ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: იუმორისტული
30 იანვარი, 2015


ხამიცა

ხამიცა


  მთელი ეს უბედურება განცხადებით დაიწყო, რომელიც ერთ, როგორც დღეს ირკვევა, არცთუ მშვენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ- იამ ოჯახურ საბჭოზე თავმომწონედ წარმოსთქვა.
  -მალე ჩვენ ძვირფასი ხალიჩა გვექნება.
  სიახლე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავდაპირველად გააზრება ვერ მოვასწარი. როგორც მივხვდი, დაახლოებით იგივე დაემართათ ოჯახის უმცროს წევრებს- ჩემს სამი წლის ვაჟს- მათეს და ხუთი წლის ქალიშვილ სალის. სურპრიზები ჩემი ცოლისგან იგივე პათოსით წარმოთქმული ბევრჯერ გაგვეგონა, ოღონდ უფრო ნეგატიური შინაარსისა. მაგალითად ასეთი:
  -ხვალ შაქარი აღარ გვექნება! გაზი გამოგვირთეს! წუხელის წყალი ჩასულა გვიმრაძეებთან და ა.შ.
  პოზიტიური შინაარსის ინფორმაცია კი, ნაკლებად. ამიტომაც დავაყარეთ კითხვები ჩვენჩვენი ინტელექტური დონის შესაბამისად:
  მათე-  ხამიცა ლა ალის?
სალი- აუ, რა მაგარია! მფრინავი, დე?
მე- მოიცა, ცოცხით ვეღარ დვიჟენიობ, თუ  რა ხდება?
  იამ კი ჩემს ამ აშკარა პროვოკაციას წაუყრუა, რაც იშვიათად ხდებოდა და დაახლოებით ისეთი გამომეტყველებით, ქრისტეს რომ ექნებოდა პილატეს წინაშე, წარმოთქვა:
  -მანონი დეიდა გვჩუქნის.- ნიშნისმოგებით ნათქვამმა ამ ფრაზამ, რაც ქვეტექსტით ჩემს სანათესაოზე გადაკვრას ნიშნავდა, სიცხადის ნაცვლად მეტი გაუგებრობა გამოიწვია.
  -მერედა რითი დავიმსახურეთ?
  მანონი დეიდა იას მდიდარი, ახლო ნათესავი იყო, ოღონდ არცთუ იმდენად ახლობელი ამგვარი საჩუქრისთვის. იგი დუბაიში არცთუ ტურისტული ვიზიტებით იყო დაკავებული და ჩემს პატარებს ჩემგან განსხვავებით უცნაურად შეფუთულ კამფეტებსაც უგზავნიდა, რითაც სავარაუდოდ ქველმოქმედებაზე საკუთარ ამბიციას მთლიანად იკმაყოფილებდა. მაგრამ ეს უკანასკნელი სურპრიზი კი ნამეტანი მომეჩვენა. ადამიანების ხელგაშლილობა, ჩემი დაკვირვებით, მათივე შესაძლებლობის უკუპროპორციულია.
-ახლობელმა გადაწყვიტა, დაგვეხმაროს ბინის მოწყობაში, რა არის აქ გაუგებარი?
  გასაგებია, მაგრამ რატომ იწყებს ამას მაინცდამაინც ქვემოდან, ეს ვერ გავიგე.
ჩემს 18 კვადრატულ ერთოთახიან ბინას ხალიჩამდე ბევრი აკლდა.
  -რა გჭირს რამაზ, ადამიანს რისი შესაძლებლობაც აქვს, იმას აკეთებს. თუ უარი ვუთხრათ, ჯერ დაკიდული ჭერი გვაქვს გასაკეთებელიო?
  -ა-ა-ა...
  -როდემდე ვუყუროთ ამოცვენილ პარკეტზე როგორ იმტვრევენ ცხვირ-პირს ბავშვები!
მოტანილი გამანადგურებელი (როგორც თავად მიაჩნდა) არგუმენტის პირველი ნაწილი შემოწმებადი რეალობა იყო, მაგრამ მეორე ნაწილი- ბავშვების ცხვირ-პირის დამტვრევა- აშკარა გაზვიადება. მაგრამ მწარე გამოცდილება მკარნახობდა კაპიტულაციაზე წავსულიყავი:
  -არა, უბრალოდ გამიკვირდა, რატომ შეწუხდა.
  -არ მესმის, რატომ უნდა იწვევდეს სიკეთე რაიმე ეჭვს. შეიძლება თვითონ სხვა შეიძინა. ხვალ გურგენას- მძღოლს გამოვატანო, ჩვენი შეწუხებაც არ უნდა.
ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან. ერთნი იქცევიან ისე, როგორც უნდათ, მეორეთ კი ჰგონიათ როგორც იქცევიან, ისე უნდათ.
  ორ დღეში ზემოხსენებული გურგენას ხელით ოპერატიულად გვაახლეს ხალიჩა, რომელიც იმავე გურგენას დახმარებიYთ ძლივს ავათრიეთ მესამე სართულზე. საჩუქარი სიდიდით დაახლოებით ჩემი ოთახის ზომისა აღმოჩნდა. ვინაიდან მტვერსასრუტი არ გაგვაჩნდა, ხოლო კარის მეზობელ დეიდა ნათელასგან ოცდამეშვიდედ თხოვება მისი მეზობლური მოთმინების სარისკო გამოცდა იქნებოდა, გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით გაგვერეცხა, საკმაოდ შელახული ხალიჩა.მაგრამ ამ განზრახვის ხორცშესხმისთანავე დავრწმუნდით, რა გულუბრყვილო წარმოდგენა გვქონია ამ საქმეზე. თუმცა ენთუზიაზმის დინამიკით გადავწყვიტეთ ამ დაბრკოლების დაძლევა. ხალიჩის რეცხვა ნამდვილ ოჯახურ რიტუალად გადაიქცა. ბავშვებს სარეცხი ფხვნილი მოჰქონდათ საბრძოლო ყიჟინით, თან შეძახილებით მამხნევებდნენ, როცა მე გაჭირვებით ვექაჩებოდი მის კიდეებს ჩვენი ციდა აივნის მოაჯირზე.  შლანგითა და გრძელტარიანი ჯაგრისით შეიარაღებული ია ფეხშიშველა დასრიალებდა ვინიცის რამდენი წლის მომსწრე ხალიჩის ზედაპირზე. შუა გზაზეც არ ვიყავით მისული, როცა ქვევიდან გვიმრაძეების რძლის ხაფმა ხმამ დაგვირღვია ოჯახური იდილია:
  -რა ხდება, ხალხო, რა წყალია ეს?
  გავხევდით. მაშინღა შევნიშნეთ ხალიჩის ქვეშ დამდგარი ტბორი. ია სასწრაფოდ შეუდგა ცოცხით წყლის გადაგვას, რასაც ახლა ეზოდან მოჰყვა მსგავსი შეკითხვები, რომლებშიც წყრომა მეტი იყო, ვიდრე კითხვის ინტონაცია.
  სამი დღე შრებოდა აივნიდან დროშასავით გადაფენილი ჩვენი ხალიჩა. ამ ხნის განმავლობაში ეზოდან დომინოს მოთამაშე ჯეელების რეაქციები არ შეწყვეტილა:
  -ვა რამაზჯან, პარადისთვის ემზადები?
  -თქვენ რაღაც გიშოვიათ, აი! მეც არა ვთქვი, დომინოს რაზე შემოსწყრა-მეთქვი.
  -ეს რა ფრონცქი ნოხი გიყიდია, საიდან?
  -შენ ისე მოგდის, მდიდარს- მშვიდობაში, ღარიბს- სად იშოვეო.
  თურმე ჯერ სადა ხარ. მთავარი პრობლემა წინ გველოდა- ხალიჩის გაფენა. ტელევიზორი და მაგიდა სამზარეულოში გადავიტანეთ, სკამები- ვანაში, ბავშვების ორსართულიანი საწოლი- დერეფანში, ჩვენი ძველი, მამაპაპეული ტახტი დიდის გაჭირვებით შესასვლელში ავაყუდეთ. (კომპი ისედაც სამზარეულოში გვედგა). ბოლოს როგორც იქნა, პარკეტამოცვენილი იატაკის საგულდაგულოდ მოკრიალების შემდეგ, ხალიჩა გავფინეთ და საგნებიც ციმციმ დავალაგეთ ზედ, დაახლოებით ისე, საფლავის ზედაპირზე რომ აწყობენ საკურთხს. ვინაიდან მათეს ვერბალური ვერსია, გასაგეჰ მიზეზთა გამო, „ხამიცა” გახლდათ, ჩვენც ენისმოჩლექით ასე შევარქვით.
  იამ საკუთარ ფეისბუქზე ჩვენი ხამიცის ფოტო დადო, რომელსაც პირველივე დღეს ორასამდე ნახვა ჰქონდა. აქედან დაიწყო ჩვენი უბედურება. ჯერ იყოდა, ცნობისმოყვარე მეზობელთა ვიზიტებს ვერ აუვედით, ამრეზილი ინტერესით რომ ამბობდნენ:
  -დედა, რა შესანიშნავია!  კიდევ ბევრი შეგეძინოთ ამისთანა.- ზოგი უფრო შორსაც მიდიოდა:
  -ბევრი გაგეცვითოთ უკეთესიც.- თუმცა სახის გრიმასა ნაკლებ შეესაბამებოდა ფრაზის ვერბალურ შინაარს. ჩემი გამოცდილებით, ადამიანები პანაშვიდზე ბევრად უფრო გულწრფელნი არიან, ვიდრე ქორწილში.
  ამას იას დაქალები მოჰყვა:
  -ვაიმე, რა ფანტასტიურია, დავეცი! ამერიკული იქნება, არა?
  -რა ამერიკული, კარგადა ხარ, მაგათ სად შეუძლიათ. აღმოსავლურია, ნახშებზე არ ეტყობა!
-რა მაგარია! რა რბილია!
  ჩვენი ოჯახის რეიტინგი კატასტროფულად იზრდებოდა. ერთ კვირაში ჩემმა მეუღლემ უამრავი ინფორმაცია დააგროვა ინტერნეტის მეშვეობით ხალიჩებსა და მათი მოვლის თაობაზე. შეისწავლა როდის უნდა გაწმინდო ნოხი ბენზინში არეული ნახერხით,  როდის მარილითა თუ ძმრით, თქვენ წარმოიდგინეთ, თოვლის გუნდითაც კი. შესაბამისად წლის სხვადასხვა დროს ჩემი ოთახი კოლორიტული სურნელებით ივსებოდა. შევიძინეთ სპეციალური საბერტყიც, თუმცა მისი გამოყენების საშუალება ნაკლებად გვეძლეოდა. ამიტომაც კედელზე დავკიდეთ საპატიო ადგილას.
  აშკარა გახდა, მტვერსასრუტის გარეშე ვერ გადავრჩებოდი. ვინაიდან ჩემი ხელფასის ოდენობა ბანკის ნდობის დამსახურებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ძმაკაცის ხელფასით გავაკეთე განვადება, რითაც ერთნაირად დამოკიდებული აღმოვჩნდი როგორც ბანკზე, ისე მეგობარზე. როცა ბანკიდან მორიგი ჯარიმის შეტყობინებაზე ჩემი უმწეო პროტესტი წავიბურტყუნე- აღარ შემიძლია ამ ხალიჩის გადამკიდე-მეთქი, იამ გაოცებანარევი წყრომით შემომხედა:
  -რანაირად ლაპარაკობ, რამაზ!
დავდუმდი. მივხვდი, რაღაც სერიოზული შეცდომა დავუშვი.  ბავშვებს კატეგორიულად ავუკრძალეთ ფეხსაცმლით ოთახში შემოსვლა, სტუმრებისთვის კი შესასვლელში ფაჩუჩები დავაწყვეთ.
  ნელ-ნელა ვხვდებოდი, როგორ ემსგავსებოდა ჩვენი ეს ფაციფუცი ფეტიშიზმის რიტუალს. მალე თავი იმაშიც დავიჭირე, როგორ მგვრიდა ძრწოლას ხალიჩაზე ფეხის შეხება. დიდი ეჭვი მქონდა, საგნის მისტიური აურის ქვეშ ვიყავით მოქცეული.
იმ დღეს კი... ფეხი შევდგი ზალაში, თუ არა, ცოლის შემზარავი ხმა შემომესმა:
  -რას შვრები, რას?!- ია ხელში სანთლით კარებში იდგა და ისე შემომყურებდა, ალბათ ძველი ქურუმი რომ შეხედავდა მწვალებელს.
  -რა ხდება?- ვიკითხე შეშფოთებულმა.
  -ახლავე დაიჩოქე!
ჩემდაუნებურად ცალ მუხლზე დავიჩოქე და ხალიჩას შუბლით შევეხე, თუმცა ეს არავის უბრძანებია.  თავდახრილმა ახლაღა შევნიშნე კუთხეში საცოდავად აბუზული ბავშვები, გაფართოებულ თვალებში გაურკვეველი მოლოდინის შიში რომ ჩასდგომოდათ. ჩვენ ძველ ტახტზე, ასე რომ დამგვანებოდა საქონდაქრე კუნძს, სანთლის მოყვითალო შუქზე ავად ელავდა გრძელი, შავტარიანი დანა. იქვე ბავშვების მოჭრილი კულულები ეყარა, თუმცა არცერთ ჩემს შვილს ხვეული თმა არ ჰქონია. უნებლიედ ხელი იქითკენ გამექცა. თმებში გახლართულ თითებს საძრაობა წართმეოდათ. „რას შვრები!”- ყურთან იას ხრინწმოდებული ჩურჩული ჩამესმა. ხელი რაღაც რბილზე ჩამომიცურდა. „მ-მ-მ... რა გინდა?”- ეს ნამდვილად იას ხმა იყო, ახლა უკვე იდუმალი და დამყოლი. „არ გაეღვიძოთ”!..     

    2015, I

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს