პაპასეული, თავს ვერავინ დასდებდა, ისეთი ლოტბარისგან ჰქონდა ნასწავლი...ტექსტიც უცნაური იყო, შავლეგოს ქართლურ-პაპისეულ-ბიძისეულ-შაქრომეორესეული ვარიანტი და რატომღაც ასე იწყებოდა: ალიზის კაცი მორბოდა.... ხო, თავდაპირველად სუფრის სადღეგრძელოებმა გააჩინა ეტყობა პაპას სიყვარული ჩვენს პატარა გულებში. ჩემი მეხსიერება იმ დროიდან იწყება, როცა არც თუ დიდ, მაგრამ ერთ სახლში ვცხოვრობდით, მეტიც, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ოთახის ერთ მხარეს ბიძა-ძალოს ვეებერთელა ტახტი იდგა, სადაც თავიანთ ნაშიერებთან ჩახუტებულებს ეძინათ,მეორე მხარეს კი ჩემს მშობლებს, თავის ერთადერთ ბეკეკოსთან. მაშინ ჩემი ბიძაშვილები ჯერ მხოლოდ ორნი იყვნენ. (მერე შემოგვემატნენ კიდევ ჩემი ძმა და ორიც ბიძაშვილი) გავიღვიძებდი თუარა,ჩამოვბობღდებოდი საწოლიდან და მათკენ მივტანტალებდი. იქამდე მისვლა კი არცთუ უსაფრთხო იყო, რადგან კედელზე, სადაც მათი ტახტი იდგა, ვეებერთელა ხალიჩა იყო გაკრული პირდაფჩენილი ორი ვეფხვითა და ქორბუდა ირმით. მე კი ისევე მაშინებდა ხარირმის საომრად მომზადებული რქები, როგორც ვეფხვის დაღრენილი ხახა. შიშისაგან გულაფანცქალებული, თვალდახუჭული გავრბოდი და როცა ნანუკასა და ზაქრიკაკოს შუაში ჩავუკოტრიალდებოდი, ეს საშიში მხეცებიც მაშინვე ქრებოდნენ...ღმერთო, რამხელა სიყვარული ეტეოდა მაშინ ჩვენს პატარა გულებში!... ვიზრდებით, გულები გვეზრდება და სიყვარული კი პატარავდება შაგრენის ტყავივით.... მაშინ, ჯერ სკოლაშიაც არ დავდიოდი, მე და ნანა მეზობლის ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდით. ზაფხული იყო. იმ ოჯახის ბებია პურს აცხობდა და ცხელ-ცხელი შოთები რომ ამოყარა, გრილ მარანში საჩვენო მაგიდაზე სუფრა გაგვიშალა: ყველი, პური, ქორფა,სურნელოვანი ახლადდაკრეფილი კიტრები და პატარა დოქუნათი ღვინო.შემოვიწკიპეთ პატარა სკამებით მე, ნანა, იმ ოჯახის ბიჭი, ჩვენზე ცოტა უფროსი და ორიც ჩვენი ოჯახის განაყარის ტყუპი-ლევანა და ბეჟანა. ნანა იყო ჩვენი ყოჩი და ავან-ჩავანი, თამადობაც შეუთავაზებლად იკისრა. პაწია ჭიქები რომ შეავსებინა ბიჭებს, დასცხო და რა დასცხო სადღეგრძელოები. მეორე ჭიქით, რა თქმა უნდა, იმანაც შაქრო პაპა ადღეგრძელა. ჩვენ ყველამ თვალით უნახავი შაქრო პაპას თამადობით გავანათლეთ ჩვენი ასევე თვალით უნახავი დიდი პაპები- არჯო პაპა, გიგალო პაპა, სოსიკო პაპა (მაშინ ნაცნობი მიცვალებულები ჯერ კიდევ არ გვყავდა)...ამ ჩვენი მეზობლის ბიჭმაც ასჭია ჭიქა და ილოცება: გაუმარჯოს შაქრო პაპას, არჯო პაპას, გიგალო პაპას, სოსიკო პაპას და გადაჰკრა...უსმინა, უსმინა,უყურა, უყურა ბებიამისმა და წამოარტყა თავში ხელი: შე უდღეურო, ბოლოში მაინც გაგეხსენებინა საკუთარი პაპა საკუთარ პურმარილზე, მეზობლის პაპები ასე ცხარედ რომ დალოცეო...ამის მერე სოსიკო პაპას შემდეგ მიხა პაპასაც მივაყოლებდით ხოლმე, ამ დღის გასახსენებლად და თან გულიანად ვიცინოდით. სასაფლაოსაც ჩვენ ვუვლიდით, ბავშვები. არავის არ დაუვალებია, არ უსწავლებია, ისე. სულ პატარა თითებით ვწიწკნიდით ბალახებს გაზაფხულდებოდა თუარა.ყველაფერი პაპასთვის გვემეტებოდა, ყველაფერს ვრგავდით, რაც საუკეთესოდ გვეჩვენებოდა: ვარდებს, იებს, ბზას,ნაძვს....ალუბალს, მარწყვს, კაკალს-საფლავს შიგნით თუ გარეთ. ერთადერთი სურათი გვაქვს პაპის. შაქრო II-ს ვიღაცის ოჯახში უნახავს ეს ფოტო, რამდენიმე ასლი გააკეთებინა და სუყველას დაგვირიგა. სურათზე პაპა ახალგაზრდაა, თანასოფლელ ბიჭებთან ერთად , სამხედრო ფორმებში არიან გამოწკეპილნი, ხიშტიანი თოფები გადაუკიდიათ მხრებზე. უკან აწერია 1921 წ.თებერვალი. იმ პერიოდში გავიზარდე, როცა ქართველ ბავშვებს უსინდისოდ გვასწავლიდნენ სკოლებში: „თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ“, როგორ ვუყვარდით ლენინს ბავშვები და როგორ უნდა გვყვარებოდა ჩვენც დიდი ბელადი, საბჭოთა სამშობლო, როგორ უნდა დაგვეცვა მტრებისგან, რომლებიც უნამუსოდ უთხრიდნენ ძირს ჩვენს ქვეყანას. ეს პიონერობაო, ეს კომკავშირელობაო და მეტი რა შეეძლო უმწიფარ სულს? ამიტომ ცოტა არ იყოს ხინჯი შეეპარა ჩემი გმირი პაპის იდეალს, როცა გავიგე ბებიასგან როგორ მალავდა თავის მეზობელსა და ოჯახის ნათლიას, მაგრამ მენშევიკსა და კულაკს,ხალხის მტერს, როცა მას დასაჭერად დასდევდა მთავრობა; ისიც მეჩოთირებოდა, კოლმეურნეობა თურმე მაინცდამაინც რომ არ ეპიტნავებოდა. არ მესმოდა, რატომ იმეორებდნენ მამაჩემი და ბიძაჩემი პაპის ამ სიტყვებს :ჯერ იმ კაცის დედა, რომელსაც კოლმეურნეობა უნდოდეს და მერე იმისი, ვინც შევა კოლექტივში და ისე არ გააკეთებს საქვეყნო საქმეს, როგორც საკუთარსო. ჩემმა პიონერულმა სულისკვეთებამ ვერც ის გადახარშა ბოლომდე, როცა გავიგე როგორ უზიდავდა თურმე უკაცო ოჯახებს საკუთარი ზურგით კოლმეურნეობის კუთვნილ ხორბლით სავსე ტომრებს, როცა ბრიგადირად იყო, მარტო ამ კოლმეურნეობის ვირთხებმა ხომ არ უნდა ჭამონ, თქვენ უფრო გეკუთვნითო. ეს სურათიც მაშინ რომ მენახა, ვერც ამისას გავიგებდი რამეს.კოჯორი,ტაბახმელა, კადეტთა და მოხალისეთა გმირობა, როცა „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ ,ისტორიიდან და ხალხის მეხსიერებიდან გამქრალი იყო, იქნებ ახსოვდაც კიდეც, მაგრამ არავინ ლაპარაკობდა ამაზე.მოგვიანებით მივხვდი, როგორი ღრმა ფესვები ჰქონდა ჩემი პაპის ზნეობას, ისეთი ღრმა, რომ ვერაფერი დააკლო კომუნისტურმა წნეხმაც კი.ეს სწორედ ის ზნეობა იყო, ჩემს არსებაში უფლის თვალივით რომ ჩამდგარიყო და არ მაძლევდა უფლებას უღირსებოდ მოვქცეულიყავი, რადგან ვიცოდი თუ ვგრძნობდი, მე მეტი მომეთხოვებოდა. დარწმუნებული ვარ ყველა, პაპაჩემის მოდგმაში, ასე ფიქრობდა... პაპა მეორე მსოფლიო ომშიც იბრძოდა. ჯერ მამაჩემი გაუწვევიათ ჯარში და რამდენიმე თვეში ომიც დაწყებულა. ბიძაჩემი ჯერ პატარა ყოფილა. პაპა მაშინ წასულა საომრად, როცა საბჭოთა არმიას ძალიან გაუჭირდა და ჭარმაგი მეომრები დასჭირდათ. სამი წელი უომია, გამარჯვებამდე. ოჯახის მატიანეს არ შემოუნახავს პაპის „საქმენი საგმირონი“, ეტყობა არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, რომ მამაჩემი, 19 წლის ბიჭი, ტყვედ ჩაუგდიათ გერმანელებს,ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. ომის დამთავრების შემდეგ კი ათი წელი ციმბირი აშენებინეს, ტყვედ ჩავარდნის ლაჩრობა რომ გამოესყიდა.ოჯახში არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ხოდა რა გული ექნებოდა საწყალ პაპას თავის თავგადასავლებზე ელაპარაკა ვინმესთან. შვილზე დარდს შესწირვია კიდეც...უცნაური სიკვდილით მომკვდარა, 53 წლის ასაკში. მილიონჯერ მქონდა ეს ამბავი მოსმენილი და მაინც ყოველთვის ტანში მბურძგლავდა, როცა ვინმე ყვებოდა. ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეზობლის ბიჭი დაბრუნებულა ციმბირიდან, ისიც ტყვეობაგამოვლილი, თითქმის მამაჩემის ტოლი. ოჯახს მთელი სოფელი მიუწვევია ამ სიხარულის გასაზიარებლად. იმ სუფრიდან პაპას რამდენიმე კაცი გამოუყოლებია შინ, ჩემი ბიჭის ჩამოსვლისაც დავლიოთ ერთი ჭიქაო. ბებიას სახელდახელო სუფრა გაუშლია. რომ დამსხდარან, პაპას ჭიქა აუწევია, ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულების სადღეგრძელო იყოსო, უთქვამს. ღმერთმა მშვიდობით დამიბრუნოს ჩემი ბიჭიცო. მერე რატომღაც ბიძაჩემს მიბრუნებია, მე დღეს ვარ, შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, შენ უნდა მიგვიხედო ოჯახს, სანამ შენი ძმა შემოგეშველებაო, აბა, შენ იცი, როგორ კაცობას გამოიჩენო. მერე თავისი „ალიზის კაცი“ წაუმღერია. კიდევ ერთხელ უთქვამს, ჩემს ბიჭს, ჩემს ვაჟკაცს გაუმარჯოსო, ბოლომდე დაუცლია ის ჭიქა, მაგიდაზე დადებაც კი ვერ მოუსწრია, ხელიდან გავარდნია და თავადაც იატაკზე დაცურებულა...რომ მისცვივდნენ, უკვე მკვდარი ყოფილა... ზემოთ ვთქვი, პაპას საბრძოლო თავგადასავლებზე არაფერი მსმენია-მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა. ერთხელ, მახსოვს ზაფხული იყო, ვიღაც კაცი მოადგა ჩვენს ჭიშკარს. ოჯახიშვილებო, გამომხედეთო, იძახდა.გავხედეთ. შაქროსებს ვეძებო, გვითხრა, თქვენთან მომასწავლესო...მობრძანდით, შაქროსები ვართო, მამაჩემმა- თითქმის მისი ხნის იქნებოდა. გვიკვირდა, შაქროსთან რა საერთო უნდა ჰქონოდაო. აქეთ მოვხვდი და რომ არ შემომევლო, არ დამეხედეთ, არ იქნებოდაო. იცით რა პაპა გყავდათო, მოგვიბრუნდა, ამ ხნის ვარ, მე მეორე ეგეთი კაცი არ შემხვედრიაო, მადლიანი იყო, დიდი მადლი ჰქონდაო. სულ ფრენა-ფრენით გავშალეთ სუფრა, მოვუსხედით. გაფაციცებულები ვუსმენდით, აღტკინებულები. თურმე ერთად იბრძოდნენ. შვილივით ზრუნავდაო ჩემზე. რამდენჯერ ძილ-ბურანში მიგრძნია, როგორ მიკუჭავდა გვერდებიდან ფარაჯას, რამდენჯერ გადამფარებია ჭურვის აფეთქებისას მთელი სხეულით ინსტინქტურადო.ერთხელ წყაროს წყალს მოწყვიტეს ჩვენი ოცეული გერმანელებმა. დიდხანს ვითმენდით, მაგრამ რამდენ ხანს გასძლებ ადამიანი უწყლოდ! ბოლოს გადავწყვიტეთ კენჭის ყრით შეგვერჩია ისინი , ვისაც მათარებით უნდა მოეტანა წყალი მთელი ოცეულისთვის. მეც მათ შორის მოვხვდი, სამი რუსი იყო და მე ერთი ქართველი. მოვემზადეთ, გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, ცეცხლისა თუ ჯოჯოხეთის ხაზი უნდა გადაგვეარა, წყარომდე რომ მივსულიყავით,ვინ იცის რა მოხდებოდა. უცებ შაქრო ძიამ წამივლო ხელი მათარებზე. შვილო, მე წავალ, ჩემი ვალი მოხდილი მაქვს ამ ქვეყნის წინაშე, შვილებს ვტოვებ, ოჯახს, შენ ეგ ყველაფერი წინ გაქვსო. ჩამიხუტა, გადამკოცნა, მათარები ძალით გამომგლჯა ხელიდან. ოთხი კაციდან იმ დღეს მხოლოდ ორი მობრუნდა:ძია შაქრო და ერთიც რუსი...მაგის სულს ვენაცვალე, მაგის მადლით დავდივარ აქამდე ამ ტკბილ ქვეყანაზეო. სულ მჯერა, რომ სწორედ ამ მადლმა გადაარჩინა მამაჩემიც იმ ჯოჯოხეთს: ექვს თვეს ომში, ოთხწელ-ნახევარს ტყვეობაში და 10 წელსაც იმ ოხერ ციმბირში. თან ისეთი ჩამოვიდა, უტეხი, ძველი გუთნისდედასავით ღონიერი და ალალ-მართალი. და ყველაზე ძალიან რაც მაოცებდა ხოლმე მასში, იების სიყვარული რომ შეეძლო კიდევ ამდენი ვაი-ვაგლახის გადამტანს. მახსოვს, როგორ მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის გაზაფხულზე მწანე ბრტყელ ფოთლებში შემალული სურნელოვანი იები, როგორი ნათელი გადასდიოდა ამ დროს სახესა და მიწით მოსვრილ მარჯვენაზე. აღდგომას ტრადიციულად სოფელში ვხვდებით ხოლმე აქეთ-იქით მიმოფანტული ბიძაშვილები. ადრე ყოველთვის ერთად გავდიოდით ორივე ოჯახი ამ დღეს საფლავზე. თავდაპირველად მხოლოდ შაქრო პაპას საფლავი გვაკავშირებდა სოფლის სასაფლაოსთან..სანთელს დავანთებდით, წითელ კვერცხებს მივუგორებდით, ღვინოს მოვუქცევდით, მერე იქვე, მწვანე ბალახზე გავშლიდით სუფრას, მოვუსხდებოდით და ჩავტკბებოდით... დროთა განმავლობაში სუფრაც გაიზარდა, ახალუხლები შემოგვემატნენ: რძლები, სიძეები, შვილები და საფლავებიც გაგვიბევრდა: მამაჩემის, ბიძაჩემის, ბებიაჩემის. ჩემი ძმა და ზაქრო გახდნენ ოჯახისა და ამ საფლავების პატრონები, „შაქროობის“ გამგრძელებლები. საფლავზეც ჩვეულებისამებრ გავდიოდით აღდგომას, მაგრამ ახლა ცრემლმა იმატა სუფრასთან...ბოლო ორ წელს საერთოდ აღარ გაგვიშლია სუფრა სასაფლაოზე. ჩვენი შაქრო II გარდაიცვალა, ისიც პაპას ასაკში...სასაფლაოზე პურს რაღა შეგვაჭმევდა, ტკივილი ბურთივით გვეჩრებოდა ყელში, მის საფლავის ქვას რომ ვხედავდით. აღდგომას მოვივლიდით საფლავებს, ანთებულ სანთლებს და წითელ კვერცხებს დავუტოვებდით გაღმივლებს და შინ გავილალებოდით,მამაჩემისები თავისთვის, ბიძაჩემისები თავისთვის... წელსაც ასე უჩუმრისპირად მოვიარეთ საფლავები დანახევრებულებმა, სუფრა სახლში გავშალეთ, გავიხსნილეთ, აღდგომის დღესასწაული მივულოცეთ ერთმანეთს, კვერცხები დავურტყით , უღიმღამო სადღეგრძელოებიც გავცვალეთ... და ზაქროს პატარა შვილიშვილიც შემოვიდა, აბა, ჩქარა წამოდით, სუფრას შლიან უკვე, ყველანი იქ ვართო. ხათრი ვეღარ გავუტეხეთ, წამოვიზლაზნეთ, ზაქროს გარეშე აღარ გვიწევდა გული იქით. მე ცოტა შემაგვიანდა, სანამ მივალაგ-მოვალაგეთ რაღაც-რაღაცები. რომ მივედი, გული შემიქანდა: ზაქროს პატარა შვილიშვლს ჭიქა ეჭირა ხელში და ზუსტად ჩვენეული თანმიმდევრობით იმეორებდა: შაქრო პაპას გაუმარჯოს, არჯო პაპას,გიგალო პაპას, სოსიკო პაპას.... მერე დანარჩენებს უსურვა ნათელში ყოფნა, ზოგს თვითონ იხსენებდა, ზოგს აქეთ-იქიდან ახსენებდნენ.... შაქრო რა კაცია? შაქრო ის კაცია, რომელსაც არც ერთი შვილიშვილი, შვილთა შვილი, შვლთა შვილის შვილი არ მოსწრებია, მაგრამ უკლებლივ ყველას უყვარს, თანაც ისე, გულები უკოცონდებათ სიყვარულით...დიდი პაპა, კაცური კაცი! ღმერთო, შეგვინახე ეს სიყვარული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომენატრა ჩემი პაპუკა:( ეჰ. ძალიან მომეწონა 555 მომენატრა ჩემი პაპუკა:( ეჰ. ძალიან მომეწონა 555
9. ეს გულსატკენი , მართალი ისტორია რა ლამაზად და გულიანად მოყევი, ჩვენი პაპების ხსოვნაც იყო, ამინ. ეს გულსატკენი , მართალი ისტორია რა ლამაზად და გულიანად მოყევი, ჩვენი პაპების ხსოვნაც იყო, ამინ.
8. ხო, კარგი იყო ფრიად ხო, კარგი იყო ფრიად
7. ეს რა კარგი რამ გამომრჩენია...კინაღამ :)
სასიამოვნო, ცოცხალი თხრობა ერთი რამის სიყვარულზე, დამალვა რომ არ ჭირდება.
ეს რა კარგი რამ გამომრჩენია...კინაღამ :)
სასიამოვნო, ცოცხალი თხრობა ერთი რამის სიყვარულზე, დამალვა რომ არ ჭირდება.
6. კარგი იყო ძალიან+5 კარგი იყო ძალიან+5
5. ესაა ქართველების ერთერთი გამოსარჩევი თვისება, წინაპართა სიყვარული და პატივისცემა . ყველა პაპა-ბაბუა ნათელში ამყოფოს უფალმა, ცოცხლები კი დიდხანს ყოფილიყვნენ. ესაა ქართველების ერთერთი გამოსარჩევი თვისება, წინაპართა სიყვარული და პატივისცემა . ყველა პაპა-ბაბუა ნათელში ამყოფოს უფალმა, ცოცხლები კი დიდხანს ყოფილიყვნენ.
4. ქართლელი,ჭაო!
ქართლელი,ჭაო!
3. უი ეს კახელი პაპა არ არის...უბრალოდ " პაპა" კახეთში იციან და ...ამიტომ ვიფიქრე ასე...:) უი ეს კახელი პაპა არ არის...უბრალოდ " პაპა" კახეთში იციან და ...ამიტომ ვიფიქრე ასე...:)
2. ბებიებზე და პაპებზე სიამოვნებით ვკითხულობ ყველაფერს თითქმის...:) ეს კახელი შაქრო პაპაც შემიყვარდა მე...:-* ბებიებზე და პაპებზე სიამოვნებით ვკითხულობ ყველაფერს თითქმის...:) ეს კახელი შაქრო პაპაც შემიყვარდა მე...:-*
1. შაქრო რა კაცია? შაქრო ის კაცია, რომელსაც არც ერთი შვილიშვილი, შვილთა შვილი, შვლთა შვილის შვილი არ მოსწრებია, მაგრამ უკლებლივ ყველას უყვარს, თანაც ისე, გულები უხურდებათ სიყვარულით...დიდი პაპა, კაცური კაცი! ღმერთო, შეგვინახე ეს სიყვარული! ++++++++
მე ჩემი პაპა მენატრება უსაშველოდ..:((((((( შაქრო რა კაცია? შაქრო ის კაცია, რომელსაც არც ერთი შვილიშვილი, შვილთა შვილი, შვლთა შვილის შვილი არ მოსწრებია, მაგრამ უკლებლივ ყველას უყვარს, თანაც ისე, გულები უხურდებათ სიყვარულით...დიდი პაპა, კაცური კაცი! ღმერთო, შეგვინახე ეს სიყვარული! ++++++++
მე ჩემი პაპა მენატრება უსაშველოდ..:(((((((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|