 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 22 სექტემბერი, 2015 |
„შენ ყველა კითხვის დასმას ვერ შეძლებ, მე კი ყველა პასუხი არ ვიცი“
ჟოზე სარამაგუ - იესოს სახარება
„რამდენს სვამ, იოჰან“. დაწერა ერთი ფრაზა და გადაშალა მაშინვე. ან კი რა აზრი ჰქონდა იმაზე საუბარს, რაც მანაც კარგად იცოდა და ორივესთვისაც არ ყოფილა უცხო. დიახ, შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა ამ ერთად წაწყობილი სამი სიტყვით. თვალებზე გადაისვა თითები და შეეცადა წელში გასწორებულიყო. დაღლა ხერხემალს ჩაყოლოდა მთელ სიგრძეზე. ცადა გაეხსენებინა პირველად როდის ნახა, თუმცა პირველი შეხვედრის კადრები იმდენად არაზუსტი გახლდათ, რომ თარიღისა და წარმომავლობის დადგენას ძირშივე გამორიცხავდა. ანდაც, რა მნიშვნელობა ჰქონდა, დროთა დინება მაინც წალეკდა ადრე თუ გვიან ორივეს. რამხელა პესიმიზმია, - შეუძახა თავის თავს და ძველებური სავარძლიდან წამოდგა. დალევდა რამეს, ჰო, რამეს უფრო მაგარს. გაეღიმა, ის გადახაზული სამი სიტყვა გაახსენდა და საკუთარი განცდების იოჰანზე პროექციამ ერთგვარად გაახალისა კიდეც. ადამიანი ღრმად აბსტრაქტული და ამასთანავე მექანიზებული სტრუქტურაა. რამდენად საათივით არის აწყობილი მისი ორგანიზმი და რაოდენ ქაოტურია მისი გონი (სული/სამშვინველი? მოდით, ამის განხილვას შევეშვათ, ყველა კითხვას როდი აქვს პასუხი და ყველა პასუხი როდი საჭიროებს კითხვას). დიახ, შესაძლოა ასე იჯდე შენთვის, ბებიისგან დატოვებულ სავარძელში, საკუთარი ნაკლოვანებები სხვებზე გადაგქონდეს და მათ ამის გამო აკრიტიკებდე. არადა, ასეც არ ყოფილა. უბრალოდ არ მოსწონს მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლის სუნით ყარს. ასე ჰგონია, მსგავსი სუნის იქნება ფორმალინში ჩადებული გვამიც. რა გარყვნილებაა, სიცოცხლე სიკვდილს შეურწყა. ცოტა მკრეხელობაც რომ გამოვურიოთ, რა შეიძლება გაუჩნდეს სიკვდილსა და სიცოცხლეს? ალბათ ცხოვრება.
„იოჰან, დიდი ხანია, ვცდილობ აგიხსნა რისი თქმაც მინდოდა უკვე ჩვენი ბოლო შეხვედრიდან (ალბათ, თავს აჯერებ, რომ ორივეს მოუცლელობაა მიზეზი ჩვენი ვერნახვისა, ანდაც ცდილობ მე დამაჯერო მსგავსი აბსურდი). არა, არ დავიწყებ ისეთი შაბლონური რაღაცების თქმას, როგორიც - ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა - და მისი მსგავსნია. მხოლოდ მსურს იცოდე, რომ ერთად ყოფნა არასოდეს არის ურთიერთობის გარანტი. შესაძლოა იყოთ ასე - „ცალ-ცალკე და ერთად“. ვიცი, რომ ამ ფრაზის კითხვისას იღიმი იმ განუმეორებელი მანერით, როცა გგონია რომ ჩემი სისულელე ყველაზე ლამაზი რამეა, რაც კი გამაჩნია. იოჰან, ორიოდე დღის წინ დედაშენი დავინახე ტკბილეულის მაღაზიაში. სულ არ შეცვლილა, ისევ ის ტყავის ხელთათმანები უკეთია, მაშინ შენს სახლში საკუთარი ხელით რომ ჩამაცვი და ამიხსენი, კუთხეები გაქექილი იმიტომ არის, რომ ჩვენი გვარის სამი თაობის ქალები ატარებდნენო. მაშინ ბევრი ვიცინე, ახლა კი, როცა დავინახე შავი ტყავის გახუნებული კიდეები, რომლებიც შორიდანაც კი შესამჩნევი იყო, ყელში ცრემლებისგან შემკოწიწებული ბურთი ვიგრძენი. საერთოდაც, იმდენად ბევრს ვიცინოდი შენთან, რომ ვიცი, დაშორების მერე ყველა ღიმილი ცრემლად დამიბრუნდება. არა, იოჰან, ნუგეში მიცვალებულებს არ სჭირდებათ, ჩვენს ორს შორის ჭირისუფალი კი შენ გამოდიხარ, ძვირფასო. იმდენად ვეცადე გულწრფელი ვყოფილიყავი, რომ ჩემი ნაწერი არც კი იკითხება დალაგებულად. ჰო, ალბათ ჩემში ყველაზე ლამაზი ის სისულელეა, როცა შემიძლია იმდენი გაცინო, რომ შემდგომ, ჩემი წასვლის შემდეგ, არცერთი ღიმილი არ იქცეს შენს ცრემლად.“
* * *
კანონზომიერების გარდა ყველაფრის მჯეროდა იმ დილით, როცა ჯერ კიდევ საკუთარი თითების სიყვითლე მაღიზიანებდა მხოლოდ. სიგარეტის მოწევის გვერდითი ეფექტი იმდენად არაესთეტური გახლდათ, რომ ამის ფონზე მისით ნაადრევი სიკვდილი მხოლოდ უმნიშვნელო დეტალი იყო. და მაინც, ვერაფრით გავიხსენე ამასწინდელი ღამე და მხოლოდ შორიდან წამოსული კადრებით აღვიდგინე სიტუაცია. პირველი, რაც გონებაში ამოტივტივდა, ელენის ხავსისფერი კაბა იყო. ვერ ვიტყოდი რომ ის მასში რამენაირად გამომწვევად გამოიყურებოდა, პირიქით, ერთობ თავმდაბალ იერს სძენდა და ეს იმდენად მომაჯადოებლად მოქმედებდა ჩემზე, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჭიქა ვისკით შევივსე და უმალვე გამოვცალე. „ჩვენ ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლები ვართ.“ - მითხრა მან და თაფლისფერი თვალების სისადავე უფრო აემღვრა. გეფიცებით, ვიფიქრე, ცოტაც და ატირდება-მეთქი. ერთი მეტად უცნაური თვისება აქვს, ყველა აღმოჩენა ტრაგიკულად ეჩვენება (ანდაც, სურს რომ ასე იყოს) და მერე ამაზე ერთთავად დარდობს. მხოლოდ მაშინ იღიმის, როცა ჩემს პარადოქსულ ქმედებებს აწყდება და პატარა ბავშვივით ხალისობს ჩემს განსხვავებულობაზე. გეფიცებით, არ მწყინს ხანდახან ჩემით რომ თამაშობს და ალბათ მაზოხისტური სიამაყით ვნეტარებ, როცა მისი საშუალოზე ოდნავ მაღალი ინტელექტი ჩემს ეგოზე წამოსკუპდება ხოლმე. ოჰ, ელენ, რომ იცოდე როგორი ვნებისაღმძვრელია შენი მიამიტური ცეცხლი, რომელიც სტიმულატორივით მოქმედებს ჩემს ჟინზე. მომწონს, როცა უხეშად გიჭერ მკლავებს და გიმორჩილებ. აი, ახლაც ვიგრძენი, როგორ დავიჭიმე მთელი სხეულით, ეს უკვე მონატრებაა და თანაც იმდენად მძაფრი, რომ აღარ ვუყურებ ჩემი თითების არაესთეტურ სიყვითლეს.
* * *
- ელენ, რატომ ატრიალებ ხატებს, როცა სექსით ვკავდებით? - ალბათ იმიტომ რომ არასოდეს იხსნი ჯვარს, როცა ჩემთან წვები. ყველა აბსურდული პასუხი მცდელობაა რეალობის შესანიღბად და იმდენად გულწრფელია ამასთანავე, რომ ფერს უცვლის სინამდვილეს. - რამდენი ცრურწმენა გაგაჩნია. ალბათ ცოტა ზედმეტად სარკასტული ვარ. - ეს რელიგიაა, იოჰან. - ჰმ, ნუთუ არ იცი, რომ რელიგია ყველაზე დიდი ცრურწმენაა? ჩუმდება და თავს გულისპირზე მადებს. ეს იმდენად ტრივიალურია, რომ იაფფასიან მელოდრამებს მახსენებს და ლოგინიდან ვდგები. - ბოლო ხანებია იმდენს სვამ, რომ არც კი ვიცი რა უფრო უარესია, ჩემი სიფხიზლე თუ შენი ალკოჰოლადენილი სხეული. - იქნებ, ეს ჩემი თვითმკვლელობის მცდელობაა, ჰო, სასმელით ვიკლავ თავს. ვპასუხობ მშვიდად და ვცდილობ პერანგის მაჯები ფრთხილად ავიკეცო. ვხვდები, რომ ის პასუხი არ არის, რომელსაც ელოდა და უნებურად მეღიმება. ჰო, ეს ხომ ჩემი მაზოხისტური სიამაყეა, ვერაფრით რომ ვერ მომიშორებია. ელენი ჩემს მიღმა აგრძელებს ყურებას და მაშინაც კი არ დგება ლოგინიდან, როცა უკვე კართან ვარ მისული და ვფიქრობ, იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი გასვლაა ამ სახლიდან, უფრო სწორად კი - უკანასკნელი ვიზიტი ქალთან, რომლის საშუალოზე ოდნავ მაღალი ინტელექტი ვეღარ მაკმაყოფილებს. - შენი განსხვავებულობა ვერ აიტანდა ასეთ შაბლონურობას. - ელენ, ნუ მომცემ მიზეზებს დასაბრუნებლად. შენც ხომ იცი, არაფერი მიშლის ისე ნერვებს, როგორც მიჯაჭვულობა ვინმეზე. არაფერს ამბობს. მეჩვენება, რომ ახლა ვერაფერი აატირებს. იმდენად რეალურია ეს განცდა, რომ მწყინს კიდეც, თითქოს. - მომდევნო შეხვედრამდე, თუკი ის ოდესმე იქნება. ამბობს ბოლოს ინდიფერენტული ხმით და ჩემკენ ზურგით ტრიალდება, რომ სანთელება და სიგარეტი აიღოს. კარს იმდენად ჩუმად ვხურავ, რომ ბოლო წამს სანთებელას ჩხაკუნიც კი მესმის.
„ყველა ისტორია, რაღაცას ყვება, ჩვენი რას ამბობს, იოჰან? ხანდახან მგონია, რომ შენი სიბრმავე ჩემი სიყრუის პირდაპირპროპორციულია და არ ვიცი ამ ანაქრონიზმულ სამყაროში, სად გადავაწყდით ერთმანეთს. ჰო, მე არ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მაგრამ მახსოვს, როგორ მეკეთა კუთხეებგაცრეცილი ხელთათმანი, როცა შენი ალკოჰოლიანი სხეული ჩემს მწვანე კაბის ქვეშ არსებულ ვნებას შეერია. გინახავს, როგორ მიყურებ ხოლმე? არა, უფრო სწორად, წარმოგიდგენია? (დროები მერევა, აკი, ვთქვი კიდეც, - ანაქრონიზმული სამყარო). შენში მყოფი ფარული თვითმკვლელი კი ამ დროს ვერ მიტანს, რადგან მე ყველაფერ იმას ვეწინააღდეგები, რისკენაც ის მიილტვის. ადამიანთა მავნე ჩვევები არაფერია, თუ არა მცდელობა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. იოჰან, რატომ ატარებ ჯვარს, თუკი რელიგია შენთვის მხოლოდ ცრურწმენაა? (ისევ კითხვები.. არადა მათ ღიმილებივით შექცევადი არსი გააჩნიათ).“
* * *
ღმერთო, მე კი დავიჯერებ შენს არსებობას, მაგრამ მე რითი დაგარწმუნო, რომ ვარსებობ?
„გწერ წერილს, ელენ. რადგან, გუშინ დილით კართან დამხვდა შენთან გამოგზავნილი ათივე სუფთა ფურცელი, რომელიც წერილისთვის განკუთვნილ კონვერტში იდო და ამით ჯიუტად მინდოდა მეჩვენებინა შენთვის, რომ სიტყვებს არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა. არც ჩემი ჯვარია რელიგიური დატვირთვის მქონე. ის ხელთათმანებთან ერთად გადმომეცა მემკვიდრეობით, ოღონდ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ის მამის გვამს მოვხსენი, სანამ დაასაფლავებდნენ. ამ საქციელით, მამისადმი მიჯაჭვულობა გამოვხატე, ხოლო ღმერთისადმი - ურჩობა. ალბათ ივან კარამაზოვივით სოფისტური აბსურდი გამომივა, თუკი დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ღმერთი არ არსებობს და პარალელურად მასთან ჯიბრს გავაგრძელებ. პოლარულობა ჩემი ერთ-ერთი გამოკვეთილი შტრიხი იყო. შენ ხომ გართობს ჩემი ხასიათი, ყოველთვის გაინტერესებდა, გსურდა ნაწილებად დაგეშალე. ჰოდა ელენ, აი, ალბათ დადგა ეგ წუთიც. სამწუხაროა, რომ ვერაფრით მიხვდი, რა წამსაც მე სრულად განვიარაღდებოდი შენს წინაშე, მაშინ დასრულდებოდა ყველაფერი. იქნებ გსურდა კიდეც, ანდაც ინტერესი გძალავდა. იცი, ბევრს ვფიქრობდი შენს თვალებზე, როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მისი თვალების ფერი არ გახსოვდეს? თურმე შავი ყოფილა და ალბათ იმდენად გავურბოდი მათთან დაახლოვებას, რომ არც კი ვეცადე შემეცნო, თუნდაც მცირედად მაინც. რას ჰგავს ეს წერილი, ან კი მე რას ვგავარ, ელენ. ასე დაშლილი და ასე გაუბრალოებული. ალბათ ოდესმე მეც დავიჯერებ, რომ მამასთან ერთად საფლავში არ ვწევარ და რომ ჯვარი იმიტომ მიკეთია, რომ ამით ღმერთს ჩემი არსებობა დავანახო როგორმე. ელენ, ნუღარ ვისაუბრებთ გრძნობებზე, მით უფრო ჩემზე. მიჯაჭვულობაა ყველაფრის თავი და ბოლო. აკი, მოსწრებულად აღნიშნე დასაწყისშივე, რომ ერთი და იგივე ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი ვართ. რა სევდიანია ახლა ეს ყველაფერი და კვლავაც სენტიმენტალური, უბრალოდ ამჯერად ვეღარ ვდგები და ვერსად მივდივარ. ნუ მაიძულებ დავრჩე, ელენ. ვიცი, სიტყვასაც აღარ მომწერ და ალბათ ეს იქნება ის პასუხი, რომელიც კითხვასაც კი არ საჭიროებს.“
* * *
გრილი დღე იყო დილიდანვე, ვიცოდი, უთუოდ გაწვიმდებოდა, თუმცა არც კი მიფიქრია თბილად ჩამეცვა. მომწონდა სეირნობისას სიცივე, რომელიც კანს მიწიწკნიდა მსუბუქად. ბოლო ხანებია უმისამართოდ ბოდიალი დამჩემდა, არ ვიცი, შესაძლოა ბედისწერას მინდა ვთხოვო ის, რისი გაკეთებაც მე ვერ მოვახერხე. იოჰანისგან იმ წერილის შემდეგ კიდევ სამი მივიღე, თუმცა ისევ სიტყვების გარეშე. ასეთი აუტანელი ალბათ დუმილიც კი არ არის. თითოეული მათგანი ჩარჩოში ჩავდე და ოთახში ჩამოვკიდე. მინდა დილაობით, გაღვიძებისას ვხედავდე.. რომ ვიგრძნო, როგორი ცარიელია ლოდინი. იოჰან, ჩვენს ისტორიას არ აქვს შინაარსი, რადგან ჩვენვე წარმოვადგენთ მას. ჰო, ორი ადამიანი, ურთიერთმიმართული განცდათა ნაკრებით, რომელიც ცდილობს სარკის ფუნქცია შეითავსოს და ერთი-მეორეში ეძებოს. სახლში მოსვლისთანავე ფეხზე გავიხადე და თმა გავიშალე, რაღაც შებოჭილობა არ ტოვებს ჩემს სხეულს. შენი ჩაყვითლებული თითები მახსენდება, როგორ დაცოცავდნენ ჩემს სხეულზე და ახლაც მგონია, რომ ჩემი არსების გამჭვირვალე ფერს მხოლოდ ეს სიყვითლე ანიჭებს ფერადობას. რამდენი ხანია აღარ მიყვარხარ, იოჰან. აღარც კი მახსოვს, რისთვის მიყვარდი. და მას მერე, რაც მივხვდი რომ ასეა, იმდენი ხანი მოვანდომე ამის თქმას, რომ მგონი ზედმეტად დავიგვიანე. დილაობით სარკეში იმდენ ხანს ვუყურებ ხოლმე ჩემს თავს, სანამ ცრემლები არ მერევა. არა, ნერვების ბრალი არაა, უბრალოდ ვცდილობ წამწამები არ დავახამხამო. ეს ერთგვარი რიტუალია შენი დავიწყებისთვის. მინდა ცრემლებს შენგან ნაჩუქარი არამარტო ღიმილი, არამედ ყოველი წამი გავატანო. ჯერჯერობით სამასსამოცდამეოთხე დღეა, რაც ასე ვიქცევი. ალბათ შენი თავის იმხელა ნაწილი დამიტოვე, რომ ასე ადვილად ვერ ვთავისუფლდები. საინტერესოა, შენ როგორ იქცევი, როცა საკუთარი თავის ნაცვლად მე მხედავ ყველგან. არ მომიყვე, გთხოვ, შენგან კიდევ ერთ ცარიელ ფურცელს ვეღარ ავიტან. ჰო, ცრუმორწმუნე ვარ და მჯერა, რომ სიტყვებიც და ლოცვებიც იმისთვის არსებობენ, რომ მათ მივმართოთ და საპასუხო შედეგიც მივიღოთ მათგან. იცი, ჩვენს შორის ღმერთია ახლა და მარტოობაც ბებერი ძაღლივით უზის ფეხებთან.“
* * *
ქალმა ფრთხილად გამოაღო კარი, ჯერ კიდევ ძილბურანში იყო, ხალათი მჭიდროდ შემოეხვია სხეულზე და ოდნავ მოჭუტული თვალებით პატარა ბიჭს აკვირდებოდა. - ფროილაინ ელენს. თქვა დაზეპირებული ტონით და ხელში კონვერტის გადმოცემისთანავე კიბეებისკენ გაიქცა. ქალმა წამით თვალები დახუჭა უეცრად მოვარდნილი გადაღლილობისგან. კონვერტის სისქემ მიახვედრა, რომ მასში მხოლოდ ფურცელი არ იდო. ძველი სავარძლისკენ წავიდა და ჩამოჯდომისთანავე გახსნა კონვერტი. მასში ჯვარი და კიდეებგაცრეცილი ხელთათმანები იდო.
„ელენ, მინდა ჩემი ურჩი რწმენა და საგვარეულო წყევლასავით გამოყოლილი ვნება შენ გადმოგცე. ასე ვთავისუფლდები არსებობისგან და ყოველივე მიჯაჭვულობისგან. და... მხოლოდ შენ გიტოვებ ჩემთან, ისიც ერთგვარ მიზეზად, რომ ისევ არ მოგიბრუნდე.
იოჰანი.“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რამდენჯერმე გადავიკითხე ეს კომენტარი. უზომოდ მიხარია, თუკი რამით შევძელი შენი პატარა მეგობრის დახმარება. გულთბილი მოკითხვა გადაეცი ჩემგან.
რამდენჯერმე გადავიკითხე ეს კომენტარი. უზომოდ მიხარია, თუკი რამით შევძელი შენი პატარა მეგობრის დახმარება. გულთბილი მოკითხვა გადაეცი ჩემგან.
9. უი , სად გაქრა ჩემი კომენტარი, წავიკითხე კი არა, ერთი ფრაზაც კი ამოვიწერე და ჩემ პატარა მეგობარს მივეცი, მას ძალიან სჭირდებოდა (ზუსტად წერილისათვის მის გამწყობასთან მგზავსება იყო) აი ეს
"რამდენი ხანია აღარ მიყვარხარ, იოჰან. აღარც კი მახსოვს, რისთვის მიყვარდი. და მას მერე, რაც მივხვდი რომ ასეა, იმდენი ხანი მოვანდომე ამის თქმას, რომ მგონი ზედმეტად დავიგვიანე. დილაობით სარკეში იმდენ ხანს ვუყურებ ხოლმე ჩემს თავს, სანამ ცრემლები არ მერევა. არა, ნერვების ბრალი არაა, უბრალოდ ვცდილობ წამწამები არ დავახამხამო. ეს ერთგვარი რიტუალია შენი დავიწყებისთვის. მინდა ცრემლებს შენგან ნაჩუქარი არამარტო ღიმილი, არამედ ყოველი წამი გავატანო." ამის შემდეგ ამოისუნთქა . აქ მეწერა ეს დაწვრილებით ამიტომ მახსოვს რომ წაკითხული მქონდა და ახლა ისე ვეღარ დავწერ არ ვიცი რატომ გაქრა, უი , სად გაქრა ჩემი კომენტარი, წავიკითხე კი არა, ერთი ფრაზაც კი ამოვიწერე და ჩემ პატარა მეგობარს მივეცი, მას ძალიან სჭირდებოდა (ზუსტად წერილისათვის მის გამწყობასთან მგზავსება იყო) აი ეს
"რამდენი ხანია აღარ მიყვარხარ, იოჰან. აღარც კი მახსოვს, რისთვის მიყვარდი. და მას მერე, რაც მივხვდი რომ ასეა, იმდენი ხანი მოვანდომე ამის თქმას, რომ მგონი ზედმეტად დავიგვიანე. დილაობით სარკეში იმდენ ხანს ვუყურებ ხოლმე ჩემს თავს, სანამ ცრემლები არ მერევა. არა, ნერვების ბრალი არაა, უბრალოდ ვცდილობ წამწამები არ დავახამხამო. ეს ერთგვარი რიტუალია შენი დავიწყებისთვის. მინდა ცრემლებს შენგან ნაჩუქარი არამარტო ღიმილი, არამედ ყოველი წამი გავატანო." ამის შემდეგ ამოისუნთქა . აქ მეწერა ეს დაწვრილებით ამიტომ მახსოვს რომ წაკითხული მქონდა და ახლა ისე ვეღარ დავწერ არ ვიცი რატომ გაქრა,
8. მეგონა ეს მოთხრობა არ გქონდათ წაკითხული, რადგან კომენტარი არ არის თქვენი :)
მეგონა ეს მოთხრობა არ გქონდათ წაკითხული, რადგან კომენტარი არ არის თქვენი :)
7. ქეთ, სადაა ახლი?! შემოვდივარ ფაფუ, შემოვივლი ფაფუ. ველოდები!!1 ქეთ, სადაა ახლი?! შემოვდივარ ფაფუ, შემოვივლი ფაფუ. ველოდები!!1
6. მომენატრე. კარგი. მომენატრე. კარგი.
5. ქეთო, შენადა აქაც დისერტაციას იცავდი? ნამეტანი მძიმე სიტყვებია, არა კია რ მეზარება, უბრალოდ "სუფთად" არ იკითხება, გორაკ-ბორცვიანია და ჯანჯღარებ კითხვისას და არასასიამოვნო გრძნობაა ეგ. იცი შენ რასაც ვამბობ ხო? პმ და უკეთ აგიხსნი თუ გინდა... კიდე ჰო, რატო გეპირფერებიან?! უფრო სწორედ მოვალეობას რატო იხდიან პირფერობაში? გაგეცინება. ჰოდა მე არა, მთვარე მორიელი ვარ და იმიტო და არ მითხრა ვერ დავინახე ეგ ვერსადო! ქეთო, შენადა აქაც დისერტაციას იცავდი? ნამეტანი მძიმე სიტყვებია, არა კია რ მეზარება, უბრალოდ "სუფთად" არ იკითხება, გორაკ-ბორცვიანია და ჯანჯღარებ კითხვისას და არასასიამოვნო გრძნობაა ეგ. იცი შენ რასაც ვამბობ ხო? პმ და უკეთ აგიხსნი თუ გინდა... კიდე ჰო, რატო გეპირფერებიან?! უფრო სწორედ მოვალეობას რატო იხდიან პირფერობაში? გაგეცინება. ჰოდა მე არა, მთვარე მორიელი ვარ და იმიტო და არ მითხრა ვერ დავინახე ეგ ვერსადო!
4. აქ არაფერი შეცვლილა = )
ძველ სახლში შესვლას ჰგავს. აქ არაფერი შეცვლილა = )
ძველ სახლში შესვლას ჰგავს.
3. ძალიან მომეწონა, 5. ძალიან მომეწონა, 5.
2. როგორ მიყვარს წერილების კითხვა...სხვისი წერილებისაც :)
ქეთ-ის ხელწერა, განცდებიან-სიღრმეებიანი.
როგორ მიყვარს წერილების კითხვა...სხვისი წერილებისაც :)
ქეთ-ის ხელწერა, განცდებიან-სიღრმეებიანი.
1. კარგი მოთხრობაა... კარგი მოთხრობაა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|