ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2014


ჯოკონდას ხატვა ეპიდემიის წინ

„იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის“ ნელსონ მანდელა

დღეს მე კვლავ ციხის კედლებში გავიღვიძე
იცი ამ პატარა 10 კვადრატულ მეტრ საკანში გაზაფხული ვიგრძენი
მისი სუნი.
ახლად აბიბინებული მწვანე...
ძალიან მარტივია ცხოვრება
გაზაფხულის სუნს ან გრძნობ ან ვერა.
ზღვის ქაფი გიყვარს ან არ გიყვარს
წიგნის სუნი აღგაგზნებს ან არ აღგაგზნებს
დედის ლოცვა გშველის ან დედა არ გყავს...
ცხელ გულზე იოლია ადამიანის მოკვლა,
როცა გვშია კოსმოსის სისწრაფით ვაგლეჯთ თავებს ქათმებს
ღორებს კურდღლებს და ბოლოს ერთმანეთზეც გადავედით...
ცხელ გულზე არაფრის კეთება არ ღირს
იმიტომ რომ როდესაც ტემპერატურა განორმალურდება ბევრი რამ ისეთი გამოჩნდება რაც გავარვარებულზე აზრადაც არ მოგვსვლია.
მე მიყვარს შენი ღიმილი
პროფესიონალური სწრაფი და ეფექტური
მე დავიბრუნებ შენ ღიმილს
ოღონდ არა ცხელ გულზე
არა ვიღაცის ან რაღაცის ჯიბრზე
არა მტრობით და ომით
არამედ თავისუფლებით.
თავისუფლებას გაზიარება უნდა! ბედნიერებასაც მადლიერებასაც და სიკეთესაც
სწორედ მაშინ ხდება ეს ყველაფერი გადამდები და დროა დადგეს ეს ეპიდემია!
დროა სანგრები კოცნით ამოვავსოთ
დროა ვნებას დავუდგათ ძეგლი და არა ომის შემოქმედ მხედართმთავრებს
დროა შენი სუნი ისევ ჩემ თითებში იყოს!
მენატრები და მჯერა შენი
სამყაროში ყველაფერი ძალიან მარტივია!
ჯოკონდას ღიმილს ან ხატავ ან ვერა 
მოდი ერთად დავხატოთ ჯოკონდა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები