ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2015


შხამისფერთმიანი ქალი

აი ისიც. შხამისფერთმიანი ქალი ჩემი სიზმრიდან.
ნატიფი ხელები აქვს. ვენები ეტყობა. პირქუშია და ცოტას ლაპარაკობს.

- თუ რაღაცას ხშირად წარმოისახავ, აგიხდება, - მიმეორებს.
მე მისი სიცარიელით ვტკბები.

სუპერმარკეტიდან გამოდის. შხამისფერი თმა შავი სამაგრით შეუკრავს ნაჩქარევად. ხელში პროდუქტებით სავსე გამჭვირვალე პარკი უჭირავს. გამვლელებს შორის გველივით მისრიალებს. სურს შეუმჩნეველი იყოს.
გაჩერებაზე დგას. ფიქრობს რას მოუმზადებს ქმარს ამაღამ - ბულიონს თუ სალათს. რძეს გაუთბობს თუ ჩაის დაალევინებს. ჭაობისფერ კაბას ჩაიცვამს თუ მუქ ლურჯს. დაღლილობას მოიმიზეზებს თუ სიკვდილის სურვილს ადრე დასაძინებლად.
მიმანიშნებს, რომ მარტოა და პირთამდე სავსეა გაუცემელი ყურადღებით.

მის გვერდით ვდგები.
- გამარჯობა, - ვეუბნები და მის შხამისფერ ღიმილს ვისრუტავ.
- გაგიმარჯოს, - გრაციოზულად ისწორებს შინდისფერ კაშნეს.
- დღეს იმ სიტყვებზე ვფიქრობდი, წარმოსახვაზე რომ მეუბნებოდი. მთელი ღამე შიშველს წარმოგიდგენდი.
უტიფრად ვისრუტავ მის მღვრიე მზერას.
- მერე? - უგემურად ღეჭავს სიტყვებს.
- თეთრი კანი. ბეჭებზე გადაფენილი შხამისფერი თმა. ლურჯი ვენები. ბუნდოვანი, ზანტი მოძრაობები.
შეუმჩნევლად მიღიმის.

კანზე თმა ტალღებივით გადამიშალა. პირქუში ქალი ყურადღებაში მახრჩობს.
ზანტი კატასავით მოძრაობს. თვლემს. მელამუნება.
გველივით დაასრიალებს სალუქ თითებს ჩემს მენჯებზე.
ყოველდღე მოდის. ჭაობისფერი კაბა აცვია. თმას თითქმის არასდროს იშლის. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, როცა მისი შხამი თავად ახრჩობს. როცა გრძნობს, რომ მარტოა და ნაჭუჭი ეფშვნება.
მიწვავს კვერცხს. მითვლის ნეკნებს.
შიშველ კისერზე ვკოცნი და ვუყვები ჩემს სიზმრებს. მპირდება, რომ ჭაობში ჩამომყვება.


ნოემბერის შიშებით აქვს კანი სავსე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები