ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერეკლე სუხიტაშვილი
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2016


რეგენერაცია

- თქვენ არ გითქვამთ, როდის გჭირდებათ ჩვენი დახმარება.
- მე საერთოდ არ მითქვამს, რომ თქვენი დახმარება მჭირდება.
- არც არის საჭირო, ჩვენთვის ეს ისედაც ცხადია.
- წინასწარ გმადლობთ... ზუსტ დროს მოგვიანებით გეტყვით.
- არა! თქვენ გაგიმართლათ, ჩვენ მზად ვართ, ეხლავე დაგეხმაროთ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრა თემაზე „ხვლიკების ევოლუცია“ დასრულდა და სარაგოსელებთან ოთხღამიანი შეუსვენებელი ექსპერიმენტების შემდეგ სახლში დაბრუნდა.

ცოლთან ჩვეული ურთიერთობა დახვდა. პირველი ერთი საათი ყველაფერი შესანიშნავად იყო. მერე ცოტა ხნით დიდ ხანს იფიქრა. გაუშვა. დაპირდა, როცა დაიბადებოდა, გამოჩნდებოდა.

ორი თვის შემდეგ ლაბორატორიაში რამდენიმე ქილა შემატა ხვლიკების კოლექციას. კიდევ ერთ ცოცხალს წააცალა კუდი და შედეგებს დაელოდა.

შვილის დაბადება საკანში შეიტყო; მიხვდა, დროში ვერ გათვალა ლაბორატორიის დირექტორისთვის ჭკუის სწავლება, რომელმაც ხვლიკების რეგენერაციაზე მომზადებული ანგარიშის თავფურცელზე მარცხნიდან პირველი საკუთარი გვარი დაწერა.

ჩათვალა, არ ჰქონდა მორალური უფლება, მონაწილეობა მიეღო შვილისთვის სახელის შერჩევაშიც კი, ამიტომ  44 სახელიანი სია გაუგზავნა ყოფილს თხოვნით, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი დაერქმია; მძიმედ, მაგრამ არ დაარქვა...

რვა წლის შემდეგ, როცა ციხიდან გამოვიდა, პირდაპირ ლაბორატორიაში წავიდა, მოძებნა ანგარიში, თავფურცელი მოაძრო, ახალ თავფურცელს მარცხინდან პირველი საკუთარი სახელი და გვარი დააწერა, არც ლაბორატორიის დირექტორის ინიციალები დავიწყებია და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალს მიაკითხა; არ დაუბეჭდეს. მიზეზი რეგენერაციაზე მრავალი ათეული წლის წინ შექმნილი მასალა აღმოჩნდა.

სახლში წავიდა. საგვარეულო სახლის მისამართზე სხვა ოჯახი დახვდა; მერე კი ბიჭს მიაგნო ერთ იტალიურ ეზოში. ის მამასთან ერთად ეთამაშობდა ხვლიკებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები