ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2015


ბუკინისტები

ეს დღეც ჩამთვარდა. წინ დაღლილი ბუკინისტები
ვხედავ თავდახრით და ქოშინით მიაბიჯებენ...
ყოველი ღამე კივილია - მუნკისეული
მთვარეც გადმოდგა - ვარსკვლავების თეთრი ეჯიბი.
ქუჩების მტვერი და მანქანის გამონაბოლქვი,
უკვე ყელში აქვთ ამოსული და საზეპიროდ
იციან ყველა წიგნის ფასი, თითის გალოკვით
ფურცლავენ ჰესეს, გოლზუორთის, შელლის, ბაირონს
და ახსოვთ ყველა დრომოჭმული, ძველი ციტატა,
რომლებიც სდუმან წიგნებიდან ანდა ყვირიან...
თან არ არსებობს დასვენების თუნდაც კვირადღე,
ასეთი ყოფაც აღარ უკვირთ - გასაკვირია.
დგანან და მზის ქვეშ ასაღებენ წიგნებს გროშებად,
სავაჭრო დახლიც უცვლელია, დგას შორის ხეთა
და თითქოს ძილში ესიზმრებათ ყველა ბროშურა,
რომელიც შაქრის ან კარაქის ან უფრო ზეთის
ფულის გულისთვის გამოაქვთ და სიმწრით ჰყიდიან,
ყოველი დღე კი კივილია მუნკისეული...
ეს დღეც ჩამთავრდა, ვხედავ ჩემს წინ როგორ მიდიან
სახლში დაღლილი და უმწეო ბუკინისტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები