ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2014


იქ

ამ მივარდნილ მხარეში,
გაქრნენ თითქმის ყველანი,
ვინც ბავშვობის განცდებს შემორჩათ...
რა დარჩა მათგან,
გარდა კედელზე ან საოჯახო ალბომში
დარჩენილი სურათებისა,
გარდა დახეული ფეხსაცმლისა,
რომელიც ვერც გასაცემად გაიმეტეს
და ვერც გადასაგდებად?

გაქრნენ ისინიც:
ვინც თამბაქოსაგან გაყვითლებული
ხელებით მიწას ჩიჩქნიდნენ,
მრავალწლიან ნერგებს
რგავდნენ შვილიშვილთათვის
და ისე მოკდვნენ,
გული არავის დაწყვეტია.
ვისაც, ამ ვიწრო და
ჩაბნელებულ უბანში გაზრდილს ,
ქალაქი მხოლოდ ხმაური
და ბეტონის უსულო ნაგებობები ეგონა,
სავსვე ბორდელებით
და ცოდვათა ბუნაგებით,
რომლთა კუთხეებიც
შარდის სუნად ყარს,

და მაინც თვალი სულ იქით ეჭირა .

გაქრნენ ქალებიც, ონკანეთან
რომ რეცხავდნენ სარეცხს,
წამიერად გასწორდებოდნენ
წელის ტკივილის დასათრგუნავად,
ქაფიანი ხელით მზეს იჩრდილავდნენ
და გაჰყურებდნენ სარეცხის თოკზე
გაფენილს ზეწრებს, სისველისგან რომ
იცლებოდნენ და მზეს ნებდებოდნენ
მეძავი ქალის აღტკინებით.
და ეს ქალები ყველაზე მეტად
ღამეს ერიდებოდნენ..


გაქრნენ ის გოგონებიც, ფანჯრის ბაქანზე შემომსხდარნი,
სადღაც შორს რომ იყურებოდნენ და
სულ ფეხებზე ეკიდათ ეს ამბებიც და გარეთ
რეტდასხმული ჩიტების სასიკვდილო ცეკცვაც,
უბრალოდ ერთი სული ჰქონდათ, მალე გასცლოდნენ
ამ დრომოჭმულ სახლებს და ჩვევებს.

გუშინაც გაქრა ყველაზე ხნიერი და ომის ბოლო
მონაწილეც ამ უბანში... და პირველად ვიხილე
შუა ხნის ხალხი, ასე დამწუხრებული,
არა მისი გარდაცვალების, არამედ
ბოლოდან ათვლილ სიცოცხლის რიგში,
მათზე წინ მდგომის დაცემით.

შენც გაქრი ჩემო ბავშვობავ,
(პაპების საფლავებივით
მოუვლელი, დაუცველო
და ხავს მოდებულო)
.
რომელიც წაგვართვა, არა დრომ,
არამედ ჩვენმა წასვლამ ამ უბნიდან,
ქუჩიდან, ძველი მეგობრებისგან...
ცეცხლს მისცეს და
ხიდებად გადეს ის ხეებიც,
რომლეთა ჩრდილშიც თავს
ვაფარებდით პატარაობისას,
რამდენიმე დღის წინ მომხდარ
ამბებს ვყვებოდით ისე,
როგორც ძველს და მივიწყებულს ხალხთაგან,
რომლემსაც შვილებს უყვებიან სიამაყით...
საკუთარ მამებზე ვყვებოდით ლეგენდებს
და ღამით თავს ვაფარებდით უმოხუცო სახლებს.
-
ჩვენ უნდა
დავუბრუნდეთ,
ჩვენს ძველ სახლებს ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები