| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 27 ნოემბერი, 2014 |
ამბავი ალი-აკბარ იბნ ზაჰირის ბედისწერისა
ეს მცირე ტექსტი, რომელიც ხელნაწერთა ცენტრში № 37011 ბ-ით იყო აღნიშნული, რატომღაც სპარსული ხელნაწერების ფონდში, ერთერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომლის დასახელებისგან თავს ვიკავებ, გასაგებ მიზეზთა გამო. მისივე სწორი დაკვირვებით, რომელიღაც ვრცელი სპარსული ტექსტის შემოკლებული თარგმანი უნდა იყოს, ნაუცბათევად შესრულებული, თანაც მოგვიანებით, რაზეც მეტყველებს საწერ მასალაზე აღბეჭდილი ჭვირნიშანი. ხელნაწერი სულ ოთხ გვერდს შეიცავს. ბოლო გვერდი ნაკლულია, თუმცა ეს ხელს ვერ უშლის ამბის დასასრულის აღდგენას. მთარგმნელი თუ დამკონსპექტებელი არამუსლიმი რომ უნდა იყოს, ამ ეჭვს ამტკიცებს ის, რომ ავტორი არ აპელირებს ალაჰზე. ამავე მოსაზრებას ამაგრებს სტილის სისადავე და სპარსული ხელნაწერებისთვის დამახასიათებელი მინიატურების უქონლობა. მიუხედავად ტექსტის წარმომავლობის გაურკვევლობისა, ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნებოდა მისი გაცნობა, ტრადიციული თემის- ბედისწერის კიდევ ერთ ინტერპრეტაციას რომ გვთავაზობს.
მრავალი წლის წინ ბაღდადში ზეობდა ამირა ალი-აკბარ იბნ ზაჰირ, კაცი ბრძენი და ფრიად განსწავლული საღმრთო წიგნებში. აურაცხელ ქონებასა და მრავალრიცხოვან მხედრობას ფლობდა. ვაჭართა უამრავი ქარავანი სერავდა მის დროს ბაღდადის ფოლორცებს და ღამით მოქალაქეებს მოსვენებით ეძინათ. ჰყავდა თანამეცხედრე- ზულფი-ხანუმ, ქალი პირმშვენიერი და სათნო და ესვა ვაჟი სახელად მაქსუდ მირზა, საზრიანი და ცქაფი ვინმე. მამა თავად წვრთნიდა ერთადერთ ვაჟს დიდებულთა ქცევის ჩვევებში, ასწავლიდა მას თავის თავაზიან დახრასა და გულზე ხელების გადაჭდობას , მუსლიმთა წესის მიხედვით. უყვარდა ამირას წიგნობარ კაცთა შორის მსჯელობა და კამათი ყურანის სურებსა თუ ბედისწერის საკითხებზე. ერთ ასეთ ნადიმზე სასახლეს შემოხეტებულმა უცხო დერვიშმა მას უწინასწარმეტყველა, რომ ოდესმე საკუთარი სასახლის სარდაფში დაიდებდა ბინას. ამაზე ამირამ ბევრი იცინა. მაშინ გულმოსულმა დერვიშმა დასძინა, რომ დიდი განსაცდელი ელოდა, საიდანაც არა რომელიმე მისი ერთგული ქვეშევრდომი, არამედ ერთი ჩვეულებრივი, ყველასთვის საძულველი მღრღნელი გამოიხსნიდა. ამის გამგონე ამირამ ყარიბის გაძევება ბრძანა. ალი-აკბარის უმცროს ძმას რასულს, ამირას ჯარის სარდლობა რომ ჰქონდა მინდობილი, მაცდურად ლამაზი თანამეცხედრე- ხვარაშან ჰყავდა. მალემრწმენ რასულს პატივმოყვარე ცოლმა ჩააგონა, თითქოს მაზლს მის მიმართ ავხორცი ზრახვები ამოძრავებდა და ქმარს მეუღლის ღირსების დასაცავად მოუწოდებდა. უნებისყოფო რასული აჰყვა დედაკაცის ენას, რამეთუ ეს იარაღი ხშირად მახვილზე უფრო ბასრია. მიიმხრო უფროს ძმაზე განაწყენებული დამცრობილნი და შეთქმულება მოაწყო. ძმას მინდობილი ალი-აკბარ იბნ-ზაქირი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ცოლ-ქმრის მზაკვრობის მსხვერპლი შეიქნა. რასულმა იცოდა, ძმის ცოცხლად დატოვება საშიშროებას შეუქმნიდა მის ტახტს და თავის მოკვეთა განუჩინა. მისი მცირეწლოვანი ვაჟი კი თავისთან დაიტოვა ვითომდა აღსაზრდელად,სინამდვილეში თვალყურის სადევნებლად. ხოლო რძალი- სასახლის მრეცხავთა შორის განამწესა, რათა ამით დაემცირებინა. დილეგAში ჩამწყვდეულ ამირაყოფილს თანამზრახველებმა ციხის მოსყიდული ზედამხედველის ხელით მდაბიოს ძონძები შეუგზავნეს, ხოლო მის ნაცვლად ამირას სამოსში გამოწყობილი ავაზაკი დასაჯეს. ავაზაკად გადაცმულმა ტუსაღმა მალე გვირაბით დააღწია თავი ტყვეობას. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს გაქცევა თავად რასულს მოეწყო ცოლისგან იდუმალად, რათა ამბოხებული სინდისის ქენჯნა დაეცხრო. აკბარი ერთგულ კაცთა დახმარებით სირიაში გადავიდა. იქ ბაღდადის საიდუმლო მსტოვარს საჩაიე ჰქონდა გახსნილი და მასთან ჩაიჩიდ მოეწყო. საქმეს კარგი პირი უჩანდა. ერთ დღეს დუქანში შემოხეტებული რინდი, თრიაქით გაბრუებული, აკბარს აუხირდა, რაღაც ძალზე ფაქიზად გამოიყურები ჩაიჩის პირობაზე, შენი ხელები ნელსაცხებლების მომზადებას უნდა იყოს ჩვეულიო. აკბარს საეჭვოდ მოეჩვენა ეს ახირება და ფრთხილად ირიდებდა აბეზარს. მაგრამ როცა არ მოეშვა, განრისხებულმა ამირაყოფილმა, რომელშიც მბრძანებლის რისხვამ სიფრთხილეს სძლია, თავზე ლანგარი გადაამტვრია თავისი ჭურQჭლეულით და იქიდან გაიქცა. რადგან იქ აღარ დაედგომებოდა, ირანს მიაშურა. მრავალი დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი დაეხეტებოდა და ნანგრევებს აფარებდა თავს. ერთ დღეს ბედისა თუ შემთხვევის წყალობით ერთი მდიდარი სოვდაგრის ამალას გადაეყარა. აქლემი დავარდნოდათ და ვერას შველოდნენ. აკბარი ჯერ ბუჩქებიდან ფარულად უმზერდა მსახურთა ამაო ხლაფორთს,, მერე კი დააგდო სამალავი და მსახურებს რჩევა შესთავაზა. აქლემი წამოდგა.მადლიერმა სოვდაგარმა ყოჩაღი უცნობი მეჯინიბედ აიყვანა. თანაშემწედ ერთი ყმაწვილი თარაქამი დაუნიშნა, რომელიც განაწყენებული იყო ბატონზე, რადგან თავი მეჯინიბის თანამდებობაზე შესაფერ კაცად მიაჩნდა. სოვდაგარს ერთი საყვარელი ულაყი ჰყავდა- ყარაულდუზ, ძვირფასად შეძენილი ყაბარდოში. მოულოდნელად ცხენი ავად შეიქნა. როგორც ჩანდა, ვიღაცას მოეწამლა. აკბარმა ვერა გააწყო რა. ცხენი მოკვდა. თარაქამის ჩაგონებით სოვდაგარი დარწმუნდა, რომ ულაყი უცხო მეჯინიბის დაუდევრობას ემსხვერპლა. მალემრწმენმა ბატონმა მისი დასჯა გადაწყვიტა. სოვდაგრის კეკლუცმა ახალგაზრდა ცოლმა, რომელსაც მეჯინიბეზე შევარდნოდა გული, ქმრის უჩუმრად „დამნაშავეს” საჯინიბოს ჩარაზული კარი გაუღო და აკბარი გააპარა. რადგან გაქცეულს ქალაქში არ დაედგომებოდა, მექარავნეებს მიეკედლა მცველად. ისინი ბაღდადს მიემგზავრებოდნენ. საზღვართან ღამით, როცა აქლემები ისვენებდნენ და მექარავნეებსაც ეძინათ, ავაზაკები დაესხნენ თავს და გაძარცვეს. აკბარი ვითარცა მცველი განაიარაღეს და იქვე დააგდეს ხელშეკრული, რადგან ზედმეტ სისხლს მოერიდნენ. დედიშობილა დარჩენილმა მექარავნეებმა ეჭვი შეიტანეს უვნებლად გადარჩენილი მცველის პატიოსნებაში და ავაზაკებთან შეკრული უცხო კაცი ადგილობრივ ჩაფრებს გადასცეს. ჩაფრებმა ყადს მიჰგვარეს. მაგრამ მისი უცხო ქვეყნის ქვეშევრდომობის გამო ყადმა ვერ იკისრა სამართალი გაეჩინა და ბრალეული ამირას წარუდგინა. ამასობაში რასულმა, რომელსაც ღმერთმა ვაჟი არ მისცა, გადაწყვიტა უფროსი ძმის შვილისათვის ქალიშვილი შაჰრო შეერთო ცოლად, რათა ტახტი ამით განემტკიცებინა. მაქსუდი მოჩვენებით დათანხმდა, მაგრამ მზარეული მოისყიდა და მოლაპარაკების ნადიმზე ამჟამინდელმა ბიძამ და მომავალმა სიმამრმა შარბათის ნაცვლად საწამლავით დალოცა ბიძაშვილ-ნეფე-პატარძალი. ამრიგად მაქსუდი ბაღდადის ამირად შეიქნა. მრავალტანჯული ზულფი-ხანუმიც აღესრულა. სიკვდილის წინ ვაჟიშვილს გაუმხილა, რომ შესაძლო იყო სისხლიანი თავი, ჯალათს რომ ეჭირა, სულაც არ ყოფილიყო მამამისისა. დედამ შვილს სანუკვარ სახსოვრად ქორწინების ბეჭედი გადასცა ქმრისგან ნაჩუქარი, რომელიც იაგუნდისა იყო შემდეგი წარწერით: „არ გაგვწირავს, მჯერა, ჩვენი ბედისწერა” ბეჭედს ასოზაი ამშვენებდა. ზუსტად ასეთივე ბეჭედი ჰქონდა აკბარს იმ განსხვავებით, რომ მასზე ასო ალეფი იყო ამოტვიფრული. რა მოახსენეს ახალ ამირას უცხოტომელის ბრალის შესახებ, მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა, რომელიც სასახლის სარდაფში მდებარეობდა. ამრიგად ოცდახუთი წლის ხეტიალის შემდეგ ამირა საკუთარ სასახლეს დაუბრუნდა, ამჯერად როგორც ტუსაღი. დატყვევებულმა აკბარ იბნ ზაჰირმა მოცალეობის და უფრორე მოწყენილობის გამო ერთი ვირთხა მოიშინაურა, რომელსაც ტუსაღის მწირ საკვებს უზიარებდა. ასწავლა მას მონისებრი თავდახრა და გულზე თათების მიდება თაყვანისცემის ნიშნად. ერთ დღესაც, რადგან ვირთხები სარდაფსა და დარბაზს შორის ადამიანთა დაწესებულ ზღვარს არ სცნობენ, ტუსაღის მოწაფე ღამით ამირას საძინებელში მოხვდა. მაქსუდ-მირზა, რომელსაც ფხიზელი ძილი სჩვეოდა, რაღაც ფაჩუნმა გამოაღვიძა. წამოდგა ისე, რომ მესაწოლეთათვის არ შეუტყობინებია და შანდალი აანთო. საძინებლის კუთხეში მაქსუდმა ვირთხა იხილა, რომელმაც გაქცევის ნაცვლად, მდაბლად დაუკრა თავი და გულზე თათები მიიდო.ამირას რაღაც ენიშნა. ვის შეიძლება გაეწვრთნა ცხოველი ასე? გაიკითხა მაგრამ მსახურთა შორის ასეთი არ აღმოჩნდა. მაშინ ამირა დილეგის ბინადრით დაინტერესდა. მოჰგვარეს ბრალეული. ალი-აკბარმა, რომელმაც იცნო უკვე დავაჟკაცებული შვილი, მღელვარება დაიცხრო და თავი არ გაამჟღავნა, რადგან პირმშოს საზრიანობის გამოცდა სწადდა. თუმცა ვირთხასთან მეგობრობა არ უარუყვია. მაქსუდმა შეიწყალა და ბაზიერად განამწესა, რათა მისთვის ფარულად თვალისდევნების საშუალება ჰქონოდა....... ტექსტი აქ წყდება. ფურცელი დაკარგული არ უნდა იყოს, რადგან მეოთხე, ბოლო გვერდზე მხოლოდ 17 სტრიქონია გადმოტანილი. გადამწერი თუ მთარგმნელი გაგრძელებას რომ აპირებდა, ამაზე მიუთითებს ტრადიციული ანდერძის უქონლობა, რითაც ჩვეულებრივ ასრულებდნენ ხელნაწერს. თუ აღმოსავლური ტექსტების ტრადიციას გავითვალისწინებთ, ძნელი არ უნდა იყოს ფინალის გამოცნობა. ბეჭდის შემოტანა ამბავში ცხადყოფს, რომ მისი საშუალებით მოხდება ამბის გახსნა. შესაძლოა, მაქსუდმა ღამით, ფარულად შეაცვლევინოს ბეჭედი თავის კაცს და ამით მიახვედროს მამა, რომ მისთვის ცნობილია მისი ვინაობა. სავარაუდოა ბაზიერად აკბარის გამწესება იმას ემსახურება, რომ ავტორს სურს ნადირობის დროს რაიმე მარჯვე საქციელით გასცეს მამამ თავი. აკი თავად ამბობს, მამას შვილის საზრიანობის გამოცდა სურდაო. ნადირობის სცენებში ხომ ხშირად იხსნება კვანძი ამგვარ ტექსტებში. ნაკლებ სავარაუდოა, ამბავის ტრაგიკული ფინალი, თუმცა, ვინ იცის, ანონიმი ავტორის ფანტაზია რა სურპრიზს არ გვთავაზობდა. ჯერ-ჯერობით დედნის მიგნებამდე ამის გარკვევა შეუძლებელია.
2014, XI
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ისევ წავიკითხე ეს მოთხრობა, შეიხის შევარდნის იგავი გამახსენა, არც ავტორისთვის იქნება ურიგო თუ წაიკითხავს მას. http://fateoftherion.blogspot.com/search/label/%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98
აქაა.
ისევ წავიკითხე ეს მოთხრობა, შეიხის შევარდნის იგავი გამახსენა, არც ავტორისთვის იქნება ურიგო თუ წაიკითხავს მას. http://fateoftherion.blogspot.com/search/label/%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98
აქაა.
11. ბევრია კაცია დღესაც "დედაკაცის ენის ამყოლი" ბევრია კაცია დღესაც "დედაკაცის ენის ამყოლი"
10. დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო! დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!
9. ძალიან საინტერესოა, ლიჩელ, და დიდი მადლობა, ამ ტექსტისთვის. :) აშკარად ვისიამოვნე ტექსტის კითხვით. :) ძალიან მომწეონა სიტყვა - მალემრწმენი, ანუ სიტყვას აყოლილი ადამიანი :)
ცნობისათვის, სიტყვები - ქალაქი, ქუჩა, ხალიჩა, კარაქი, უჩუმრად...(უცბად აღარ მახსენდება სხვა) ყველა სპარსულიდან არის.
5 ქულა და ჩემი დიდი პატივისცემა აქ :)
ძალიან საინტერესოა, ლიჩელ, და დიდი მადლობა, ამ ტექსტისთვის. :) აშკარად ვისიამოვნე ტექსტის კითხვით. :) ძალიან მომწეონა სიტყვა - მალემრწმენი, ანუ სიტყვას აყოლილი ადამიანი :)
ცნობისათვის, სიტყვები - ქალაქი, ქუჩა, ხალიჩა, კარაქი, უჩუმრად...(უცბად აღარ მახსენდება სხვა) ყველა სპარსულიდან არის.
5 ქულა და ჩემი დიდი პატივისცემა აქ :)
8. სიამოვნებით ჩავიკითხე...5 მართლაც სადაურსა სად წაიყვანს და რას გაუგებს ბედისწერის ზღაპარს კაცი?... მოგიკითხეთ...:-*
სიამოვნებით ჩავიკითხე...5 მართლაც სადაურსა სად წაიყვანს და რას გაუგებს ბედისწერის ზღაპარს კაცი?... მოგიკითხეთ...:-*
7. მშვენიერია. ორიგინალური დასასრული განსაკუთრებით მომეწონა. მშვენიერია. ორიგინალური დასასრული განსაკუთრებით მომეწონა.
6. წავიკითხე და ძალიან მომეწონა, აღმოსავლური სურნელია და აბა რა... 5 ქულა, როგორც ყოველთვის.
წავიკითხე და ძალიან მომეწონა, აღმოსავლური სურნელია და აბა რა... 5 ქულა, როგორც ყოველთვის.
5. მადლობა, მეც ამის დასაწერად შემოვედი. თურმე თურქული სიტყვა ყოფილა და ქუჩას ნიშნავს... მადლობა, მეც ამის დასაწერად შემოვედი. თურმე თურქული სიტყვა ყოფილა და ქუჩას ნიშნავს...
4. დი მადლობა, ბატონო ტრისტან! თქვენს ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ. ფოლორცი კი ნამდვილად აღმოსავლურია ისევე როგორც ქუჩა და შარა. იგივეს ნიშნავს. დი მადლობა, ბატონო ტრისტან! თქვენს ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ. ფოლორცი კი ნამდვილად აღმოსავლურია ისევე როგორც ქუჩა და შარა. იგივეს ნიშნავს.
3. ათასერთი ღამის ზღაპრების განწყობა.
კვანძის გახსნის რამდენიმე ვარიანტი კი შემოგვთავაზა ავტორმა, მაგრამ მაინც მერჩივნა დასრულებულიყო.
ათასერთი ღამის ზღაპრების განწყობა.
კვანძის გახსნის რამდენიმე ვარიანტი კი შემოგვთავაზა ავტორმა, მაგრამ მაინც მერჩივნა დასრულებულიყო.
2. გთხოვთ აბზაცები ერთმანეთს დააშორეთ. წაკითხვა მინდა და ვერ ვიკთხულობ... :)
გთხოვთ აბზაცები ერთმანეთს დააშორეთ. წაკითხვა მინდა და ვერ ვიკთხულობ... :)
1. როგორც ყოველთვის, მშვენიერია...
მე არ ვიცი სიტყვა ''ფოლორცები''-ს მნიშვნელობა, მაგრამ ეს სიტყვა უფრო ევროპული წარმოშობის მგონია და ცოტა გამიკვირდა სპარსულიდან ნათარგმნში რომ შეგვხდა... როგორც ყოველთვის, მშვენიერია...
მე არ ვიცი სიტყვა ``ფოლორცები``-ს მნიშვნელობა, მაგრამ ეს სიტყვა უფრო ევროპული წარმოშობის მგონია და ცოტა გამიკვირდა სპარსულიდან ნათარგმნში რომ შეგვხდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|