ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2015


დელფინის ღიმილი

ბარგი, ორი მომცრო ხელჩანთისგან რომ შედგებოდა, შემნახველ საკანში მივაბარეთ და ისევ ზღვას მივაშურეთ. თურმე მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეეცვალათ. ჩვენი მატარაბელი ორი საათის წინ გასულიყო, შემდეგი კი მხოლოდ სამ საათში გადიოდა. აქ ყურყუტს, სჯობია, ისევ ზღვის პირას გავისეირნოთ-მეთქი, ვუთხარი ლაშას. მასაც ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი.
გზის შემოკლების მიზნით მთავარ ქუჩას გვერდი ავუარეთ და ისეთ ვიწრო, დახლართულ ქუჩებში ამოვყავით თავი, სადაც აქამდე ფეხიც არ შეგვედგა. მოგეხსენებათ, ზღვისპირა ზოლი ისეა ჩახერგილი ფულზე გაწუწკებული სახლის პატრონებით, მართლა აგიბნევენ თავგზას. სხვათა შორის, სწორედ ერთ-ერთ ამისთანა სახლის პატრონს დავემშვიდობეთ ამ დილით მე და ლაშა, ფულიც კარგად ჩავუთვალეთ და, რაღაც სასწაულით გზის ფულიც კი გადაგვრჩა.
ზღვა იქით არის, საითაც ცისკიდური შედარებით გახსნილია. ოკრობოკრო ჩიხებში ჯახირისა და ორიოდე ქვის ყორეზე გადაფორთხების შემდეგ პირდაპირ ზღვაზე გამავალ ბილიკს დავადექით. მალე ზღვის სუნთქვა ვიგრძენით. მისი გუგუნიც შემოგვესმა, თითქოს შეგვეხმიანა, აქა ვარო. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და ზღვის უსასრულობა გადაგვეშალა თვალწინ.
ზღვა ღელავდა. ეს კი ამჯერად სიახლე იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ ვისვენებდით, ზღვა ერთხელაც არ აღელვებულა. მშვიდი, მზიანი დღეები მძივებივით მიჰყვნენ ერთმანეთს. ზღვას თითქოს ეძინა, ეძინა თუ თვლემდა... ვბანაობდით დიდ, ტბასავით მშვიდ ზვაში, რომლის ზედაპირი ლურჯი მარმაშივით ლივლივებდა.
და ახლა, როცა ეს მარმაში ღელვისაგან დატალღული დავინახეთ, ისე გაგვიხარდა, თითქოს რაღაც საოცრება ვიხილეთ. თურმე ზღვასაც ხანდახან მოუსვენრობა იპყრობს ცოცხალ არსებასავით.
ჩვენც მაშინვე სასწრაფოდ დავეშვით ანცად აბორგებული ტალღებისაკენ. ერთმანეთს ვასწრებდით, ფეხი რბილ ქვიშაში გვეფლობოდა. მხოლოდ გასეირნება და ჰაერის ჩაყლაპვა გვინდოდა თითქოს, მაგრამ როგორც კი დავინახეთ მღელვარე ზღვა, ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისე გავქანდით საბანაოდ.
ტანსაცმელს ახლა მეტი ყურადღეით მოვეპყარით, ვიდრე სხვა დროს. ქვიშაზე აღარ დაგვიფენია ადრინდელივით, საგულდაგულოდ დავკეცეთ და გამქირავებელი პუნქტის სახურავქვეშ შევჩურთეთ, რათა ზედ არავის გადაერბინა სველი ფეხებით... სხვათა შორის, პირველად ვბანაობდით გამქირავებელი პუნქტის მახლობლად, სადაც რეზინის ნავებსა და ნაირ-ნაირ საზღვაო მოწყობილობას აქირავებდნენ. ჩვენ პლაჟის სულ სხვა მხარეს დავდიოდით საბანაოდ. გამქირავებელი პუნქტი იქიდან დაბალ, თეთრ კოლოფს წააგავდა, რომლის სახურავზეც რაღაც გაურკვეველი ფიგურა მოჩანდა. ფიგურა ფანერისგან გამოჭილი და საღებავებით გაფერადებული დელფინი აღმოჩნდა. საკუთარ კუდზე იდგა და იღიმებოდა, ძალიან ეშმაკურად იღიმებოდა. აი, ეს ღიმილი კი იმ სიშორიდან ნამდვილად არ ჩანდა.
ერთი სიტყვით, ტანსაცმელს  მყუდრო ადგილი მივუჩინეთ და მაშინვე ზღვაში ვისკუპეთ. ზღვა დღეს სულ სხვაა. იგი აღარ ჰგავს ხუჭუჭაბეწვიან ფინიას, სველი დრუნჩით რომ გეხება წვივებზე. ზღვა ახლა ლომის ბოკვერს ჰგავს, მოთამაშე, გაცელქებულ ბოკვერს. ერთი წამით რაღაცას გავხედე ნაპირზე, მაშინვე უჩუმრად წამომეპარა თეთრფაფრიანი ლომის ბოკვერი, მარწუხებივით ჩამავალი ღონიერი ტორები, ლაზათიანად მაბურთავა, ლამის დამაბრმავა და დამაყრუა. მერე ქვიშაზე დამაბერტყა და უკუიქცა. ლაშა ძალიან გაერთო ჩემი ცქერით. ამ დროს მასაც იგივე დაემართა, მასაც წამოეპარა ლომის ბოკვერი.
ნეტარი სახეებით გავგორდით ქვიშაზე. მაინც როგორ გატკბა ყველაფერი ამ მოპარულ თუ განგების მიერ ნაწყალობევ ბოლო წუთებში.
- კიდევ კარგი, მატარებელზე რომ დავაგვიანეთ, - ვამბობ ხმამაღლა. ლაშა ხმას არ იღებს, მაგრამ ვგრძნობ, გულში მეთანხმება.
თვალდახუჭული ვწევარ მოგუგუნე ზღვასთან ახლოს. ისე ახლოს, რომ ცალი მკლავით ნამიან ქვიშას ვწვდები.
ო, როგორ აღარ მინდა აქედან წასვლა... ნეტავი, დღეს არ მივდიოდეთ, სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ერთი კვირა მაინც.
მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერ ვბედავ. ვიცი, ლაშა სასტიკი წინააღდმეგი იქნება. მართალიცაა, ვერ შეედავები, ფული სულ აღარ დაგვრჩა, თანაც ორ დღეში ლექციები დაგვეწყება და ჩვენც, ორი უნიჭიერესი სტუდენტი, დედიკო-მამიკოების იმედი და მომავალი, აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ ცოდნის ტაძრებში.
ჯერჯერობით კი ისევ ზღვასთან ვიყავით. აქამდე სულ სხვანაირად ვერთობოდით. გავიკეთებდით მზის სათვალეებს და ჰერი, თვალებით ვყურყუმალაობდით შიშველი სხეულის ზღვაში. ნაირ-ნაირ შენიშვნებსაც უხვად ვაფრქვევდით, ტყუილ-მართლისგან შეთხზულ თავგადასავლებსაც ვუყვებოდით ერთმანეთს. ვის ახსოვდა ზღვისკენ გახედვა... როცა ძალიან დაგვცხებოდა, მაშინ თუ მივაკითხავდით გასაგრილებლად. ახლა კი ერთხელაც არ მიმოგვიხედავს პლაჟზე იმ მიზნით, რომ დაგვენახა, ჩვენ გვერდით თბილ ქვიშაზე ვინ გორაობსო.
ზღვამ კიდევ გვაჩუქა ერთ-ერთი მშვენიერება თავისი საგანძურიდან. ეს თეთრი იალქანი გახლდათ. ზღვის ზურმუხტისფერ ზედაპირზე ფარფატებდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მენახა იალქანი, მაგრამ მისი რონინი არასოდეს მომჩვენებია ეგზომ მსუბუქი და ლაღი. თეთრი ღრუბლებით მოფენილი ლურჯი ცა და მათ შორის მოფარფატე თეთრი იალქანი. ო, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი.
ჩემი აღფრთოვანება მაშინვე გავუზიარე ლაშას, პასუხად ხმა არ ამოუღია, თავისთვის ჩუმად უსტვენდა, მშვიდად შეჰყურებდა თეთრად მოფარფატე იალქანს. ვერაფერი შვილი აფროსნები არიანო, ესღა ამოღერღა ბოლოს.
მართლაც, ცოტა უფრო კრიტიკული თვალით შევხედე და შევამჩნიე, რომ თეთრი იალქანი ხან დამფრთხალი ფრინველივით აფართხალდებოდა ხოლმე, ხან კი საკმაოდ სახიფათოდ გადაქანდებოდა გვერდზე, ისე, რომ ლამის ტალღებზე გაწოლილიყო. ლაშა სპორტსმენია, ნაოსნობაც არაა მისთვის უცხო ხილი. მისი სიტყვა მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ანგარიშგასაწევია.
თუმცა ამ უწესრიგო სვლით იალქნის მიმზიდველობას არაფერი აკლდებოდა. ასეც ვუთხარი ლაშას, რომელიც ჯიუტად დუმდა, ბოლოს ამყვა.
- გაჭენებული ცხენიც ლამაზია, - ამოთქვა ზანტად, - არანაკლებ მეტყველად განასახიერებს სიმსუბუქესა და სილაღეს.   
ცოტა ხნით შეყოვნდა და, მოცეკვავე ქალიცო, დაუმატა.
მე არ დავეთანხმე.
- იალქანს მაინც არაფერი შეედრება ამ მხრივ.
ლაშას ხმა აღარ ამოუღია. ვერ გავიგე, მეთანხმებოდა თუ არა.
- გარდა ამისა, იალქანი ადამიანის ხელითაა შექმნილი, - გავაგრძელე მე, - სინამდვილეში კი ხელთუქმნელს ჰგავს სიმსუბუქით.
- ამაში მართალი ხარ, - დამეთანხმა ლაშა, - ადამიანის ხელს არ შეუქმნია იალქნიან ნავზე უმსუბუქესი მიმოსვლის საშუალება.
სანამ ამ სჯა-ბაასში ვიყავით, იალქანი ნაპირს მიუახლოვდა და სიცილი ვეღარ შევიკავეთ, - თურმე ეს უმსუბუქესი, კოპწია იალქანი საოცრად მოუხეშავ, რეზინის გასაბერ ნავზე იყო დამაგრებული. ნავი ოვალური ფორმისა იყო, ხორკლიანიც კი ჩანდა სიძველის გამო. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, საკერებლებიც ედო ორ-სამ ადგილას. ნავი ნაცრისფერი იყო, საკერებლები სულ ნაირფერები. ალბათ, სხვადასხვა დროს იყო დაკრული.
- ნამდვილი ჯირკია, - თქვა ლაშამ.
მართალიც იყო. ამ ჯირკს ჭინკებივით შესეოდნენ გარუჯული ბიჭები. ნაპირთან პანტაპუნტით გადმოხტნენ. ტალღამ შემსუბუქებული ნავი მაღლა შეისროლა. ყველა მისი წვრილმანი გახდა ჩვენთვის საცნაური. გვერდებზე მომცრო, თხელი ნიჩბები ჰქონდა აკრული. ეს, ალბათ, იმ შემთხვევისთვის, თუ შტილში მოხვდებოდა.
ბიჭებმა ნავი ნაპირზე ამოათრიეს; ერთ-ერთი, პატარა შავქოჩორა ბიჭი ნავთან დატოვეს საყარაულოდ, ზურა მალე მოვაო, დაუბარეს, და თვითონ სადღაც გაცვივდნენ ჯგროდ.
მერე მოვლენები შემდეგნაირად წარიმართა: იმ ვიღაც ზურას შეაგვიანდა. ნავთან საყარაულოდ დარჩენილი ბიჭი აშკარად გაბეზრდა. ბოლოს, ვიღაცა დაინახა და ხელი დაუქნია. ის ვიღაცა მასზე პატარა ჩასუქებული ბიჭუნა აღმოჩნდა. ცოტაოდენი კამათისა და შევაჭრების შემდეგ (მგონი, საღეჭ რეზინას შეჰპირდა) შავქოჩორამ ნავი პატარა ბიჭს გადააბარა.
- ზურა მოვა და მას ჩააბარე, სხვას არავის, - რამდენჯერმე გაუმეორა.
- რომელი ზურა? - იკითხა პატარამ.
- წითურთმიანი ბიჭია, თაფლისფერთვალებიანი, თვითონვე მოგძებნის, - აუხსნა შავქოჩორამ და კისრისტეხით გაიქცა სადღაც. მე და ლაშამ ერთმანეთს გადავხედეთ, ზურას აღწერილობა ლაშას ემთხვეოდა. ცოტა ხანს შევიცადეთ, დრო შევურჩიეთ, როცა პატარა ბიჭი სხვა მხარეს იცქირებოდა, ლაშა მოახტა და თავზე დაადგა.
- ნავი შენ დაგიტოვეს? - ომახიანად ჰკითხა.
- დიახ, მე დამიტოვეს, - უპასუხა პატარამ, - თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე ზურა ვარ, - ხმა უფრო დაიბოხა ლაშამ. პატარა ბიჭი გვერდზე გადგა. ლაშა ნავს ჩაებღაუჭა, მეც წამოვდექი, ნავს მეორე მხრიდან ჩავაფრინდი. ჯერ კიდევ საკმარისი დრო იყო მატარებლის გასვლამდე. ერთ პატარა გასეირნებას კიდევ მოვასწრებდით. ლაშა, როგორც სპორტსმენი, ამ ცდუნებას წინ ვერ აღუდგა. თუ ზღვისპირას გასეირნება ჩემი იდეა იყო, იალქნიან ნავში უკვე ლაშას სპორტული ჟინისწყალობით აღმოვჩნდი.
და ჩვენც ცისფერი ტალღების სამფლობელოში შევცურეთ.
ნაპირსაც მოვავლეთ თვალი. ტალღების ქეჩოზე შესკუპებულებმა დავინახეთ გამოცოცხლებული, აჟრიამულებული პლაჟი. გამქირავებელი პუნქტის თავზე შესკუპებული დელფინიც შთამბეჭდავად ჩანდა აქედან. ცოცხალს ჰგავდა არაბუნებრივად ჭყეტელა საღებავების მიუხედავად. იფიქრებდი, საცაა ზღვაში გადაეშვებაო. ო, რა ეშმაკურად იღიმებოდა... მართლაც, რატომ აქვს დელფინს ასეთი ეშმაკური იერი, თითქოს რაღაც იცის და არ გეუბნება. ჩუმად დაგცინის, - მაგრამ უბოროტოდ, გულკეთილად დაგცინის.
რაც უფრო გავცდით ნაპირს, ტალღებმაც უფრო ცინცხალი, კრიალა ზურმუხტისფერი შეიძინეს. თეთრი არშიით დამშვენებული კამკამა ლაჟვარდოვანი ბორცვები შემოგვერტყა ირგვლივ - ხტიან, ბორგავენ, ერთმანეთს ასწრებენ, თითქოს იდუმალ ცეკვას ასრულებენო.
ჩვენც ავყევით ამ იდუმალი როკვის რიტმს. განსაკუთრებით ლაშა გაერთო. იალქნის მართვამ და ტალღებთან ჭიდილმა გაიტანა. მისმა სპორტულმა ჟინმა ერთბაშად იჩინა თავი. ნავი მოხერხებულად მიჰყავდა, ყოჩაღად უხვდებოდა ტალღებს. არც მე მაკლებდა შემამკობელ სიტყვებს ჩემი უგერგილობის გამო. ხელს თუ ვუშლიდი, თორემ ბევრით ვერაფრით ვეხმარებოდი. ბოლოს და ბოლოს, გავუშინაურდით ამ უცნაურ ნავს, გვემორჩილება იალქნის ნებას აყოლილი. თავი სიზმარში მგონია, ისე სასიამოვნოა ეს ლაღი სრბოლა ტალღიდან ტალღაზე. იმ წუთებში არც კი გვახსოვდა, რომ მატარებელს ჩამორჩენილი მგზავრები ვიყავით და თუ არ ვიყოჩაღებდით, სადგურში მოგვიწევდა ღამის გათევა, მაგრამ ამისთანა წვრილმანებზე საფიქრელად სად გვეცალა... მე ხანდახან უმიზეზოდ მეცინებოდა ხოლმე. ერთი ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი ვუამბე ლაშას. ვყვებოდი, როგორ მიყვარდა ჩინარზე ასვლა ქარიან დღეში. შემოვსკუპდებოდი ყველაზე მაღლა, ქანაობდნენ მოქნილი, დრეკადი ტოტები და ასე მეგონა, მთელი სამყარო ქანაობდა და შრიალებდა ჩემ ირგვლივ.
სიხარულისგან ხმამაღლა ვიცინოდი, ახლაც განმიახლდა ბავშვობის დროინდელი განცდები.
- ჩინარი ხომ უნაყოფო ხეა? - მეკითხება ლაშა.
- უნაყოფოა, მაგრამ...
- ჰო, ვიცი, ვარსკვლავებს კრეფდი.
- რატომაც არა. უნდა მოვასწრო, სანამ შენ დედამიწას ვაშლივით შუაზე გაჭრი, მერე გვიანღა იქნება.
მგონი, ჯერ ბევრი არაფერი მითქვამს ლაშას შესახებ. თუმცა, უნდა ვაღიარო, ერთობ უსარგებლო შრომად მესახება ვინმეს დაწვრილებით დახასიათება, თუნდაც ეს ,,ვინმე~ ლაშა იყოს - ჩემი ძველი მეგობარი. მინდა მხოლოდ ერთი პატარა ნიმუში მოგაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე და ლაშა თანაკლასელები ვიყავით. ერთხელ ლიტერატურის მასწავლებელმა ერთმანეთის დახასიათება დაგვავალა. მე ერთი ასეთი ფრაზა დავწერე: ,,ამ ყმაწვილს სურს, ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რაზე უდგას ფეხი~.
ლაშამ შემდეგნაირი ფრაზა მომიძღვნა ჩემს დასახასიათებლად დაწერილ თხზულებაში: ,,...თვალაბმულივით მისდევს იმ ფერადოვან ბაირაღს, რომელსაც ბუნება უფრიალებს ცხვირწინ. დაჭრილი ხარივით ბრაზიანია, როცა მის მიღმა მხოლოდ სიცარიელეს აღმოაჩენს~.
ეს ორი შენიშვნა ბევრად უფრო უკეთესად გვახასიათებს ორივეს, ვიდრე ამას თხზულებათა მთელი ტომები შეძლებდნენ, ამიტომ ამაზე სიტყვის გაგრძელება უსარგებლოდ მეჩვენება. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ლაშა გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, მე ხატვას ვეუფლები.
მოულოდნელად წამოწვიმა. მსუბუქად, გულის გასახალისებლად. ზღვამ მაშინვე მომწვანო ელფერი გადაიკრა. ახალი ხმები შეემატა ზღვის მოგუგუნე სიმფონიას. ერთი წამოუშინა, ტალღებზე შხაპუნით გადაირბინა და მორჩა, გადაიღო კიდეც.
- ახლა კი დაბრუნების დროა, - თქვა ლაშამ, როცა წვიმა შეწყდა. მართლაც დაიწყო მოსაბრუნებლად მზადება, მაგრამ ამ დროს ცისარტყელა დავინახე.
ეს მართლაც საოცრება იყო, მსგავსი არაფერი მენახა. ისე მკვეთრად გამოიხატა ცაზე, თითქოს საგანგებოდ დაუხატავთო. არც ლაშას ენახა აქამდე ასეთი მკვეთი ფერის ცისარტყელა და ორივემ აღფრთოვანებული ქება-დიდება მივუძღვენით. ვისაც არ უნახავს ზღვის მკერდზე გადაჭიმული ცისარტყელა, იმას არაფერი უნახავსო, - დაბეჯითებით განაცხადა ლაშამ. სწორედ ლაშას აღფრთოვანება გახდა მიზეზი მეთქვა ისეთი რამ, რაც სხვა დროს აზრად არ მომივიდოდა.
- მოდი, გავცუროთ ცისარტყელას ქვეშ. ამბობენ, ბედნიერება მოაქვსო!
ვთქვი ეს სიტყვები და გაოცებული დავრჩი, ისე სწრაფად დამეთანხმა ლაშა, ნავს ისევ ღია ზღვისკენ უკრა თავი. ცდუნებას ვერ გაუძლო. ამასთან, ეტყობა, ლაშას ფინიშის აღმნიშვნელ დროშად მოეჩვენა მკვეთრი ცისარტყელა და გადაწყვიტა მისკენ გაეცურა. ოღონდ, სანამ მისკენ გავცურავდით, ნაპირი მოვათვალიერეთ. არც ისე შორს ვიყავით წასულები. კარგად ჩანდა აჭრელებული პლაჟი. კუდზე წამომართული დელფინი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ სიჭრელეში. რაც შეეხება მატარებელზე დაგვიანებას, ამაზე ფიქრით ნამდვილად აღარ ვიწუხებდით თავს. დიდი არაფერი დაშავდებოდა, თუ ერთ ღამეს სადგურში გავათევდით. ბოლოს და ბოლოს, კაცმა ყველაფერი უნდა გამოცადოს.
მოკლედ, იალქანი გავშალეთ და საკერებლებიანი რეზინის ნავით ისევ ღია ზღვისკენ გავცურეთ. საოცრად ლამაზი ცისარტყელა სწორედ ღია ზღვისკენ ამშვენებდა ცისკიდურს... არ ვიცი, თუ ვინმეს შეუნიშნავს, რომ ცისარტყელა განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ზღვის ზედაპირზე. მზის სხივები აქ უფრო ძლიერად აირეკლება, ვიდრე ხმელეთზე და ალბათ ესაა მიზეზი.
ცისარტყელა ლაშას ზურგს უკან არის. მე ვხედავ მას, ლაშა ვერ ხედავს. სიმკვეთრის პიკს რომ მიაღწია, გაფერმკრთალება დაიწყო. ჯერ ჩვეულებრივ ცისარტყელად იქცა, იმანაც სწრაფად იწყო გაბაცება, ბოლოს, სულ მთლად გაქრა. ლაშას არაფერი გაუგია, ისევ მიისწრაფოდა არარსებული ცისარტყელასკენ.
- ჰა, არ მივედით? - იკითხა ბოლოს და მიიხედ-მოიხედა.
- სწორედ ცისარტყელას ქვეშ ვართ, - ვეუბნები, - ამიტომაც არ ჩანს.
ლაშამ პასუხის ღირსად არ ჩამთვალა. მთელი ტანით წამოიმართა, სულ სხვა იერით მოათვალიერა აგუგუნებული ზღვის ზედაპირი, მერე ისევ ჩააფრინდა იალქანს და უკმეხად მიბრძანა, მომეხმარეო. ცხადი იყო, ნაპირისკენ აპირებდა მობრუნებას. ისედაც შორს შევტოპეთ.
ტალღებზე ცოტაოდენი ცეკვის შემდეგ რეზინის ნავმა მიმართულება შეცვალა. ახლა უკვე საწინააღმდეგო მხარეს გავცურეთ. ნაპირი ლაშას ზურგს უკან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ნაპირი არ ჩანდა, არც მოღიმარი დელფინი ჭაჭანებდა სადმე.
ყურადღებით მოვათვალიერე ზღვის აგუგუნებული ზედაპირი, იქნებ ლაშა შეცდა მიმართულების არჩევაში და ნაპირი სადმე სხვაგან არის-მეთქი. არა, ნაპირი არც სხვა მხარეს ჩანდა. არსად არაფერი ჩანდა მწვანე ბორცვების გარდა.
- აღარ ნაპირი, აღარც ცისარტყელა. ნუთუ ასე შორს შევტოპეთ? - მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. ლაშას მეტად შეუვალი სახე ჰქონდა. ალბათ, ძალიან ბრაზობდა ჩემზე და თავის თავზედაც, ასეთ სულელურ თამაშში რომ ამყვა, ვითომდა ცისარტყელას დევნაში. ახლა მისთვის ცისარტყელა აღარ არსებობდა. მთელი არსებით მიილტვოდა ნაპირისკენ, სხვა აღარაფერი აინტერესებდა. ცხადია, მეც მხარი ავუბი. არც ისე მესიამოვნა იმის აღმოჩენა, თუ რა შორს ვყოფილვართ წასულები. ახლა ორივენი ერთადერთი მიზნისკენ, ნაპირისკენ მივილტვოდით, მის დანახვას ვესწრაფოდით.
ცდა არც ერთს არ დაგვიკლია და, ალბათ, მალე უნდა დაგვენახა კიდეც ნაპირი, მაგრამ ღრუბელი ჩამოწვა და მთელი ცისკიდური შებურა. ალბათ, ნაპირზე უკვე წვიმდა კიდეც. ბოლოს, ღრუბელი თავზე წამოგვადგა.
ეს როგორღაც მოულოდნელად მოხდა, თითქოს ვიღაცამ თალხი ფარდა ჩამოაფარაო. წამში საოცრად იცვალა ფერი ყოველივემ. ზურმუხტისფერი მროკავი ჯადოქრები თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნენ მახინჯ, ნაცრისფერ ჯოჯოებად, რომლებიც სლიპინა კიდურებს ასავსავებდნენ. ის წვიმაც, ამ ღრუბლებს რომ მოჰყვა, აღარ იყო ადრინდელივით საამო, პირიქით, მან უფრო საზიზღარი გახადა ეს მახინჯი ჯოჯოები.
ხმას ვერც კი ვიღებდი, თითქოს ლაპარაკის უფლება არ მქონდა, ჩემთვის გულში ვყვიროდი: - ჩქარა, ჩქარა!
არც სჭირდებოდა ლაშას ჩემი წაქეზება, იბრძოდა მთელი ძალ-ღონის დაძაბვით. სრული გასაქანი პოვა მისმა სპორტულმა ჟინმა, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს, ისე შეეჭიდა ტალღებს.
დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ჭიდილი. იმძლავრეს ტალღებმა, მოემატათ სიმაღლე და სიფიცხე. ლაშას კი არაფერი მომატებია. ძალ-ღონეც მოაკლდა ბოლოს, თანდათან მოუდუნდა აძაგრული კუნთები, ისეთი გავეშებით ვეღარ ჩააფრინდა იალქანს.
არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, ვეღარ ვუმკლავდებოდით სტიქიონს, რაღაც განუკითხავად გაბრაზებულს ჩვენზე. ზღვა ახლა აღარ ჰგავდა ლომის ბოკვერს. იგი ნამდვილ ლომად იქცა, გაავებული ღრიალით ჩაგვღმუის ყურებში და მძიმე ტორებით გვემუქრება. ნავი ისე ააბარბაცა მომძლავრებულმა ტალღებმა, რამდენჯერმე კინაღამ გადაბრუნდა. უკვე ვეღარსაით მივცურავდით. ისღა იყო ჩვენი საზრუნავი, როგორმე თავი შეგვემაგრებინა და წყალში არ გადავცვენილიყავით. ლაშამ იალქანი ჩამოხსნა და ნავის ფსკერზე დააგდო. თვითონაც იქვე მიიკუნჭა და ორივე ხელით ნავს ჩაააფრინდა. მეც მას მივბაძე, თან გული მიკანკალებდა იმის შიშით, აგერ-აგერაა იფეთქებს-მეთქი.
ახლა, როცა აღარსაით მივცურავდით, ჩვენი მდგომარეობა უფრო ცხადად გავიაზრე და სრულიად დაუჯერებლად მომეჩვენა. ნუთუ მართალია, რომ მართლა რეზინის გასაბერ ნავში ვარ, გაავებით მოღრიალე ზვის პირისპირ. ნუთუ ეს ლაშაა, რომლის მიღმა ტყვიისფერი ტალღები ქედმაღლობენ. იქნებ კინოთეატრში ვსხედვართ, შევყურებთ მეტისმეტად რეალურ კინოკადრებს და გვგონია, ყველაფერი სინამდვილეში ხდება...
შეფარვით შევყურებ ლაშას და გულში ვნატრობ, ახლაც ისეთივე არხეინი სახე ჰქონდეს, როგორც კინოთეატრში ჰქონდა ხოლმე...
მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ, ლაშას სახე სულ სხვა რამეს მეტყველებს. ყველაფერი შეიძლება დაარქვა არხეინის გარდა. მეც ვრწმუნდები, რომ კინოთეატრის სკამზე კი არ ვზივარ, რეზინის ნავში ვართ მოკრუნჩხულები და ყოველივე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მკაცრი რეალობაა, თანაც სულ ახალ-ახალ მოულოდნელობას რომ გიმზადებს. მოულოდნელობად ჩავთვალეთ, როცა შევნიშნეთ, რომ ღამდებოდა...
ახლა სიბნელეღა გვაკლდა. თუმცა რაო, აღარ უნდა დაღამებულიყო?
- ეჰ, მართლაც დიდხანს შევყევით რეზინის ნავით სეირნობას.
ჯერ ჩვენ ვიყავით თამაშის ხასიათზე, ახლა სტიქია გვეთამაშება.
თამაში თამაშის წილ!   
ასე და ამგვარად, სავსებით არხეინად დაღამდა, სლიპინა ჯოჯოების ჯარი კიდევ უფრო შესქელდა ჩვენ ირგვლივ, მჭიდრო რიგებად შემოგვეწყვნენ...
სანამ მთლად ჩამობნელდებოდა, უეცრად ორივეს ერთბაშად გაგვახსენდა, როგორ მივატოვეთ ნაპირი. გაგვახსენდა და მივხვდით, რომ დაკარგულები ვიყავით, ძებნასაც არავინ დაგვიწყებდა. დაქირავებული ბინიდან უკვე წამოვედით, საკუთარ სახლებში ჯერ არ მივსულიყავით. მაინცდამაინც დღეს არ გველოდნენ, ან თუნდაც ხვალ, ან ზეგ... ნავიც სხვისი სახელით გავიტაცეთ. ჩანთები შემნახველ საკანშია შენახული. ტანსაცმელი შევმალეთ გამქირავებელი პუნქტის სახურავქვეშ, თითქოს საგანგებოდ, რათა ყოველგვარი კვალი წაგვეშალა...
ერთბაშად გაგვახსენდა ეს ყველაფერი, ერთმანეთს ფერდაკარგულები მივაჩერდით. ლაშას სახეზე ცხადად ჩანდა ჩემი ფიქრების ანარეკლი. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.
მერე ისევ უხმოდ ავარიდეთ ერთმანეთს თვალი. ზღვა ყოველი მხრიდან მუქარით ჩაგვღმუოდა ყურში. ღრუბლებმაც პირი შეკრეს ჩვენს თავს ზემოთ, ერთი ვარსკვლავიც არ გაჭიატებულა ჩაღამებულ ცაზე. მთვარე კი დავინახეთ, მაგრამ ნეტავი არ დაგვენახა - მკრთალი, ბუნდოვნად მნათი ლაქა იყო. ეს ლაქა თანდათან გამოიკვეთა, სინათლე მოემატა და ჩვენც ვიცანით ახალი მთვარე, ფერმკრთალი, თითქოს შიშისგან სახემოღრეცილი. სიყვითლენარევი ვერცხლისფერით გამოანათა და რამდენიმე წუთით გაამჟღავნა ატორტმანებულ ტალღათა მოხაზულობა, უფრო გაუსვა ხაზი მათ სიშავესა და სიტლანქეს.
თუმცა როდი გვანუგეშა ამ სანახაობამ. პირიქით, ერთი წვეთი დაუმატა ჩვენს ჯოჯოხეთურ ყოფას. შევყურებდით, როგორ გადარბოდა მთვარე ტალღიდან ტალღაზე, გაფითრებული და პირმოღრეცილი, თითქოს შიშის ზარს სცემდა იმის წარმოდგენა რომ კუპრივით შავ უფსკრულში უნდა დანთქმულიყო. გაურბოდა საშინელ ხვედრს, მაგრამ ამაოდ. სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა, ტალღები უკვე ზედ გადადიან, ხანდახან სულ მთლად ფარავენ მთვარის გაფითრებულ სახეს, იშვიათად თუ გამოანათებს მისი მანათობელი კიდე. სულ მალე ისიც ქრება...
გაქრა და ამით თითქოს მიგვანიშნა, თქვენც ეს დღე გელითო.
წინანდელზე უარეს წკვარამში ამოვყავით თავი. ცივი, მძიმე, შედედებულივით ბლანტი სიბნელე შემოგვერტყა ყოველი მხრიდან. ხელი გავწიე, ვითომდა შემთხვევით. მინდოდა ლაშას შევხებოდი, მეგრძნო მისი არსებობა. თუნდაც ცოცხლად დამარხული ვიყო, მარტოდმარტო მაინც არა ვარ... და ვიგრძენი ლაშას ხელის შეხებაც. ისიც დამეძებდა, იმავე ძრწოლით ატანილი. ორივენი ნავის კიდეს ჩავეჭიდეთ, ისე, რომ ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხებოდნენ. ოღონდ... ვითომ შემთხვევით, სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, საამისოდ გვეყო ძალა...
მერე ნელ-ნელა მოვეგეთ გონს, თავს მოვერიეთ. ამ დროისათვის ზღვის ღელვამაც აშკარად იწყო შესუსტება. ტალღები აღარ გვეტანებოდნენ ისეთი გააფთრებით. მათ გაავებულ ბუზღუნში დაღლილობის მაუწყებელი ბგერები გაკრთა.
ჩვენც ცოტა თავისუფლად ამოვისუნთქეთ. დაბუჟებული ხელ-ფეხი მოვადუნეთ, სხეულს რომ დაესვენა. საიმისო ძალაც შამოგვრჩა, ყურადღებით მოგვეჩხრიკა ირგვლივ შემომდგარი წკვარამი. გემის ნათურები დავინახეთ, ჩანდა, რომ შორს იყო ჩვენგან. მაინც არ მოგვითმინა გულმა, ნიჩბებს ვტაცეთ ხელი და მისკენ გავცურეთ. სულ მალე მიეფარნენ თვალს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზედიზედ გამოჩნდნენ გემის ნათურები სხვადასხვა მხარეს, სანამ ჩვენ ვფიქრობდით, რომელ მხარეს გაგვეცურა, შეთანხმებულივით გაქრნენ. გაქრნენ და აღარ გამოჩენილან. კუნაპეტი სიბნელე საბოლოოდ გადაეფოფრა ზღვის ჯერ კიდევ გაჯავრებით მობუზღუნე ზედაპირს. გათენებას უნდა დავლოდებოდით. ესღა იყო ჩვენი ხსნა და იმედი. დღის სინათლე, ალბათ, რაღაც საშველს მოგვიტანდა.
იმედი მომაკვდავსაც გამოაცოცხლებს. ისე საზარელი აღარ გვეჩვენებოდა ირგვლივ შემომდგარი წყვდიადი. მართალია, წყურვილი უკვე მაწუხებდა, ენა აბედივით მქონდა გამშრალი, მაგრამ გაუსაძლისს მაინც ვერ დაარქმევდი ჩვენს მდგომარეობას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც...
როგორც იქნა, კუნაპეტი სიბნელის კალთები სინათლემ შეარღვია. განთიადი იწყებოდა, ოღონდ რაღაც მეტისმეტად უფერული ჩანდა. აჩრდილივით შეუმჩნევლად წამოგვეპარა, ისე, რომ ვერც გავიგეთ საიდან მოვიდა.
კიდევ ერთი დაცინვა, რაც განგებამ გაგვიმზადა: ნისლი! მერე როგორი! ხშირი, ბამბასავით მკვრივი! თეთრი ურჩხულივით გაწვა ზღვის ზედაპირზე.
ესღა გვაკლდა! თეთრი ურჩხული, რომელმაც მზის ცეცხლოვანი ბადრო გადაყლაპა, ისე, რომ მნათი ლაქაც არ დატოვა მის ადგილას. მეგონა, რძეში ჩავყვინთეთ, ისე გადათეთრდა ყოველივე ირგვლივ.
ამდენ ხანს წყვდიადში მყოფი და რაიმეს დანახვას დანატრებული ჩემი მზერა ხარბად ჩაეჭიდა ამ ხილვას, თეთრმა, მკრთალმა სინათლემ რომ ამოატივტივა ჩვენ წინ. თუმცა ჩამავალი მთვარის მსგავსად, არც ეს უფერული ხილვა ყოფილა სანუგეშო. თვითონ ლაშას დანახვამ ნისლზე ნაკლებად როდი შემაშინა. იმას არ ვგულისხმობ, მკვდრისფერი რომ ედო სახეზე... ცხადია არც მე ვიქნებოდი ვარდივით გაღაჟღაჟებული. თავად ლაშა არ მომეწონა. ჯირკივით უძრავად იდო ნავში, სახე და სხეული ერთნაირად გაქვავებოდა. ასეთი გაყინული გამომეტყველება არასოდეს მენახა მის სახეზე.
შეხედვასაც ვერ ვუბედავდი, რაიმე შეკითხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მივხვდი, რამ გაამწარა ასე. ჯერ ერთი, მე მიბრაზდებოდა, აქ ხომ მე შემოვიტყუე. მართალია, ხალისით ამყვა, მაგრამ ამ იდეის შემოქმედი მე ვიყავი.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ლაშას გაქვავებისა ის გახლავთ, რომ დაუცხრომელი ადამიანია. მან უნდა იბრძოლოს, გამოწვევა მიიღოს მოწინააღმდეგისგან. არ შეუძლია, მიჰყვეს დინებას, მის საპირისპიროდ ურჩევნია ცურვა. ხშირმა ნისლმა კი უმოქმედობისთვის გაწირა.
ჩემში კი სულ სხვა განცდები გამოიწვია სქელმა ნისლმა. ნისლმა, რძისფერმა ზღვამ როგორღაც ყველაფერს დაუკარგა სიმწვავე. მან ყველაფრის მოხაზულობა გაამქრქალა, მათ შორის სიკვდილის აჩრდილი და ჩემი შავი ფიქრებიც... მერე კი სრულიად გააქრო ისინი. გაამქრქალა რეზინის თხელი აფსკი, ანუ ჩვენი უბადრუკი ნავის კედლები, რაც სტიქიისგან გვაცალკევებდა. ასევე გაამქრქალა იმ გემის სქელი კედლებიც, რომლებიც შეიძლება სულ ახლოს მიცურავდა ჩვენ გვერდით. მე დავინახე, რომ სტიქიისთვის არავითარი განსხვავება არ არსებობდა რეზინის აფსკსა და გემის რკინის კედლებს შორის. როგორი ტექნიკური აღჭურვილობით დაიხუნძლები, სულერთია, ყოველთვის სტიქიის ხელთა ხარ, სათამაშო ხარ მისთვის.
და მე თავფეხიანად, სულითა და გულით გავეხვიე იმ ნისლში, მივიღე იგი, აღარ ვბრაზობდი, თუკი არსებობდა ცისარტყელა, ესე იგი, იარსებებდა ნისლიც. ხან ერთი მოვიდოდა ჩემთან სტუმრად, ხან მეორე. რა მათი საკითხავი იყო, თუ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მომისწრებდნენ, ამაში ხომ მე ვიყავი დამნაშავე.
ამგვარად ნისლი ჩემს მახლობელ არსებად იქცა. შევხვდი როგორც სასურველ სტუმარს. უფრო შემწყნარებლური თვალით შევხედე იმ უფერულ, სლიპინა ჯოჯოებს, რომლებიც აგრძელებდნენ როკვას ნავის ირგვლივ, ოღონდ გაცილებით უფრო დინჯად ირჯებოდნენ. ჩვენ წინაშე თეთრი, შეუვალი კედელი აღმართულიყო. ამ კედლიდან უფორმო აჩრდილი გამოიჭრებოდა ხოლმე. როგორც კი ნავამდე მოაღწევდა, ეს აჩრდილი მუქ ნაცრისფერ ტალღად იქცეოდა, რათა მეორე წამს ისევ აჩრდილად ქცეულიყო და კვლავ თეთრ ბურუსში დანთქმულიყო.
ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულო სანახაობას წარმოადგენდა ჩემთვის. მეგონა, სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი. ჩემს ირგვლივ აღარაფერი იყო, აღარც მიწა, არც ადამიანები. იყო მხოლოდ უფერული ტალღები, რომლებიც არაფრიდან იბადებოდნენ და ისევ არაფერში იკარგებოდნენ.
და ამ არაფერს თავზე თეთრი იალქანი დაჰფარფატებდა...
პირდაპირ გასაკვირი იყო, ისეთი სიცხადით ამოტივტივდა თეთრი იალქნის ხატება ამ თეთრ-ნაცრისფერი არარაობის წიაღში. ნისლმა წაშალა ყველა ხაზი, რაც სამყაროსთან გვაკავშირებდა, მაგრამ იალქანს ვერაფერი დააკლო. იგი ისეთივე სიმკვეთრით გამოისახა ამ რძისფერ ფონზე, რომლითაც ზურმუხტისფერ სამყაროში გამოირჩეოდა ხოლმე, ცისა და მიწის გამყოფ ზღვარზე. დიახ, ეს მშვენიერი თეთრი ფრინველი ორ სტიქიას - ზღვასა და ჰაერს ფლობდა ერთდროულად, ეს გარემოება ანიჭებდა ხელთუქმნელისდარ სიმსუბუქესა და სილაღეს.
უნებურად იმ იალქნისაკენ გამექცა თვალი, რომელმაც ასე შორს შემოგვიტყუა. ახლა იგი ნავის ფსკერზე ეგდო... და, ალბათ, ყველაფერს ჰგავდა, იალქნის გარდა. სად ეს ჭუჭყიანი, სველი ჩვარი და სად ლაღად ფრთებგაშლილი, ზღაპრული ფრინველი, ტალფებზე მსრბოლი, რა უნდა იყოს მათ შორის საერთო...
უდიდესმა სურვილმა ამიტანა, ხმამაღლა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ლაშას რომ გადავხედე, ენაც ვერ დავძარი. იგი ისევ ისე ჯირკივით იყო, მზერაგაქვავებული.
მეც ისევ ჩვენს ყოფილ იალქანს, სველ ჩვარს დავხედე. ერთ წამს დავფიქრდი და ვკითხე ჩემს თავს: ვთქვათ, არასოდეს მენახა იალქანი, არ მენახა მისი მსუბუქი რონინი, არც არაფერი გამეგონა მის შესახებ, განა შევძლებდი ამ ჭუჭყიან, სველ ჩვარში ამომეცნო იგი?
არ ვიცი, ძნელი სათქმელია, იალქანი უკვე არსებობს და ხელახლა ვეღარ აღმოაჩენ.
ერთი ისღა ვიცი, რომ ჭეშმარიტად ღვთის სადარი ხედვის ნიჭი ექნებოდა იმას, ვინც შეძლო უბრალო ტილოს ნაჭერში დაენახა ეს სასწაული.
ვინ მოთვლის, რამდენი რამაა ისეთი, ამ სველი ჩვარივით უმაქნისი რომ გეჩვენება და ასე უსახურად რომ გდია ჩვენს ცხვირწინ. გდია და ჩვენ ვერ ვხედავთ მასში ჩამარხულ სასწაულს.
ეს სასწაული რომ გამომზეურდეს, უბრალოზე უბრალო რამაა საჭირო: სტიქიათა გამყოფ ზღვარს უნდა მივაკვლიოთ და ხიდი უნდა გავდოთ მათ შორის. რამეთუ იალქანი ხიდია, ორი სტიქიის, წყლისა და ჰაერის შემაკავშირებელი.
სწორედ ეს ,,უბრალოებაა~ ყველაზე უძნელესი ამოცანა. მისთვის რომ მიგვაგნებინა, იქნებ შეგვძლებოდა ნაპირისკენ გზის გაკვლევა. ახლა ისეთი ,,სასწაული~ გვჭირდება, რომელიც დელფინის სადარ ალღოს შეგვძენდა და ნაპირისკენ გაგვიძღვებოდა.
არადა, მწამს, სასწაული ჩვენშია, რამეთუ იგი ყველაფერშია ამქვეყნად.
ნამდვილ სასწაულს ჰგავს დელფინის ალღო-გუმანი. ეს ისეთი კომპასია, რომლის წყალობითაც გზა არასოდეს დაებნევა, შეუცდომლად გაიკვლევს გზას ზღვის სიღრმეებში.
თუნდაც გადამფრენი ფრინველები ავიღოთ, საკუთარ ბუდეებს რომ უბრუნდებიან გაზაფხულზე. მათ პატარა თავში სასწაულებრივი ჩირაღდანივით ანთია გზის გაკვალვის თანდაყოლილი ალღო-უნარი.
კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება...
გზის გაკვლევის სიცოცხლისმიერი ინსტინქტი ისეთი იდუმალი ცეცხლია, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებაში ანთია.
ჩვენ რად უნდა ვიყოთ გამონაკლისი?
ლაშას შეფარვით გადავხედე. ისევ კუნძივით იყო. ერთი ბგერაც არ დასცდენია ამ ხნის განმავლობაში. და მაინც, რადგან სხვა არავინ იყო ჩემ გვერდით, ისევ ლაშასთან ვცადე გამოლაპარაკება. ჩუმად ყოფნა აღარ შემეძლო. გარდა ამისა, ერთი გეგმაც მქონდა.
რაც შემეძლო მოიარებით დავიწყე, თან თვალს ვარიდებდი ლაშას. ვთქვი, რომ ჩვენი მდგომარეობა, მართალია, რთულია, მაგრამ გამოუვალი მაინც არაა. ეს ნისლი იქნებ უკეთესიცაა, არც მზე გვაწუხებს არც წყურვილი.
შემდეგ ვცადე იმის გადმოცემაც, რაც ამდენ ხანს თავში მიტრიალებდა. სტიქიათა შორის ხიდის გადების აუცილებლობაზე ავლაპარაკდი... ჰოდა, კაი აბდაუბდა გამომვიდა. ჯერ ერთი, ლაშას შეუვალი მზერა მბოჭავდა, მეორე მხრივ კი ჩემი თითქოსდა მწყობრი აზრები, როგორც კი ხმამაღლა გამოთქმა ვცადე, რატომღაც უთავბოლონი გახდნენ. სხვათა შორის, ეს სხვა დროსაც შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის, ოღონდ ეს ამჯერად აშკარად წარმოჩნდა.
მე თვითონ აღარ მჯეროდა საკუთარი სიტყვებისა, ამიტომ აღარ გამიგრძელებია, ლაშას შევთავაზე, ხელი ნიჩბებისათვის მოგვეკიდა.
- რამდენი ხანია უმოძრაოდ ვსხედვართ ნავში, - ვუთხარი ლაშას, - მოდი, ალალბედზე გავცუროთ. ოღონდ გულისყური მოვიკრიბოთ, საკუთარ ალღოს დავეკითხოთ. ამან შეიძლება ნაპირისკენ გაგვაგნებინოს გზა, როგორც, ვთქვათ, დელფინი იკვლევს გზას ან გადამფრენი ფრინველი.
ლაშას ხმა არ გაუღია.
- ლაშა! - ვეუბნები, - ნიჩბებს მოვკიდოთ ხელი, გავცივდებით...
ლაშა ისევ დუმს.
- ლაშა! ვეუბნები ისევ და ხელს ხელზე ვადებ.
- აააჰ! - მოულოდნელად ამოიხრიალა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
ხელი დამდუღრულივით გამოვწიე, აღარაფერი მითქვამს, მაგრამ ლაშა თითქოს ჩაირთო, იმ ხრიალს ამოაყოლა:
- ნიჩბები ავიღოთო, ამბობ... მერე საითკენ უნდა გავცუროთ. შინაგან ალღოს მივენდოთო. მაინც რა მაგარი ხარ ამისთანებში. ხან ცისარტყელას მისდევ, ხან ეშმაკებს. უაზროდ და უთავბოლოდ დარბიხარ, მერე რას გამორჩები ასე უაზროდ ყიალს, რას იპოვი, რას მოიგებ, ერთი შენი სიფათი დაგანახვა... - გაავებით ხრიალებს ლაშა, - სულ მალე იმ ქვეყნისკენ მოუსვამ ნიჩბებს. მე თუ მკითხავ, სწორედ იქაა შენი ადგილი. მე რაღა შუაში ვარ, მე რაღა დავაშავე, შენს ბედში რომ გავერიე...
კრიჭაშეკრული ვზივარ, ხმის ამოღებისაც კი მეშინია, რომ უფრო მეტად არ გავაბრაზო ისედაც გაცოფებული. ნერვებმა უმტყუნა, თავს ვეღარ იკავებს. უმოქმედობამ გააგიჟა ასე. შეიძლება წონასწორობა არ დაკარგოს დახრჩობის აშკარა შიშის წინაშე, მაგრამ ნისლს ვერ ეგუება. ნისლში ვერ ჩაყვინთავს უდრტვინველად, ვერ იტყვის: ,,იყავნ ნება შენი~. სხეულით რომ გაისხნა ნისლში, ჯერ სულით უნდა იყო მასში გახსნილი. ეს კი ლაშასთვის უცხო ხილია.
- შენისთანა დარეხვილს რომ კაცი აჰყვება, იმას რა ხეირი დაეყრება, - აგრძელებს ლაშა გაავებულ ხრიალს, - ქარიან დღეს ჩინარზე ავდიოდიო, ამაში ჩანს შენი ჭკუა და მოხერხება. შენ ხომ სხვა არაფერი შეგიძლია, სრული არარაობა ხარ. ბრმასავით დადიხარ და ვითომ რაღაცას დაეძებ, ამ დროს საკუთარ მოჩვენებებს დასდევ...
აქ ლაშას სულისმოთქმა გაუჭირდა და გაჩუმდა. ხრიალით სუნთქავდა, მკერდი აუდ-ჩაუდიოდა, ამღვრეული თვალები ჩემზე ჰქონდა მოშტერებული. მისმა იერმა კარგა მაგრად შემაშინა. ვიფიქრე, ალბათ, მოსაკლავად არ დამინდობს-მეთქი. მე მივაჩნივარ დამშანავედ მთელ ამ თავგადასავალში და შურისძიებას შეეცდება. ვინ იქნება გამკითხავი? ჩემზე ღონიერიცაა, მომერევა... თუმცა ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს...
მოულოდნელად ლაშამ გაიცინა, გაიცინა ხრიალით, უსიამოვნოდ. ამ სიცილმა უფრო შემზარა. მივხვდი, მისი აზრები სწორად ამოვიცანი და მანაც ჩემს სახეზე ამოიკითხა ყოველივე.
- სწრაფი სიკვდილი დიდი სიკეთე იქნებოდა შენთვის, მაგრამ მაგის ღირსი არა ხარ. ჩემ თვალწინ მოკვდები ნელ-ნელა; მე უნდა ვუყურო შენს სიკვდილს. მე შენზე ბევრად უფრო ამტანი ვარ და უფრო გვიან მოვკვდები.
ლაშა ნავში გაწვა და თვალები დახუჭა. ისე იქცეოდა, თითქოს ნავში მარტო თვითონ ყოფილიყო და სხვა არავინ. ალბათ, ასედაც ფიქრობდა, მისთვის მე უკვე მკვდარი ვიყავი.
რაღა მეთქმოდა, გავჩუმდი. შევურიგდი ჩემს ხვედრს. ვცადე, ისე დავმჯდარიყავი, ლაშა არ შემეწუხებინა. არ იყო საჭირო მისი ზედმეტად გაღიზიანება, ისედაც აღარაფერი აკლდა გაგიჟებას. მე კი სრულიად მშვიდად ვგრძნობდი თავს. უცნაურია, მაგრამ რა წუთიდანაც ნისლი და სტიქია ჩემს მეგობრებად დავიგულე, სიმშვიდემაც იმ წუთიდან მომაგნო.
გავჩუმდი და ნიჩბებს მოვკიდე ხელი, თან გული მისკდებოდა, ლაშა ახლა ამაზე არ აფეთქებუიყო. კიდევ კარგი, ხმა არ გაუღია. სანამ ნიჩბებს მოვუსვამდი, შეძლებისდაგვარად მოვუხმე საკუთარ გულისყურს, როგორც ეს ჩაფიქრებული მქონდა. მოვუხმე და ვცადე, შევკითხოდი, საითკენ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაპირი. ,,ნაპირისკენ, ხმელეთისკენ, საიდანაც ზღვაში შევცურეთ, - ვიმეორებდი ერთიანად დაძაბული, საკუთარ ალღო-გუმანს მინდობილი, - მაჩვენე გზა ნაპირისაკენ, სადაც კუდზე მდგარი მოღიმარი დელფინი მელოდება...~
ამის შემდეგ მოვუსვი ნიჩბებს. ზღვა ამასობაში მთლიანად დამშვიდდა, მისი ზედაპირი ტბას დაემსგავსა, ისე მოსწორდა. ოღონდ ესაა, უჩვეულოდ მუქი, მრუმე ფერისა იყო ეს ტბა, თითქმის კუპრისფერი... ჩვენი ნავი თევზივით მსუბუქად გასრიალდა კუპრის ტბაზე.
მივცურავდი და ფიქრებში ჩემივე ალღო-გუმანს ვესაუბრებოდი, რომელმაც გარკვეული სახე მიიღო ჩემს წარმოსახვაში და ეს სახე სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა მოღიმარ დელფინს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ჯერ ერთი, დელფინი დიდად სანდომიანი ვინმეა, თანაც ამ შემთხვევაში იგი ნაპირთან იყო გაიგივებული, ჩემთვის ეგზომ სანატრელ ქვიშიან ნაპირთან, ანუ მესამე სტიქიასთან, რომელთანაც სიცოცხლისმიერ ალღოს უნდა მივეყვანე და მივმართავდი მომღიმარ დელფინს: ,,მომეცი უნარი, ხიდად ვიქცე ორ სტიქიას შორის, ისე როგორც იალქანი იქცევა ხიდად წყალსა და ჰაერს შორის. გადამაქციე ცოცხალ ხიდად და მე ვიპოვი გზას შენკენ~.
ერთიანად შინაგან სამყაროში ჩაღრმავებული მივარღვევდი წყალნისლოვან ფარდას და მივაცურებდი ლაშას, რომელიც ისევ ისე გვამივით გაჭიმული იწვა ნავში. მის შემყურეს ხანდახან მეჩვენებოდა, თითქოს სულეთისკენ გადამყავდა მკვდარი სული.
რამდენ ხანს მივცურავდი? ნამდვილად არაფრის თქმა არ შემიძლია.
ისე, როგორც ვერავინ იტყვის, თუ რამდენ ხანს ეძინა, საათს თუ არ დახედა. ჩვენ არ შეგვიძლია ძილის ხანგრძლივობის გაზომვა, საათი ასრულებს ამ მოვალეობას. ახლაც, შეიძლება ითქვას, ძილ-ღვიძილში ვუსვამდი ნიჩბებს. ვუსვამდი და არ შემეძლო გაჩერება. დაღლილობასაც ვერ ვგრძნობდი, ნავი საოცარი სიმსუბუქით მისრიალებდა წინ. ხანდახან მეჩვენებოდა, თითქოს მთელი სიცოცხლე სხვა არაფერი მიკეთებია, სულ ასე თვალაბმულივით, უმისამართოდ მივარღვევდი წყალნისლოვან განუჭვრეტელ ფარდას, რეზინის უბადრუკ ნავს შეკედლებული და მთელი სიცოცხლე მკვდრის გაქვავებული სახე იყო ჩემი ერთადერთი თანამგზავრი...
როცა დახუჭუჭებული თეთრი ქაფი დავინახე, მაშინვე თავში გამიელვა, ალბათ, ზღვა ისევ აღელვებას აპირებს-მეთქი. აი, ეს კი ნამდვილი დასასრული იქნებოდა, კიდევ ერთ ღელვას ნამდვილად ვერ გავუძლებდით.
ყურადღებით მივაჩერდი ნისლის თეთრ ფარდას.
ველოდი, რომ ქედშემაღლებული ტალღა გამოიჭრებოდა იქიდან.
ტალღა არ დამინახავს. რაღაც უჩვეულოდ მკაფიო გამოსახულება კი დავლანდე. დელფინს ჰგავდა, კუდზე მდგარსა და მოღიმარს. დელფინის ღიმილი მაინც მეტისმეტად ნათლად დავინახე. ო, რა ეშმაკურად იღიმებოდა...
ალბათ, მოჩვენებები დამეწყო-მეთქი, ვიფიქრე. უკვე დელფინი მეჩვენება, რომლის ალღოსაც ასე ვნატრობდი.
მერე რაღაც ბუნდოვანი ლანდებიც გავარჩიე, ნისლის ფარდის მიღმა მიმოფანტული და სანამ რაიმეს მოფიქრებას მოვასწრებდი, რეზინის ნავი ბურთვითი გამოსხლტა პლაჟის თეთრ ქვიშაზე, კუდზე მდგარი მოღიმარი დელფინის პირისპირ...

***
აქ კი, როგორც იტყვიან, შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა საიდანაც ზღვაში შევცურეთ, ზუსტად იქ გამოვედით ნაპირზე. ლაშამ მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი... არ ვიცი, როგორ და რანაირად მოხერხდა ეს ყველაფერი. იმასღა თუ ვიტყვი, რომ შემდგომშიც ვცადე ზღვაში გზის გაკვლევა საკუთარი ალღოს საშუალებით, კომპასზე დაუხედავად (რომელსაც, ცხადია, არ ვიშორებდი) და უმისამართოდ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მაინც ყოველთვის დამჭირდა კომპასი. როგორც ჩანს, ადამიანში მთვლემარე ინსტინქტი ძალიან ძნელად იწყებს მოქმედებას. რაც დელფინისთვის ასე ადვილია, ადამიანისთვის შეუძლებელი გამხდარა. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა შექმნას ამ ინსტინქტის გამოსაფხიზლებლად, არადა, ვინ იცის, რა სამყაროს გადაგვიშლიდა თვალწინ, რა საიდუმლოებებს ჩასწვდებოდა ადამიანის გონება...
ახლაც ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებისას, თითქოს საგანგებოდ რომ ვშლიდით ნაპირთან დამაკავშირებელ ყოველ კვალს. ვერც სხვას ვურჩევდი ამ სახიფათო თამაშს, სხვა საშუალებების მიგნებაა საჭირო.
ლაშას რაც შეეხება, თავი ისე უჭირავს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, არაფრის გახსენება არ უნდა ჩვენი ზღვისმიერი თავგადასავლიდან იმ ბოლო წამის ჩათვლით, როცა სველ ქვიშაზე რეზინის ნავიდან გადმობობღდა ეშმაკურად მოღიმარი დელფინის ცხვირწინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები