ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2014


ლოკოკინა (ეგო-არტი)

                                                 

ლურჯი და ვრცელი,- სულ ეს იყო, რაც მის შესახებ გადმოცემით ვიცოდი.
დედამ  ხუმრობით ისიც კი მითხრა, ყველას ნუ გააგებინებ, პირველად რომ მიდიხარო.
ჩანთაში ჩამილაგეს ნივთები, რომლებიც ათი დღის გათვლით დამჭირდებოდა და გამიშვეს.
ზღვა რომ დავინახე, მხოლოდ ხუთი წამის შემდეგ ვიგრძენი, როგორ დავაღე პირი, მაგრამ მეექვსე წამზე დედას სიტყვები გამახსენდა და მაშინვე მოვკუმე.
ვკითხულობდი გალაკტიონ ტაბიძის „რჩეულს“ და კანი მიხუნდებოდა.
ცხრა წლის ვიყავი მაშინ.
წამოსვლამდე ორი დღით ადრე, შუაღამის ნაწვიმარზე გამთენიისას რომ გავიარე, ლოკოკინა დავინახე, წელზე ამოზრდილი სახლით.
დავიხარე, ფეხით შევეხე და მაშინვე სახლში შეიკეტა.
უკან ორი ჩანთით დავბრუნდი:
ერთში- ტანსაცმელები, მეორეში ნიჟარები და ზღვისსუნგამოყოლილი ქვები ელაგა.
გუშინ, სახლიდან რომ ვბრუნდებოდი და დრო ძალიან ბევრი მქონდა, დავფიქრდი და ლოკოკინაში ის დავინახე, ვინც ყოველთვის მინდოდა, რომ ვყოფილიყავი:
ადამიანი, რენტგენის სურათივით მკრთალ, ცისფერხაზებიან ხერხემალზე საკუთარი სახლი რომ აწევს და ხმაამოუღებლად დადის,
თავისი დარდით,
თავისი სიმძიმით
არავის აწუხებს და მაინც ამოსუნთქვას არ აცდიან.
ზოგჯერ ასეთია ცხოვრება:
სათვალეებიან მოხუცს ჰგავს, დასაჩირად გამზადებული ვაშლივით რომ უდევს წინ შენი ბედი,
გთლის,
კანს გაცლის,
მერე მკერდქვეშ მატლს დაინახავს და ამრეზილი სახით სანაგვეში გადაგაგდებს,
ასე დაშლილს,
დანაწევრებულს,
ხელი რომ ერთ მხარეს აგდია და გული სულ ამოჭრილი გაქვს.
სახლი კი ნაჭუჭია, შიშველ სხეულზე შემოიხვევ და ძვლებზე ამოგეზრდება.
ზოგჯერ, როცა დავფიქრდები იმ სახლებზე, რომლებშიც ჩაის პორცელანის ფინჯნიდან სვამენ თხლადდაჭრილ ხალვასთან ერთად და ხმა ექოსავით ისმის ერთი ოთახიდან მეორეში, ჩემი უბრალო ოთახი მენატრება, რომელშიც მამამ გააკრა უბრალო შპალერი და ახალშეღებილი ფანჯარა ჩასვა, დედას გაწმენდილი ფანჯრებიდან კი ცხოვრება უფრო სუფთა ჩანს, ვიდრე- რეალურადაა.
ყოველთვის, როცა ამას ვფიქრობ და ანუ ჩემი ოთახი მენატრება,
სისხლძარღვებს ვერმიწოდებული სისხლივით მაწვება ის ლოკოკინა გულთან, ცხრა წლისამ რომ კარი შევუმტვრიე...
თავისი ტკივილით დადიოდა,
თავის სიმძიმით,
ვერ იქნა და ვერ გაიხარა.
ერთნაირები ვართ ადამიანები და ლოკოკინები.
„მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ“ (კარლო კაჭარავა).





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები