ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
28 თებერვალი, 2015


ესე ამბავი სპარსული

  ესე ამბავი სპარსული

ამთავითვე უნდა განვაცხადო, მე არაფერს ვამტკიცებ. ეს უმადური საქმე ჩემზე ბევრად კომპეტენტური ხალხისთვის დამითმია. მათი აზრი კი არაერთგვაროვანია. ერთნი ამბობენ, რომ წინამდებარე ტექსტი შესაძლოა „ვეფხისტყაოსნის ” პროზაულ დედნად ვიგულვოთ, მეორენი კი ამტკიცებენ, გრაფომანის უნიჭო ვერსიაა რუსთველის პოემისაო. არსებობს შუალედური ვერსიაც, თითქოს ეს მოგვიანებით შესრულებული თხზულება უძველესი დაკარგული ტექსტის ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რუსთველი აქ არაფერშუაშიაო.
  ახლა, როცა პოემის სიუჟეტის კვალი ინგლისურ დრამატურგიაშიც აღმოაჩინეს, ვფიქრობთ ეს ტექსტი მეტ მნიშვნელობას იძენს. გთავაზობთ ყოველგვარი კომენტარების გარეშე,  ვიდრე საბოლოოდ ჩამოყალიბდება აკადემიური აზრი.


    მოყმე შავტაიჭოსანი

  ღმერთო სახიერო, რომელი ხარ შემოქმედი წყალთა და ხმელთა, ყოველთა სულდგმულთა,
რომელი ყოველგან ხარ და ყოველთა აღავსებ!
მომეც მე შეწევნა სრულქმნისათვის სიტყვისა, რაითა ვადიდებდე საქმეთა შენთა!

    აქა ამბავი როსტან მეფისა

  მეფობდა არაბეთს ხელმწიფე ერთი- სვიანი და ლაშქარმრავალი. ერთგულთათვის უხვი და მოწყალე, მტერთათვის- უწყალო და ქვეგამხედველი. სახელი მისი როსტან.
  იხილა ერთხელ როსტან ძილისშორისი ერთი.რეცა ველსა ზედა იდგა მორჭმული. მოყმე ვინმე შავტაიჭოსანი იხილა, რომელი გარდმოხდა ცხენსა თვისსა, გამოუღო სკიპტრა მისი, გასტყორცნა მაღრიბისა კერძო და ხაფითა ხმითა იზახდა. გამოეღვიძა  მას მეფესა მწუხარსა. იხმო მესტროლაბე კარისა და უამბო ძილისშორისი იგი. ხოლო მან, რა ისმინა, უთხრა: ეკრძალე კაცსა მას, შავს ცხენზედ მჯდომარეს! იხმო მეფემან ამილახორი და უბრძანა ხოცვად ცხენთა შავთა. და არა იხილვებოდა სამეფოსა მას შავისა ფერისა ჰუნე არცა კიცვი.
გამოხდა ხანი. დაივიწყა მეფემან გაფრთხილება მისნისა.
  დღესა ერთსა მეფე იგი როსტან და დიდებულნი მისნი წარემართნენ ნადირობად. ინადირეს. მოსრეს მრავალნი მხეცნი და მფრინველნი. გარდმოხდნენ წყლისა პირსა, ილხენდნენ და ლაღობდნენ. ანაზდად  იხილეს მუნ მოყმე ერთი შავტაიჭოსანი. წყლისა პირსა ჯდა და ცხარითა ცრემლითა სტიროდა. მეფესა  ავად ენიშნა. წარგზავნა მონანი მის ყმისა სახმობლად წინაშე თვისა. მან ყმამან არა ისმინა ბრძანება მეფისა,მონათა მათრახი გადაჰკრა, ცხენსა მოახტა და გაქუსლა. დაედევნენ მარეკები მეფისა, გარნა ვერა მიეწივნეს, რეცა მიწამან პირი უყო.
  განრისხდა მეფე ფრიად კადრებისა მისისათვის. ბედისა ეტლისა ქადილად გულისხმაჰყო.
  რა სასახლესა შემოიქცა, იხმო გარდაცვლილის უხუცესის ძმისა წული, სახელითა ავთამდინ, რომლისთვის შიშნეული იყო ცილობისათვის მეფობისა. მოშორება სწადდა მისი. DA მიუთხრა: ვითარცა რჩეულსა მოყმესა სამეფოისა გიბრძანებ ძებნად მის ეშმაკეულისა ყმისა ქვეყანისა კიდემდის.
დაადგა გზასა ჭაბუკი იგი, ყოველთა გამოიკითხავდა. მრავალსა ჟამსა ეძიებდა, გარნა ამაოდ. ბოლოს ველსა ერთსა გავიდა. მუნ სამნი კაცნი იხილა. მათ მიუთხრეს, ვითარ დაკოდნა ძმა მათი უმრწემესი ყმამან კუშტმა, შავტაიჭოსანმან. ავთამდინ განიხარა. დაადგა კვალსა მისსა. ორ დღესა სდევდა. მიმწუხრზე ქვაბი რამე გამოჩნდა.. ყმან ქვაბსა მიმართა. ავთამდინ ცხენსა გარდახდა და ხესა ზედა აღვიდა და უჭვრეტდა. ოდეს გაცისკრდა, ყმა შეჯდა ცხენსა და მიჰმართა ტყესა. რა შემოიქცა, ავთამდინ დააგდო ხე იგი. რა იხილა უცხო, მან ყმამან შეუზახნა. იშიშვლეს ხმლები. სამგზის გადაეჭდო ერთურთს მათი მახვილნი. ვერცა ერთმა სძლივა. იგრძნო გულმა მათმა თანასწორობა მეტოქისა. უკუდგეს, ხრმალნი განაგდეს, გადაეხვივნეს ერთურთს და ძმობა დასთქვეს.

    შაჰრიელისგან თავისი ამბისა მბობა

  დასხდნენ ინახად და მან შავტაიჭოსანმან, რომლისა სახელ შაჰრიელ, იამბა: „მამა ჩემი ჰინდოთა ქვეყნის ნაწილსა განაგებდა.სხვათა უმეტესთა მეფედ ფარსადანს იტყოდნენ. რა სიყრმესა შეველ, მამასა ჩემსა სნეულება რამ უცნაური შეეყარა. აქიმთა ვერა შეუტყვეს. მალიად სული განუტევა. მან მზაკვარმან ფარსადან მიიტაცნა სამეფო, ხოლო მე სასახლესა თვისსა განმაწესა მძევლად. მეფე იგი ფრიად მწუხარე იყო უშვილობისათვის მისისა. დღესა ერთსა გასცა მოსაგებელი ურიცხვი და ნიჭნი მრავალნი, რაითა ყოველმან ერმან ილოცოს შვილოსნობისათვის დედოფლისა. გამოხდა ხანი და დედოფალმან მუცლად იღო პირმშო. შვა ასული, რომლისა შვენებასა მზეცა შურობდა. სახელი მისი ნესტაჰან. ქალი იგი სრასა ერთსა იზრდებოდა. დღესა ერთსა მას სრასა წარმაგზავნა მეფემან. რა მხევალმან ასწივა ფარდაგი, იდუმალ ვიხილე მშვენება მისი. მის მზისა ელვარებამა წამიღო ცნება. მას აქე|თ წყლული მისისა სიყვარულისა არ დამიამდა.
  დღესა ერთსა მხევალი თვისი წარმოეგზავნა და წიგნი მაახლა. წავიკითხე. მისისა გულიცა ტრფობისა სახმილსა შეეპყრო. მე შენი ვარ, წყლულსა ნუ დაიმჩნევო. მამცნო განზრახვა მეფისა, ხვარაზმშას შვილსა ზედა დაწინდვისა ასულისა თვისისა.. სიყვარულისა ნიშატი წუხილისა  ურვამან მოხოცნა. მოახლდა ჟამი. მოვიდა სასიძო იგი ამალითა. დასცნეს კარავნი. შებმა ჩემგან უსაზმნო იყო. მაშინ ღამით იდუმალ შეველ კარავსა მისსა და მოვკალ იგი. დილასა შეიტყვნეს ხვარაზმელთა ამბავი ესე. დაჰკრა ჟამმა სამართლისა.
  შემოვიკრიბნე მომხრენი, ნესტაჰანიცა შემწედ მყვანდა, მეფობისა ჩემისა დაბრუნება მწადდა. გარნა ხელმწიფემან იმძლავრა. განაბნივა შეთქმულნი.დავაგდე სამკვიდრებელი იგი. მას ჟამსა ხვარაზმელთა სპანი მოადგნენ სამზღვარსა ჰინდოთა. ფარსადან ზავი ითხოვა. თვისსა ჟამსა ელოდა. ასული მეფისა გაბასრულმა მამამან უცხოსა მხარესა გარდახვეწა. თორმეტსა თვესა ვძებნე ზღვასა თუ ხმელსა და კვალი ვერა ვპოვე. ვითარ შევიტყვე, ვიეთთა რეცა ზღვასა ნავსა ზედა უხილავთ. მას აქეთ დავალ ხელად და მინდორთა მხეცთა შევტირი.”
  ავთამდინსა ფრიად დაუმძიმდა ამბისა მისისათვის. აღთქმა ჰყო, წასულიყო ძებნად მის მიჯნურისა ძმადნაფიცისა.

    წასვლა ავთამდინისა ძებნად

  მეფისა ძმისწული ზღვისა ნაპირსა დაუყვა. ყოველთა ჰკითხვიდა ამბავსა, გარნა ვერასადა ჰპოვა მნახველი. ბოლოს ბაღდადით მომავალთა მოქარავნეთა შეემთხვა. ვაჭარნი ავაზაკთა განეძარცვათ სრულად. ავთამდინ აბჯარნი დაიშვენა. დაედევნა ავაზაკთა, დაარბივნა ვითარცა გნოლისა გუნდი ქორმა და ყოველი ნაძარცვი გამოუღო. ვაჭართა დაუბრუნა საფასენი მათი.. განიხარეს მექარავნეთა ფრიად და შესთავაზეს საქონელი ურიცხვი. ავთამდინ არად აქნევდა ნიჭთა მათ. მუქფად ენუკვა ვაჭართა, არა გაემხილად ჭაბუკობა მისი და, ვაჭრისა სამოსი ჩაიცვა. ვითარცა ერთი ვინმე ვაჭართაგანი შევიდა უცხოსა ქალაქსა, მას ზღვათა სამეფოისა, სახელი რომლისა გულანშარო. მოყმე იგი, ვითარცა ქარავანთ უხუცესი ქალაქისა ვაჭართა უხუცესისა ცოლმან ფატმან ხათუნ ისტუმრა.ბაღდადელთა ძღვენი მიართვეს, მანცა ღირსეულად უმასპინძლა, რამეთუ ქმარი მუნ არ იყო.

    წვევა ავთამდინისა ფატმანისაგან

  ქალსა მას პირმსუქანსა ჭაბუკისა მისისა ნდომა გულსა შევარდნოდა. მისწერა წიგნი, ხვაშიადი გაუმხილა და ღამესა საწოლსა იწვია. მან ჭაბუკმან გულისხმა ჰყო, ეგების ამბავი რამე შევიტყოო.  რა მიმწუხრდა, ავთამდინ წარვიდა ქალისა მისისა საწოლსა. გზასა მონა ერთი შეემთხვა, რომელი არმისვლასა ურჩევდა. ჭაბუკი არა შედრკა. მიიწია ფატმანისა თანა. დასხდნენ ტახტსა და მიეცნენ ნეტარებასა. მას ჟამსა კაცი ერთი შემოდგა კარსა მას. ფატმან შეკრთა.სტუმარმან გაბასრულმან მოაყივნა ღალატისთვის და დაექადნა და წარვიდა. ფატმან დია დაღონდა და იწყო პირისა ხოკვა.
  ჭაბუკმან ჰკითხა მიზეზი ტყებისა მისისა. მაშინ ქალმან უთხრა: ვერას გითხრობ, უკეთუ მას კაცსა არა მოაკვდინებ. მით სახლსა ჩემსა იხსნი იავარქმნისაგან. ავთამდინ დასტური მისცა, რამეთუ შიშობდა გამხელასა. ფატმან მონა ერთი თანა წარატანა და ენუკვოდა უკეთუ ღმერთი მწედ გექნეს,- თითსა ჩემგან ბოძებული ბეჭედი აცვია, იგიცა მოჰკვეთეო.
  წარემართა ავთამდინ მას ღამესა, უგრძნობლად შევიდა საწოლსა მის ყმისა, იდუმალ გაგუდა, თითი ბეჭდით შემკული მოჰკვეთა და შემოიქცა.

    მბობა ფატმანისაგან ნესტაჰანის ამბისა

  ფატმან ხათუნ განიხარა ფრიად და უამბო ესე:„დღესა ერთსა კოშკსა ჩემსა განვისვენებდი. ნავი რამე ზღვასა ვიხილე. მოადგა ნაპირსა. ორმან ზანგმან ქალი ერთი ნაპირსა გადმოსვა. ჩანდა ტყვედ ეპყრათ რა ქალი ჩემკენ მობრუნდა, კლდესა სხივნი შემოადგა.. ჩემთა მონათა ვუბრძანე შეპყრობად მათ ავაზაკთა. რა იხილეს იგი კაცნი ჩემნი, მეკობრენი განილტვნენ, ხოლო ქალი იგი ნაპირსა დარჩა. მივმართე, სახლსა მივიყვანე და მწედ ვექმენ.იგი არას იტყოდა,თვალთაგან ცრემლი მისი გუბეთა აყენებდა. არა ვისა გავუმხილე, ოდენ ქმარსა ჩემსა უსენ, გავენდე. ვეაჯე, არა გაემხილა სულიერისთვის. მანცა შემომფიცა ცხარითა ფიცითა. გარნა მთვრალმან დარბაზობასა მეფისა წინა ღაღადჰყო, რეცა ქალი ერთი პირმAშვენიერი მიც შენდა მეფეო. მეფემან ბრძანა მოყვანებად. ვერა ვიღონე, წარვატანე მონათა მეფისა. თანა მარგალიტნი წარვატანე ფარულად. მეფესა სთნდა ფრიად ქალი იგი და ჰარამსა თვისსა გამწესებად ბრძანა. მან უბადომან მოისყიდნა მარგალიტითა მონანი და იოტნა მუნით. ჩემთა მოვიდა, მე ცხენი ერთი და ორნიცა მონანი წარვატანე და გავუშვი.
  ესე ამბავი ყოველი უწყოდა მან  კაცმა- ჭაშნაგირმა მეფისამან,, რომელი მყვარობდა. მე ქმარსა ჩემსა არა ვჯერვარ სიმჭლისათვის მისისა.. რა შენ საწოლსა ჩემსა გიხილა, შესმენასა დამექადნა წინაშე მეფისა.”
ამისა გამგონე ავთამდინ განიხარა გულსა თვისსა ფრიად. ჰკითხა, საით წარემართა ქალი იგი, ანუ სადა არსა? ფატმან მიუგო: ვისცა ბედი თვისი არა სწყალობს, არცა გზასა გაუმარჯვდეს. შვენება მისი , წყალობა ღვთისა, მტრად თვისად ქცევია. ვითარ შევიტყვე, გზასა ავაზაკნი ვინმე შეჰყრიან. კვლამცა დაუტყვევებიათ და აწ ციხესა უზით, გასასყიდად გამეტებული. ესე ამბავი მონისა ჩემისაგან შევიტყვე, რომელი მას ციხესა პყრობილ იყო. და მიუთხრა ადგილი იგი ციხისა.

    შაჰრიელისაგან და ავთამდინისაგან ნესტაჰანისა გამოხსნა

  მეფისა ძმის ძემან მადლი უძღვნა მასპინძლობისა მისისათვის, გამოვიდა გულანშაროდ და დაადგნა გზასა შაჰრიელისა. მიემთხვენ ურთიერთს შეფიცულნი. ორთავ განიხარეს ფრიად. მიუთხრა ავთამდინ ყოველი წვრილად.მას თხრობასა შინა ბნდებოდა მიჯნური იგი.ბოლოს დასხდნენ ინახად და ითათბირნეს მის ქალის ციხით გამოხსნისათვის.
  რა იცისკრა, წარემართნენ ორნი ყრმანი და ათორმეტნი მონანი თანა წარიტანეს. ავთამდინ ვაჭართა სამოსითა შეიმოსა. ჯორი ერთი ჰპოვა. მანდიკური გადაჰკიდა, შიგან ხმალ-აბჯარი დამალნა. ხოლო უბესა ტრედისა ხუნდი ერთი. ეგრეთ კაზმული მიადგა ციხისა კარიბჭესა. ხოლო შაჰრიელ და მონანი საფარსა დასხდნენ. ვაჭარმან ციხისთავი იკითხა. მცველთა მოახსენეს ციხისთავს.. მან გაღება ბრძანა. განაღეს კარი, რაითა საქონელი მისი ეხილათ. მან ყრმამან იდუმალ ტრედი განუტევა. რა იხილა შაჰრიელ ნიშანი იგი, საგდებელი სტყორცა ბურჯსა ციხისა, ზედ იდუმალ გავიდა, რამეთუ სიყმესა მუშაითთა თანა ამხანაგობდა. გალავანს  შიგა ჩახტა. შეიყარნეს ერთად მოყმენი. არა მისცეს მცველთა დაკეტვად კარისა. შემოიჭრნენ ათორმეტი მონანი მათი.  მეციხოვნენი ვერა მოვიდნენ ცნებასა. წარიტაცეს ციხისა კლიტენი და მზე იგი დაიხსნეს პირთაგან გველეშაპისა. მიჯნურთა ყელი ყელსა გადააჭდეს.

    აქა ამბავი შაჰრიელისა და ავთამდინის გამეფებისა

  სამნივ ცხენთა შესხდეს და ინდოეთს გაემგზავრნენ. გზასა შეიტყვეს, ფარსადან გრძელსა ქვეყანას გამგზავრებულიყო. ინდოეთს ხვარაზმელნი დაპატრონებოდნენ.მოძმეთა ითათბირეს. შაჰრიელ მოყვასნი თვისი იწვია. ლაშქარი შეჰყარა და ხვარაზმელნი სრულად განაძო საზღვართა ინდოეთისა. დასხდნენ ტახტსა შაჰრიელ და ნესტაჰან მორჭმულნი და სვიანნი.
  შემდგომ ამისა,  ავთამდინ არაბეთს მიიქცა. თანა შაჰრიელ წარიტანა თვისთა  შავს ტაიჭსა მჯდომარე მცირითა ამალითა. რა იხილა როსტან ჭაბუკნი, არა ეამა.თნევით დიდისა პატივითა მიიღო და სრასა შინა მოსვენებასა უპირებდა, ხოლო ამალა შაჰრიელისა შორსა ჰყო. რაითა ღამით იდუმალ მოეშთო იგი ყრმანი. გარნა კაცმან ერთმან, რომელი მამისა მისისა გაზრდილ იყო, და მის წინაშე ვალი უცდა, ამცნა ავთამდინს ქვეგამხედველობა ბიძისა. მოყმეთა არა შეიმჩნივეს.სერობასა იდუმალ იწვიეს შაჰრიელისა ამალისა  სპანი და დაამხეს ძმისა ტახტისა მიმტაცებელი. დაჯდა ტახტსა არაბეთისა ავთამდინ, დაისვა თანამეცხედრედ ტურფა ათინათი, ასული იბერიისა.
  ცხოვრობდნენ ორნივ მეფენი ვითარცა ძმანი და დედოფალნი ვითარცა დანი ვიდრე სული მათი სხეულსა არა გაჰყარა ყოვლისა დამბადებელმა.

    ანდერძი

  წიგნი ესე გადიწერა ხელითა მონისა ღმრთისა, დოსითეოს მონაზონისა. მკითხველნო ლოცვითა მოიხსენებდეთ!
  საქმე ესე ვქმენ შეწევნით ღმრთისა არა განსაქიქებლად თავისა, არამედ შრომითა და რუდუნებითა ფრიადითა. რომელმან სიტყვანი აღმოხოცოს, ანუ წარწყმიდოს ეტრატი ვიეთმა უმეცრებითა, ვიეთმა ბოროტითა ზრახვითა, კრულ იყოს!

    2015, II

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები