ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზალი
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2014


ორი ნაპირი

როცა პირველად შეამჩნია, დიდხანს უყურა, ფიქრობდა , იყო თუ არა ეს ბზარი.
ჯერ თითით მოსინჯა, შემდეგ წყლით დაასველა, შემდეგ მარილი გაურია.
_ბზარია_დაასკვნა და სულ თბილ-თბილი სიტყვებით , სულ ტკბილ-ტკბილი სიტყვებით , სულ ფერებ-ფერებით, ალერს-ალერსით სცადა ამოვსება.
ბზარი იზრდებოდა.
გახდა თითისჩადება.
გახდა მტევნისჩადება.
გახდა ხელისგაწვდენა.
ფეხის გადაბიჯებაც გახდა.
მიიტანა და ჩადო საწოლი.
მიიტანა და ჩადო მაგიდა.
სახლის კარიც ჩამოხსნა და გადო.
მიიტანა და ჩაყარა რაც კი ებადა: განჯინა, ჭუჭელი, ტანსაცმელი , თმა გადაივარცხნა და სავარცხელიც გადააგდო.
უნდა ამოივსოსო .
უნდა ამოიპიროსო.
უნდა ამოიყოროსო.
სახლიც გაიმეტა.
ეზოც გაიმეტა.
ბზარი კი ნაპრალდებოდა.
წავიდა და მოზიდა ხეები. წავიდა და მოზიდა ლოდები. წავიდა და მოზიდა თოკები.
ხიდს მაინც გავაკეთებო. ხეებს გადავაბამო. თოკებით გავამაგრებო.
მაინც არ დავტოვებ გაღმა ნაპირზეო.
ის კი იჯდა და უყურებდა.
ეს კი ახვევდა ,აბამდა და ამაგრებდა. ეზიდებოდა და ეზიდებოდა. ავსებდა და ავსებდა.
ნაპრალი კი უფსკრულდებოდა.
ის კი იჯდა და უყურებდა.
ეს კი ვალდებული იყო. ძლიერი უნდა ყოფილიყო. გამტანი უნდა ყოფილიყო. ამტანი უნდა ყოფილიყო.
ის კი იჯდა და უყურებდა.
ეს კი ლოდებს ეზიდებოდა, ეზიდებოდა, ეზიდებოდა...
მოიტანა ერთხელაც ლოდი და და ჩამოჯდა.
ის მიხვდა რომ რაღაც შეიცვალა.
ის მიხვდა რომ ცალ მხარეს დამაგრებული ხიდი ყოველთვის განწირულია უფსკრულში ჩასაჩეხად.
ადგა და დაიწყო ზიდვა ხეების, ზიდვა ლოდების, ზიდვა თოკების.
ეს კი იჯდა და უყურებდა.
_ნუ გეშინია, ხიდს გავამაგრებო!_ იძახდა ის. იმას კი ვერ ხვდებოდა რომ ამას უკვე აღარფრის ეშინოდა. აღარც ესმოდა.იჯდა ყურებში ხელებდაცობილი. რომც არ დაეცო, ვეღარ გაიგონებდა. ძალიან დიდი იყო მანძილი ნაპირებს შორის..
ის კი ამაგრებდა და ამაგრებდა.
ეს კი იჯდა და უყურებდა.
იმან ბოლო სამაგრიც გააკეთა.
ეს კი ადგა. აიღო დანა . ხიდი გადაჭრა.
წავიდა.
მთელი ცხოვრება მზად იყო ჯანდაბამდე მასთან ერთად ევლო. იმან კი ჯანდაბის გზაც ვერ გაიგნო.
_მარტოც გავიგნებ_გაიფიქრა_ან რატომ მარტო? ჯანდაბაში წამსვლელებს რა გამოლევს? გზაში რამდენი შემომიერთდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები