ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2015


ტრაგი-კომედია


უმისამართოდ და უსამართლოდ,
შენი სურვილისგან გამომრიყე.
ნაპირს დამხობილი ვწევარ მარტო,
ვეღარ ვეფერები გულგრილ რიფებს.
და ეს ნაპირია ყრუ და ფლატე,
მზე ჩაიძირა და ხარობს ბინდი,
ნუთუ სულ ტყუილად ვიფარფატე,
შენი თვალების წინ ავფოფინდი.
ქრება სილამაზე, ნაფოტივით
წლების მდინარეებს გაყოლილი
და თუნდაც სიკვდილთან დაქორწინდე,
ესეც სამუდამო არ ყოფილა.
სიცოცხლეს, ნეტავი, რა ფასი აქვს,
როცა აღარა ხარ ერთადერთი...
ეჭვმა პუანტებზე აიწია,
ცოდვის დატრიალდა პირუეტი.
ოდესღაც გრძნობებიც იძინებენ,
სიტყვებიც სიზმრებში გაფანტულან,
რჩება მხოლოდ სულის ტკივილები
შუბლის ნაოჭებით დახატული.
წლებმა დაუნდობლად რომ დამტორეს,
ხსოვნას დავიწყებას ვაიძულებ,
ხვალის იმედებით ჩავასწორებ
დარდის და ტკივილის ნაწიბურებს.
და... სულ მეყვარები, სანამ ვსუნთქავ,
მაგრამ შენ გეტყვი, რომ არ მიყვარდი...
მერე კი გაგიშვებ ჩემგან, თუნდაც
უსამართლოდა და მისამართით _
ჯანდაბამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები