ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2015


თიბათვე

მიყვარს მშობელო შენი თიბათვე,
ცელს რომ გალესავ გრდემლზე გაკვერილს,
ნამიან ბალახს დილის სისხამზე
გაანაწვერლებს ცელის ნაკვლევი.

მიყვარს სურნელი სარეველისა,
როს გააფიცხებს შუადღის ხვატი
და შეერევა ნიავს ველისას
ბალახისა და მზის არომატი.

ჭრიჭინობელთა ჟღერად სოპრანოს
ერწყმის ფრინველთა გალობის ალტი,
ამ ველურ ჰაგში, ველად რომ ხარობს,
მიმოფანტულა გიჟი მოცარტი...

მიყვარს შრიალი გამშრალი თივის
და საურმეზე დადგმული ზვინი,
ამომავალ მზის ბაჯაღლოს სხივი
და ზედ ასხმული ცვარ-ნამის მძივი;

მიყვარს ღვართქაფი გიჟური წვიმის,
დელგმა მომსკდარი მოულოდნელად,
მერე ლურჯი ცის შვიდფერი ღიმი,
მიმოხატული ნაზ ცისარტყელად;

მიყვარს ღამეულ ორკესტრის ხმები,
რტოების რხევა, ტოტების ჩქამი,
ცით ვარსკვლავცვენა, ძირს კრუალები
და იდუმალი დუმილი ღამის;

ტურების კრინი, ჭოტის კივილი,
ძაღლების ყეფა, კნავილი კატის;
ყოველ ცისკარზე მამლის ყივილი,
კრიახში ფშვინვა ბებერი ფშატის;

დაუდგრომელი ბორგვა არაგვის,
ტოლს რომ არ უდებს დროის დინებას,
არ დაუცია არსად კარავი,
მისთვის უცხოა გამოძინება!..

...ჩვენი სიცოცხლეც, როგორც ბალახი,
დაიყვავილებს, დათავთავდება,
ვით ამომხტარი ხმელზე კალმახი,
უკანასკნელად აფართხალდება...

მერე სიკვდილი ჟამთა მთიბავ ცელს
მარადისობის გრდემლზე გაკვერავს,_
ჩვენც დაგვიდგება ჩვენი თიბათვე
და წუთისოფელს აქცევს ნაწვერლად...

აგვხვეტავს, როგორც ბალახს მოთიბულს
და შეგვაგროვებს სულეთის საბძლად...
ახ ნეტავ, ნაკვალს ჩვენს დატოვებულს,
შეიმეცნებენ მოძმენი საგზლად?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები