ხმები – მათ თვალები არ სჭირდებათ და ისინიც იწვევენ შეგრძნებებს. ვხუჭავ თვალებს და მესმის – როგორ დადიან მანქანები, საით ქრის ქარი, როგორ მიდის მატარებელი, როგორ ძგერს გული, როგორ წიკწიკებს საათი, როგორ მიფრინავს თვითმფრინავი... და მიჩნდება მოუთმენელი და მოუსვენარი შეგრძნება დროის სვლის სიჩქარის. ის გადის გამუდმებით. არ ვიცი სად მიდის, არ ვიცი დაიწყო თუ არა ოდესღაც, ის გრძელდება. მონაკვეთი მხოლოდ ჩვენ გვაქვს – მას არა. მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ყველა და ყველაფერი უამრავჯერ იცვლის სახეს. ზოგჯერ სახელსაც. თავად დროს თუ აქვს სახე? უსახურია? რა საოცარი სიტყვაა ,,უსახური”. ყველას და ყველაფერს აქვს სახე. სახე, ყოველთვის ინფორმატიულია, ყოველთვის მეტყველი, განსხვავებით ზურგისგან. უტყვია ზურგი და თუნდაც კეფა. მაშინაც კი, როცა იარაღს მიაბჯენ მოსაკლავად, ის არ იცვლება. იცვლება მხოლოდ სახე. სახე იცვალა და ისევ შეეცვლება მარად ყველაფერს დედამიწაზე. განსხვავება და სირთულე მხოლოდ რაოდენობაშია. მაგ. სარკეს ან ფრესკას ერთი, მონეტას ორი, სულდგმულს კი სამი. დიახ, სამი სახე აქვს. დიდხანს ვაკვირდებოდი ფოტოებზე ადამიანის პროფილებსა და სახეებს. პროფილის ორივე მხარეს, ნაკვთების კონტურები სრულიად სხვადასხვა და არაიდენტურია. ა, ბატონო, თქვენ სამების ერთპიროვნება და ერთსახოვნება. სრულიად განსხვავებული სამი სახე ერთ სახედ, რომლებიც მეტყველებენ ერთს, გრძნობენ ერთს, გამოხატავენ ერთს და არსებობენ ერთ მთლიანობად, ერთ პიროვნებად. ,,და შექმნა ღმენრთმან ადამიანი ხატად თავისა...“ უამრავჯერ გამიგია თხოვნა, გვერდიდან შეგვეხედა ჩვენი თავისთვის, მაგრამ არცერთხელ დავფიქრებულვარ ამაზე ძირეულად. მხოლოდ ისაა აშკარა, რომ როდესაც ამას გთხოვენ, ყველა გულისხმობს ზუსტად იმ გვერდს, რომლისკენაც თვითონ იმყოფება, თუმცა არავინ აკონკრეტებს, კერძოდ რომელი გვერდიდან უნდა შევხედო და მაინც... შევეცადე გამოვსულიყავი სხეულიდან და ,,გვერდიდან“ დავკვირვებოდი საკუთარ და არა მხოლოდ საკუთარ სახეს. პირველი რაც ვიგრძენი სიცივე იყო. გარშემო აშკარად ციოდა. უკან რაღაც სულელურ სპექტაკლს თამაშობდნენ ,,Open Air” უამრავი დაღლილი მაყურებლით. მე ზურგით ვიდექი, აშკარად მომბეზრდა. თითქოს ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, თუმცა საკმაოდ ნაღვლიანი თვალებით. ვგრძნობდი საკუთარ მზერას. ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე როცა მიყურებენ. ახლაც არ ვიმჩნევდი და საკუთარი ტკივილების დასაფარად უფრო ამაყად დავდექი. – როგორი შესამჩნევი იყო. ირგვლივ ყველაფერი უდაბნოს გულში მექარავნეთა გაშლილ ბაზარს ჰგავდა და აქ ვაჭრობა უმთავრესი პროფესია იყო. იყიდებოდა ყველაფერი, რასაც ფასი ჰქონდა. იყიდებოდა მონებიც, სიტყვებიც, ლოცვაც და ცოდვებიც. იყიდებოდა ან იცვლებოდა თანხის დამატებით აწმყო, ისტორია და მომავალიც. მიწათმფლობელები თავიანთ მიწებს სხვადასხვა ფერის ჯვრიანი დროშებით ნიშნავდნენ და შემდეგ 30 ვერცხლს აფასებდნენ. ხშირდაც ერთმანეთს აფურთხებდნენ და სტაცებდნენ ნაგლეჯებს, ვიღაცები კი ფსონებს დებდნენ ამ სანახაობისთვის. დაღლილობა მხოლოდ ჯალათებს ეტყობოდათ და ისინიც ქირავდებოდნენ სხვადასხვა ფასში. უამრავი აქირავებდა სხეულს, სულს, რომელიც ერთხელ გასაყიდად ეცოტავებოდათ, აქირავებდნენ ტაშსაც და მოჩვენებით ერთგულებას. მე ვიდექი და აშკარად მთელი ძალით ვიკავებდი ბოღმას და ცრემლებს – ამას გვერდიდანაც ვგძნობდი და მტკიოდა. ვიდექი, იმიტომ, რომ ბინა აღარ მქონდა, ისიც ჩემს არყოფნაში გაუყიდიათ. უამრავ რამეზე მინდოდა შურისძიება, მაგრამ მახსენდებოდა ჩემი გაუყიდავი წარსული, როდესაც ადვილად ვიღებდი ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებას და მაშინ იმ სპეკტაკლის მონაწილეთა შორის აღმოვჩნდი, თავი რომ ნიჭიერი მსახიობები ჰგონიათ და არ იღლებიან საშიში ნიღბების მორგებით. მე მაშინ მჯეროდა მათი, ახლა მეცინება. მოულოდნელად ვიღაც მექარავნემ გადაწყვიტა თითო პეშვი წყალი უფასოდ დაერიგებინა და ხალხმა სიჩქარეში ერთმანეთს გადაუარა და გადასრისა. მე კვლავ ვიდექი და არავინ შემცოდებია, არ ვიცი რატომ. ოდნავ მოშორებით, იქ, სადაც მესაფლავე უპატრონო საფლავებს ყიდდა, მრავალი სახე დავინახე, ისინი მოთქვამდნენ, რომ აღარაფერი ჰქონდათ გასაყიდი და ვეღარც ყიდულობდნენ ვერაფერს, მაგრამ ვიცოდი, მათთვის რომ ჩემს გულში თავშესაფარი მიმეცა, იმასაც გაყიდდნენ და არც ისინი შემცოდებია. იქვე, ძველისძველი ჯვარი იდგა, რომელზეც ძველი ქრისტიანების შემდეგ არავინ გაუკრავთ და ამიტომ აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ისინი მხოლოდ ჯალათებს და მოდერნიზებულ სახრჩობელებს ერიდებოდნენ. თითოეულ მექარავნეს იმდენად თვალში საცემად ემოსა, რომ მათ ფონზე აღარ ჩანდნენ ოთხჯერ მეტი რაოდენობის მათხოვრები, რომელთა დიდი ნაწილიც მას მერე დაადგა ამ გზას, როცა აღარავინ ყიდულობდა და აღარც სულს ქირაობდნენ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არასოდეს უვაჭრიათ და ისინი მართლა შემეცოდნენ. ხელოვანთა ბაზარი ცალკე იდგა – აი რას მივშტერებოდი გულნატკენი. ძალიან ცოტანი იყვნენ. მხატვრები თავის ნახატებს ყიდდნენ, მწერლები წიგნებს, კომპოზიტორები მუსიკას... და ყველაფერი ეს სულ რაღაც გროშებად. არა, მათ მექარავნეებს ნუ შეადრით. ისინი არ ვაჭრობდნენ, არც ევაჭრებოდნენ. ისინი ცდილობდნენ ეარსებათ. და ბევრი მათგანი ნატრობდა სიკვდილს, რადგან ეს ნატვრა უფასო იყო და მისაწვდომი. რადგან ამის შემდეგ მათი ხელოვნება ერთი–ასად ძვირდებოდა და უკვე სრულიად უფასოდ ეკუთვნოდათ ესოდენ ძვირი ფუფუნება – ხალხის სიყვარული. სანაცვლოდ კი მათი ფასდადებული ხელოვნებით მექარავნენი განაგრძობდნენ სარფიან ვაჭრობას. გული მიტიროდა. გვერდიდან უფრო შემიყვარდა ჩემი თავი, რომ არ გავბოროტდი. ჩემი სრული ,,ავლა–დიდება“ გარეთ ეყარა და უამრავი დაბოღმილი სახე შესქეროდა, რადგანაც არაფერი იყიდებოდა, არც მე ვიყიდებოდი, არც ვითხოვდი არაფერს რომ შემვაჭრებოდნენ. მშიოდა, მციოდა, მწყუროდა, მაგრამ არ ვითხოვდი და იყვნენ ჩემს გარდა ჩემნაირი პრინციპული ,,სულელები“, რომლებიც მიყვარდა. ერთმანეთს ვათბობდით და ვაპურებდით და არ გვშურდა, არ ვჭამდით არ ვხოცავდით, არ მოვითხოვდით. არ გვეჯავრებოდა ერთმანეთი. – რა ბედნიერებაა. ჩვენ ყველაზე მდიდრები ვიდექით ,,ბაზარში“ და ახლოს ვერვინ მოდიოდა. არაფერი გვჭირდებოდა გასაყიდი. ჩვენ არ ვცდილობდით გამოჩენას მაგრამ გვიყურებდნენ, არ ვბაძავდით და ვერც გვბაძავდნენ, შურდათ, დაგვცინოდნენ, მაგრამ ახლოდან ვერავინ... – უცქერდი ამ ყველაფერს გვერდიდან და ვხვდებოდი ჩემი ამაყად დგომის მიზეზს. მე ხომ ყველა ფუფუნება მაქვს: სიყვარული, ბედნიერი ოჯახი, რწმენა, მეგობრები, სინდისი, ადამიანობა, ცოდნა, მადლიერება და არ ვყიდი არცერთს! ამიტომაც შეუფუთავად და დაუფარავად გაშლილიყო ჩემი შეცდომები, ცოდვები, სინანული, ტკივილი და უამრავი საშინელი დანაშაული... და მაინც, როგორი სუფთა პერანგი მეცვა, ხელები კი აშკარად დაუბანელი. მაინც ამაყად ვიდექი და თვალებში ვუმზედი თითოეულ გამვლელს. მხოლოდ ცისკენ არ ამიხედავს. ვიცოდი რატომ... ხან თვალებს ვხუჭავდი, ხან კი მიწას შევცქეროდი და ისე ვლოცულობდი. ასე, დიდხანს და დაკვირვებით ვუმზერდი საკუთარ თავს, თუ რამდენჯერ მეცვლებოდა სახე დროის ქარიშხალში, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთიდან–დასავლეთით ქროდა. ვუმზერდი და მიმზერდნენ ჯერ კიდევ ჩაუდენელი ცოდვები ფერად–ფერადი ვოლიერებიდან, რომლებიც მე მხოლოდ ნაწილობრივ მეკუთვნოდა. ეს იყო ჩემი სახე გვერდიდან და მეპატიოს, თუ იმ გვერდიდან არ შემიხედავს, რომლიდანაც მთხოვეს. მე ხომ არ ვიცოდი... მაშინ ვფიქრობდი, დროსაც ადამიანივით სამი სახე უნდა ჰქონოდა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის სახით, მაგრამ აწმყო ხომ მარადიულობის კარის მხოლოდ ერთი მხრის სახელურია... აქვს კი მეორე?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|