ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2015


კბილი კბილისა წილ



მაშ ასე, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩვენი მოთხრობის მთავარი პერსონაჟები:
  ვაჩე- 32 წლის, გაურკვეველი პროფესიის მამაკაცი, თუ დაზუსტებას მოითხოვთ, შავი ლითონების მიმღებ-გამცემი.
  უყვარს საკუთარი თავის პატივისცემა, რაც გამოიხატება სუფრისადმი გამოჩენილი სისუსტითა და ლამაზი სქესისადმი სიძლიერის დამტკიცების წადილით.
ოჯახის მიმართ გრძნობს პასუხისმგებლობას, ოღონდ შეზღუდულს.  რელიგიისადმი მისი შეხედულებანი გაურკვეველია და შემოიფარგლება სავინიცობო ფრაზით: „თუ სადმე არსებობს...”
  ნუნუკა- ვაჩეს ცოლი- დიასახლისი. ზომიერად კეკლუცი, ქართული ტრადიციების ჩარჩოებში. ზომიერად ფაშ-ფაშა ქართული გემოვნების კვალობაზე. აქვს შეუზღუდავი პატივისცემა ქმრის მიმართ, რაც ხელს არ უშლის მის მისამართით მწვავე გამოთქმებიც გამოიყენოს, ოღონდ საჭიროების შემთხვევაში. ამ საჭიროებებს კი თავად ადგენს.საზოგადოების თვალში- ავკარგიანი.  უყვარს ტყემლიან ბოთლში ენის და მეზობლების საქმეში- ცხვირის ჩაყოფა. ჭკუას კარგავს, როცა სხვისთვის დარიგებისა თუ რჩევის მიცემის საშუალება ეძლევა, რადგან ამ დროს უპირატესობას გრძნობს.
  ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ თვისებათაგან უმრავლესობას ჩვენი გმირები ვერ გამოამჟღავნებენ წინამდებარე ტექსტში.
  მოქმედების ადგილი- სარეისო ავტობუსი.მიმართულების დაკონკრეტება არაფერს იძლევა სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით.
მოქმედების დრო შუაზაფხული.ეს გარემოება ორი მიზეზითაა განპირობებული: ავტორის ვერაგული ჩანაფიქრით, პერსონაჟები შილიფად ჩაცმულნი უნდა გამოიყურებოდნენ. მეორე მიზეზი კი დეტალშია, რომელსაც, იმედი მაქვს, თავად მიხვდება დაკვირვებული მკითხველი.
  ვაჩე საქმიანად აუძღვა ცოლს ავტობუსში. იქაურობას თვალი მოავლო. სალონში ხალვათობა იგრძნობოდა. სავარძლების მოძებნას შეუდგა. ვინაიდან, წინადღეს ნაუცბათევად შეძენილ ორ ბილეთზე აღნიშნული ციფრები თანამიმდევრობის სურვილს არ ამჟღავნებდნენ, ჯერ ცოლი დააბინავა ხანდაზმული მელოტი მამაკაცის გვერდით, , თავად კი წინ ცარიელ სავარძელში მოკალათდა, მომავალში- მეზობელი სავარძლის მფლობელის გარკვევისთანავე, ცოლთან შეერთების პერსპექტივით. თუმცა მოგვიანებით გაირკვევა, რომ პერსპექტივას ყოველთვის არ უწერია რეალიზება. მაგრამ ეს შემდეგ.
მგზავრთა შორის სათანადო რეპლიკების გაცვლისა და ორიოდ გაცვეთილი ენამახვილობის შემდეგ, რაც კარგადაა ცნობილი შორეული მგზავრობის მოყვარულთათვის, ავტობუსი დაიძრა.ვაჩე ლაღად მოეწყო იმ კაცის გამომეტყველებით, რომელსაც ბედმა ორმაგად არგუნა ის, რაც სხვას მხოლოდ ერთი უბოძა. ის იყო ამ უპირატესობით ტკბობას აპირებდა, რომ ვიღაც ქერა, სლავური გარეგნობის ქალბატონი წამოადგა თავს. ვაჩე ღიმილად დაიღვარა. წამოდგა, ფანჯრისკენ დაუთმო ადგილი და მომავალი სასიამოვნო საუბრისთვის განეწყო. ის იყო, ქალი ფანჯარას წაეტანა, სავარაუდოდ სიცხის განეიტრალების მიზნით, რომ ვაჩე მაშინვე წამოხტა:
  -ნუ შეწუხდებით, მე ვიზამ მაგას!- რითაც ქალის პირველი ღიმილი დაიმსახურა.
  -თქვენ აქაური არ უნდა ბრძანდებოდეთ, არა?- დასაწყისისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა ვაჩემ.
  -აქაური ვარ, პოლუუკრაინკა, მაგრამ ყველას რუსი ვგონივარ.- შესამჩნევი პრონონსით წარმოთქვა ქალმა.
-თქვენი სახელი, ქალბატონო?- ყველაფერი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა.
  -სვეტა.
  -ნამეტანი კაი!
  -და ტქვენი?
  -ვაჩე, ბატონო!
  -როგორი სტრანნი სახელია.
  -იშვიათია, კი ბატონო. მე იშვიათი სახელი მაქვს, თქვენ კი- სილამაზე!
  ქალმა ღიმილით დაუბრუნა ხურდა. ვაჩე აღფრთოვანებული იყო თავისი თავით. თან უკან, ცოლისკენ აპარებდა თვალს ყოველი შემთხვევისთვის. ნუნუკას სახეზე განურჩეველ სიმშვიდეს დაესადგურებინა. ამ ფაქტმა დაამშვიდა. ვაჩე ნეტარებდა. ქერათმიანის თმები მის მხარს საამოდ ელამუნებოდა. ქალი სარაფანის  სიღრმიდან ამოჩრილ, აზღუდით შეუზღუდავ ორ მრგვლოვან სითეთრეს გამომწვევად აგებებდა კაცის ანთებულ მზერას. გათამამებულმა ვაჩემ. ვითომდა შემთხვევით ხელი გააცოცა და სვეტას ბარძაყს ფრთხილად შეახო. რეაქცია არ იყო, ამით წახალისებულმა ფრთხილად გააცოცა თითები სიღრმისკენ. ქალის მარჯვენა ბარძაყი მოურიდებლად ეტმასნებოდა კაცის მარცხენას. თანამგზავრი ძუძუს გოჭივით გატრუნულიყო. ცოლი სულ გადაავიწყდა. არც მისი თვალთვალის შიში ჰქონდა. რატომღაც ეგონა, აუცილებლად ჩათვლემილი უნდა ყოფილიყო. ადამიანების დიდ ნაწილს ხომ სასურველის წარმოდგენა ბევრად ეადვილება.
ვაჩეს სტრატეგიული გეგმა ასეთი იყო- როგორმე მობილურის ნომერი უნდა დაეტყუებინა ქალისთვის, რაც მათი გრძელვადიანი კომუნიკაციის გარანტად ესახებოდა. „დაილოცოს ამათი ჯიში,- ფიქრობდა თავისთვის, -აბა ჩვენი ქალებია. წაიკრავენ თავს და ეს მტკივა, ის მტკივა.დამანებე თავი, არ შემიძლია„.ესენი ხო სულ მზად არიან. გახსენებაზე ცოლისკენ გააპარა მზერა. ცუდად ენიშნა მისი ასეთი უყურადღებობა. გააპარა და გაშრა კაცი- ნუნუკა ფანჯრისკენ მკვეთრად შებრუნებულიყო. მისი ზურგი სალონის აბსოლუტურ იგნორირებას გამოხატავდა, თუ საერთოდ შესაძლებელია, ზურგი რაიმეს გამოხატავდეს. მისი თანამგზავრი კაცი, აქამდე რომ თვლემდა, ახლა გამოცოცხლებულიყო და რაღაცას გატაცებით ეჩურჩულებოდა ნუნუკას იაფფასიანი ბიჟუტერიით შემკობილ ინფორმაციის მიმღებს. მისი ხელი სანახევროდ სავარძლის სახელურზე და სანახევროდ ნუნუკას მხარზე დასვენებულიყო. კარგად არ ჩანდა, მაგრამ მათი მუხლები სავარაუდოდ, სივრცითი პერსპექტივის გათვალისწინებით, ერთმანეთს ეხებოდა.  ვაჩეს მარცხენა ხელი, ქერათმიანის წელსა და მის რბილობებს ნელ-ნელა რომ იპყრობდა, ძირს ჩამოცურდა.

      2015, VI

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები