 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2015 |
* * *
ერთხელაც იქნება და შევწყვეტ ამაზე დარდს, მაგრამ ახლა ვიტყვი.
ყოველღამ ვღელავ, არ მასვენებს მაინც ფიქრები, რომ ყველაფერი წა(რ)სული და დაკარგულია, რასაც ვეღარ ვხედავ, რაც უკან მოვიტოვე; ამ ხეებს, სახლებს, ადამიანებს, ამ მტვრიან ქუჩებს, რომელთაც ქალის უცაბედი გადარბენა მოუხდებოდათ. მეც მეტი რაღა დამრჩენია, წინ უნდა ვიარო, ოღონდ ზურგით, სახით თქვენკენ, რომ ვხედავდე ყველას, ვინც ჩამივლის და რასაც გავცდები.
უნდა მახსოვდეს ყველაფერი, რასაც ოდესღაც გვერდით დავუდექი, და ერთხანს ერთად მივდიოდით, სანამ ფეხაჩქარებული არ გავეცლებოდი.
ეს ზურგზე მწოლიარე ღამეები, თუ მაიძულებს ვიფიქრო ამაზე, სახით ცისკენ რომ იყურებიან... ხომ გასცდნენ ამ ცას, სანამ მიწაზე ჩამოწვებოდნენ, მაგრამ იბრუნეს თუ არა პირი მისკენ, უმალ იქიდან დაიწყეს ნათება. ეს ზურგზე მწოლიარე უძლური ღამეები თუ მაიძულებს, რომ ახლა მეც მათსავით გულაღმა ვიწვე, რადგან ღამეებმა მნიშვნელობა დაკარგეს. ღამეებმა ყველაფერი დაკარგეს. ამ ღამეებმა სახლს შეფარებული ხალხი დაკარგეს.
ამ ღამეებმა მეც დამკარგეს, რადგან ჩემთვის ახლა ღამეები, მხოლოდ დღეთა შორის მანძილებია.
__
* * * ერთი
ჩვენ რაღა ვიდარდოთ... იქ, სადღაც, შორიახლოს, კლდის ზედაპირზე, მარტონი დარჩნენ წარმართთა ღმერთებიც, მათ არსებობას რეცხავს წყალი და უპატრონობა, უპატიოა ყველა განდგომა.
მაგრამ იმ მსხვერპლშეწირულ ღმერთებზე უარესად მიტოვებულიც მინახავს კაცი, სახლს დაუმუშავებელ მიწაზე რომ იშენებდა, გზას ნაბიჯებით ისუფთავებდა და ეს ორი რამ იყო მხოლოდ მასთან მართალი. სხვა ყველაფერი კი პირობითი, თუნდაც მაშინ; თავისივე აშენებული სახლის ქვედა სართულზე რომ მიაგდებენ, ავადმყოფს, რომელსაც მხოლოდ თავის წამოწევა და მიყურადება შეუძლია, როცა კიბეზე ვიღაც ადის და გადის ასე ლოგინად ჩაწოლილი დღეები. დასაფლავებამდე კი იტყვის; შენ შეგიძლია გზები გაკვალო, გამოქვაბულში ხატო ღმერთები, მაგრამ მთავარი გამომრჩა მაინც, რადგან სადაც კი ვინმე ოთხ კედელს ჩადგამს, უმალვე შიგნით სახლობენ მკვდრები.... ორი
წარმოიდგინე: როგორ ყვინთავენ ხეები, ზამთრის ღამეულ ნისლში, და დაზაფრულნი როგორ წვანან ქალები მარტო. (ეშაფოტია ზათრის ღამე ღარიბებისთვის) როგორ არა ჩანს ღმერთი ახლოს, რადგან წავედით, რადგან წავიდა ყველა მამა, ყველა პატრონი. რადგან გავუშვით ღმერთსაც კი ხელი, როგორც ბავშვმა საკუთარ დედას, როცა ქუჩაში თანატოლები დაინახა, როცა შერცხვა და მოერიდა მფარველობის. და ჩადგა სიჩუმე ყურებში, გულში. (როგორც წყალი ახლად გათხრილ საფლავში, რომელშიც ნელა იხსნება თიხა და ფერი დაკრავს ფოთოლთა კვდომის), რომელიც არასოდეს მეტყველებდა, არასოდეს ჰქონია რამე მნიშვნელობა. სამი
შენ კი მიჰყვები სახლისკენ ბნელ ქუჩას , ფეხქვეშ ხრაშუნობის ცივი თოვლი, რადგან ყინვაა, რადგან უღმერთოდ ვერაფრით იდარებს, იფარებს ეგ მიწაც დაბეჟილ სახეზე ყინულებს, და შიშით უმატებ ნაბიჯებს, რადგან ღამეს ამოფარებული მეზობლის ძაღლი ღობისკენ მოიწევს, გგონია სადაცაა ჩაგავლებს კბილებს, სადაცაა გაგითბება ცივი ფეხები, მაგრამ ჩერდება ღობის იქით და სადღაც გარბის ... ფეხის ხმაზე გცნობსო, ნეტავ თუ მართლა ? და მაინც ახლა, არც ღირს ფიქრი ამაზე, რადგან როგორც იქნა მიადექი საკუთარ სახლს, და შესვლისთანავე, სადღაც კუთხეში მწოლიარე ადამიანის სხეულისაკენ აპარებ თვალს, და აკვირდები, ხომ მართლა სძინავს, ხომ მართლა სუნთქავს და მოძრაობს მისი სხეული. ეს არის შიში და ცხოვრებაც შიშია მხოლოდ, მარტო დარჩენის შიში.
მერე კი სანამ ჩაწვები და სიცივისაგან დაიხსნი თავს, შეგიძლია უბრალოდ თქვა: სურვილებისგან დამიცავ ,ღმერთო, სურვილებისგან, დაამხე ყველა დიდი სურვილი და მხოლოდ მცირედნი აღგვისრულე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა ყველას :) მადლობა ყველას :)
7. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
6. დარდი სულის ერთგვარი სპაზმია, რომელსაც ჯერაც მფეთქავი სინდისის ხმა იწვევს. ადამიანი სანამ ცოცხალია, სანამ სუნთქავს, აზროვნებს, ფიქრობს, მოქმედებს, იბრძვის, ანუ სანამ მასში ჯერაც არ ჩამკვდარა ,,პატარა ღმერთი'', მანამ მისთვის უდარდელობის დაბრალება ცილისწამება იქნება. ჩვენ ყველას გვიჭირს უღმერთოდ. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა, ბევრმა მაინც არ იცის რა გზით, რა საშუალებებით დააღწიოს თავი უღმერთობის სინდრომს, მითუმეტეს მაშინ, როცა ბომონთა მსხვრევას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაყაბულებული ქართველი დღესაც დილემის წინაშე დგას: სული გადაირჩინოს თუ სხეულს უკმიოს გუნდრუკი, წარსულისკენ გაჭრილი სარკმელი საგულდაგულოდ ამოქოლოს თუ ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიეროს, რომ ფესვებს მომწყდარი და სხვის დაკრულზე ათამაშებული გადაჯიშებული ერი სიკვდილის ნებაყოფლობით მაღიარებელია. დრო გადის. მისი აჩრდილიც კი დაუნდობლად ებრძვის ადამიანთა მერყევ ხასიათში ჩათესილ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ფესვგაუდგმელ რწმენას. და ჩვენ საკუთარი გარდაცვალების მომსწრენი ვხდებით მაშინ, როცა ფეხქვეშ ჯერაც მყარად შევიგრძნობთ მიწის ნაგლეჯს... ,,უპატიოა ყველა განდგომა''- დამიანის ეს სიტყვები ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ პოეტის მიერ რეალურად განცდილი და ლექსად შეკრული კადრები დრამატიზმის გარეშე ვერ შემოაღწევენ ჩვენში. უკან მიხედვა დარდს აათკეცებს. ,,წყალი და უპატრონობა'' ებრძვის კლდის ქიმზე, ცისა და მიწის საზღვარზე წარსულის მკივან ბარელიეფად შერჩენილ წარმართულ სალოცავს. სალოცავები მდუმარედ ეგუებიან უადამიანობას. ადამიანებს კი ძალიან უჭირთ უღმერთოდ. ,,მსხვერპლშეწირულ ღმერთებზე უარესად მიტოვებული მინახავს კაცი, სახლს დაუმუშავებელ მიწაზე რომ იშენებდა, გზას ნაბიჯებით ისუფთავებდა და ეს ორი რამ იყო მასთან მართალი''- წერს პოეტი. სახლი და გზა, ან პირიქით, გზა სახლისაკენ, ზუსტად ის ფუფუნებაა, რასაც ბედნიერებად აღიქვამს თითქმის ყველა ინდივიდი. თან როცა იცი, რომ ეს გზა სიყვარულის მარადიულ ტრაქტატად იდება შენსა და სამყაროს, შენსა და ადამიანებს შორის. რომ ამ გზამ შენი კერია სითბოთი და ნათლით გასხივოსნებულ საიმედო ნავსაყუდელად უნდა უქციოს ათასგვარი წინააღმდეგობით დაბნეულ მოყვასს, უძღები ძის სინანულით სულგანედლებული რომ იწყებს ჯაგმოდებული ბილიკის შიშველი ხელით დასუფთავებას. ტკივილი ასეთ დროს შვებაა, ცრემლი კი- გადარჩენის უტყუარი დასტური. მაგრამ ეს მერე... ახლა კი, სახლის ხანდაზმული მშენებელი მარტოდმარტო ებრძვის სნეულებას, ავად შემოსეულ ფიქრებს, ბოროტის გულისგამგმირავ ხმას, ავ ქირქილს, რომ ის მიგდებული, გაწირული, მოძულებულია და ეს მაშინ, როცა ,,მხოლოდ თავის წამოწევა და მიყურადება შეუძლია, როცა კიბეზე ვიღაცა ადის''. ადამიანებს უჭირთ უღმერთოდ. იციან და მაინც განზე გამდგარნი, ჩვეული ნიჰილიზმით მსჯელობენ ცხოვრების ავან-ჩავანზე. ჰგონიათ, უმჯობესს ირჩევენ მაშინ, როცა სინდისს გაჩუმებას უბრძანებენ და ღვთისთვის მიჩენილი ადგილი მათ გულში მამონას ეთმობა. მერე მიდიან ყურებ და გულდახშულნი, სულ და ჯიბეცარიელნი, ღამის ნისლში გახვეულნი იმ ადგილიდან, სადაც ასე ახლოს იყო ღმერთი... ,,გავუშვით ღმერთსაც კი ხელი, როგორც ბავშვმა საკუთარ დედას, როცა ქუჩაში თანატოლები დაინახა, როცა შერცხვა და მოერიდა მფარველობის''. გზა კი იმის გზაა, შეახსენოს ერთ დროს წასულებს, რომ უკან დაბრუნებაც გარდაუვალია. რომ ყველა დაკარგული ცხვარი მანამ უნდა შეუერთდეს ფარას, სანამ მპარავი და მტაცებელი მიისაკუთრებს. მერე ხდება ისე, რომ ბნელი ქუჩა გულში სათუთად იკრავს მივიწყებული, მონატრებული სახლისაკენ მიმავალი მგზავრის ფრთხილ ნაბიჯებს. საშინელ ყინვას შიშიც ერთვის, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არაა: ,,არც ღირს ფიქრი ამაზე, რადგან, როგორც იქნა, მიადექი საკუთარ სახლს და შესვლისთანავე, სადღაც კუთხეში მწოლიარე ადამიანის სხეულისაკენ აპარებ თვალს და აკვირდები, ხომ მართლა სძინავს, ხომ მართლა სუნთქავს და მოძრაობს მისი სხეული, ეს არის შიში და ცხოვრებაც შიშია მხოლოდ, მარტო დარჩენის შიში''. და როცა საბოლოოდ დაასკვნი, რომ ,,უღმერთოდ ვერაფრით იდარებს'', როცა მიხვდები, რომ ადამიანად, უფლის ხატებად ყოფნის ბედნიერება ყველანაირ შიშს აქარწყლებს, ძილის წინ ლოცვასავით აღმოგხდება უბრალო და მართალი სიტყვები: ,,სურვილებისგან დამიცავ, ღმერთო, სურვილებისგან, დაამხე ყველა დიდი სურვილი და მხოლოდ მცირედნი აღგვისრულე''. ეს უკვე საკუთარ თავზე გამარჯვებაა. სულში ღმერთის ხელახალი აღმოჩენისა და მის ხატად და მსგავსად ყოფნის უპირობო აღიარება. დარდი სულის ერთგვარი სპაზმია, რომელსაც ჯერაც მფეთქავი სინდისის ხმა იწვევს. ადამიანი სანამ ცოცხალია, სანამ სუნთქავს, აზროვნებს, ფიქრობს, მოქმედებს, იბრძვის, ანუ სანამ მასში ჯერაც არ ჩამკვდარა ,,პატარა ღმერთი``, მანამ მისთვის უდარდელობის დაბრალება ცილისწამება იქნება. ჩვენ ყველას გვიჭირს უღმერთოდ. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, თუმცა, ბევრმა მაინც არ იცის რა გზით, რა საშუალებებით დააღწიოს თავი უღმერთობის სინდრომს, მითუმეტეს მაშინ, როცა ბომონთა მსხვრევას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაყაბულებული ქართველი დღესაც დილემის წინაშე დგას: სული გადაირჩინოს თუ სხეულს უკმიოს გუნდრუკი, წარსულისკენ გაჭრილი სარკმელი საგულდაგულოდ ამოქოლოს თუ ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიეროს, რომ ფესვებს მომწყდარი და სხვის დაკრულზე ათამაშებული გადაჯიშებული ერი სიკვდილის ნებაყოფლობით მაღიარებელია. დრო გადის. მისი აჩრდილიც კი დაუნდობლად ებრძვის ადამიანთა მერყევ ხასიათში ჩათესილ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ფესვგაუდგმელ რწმენას. და ჩვენ საკუთარი გარდაცვალების მომსწრენი ვხდებით მაშინ, როცა ფეხქვეშ ჯერაც მყარად შევიგრძნობთ მიწის ნაგლეჯს... ,,უპატიოა ყველა განდგომა``- დამიანის ეს სიტყვები ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ პოეტის მიერ რეალურად განცდილი და ლექსად შეკრული კადრები დრამატიზმის გარეშე ვერ შემოაღწევენ ჩვენში. უკან მიხედვა დარდს აათკეცებს. ,,წყალი და უპატრონობა`` ებრძვის კლდის ქიმზე, ცისა და მიწის საზღვარზე წარსულის მკივან ბარელიეფად შერჩენილ წარმართულ სალოცავს. სალოცავები მდუმარედ ეგუებიან უადამიანობას. ადამიანებს კი ძალიან უჭირთ უღმერთოდ. ,,მსხვერპლშეწირულ ღმერთებზე უარესად მიტოვებული მინახავს კაცი, სახლს დაუმუშავებელ მიწაზე რომ იშენებდა, გზას ნაბიჯებით ისუფთავებდა და ეს ორი რამ იყო მასთან მართალი``- წერს პოეტი. სახლი და გზა, ან პირიქით, გზა სახლისაკენ, ზუსტად ის ფუფუნებაა, რასაც ბედნიერებად აღიქვამს თითქმის ყველა ინდივიდი. თან როცა იცი, რომ ეს გზა სიყვარულის მარადიულ ტრაქტატად იდება შენსა და სამყაროს, შენსა და ადამიანებს შორის. რომ ამ გზამ შენი კერია სითბოთი და ნათლით გასხივოსნებულ საიმედო ნავსაყუდელად უნდა უქციოს ათასგვარი წინააღმდეგობით დაბნეულ მოყვასს, უძღები ძის სინანულით სულგანედლებული რომ იწყებს ჯაგმოდებული ბილიკის შიშველი ხელით დასუფთავებას. ტკივილი ასეთ დროს შვებაა, ცრემლი კი- გადარჩენის უტყუარი დასტური. მაგრამ ეს მერე... ახლა კი, სახლის ხანდაზმული მშენებელი მარტოდმარტო ებრძვის სნეულებას, ავად შემოსეულ ფიქრებს, ბოროტის გულისგამგმირავ ხმას, ავ ქირქილს, რომ ის მიგდებული, გაწირული, მოძულებულია და ეს მაშინ, როცა ,,მხოლოდ თავის წამოწევა და მიყურადება შეუძლია, როცა კიბეზე ვიღაცა ადის``. ადამიანებს უჭირთ უღმერთოდ. იციან და მაინც განზე გამდგარნი, ჩვეული ნიჰილიზმით მსჯელობენ ცხოვრების ავან-ჩავანზე. ჰგონიათ, უმჯობესს ირჩევენ მაშინ, როცა სინდისს გაჩუმებას უბრძანებენ და ღვთისთვის მიჩენილი ადგილი მათ გულში მამონას ეთმობა. მერე მიდიან ყურებ და გულდახშულნი, სულ და ჯიბეცარიელნი, ღამის ნისლში გახვეულნი იმ ადგილიდან, სადაც ასე ახლოს იყო ღმერთი... ,,გავუშვით ღმერთსაც კი ხელი, როგორც ბავშვმა საკუთარ დედას, როცა ქუჩაში თანატოლები დაინახა, როცა შერცხვა და მოერიდა მფარველობის``. გზა კი იმის გზაა, შეახსენოს ერთ დროს წასულებს, რომ უკან დაბრუნებაც გარდაუვალია. რომ ყველა დაკარგული ცხვარი მანამ უნდა შეუერთდეს ფარას, სანამ მპარავი და მტაცებელი მიისაკუთრებს. მერე ხდება ისე, რომ ბნელი ქუჩა გულში სათუთად იკრავს მივიწყებული, მონატრებული სახლისაკენ მიმავალი მგზავრის ფრთხილ ნაბიჯებს. საშინელ ყინვას შიშიც ერთვის, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არაა: ,,არც ღირს ფიქრი ამაზე, რადგან, როგორც იქნა, მიადექი საკუთარ სახლს და შესვლისთანავე, სადღაც კუთხეში მწოლიარე ადამიანის სხეულისაკენ აპარებ თვალს და აკვირდები, ხომ მართლა სძინავს, ხომ მართლა სუნთქავს და მოძრაობს მისი სხეული, ეს არის შიში და ცხოვრებაც შიშია მხოლოდ, მარტო დარჩენის შიში``. და როცა საბოლოოდ დაასკვნი, რომ ,,უღმერთოდ ვერაფრით იდარებს``, როცა მიხვდები, რომ ადამიანად, უფლის ხატებად ყოფნის ბედნიერება ყველანაირ შიშს აქარწყლებს, ძილის წინ ლოცვასავით აღმოგხდება უბრალო და მართალი სიტყვები: ,,სურვილებისგან დამიცავ, ღმერთო, სურვილებისგან, დაამხე ყველა დიდი სურვილი და მხოლოდ მცირედნი აღგვისრულე``. ეს უკვე საკუთარ თავზე გამარჯვებაა. სულში ღმერთის ხელახალი აღმოჩენისა და მის ხატად და მსგავსად ყოფნის უპირობო აღიარება.
5. მაგრამ მთავარი გამომრჩა მაინც, რადგან სადაც კი ვინმე ოთხ კედელს ჩადგამს, უმალვე შიგნით სახლობენ მკვდრები.... კარგია ++
მომეწონა და გულწრფელია ხო ))
მაგრამ მთავარი გამომრჩა მაინც, რადგან სადაც კი ვინმე ოთხ კედელს ჩადგამს, უმალვე შიგნით სახლობენ მკვდრები.... კარგია ++
მომეწონა და გულწრფელია ხო ))
4. ღრმა, აზრიანი და გულწრფელი ნაწერი.
როცა სხვები წერენ ამ თემებზე, ასე, ხშირად სიყალბის შეგრძნება მიჩნდება, დამიანთან-არასდროს.
ღრმა, აზრიანი და გულწრფელი ნაწერი.
როცა სხვები წერენ ამ თემებზე, ასე, ხშირად სიყალბის შეგრძნება მიჩნდება, დამიანთან-არასდროს.
3. გამიხარდა შენი დაბრუნება დამიან.. გამიხარდა შენი დაბრუნება დამიან..
2. +++
რაღაცნაირად საკუთარი თავი ვიგრძენი ჩემში...
+++
რაღაცნაირად საკუთარი თავი ვიგრძენი ჩემში...
1. საინტერესო ავტორია ეს დამიანი
მეც მეტი რაღა დამრჩენია, წინ უნდა ვიარო, ოღონდ ზურგით, სახით თქვენკენ, რომ ვხედავდე ყველას, ვინც ჩამივლის და რასაც გავცდები.
4 საინტერესო ავტორია ეს დამიანი
მეც მეტი რაღა დამრჩენია, წინ უნდა ვიარო, ოღონდ ზურგით, სახით თქვენკენ, რომ ვხედავდე ყველას, ვინც ჩამივლის და რასაც გავცდები.
4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|