| ავტორი: აინინა ჟანრი: პროზა 28 აპრილი, 2016 |
აი, ჩემი მამიკო! დევკაცა, ბელტიყლაპია. წისქვილის დოლაბები ჰკიდია, ხედავთ? მაინც რა მარჯვეა! ჩემმა მამიკომ თუ მოინდომა, ჰოპ და მდინარეს ყლაპს უზამს, ისეთს კი არა ზაფხულობით რომაა ჩვენი მდინარე, აი ახლა რომაა ასეთს, გველეშაპივით რომ მოიგრაგნება, თან რომ მოათრევს მოგლეჯილ ხეებს, კლდიდან მოტაცებულ ლოდებს და ვინ იცის კიდევ რას; გრგვინვით რომ ავსებს არე-მიდამოს. თუ მოინდომა ჩემმა მამიკომ , აი, იმ ყინულიან მთას, ჩემს სოფელს რომ გადმოჰყურებს, ხრამ-ხრუმ, კევივით გაღეჭავს და გადმოაფურთხებს... არაფერს არ ვიგონებ, ზუსტად ვიცი...უკვე უომია გველეშაპებთან და დევებთან, უომია და სულ მუსრი გაუვლია... ეს მანამდე იყო, სანამ მე დავიბადებოდი, მაგრამ ყველაფერი ვიცი, თითქოს ჩემი თვალით მენახოს... რომ არ გაემარჯვა, იქიდან ჩემთან ვინ გამოუშვებდა....ნახეთ, როგორ მსუბუქად აბრუნებს ბელტებს!.... ერთი, ორი, სამი,... ერთი, ორი, სამი, ტრალალა-ლა-ლა....ოღონდ ახლა ამ მწვანეკაბიანი, დალალკავებიანი, წერწეტა ქალბატონების რაინდია, მათი მსახური, ცოტა არ იყოს ვეჭვიანობ, ხანდახან ვფიქრობ, ჩემზე და დედაზე მეტად ისინი უყვარს, გათენდება თუ არა, აქეთ გამორბის და მხოლოდ დაღამებისას ბრუნდება ჩვენთან აღიღინებული, ბედნიერი, კმაყოფილი...აი ნახეთ, ხან დაიჩოქებს, ზემოთ აზიდავს, თმებს გაუკრავს, თითები უთრთის, როცა ეხება, ტუჩებიც... -მამიკოოოო, მამიიიიი! -ო, ჩემი ჭინკა-ჭინკუტა მოსულა, ჩემი აშექალა,....კარგი, კარგი, შე მართლა ჭინკა, არ დამახრჩო. პირდაპირ იმ თავის ქალბატონების ფეხქვეშ გავაგორე მამა-აგუნა და მართლაც ჭინკასასავით ჩავაფრინდი, დაე მიხვდნენ, რომ ჩემი მამიკოა, და ....არავის არ დავუთმობ, არც ამ ქალბატონებს და არც არავის! -ხაჭაპურები მოგიტანე,-ჩავჩურჩულე, ცხვირი მის ყელსა თუ კისერში მაქვს ჩაყოფილი, როგორ მიყვარს მისი სუნი... მერე წამოვჯექი, რაღაც სხვა სურნელი მოსწვდა ჩემს ყნოსვას, ისეთი კი არა, როგორიც მამის სუნი იყო, მიწისა და ზეცის ნაზავი...თითქოს ნიავს მოჰყვებოდა, თითქოს იყო და არც იყო... ჩიჩიას სუნნაკრავი მელაკუდას ცხვირივით მითრთოდა ნესტოები. ღიმილით მიყურებდა მამა-აგუნა. -ეს რა სუნია, მამი? თუ მეჩვენება? -არ გეჩვენება, -ეღიმებოდა,-მაგრამ მიხვდი აბა, რისი სუნია? -იის? საიდან მოდის იის სუნი? -იის სუნი არაა! -აბა? კიდევ უფრო დავძაბე მელიის ცხვირი. -თვალით მანიშნა უახლოეს ვაზზე. ვერაფერს მივხვდი. -ვაზის ყვავილის სუნია! -ვაზს ყვავილი აქვს? არც კი ვიცოდი, ვაზს ყვავილი თუ ჰქონდა. -აი, ნახე! -ეს რა ყვავილია? რაღაც გაფშიკინებული, მწვანე ღერო მოჩანდა, ვერც გაარჩევდი, რა იყო, კიდევ უფრო რომ დავაკვირდი, დავინახე, მწვანე ბურთულა კვირტებიდან ზოგი გადახსნილიყო და მზის ნაპერწკლები გამოეყარა თითქოს, ისეთი იყო, უნდა გცოდნოდა, რომ დაგენახა, უნდა გცოდნოდა! ცხვირი ზარბაზანივით მოვიმარჯვე. -ო, ასე არა, ქალბატონო ჭინკუტავ, ასე არა,აქ თვითმომსახურება მიღებული არ არის-გამაჩერა. ეგრე იჯექი და ზურგით მომეყუდე, გაინაბე და ნიავი თვითონ მოგვართმევს...ზურგი-ზურგ მიყრდნობილნი, მიწაზე ჩამსხდარნი, ცხვირებშემართულნი ველოდით სასწაულს, ... ეს ჩემმა დევებთან მებრძოლმა, ბელტიყლაპია აგუნა მამამ დამაჯერა და ახლაც ასე მწამს, რომ ვაზის ყვავილის სურნელი ამქვეყნიური არაა, უფლისთვის დაკმეული საკმევლის სურნელია, ვაზის ყვავილში გამოტარებულ-გამოფრქვეული...და ეს ვაზ-ქალბატონებიც აღარ იყვნენ მეტოქეები, მეც მამასავით მუხლმოყრილი ვიდექი მათ წინაშე ახლა და მეც აღტაცებისა და სიყვარულის საგალობელი მიბერავდა გულს. გარინდებიდან ჩხუბის ხმამ გამოგვარკვია. გვერდით მეზობელი ცოლ-ქმარი მუშაობდა. გავხედე და გავოგნდი. ნინა ძალო, ავი და წყევლია ქალიც მუხლებზე დამხობილიყო და ისე ურტყამდა თოხს, თან რაღაცას ჯაჯღანებდა... ნუთუ მასზეც იმოქმედა ჩვენმა სასწაულმა და ვაზის თაყვანისმცემლად აქცია ქალი, რომელიც საკუთარ შვილებსაც კი დღეში ცხრაჯერ სდებდა კუბოში? გაოცებულმა ავხედე მამას. ეცინებოდა. -ეგენი მჭედელთა ღმერთის თაყვანისმცემლები არიან... ნინა მკვერავია, ხედავ? პატარა ჩაქუჩს ურტყამს და ფორმას ეგ აძლევს, აი, გოგია კი დიდ უროს ურტყამს, ეგ პატარა ჩაქუჩი რომ არა, ვერაფერს გამოსჭედავდნენ....ვერაფერი გავიგე მჭედლობის და ჭედვის, გაკვირვებული ვუყურებდი: და რას სჭედავენ? -თვითონ ალბათ,ფიქრობენ, რომ ბედნიერებას... -სინამდვილეში? -ჩემი აზრით, საკუთარ საპყრობილეს, შეიძლება ასეც არ იყოს, ღმერთმა და ეშმაკებმა იციან მხოლოდ. -რაც ღმერთმა იცის, ეშმაკებმაც იციან? -ეგ ისე ვთქვი, სიტყვის მასალად, რა ვიცი მე ღმერთის და ეშმაკების, შე მართლა ეშმაკის ფეხო. -მამი, ღმერთი გწამს? -ღმერთი? რა ვიცი, ერთი რამის მჯერა, სამყაროს რაღაც თუ ვიღაც მართავს, შეიძლება ეს ღმერთიც იყოს -ეშმაკი? -არა, ეშმაკი არა, ის რაღაც თუ ვიღაც კეთილია... -და ეგ საიდან იცი, მამი? -ცხოვრებამ მიმახვედრა...იცი, რა ჯოჯოხეთიდან გამომაბრუნეს?...რატომ მე, რატომ აქ? რაში ვჭირდები მე სამყაროს?...ერთი რამ ფაქტია: ათასებში გამომარჩიეს, ასი ათასებში....ჯოჯოხეთი გამომატარეს და ისევ აქეთ მისროლეს, რატომ, რისთვის?-ჩემი მამიკო სადღაც სხვაგან, შორს გადაკარგულიყო...წამოვდექი, ზურგიდან მოვხვიე ხელები, კისერში ვაკოცე... -იქნებ მე ვიყავი ის ვიღაც თუ რაღაც! იქნებ მე გეხმარებოდი, რომ შენნაირი მამიკო მყოლოდა! რა მეშველებოდა, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემი მამიკო?! -ოი, შე თითილბაზო, ჭინკების უსტაბაშო, მამიკოს ....მეტი ვეღარაფერი გავიგონე...ჰაერში ვბზრიალებდი, ბურთივით მისროდნენ, ლამის მზისთვის მეხალა თავი ...მერე მიჭერდნენ და ისევ მისროდნენ... მიწაზე რომ დავიგულე თავი და გული დავიწყნარე, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბგერები მისწვდა ჩემს სმენას-....წყდით, არ....ხარეთ, არ ....ღირსოთ....სანამ გონება გაიაზრებდა, ინტუიციამ და გულმა იგრძნეს უსიამოვნება....ნინა ძალო ამჯერად ჩვენკენ აფრქვევდა თავისი წყევლის მარგალიტებს. ჩვენგან რაღა უნდა? მამას ავხედე, თვალი ამარიდა, ე.ი. არ მომჩვენებია, ჩვენ გვწყევლის! რა დავუშავეთ? ....წყდით, არ....ხარეთ, არ ....ღირსოთ...- ვაზის ნელსურნელების ნაცვლად ეს ავბგერები მოჰქონდა ამჯერად ნიავს... -ეს ხაჭაპური მლაშე იქნება, წყალს მომაწყურებს, მამიკოს წყალს ვერ მოუტანს ჭინკუტა-ქალი? -რომ იჩხუბოს! არსადაც არ წავალ, -გამიელვა.-დედიკომ მითხრა წყალი წაიღოო. -არ წამომიღია, დამავიწყდა, წადი, ჩემი ყოჩაღი გოგო, მამიკოს წყურვილით ნუ დაახრჩობ! - კარგი წავალ, ოღონდ დამპირდი, არ იჩხუბო.... -ვიჩხუბო? ვის უნდა ვეჩხუბო? ჩემი ჭინკუტა გამოჭუკებულა და ეგ არის, რა მოგეჩვენა? -შემრცხვა, იქნებ მართლა მომეჩვენა? ის წყ...ხრ... ღრ...ვინ იცის! -შენ ჭამე, მამიკო, სანამ მოგწყურდება, აქ ვიქნები,-უკვე მივქროდი. ნიავზე უსწრაფესი უნდა ვყოფილიყავი, ვინ იცის, იქნებ არც არაფერი მომჩვენებია, ჩემს მამიკოს ვინ რას დააკლებს, მაგრამ გაბრაზებულმა დევებთან საომარი ძალა რომ ვერ მოზომოს და ...არაფერიც არ მოხდება, რა სისულელეა, მთავარია სწრაფად მივიდე...ნიავქარზე უსწრაფესად....იმიტომ კი არ გამოუშვეს იმ ჯოჯოხეთიდან! სირბილში მსოფლიო ჩემპიონი ვარ, მაგრამ ჯერ მსოფლიომ ეს არ იცის. უკვე წყლის ბოთლით მოვრბოდი , რომ მივხვდი, არაფერიც არ მომჩვენებია...შორიდანვე მომესმა კაპასი ხმები. უფრო ახლოს რომ მივედი, დავინახე, ღობეს მოსდგომოდნენ და ხან ერთი ილანძღებოდა, ხან მეორე, ჩემს მამიკოს კი არაფერში ადგებოდა ის დევებთან მებრძოლი ძალა,უხმოდ ატრიალებდა ბელტებს, ზედაც არ უყურებდა გაშმაგებულებს... ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა ბრაზიან-ბოღმიანი სიტყვები: ჩემია... ერთ გოჯსაც არავის დავუთმობ.... ჩამოთრეულები... -მარტო არ უნდა დამეტოვებინა ჩემი მამიკო! მაგრამ ფეხებს თითქოს წებოვან ჭაობში ვადგამდი, როგორც სიზმარში, ვჩქარობდი, გავრბოდი და ისევ იმ ადგილას ვიდექი...უცებ ამირანის არწივივით ჩამაფრინდა მწარე, სასტიკი სიტყვები...ჩამაფრინდა და გულ-ღვიძლი ამომკორტნა: შე ფაშისტო, ფაშისტების შპიონო, დარიგებებსაც რომ იძლევა, ხმა თუ ამოგეღება ამ ქვეყანაში, შე ფაშისტო, შე მოღალატე, გიტლერის ძაღლო...10 კი არა 100 წელი რომ გეხეხა ციმბირი, მაგ ცოდვას მაინც ვერ გამოისყიდი, მოღალატე... არ მახსოვს ჩემმა ფეხებმა როგორ მომწყვიტეს წუთის წინ მიწას მიწებილი, როგორ გამაქროლეს. ორიოდე წამის შემდეგ ჩემი აგუნა მამის ხელი მქონდა ჩაბღუჯული და ჩემი თვალების ისრებით ვსეტყვავდი მომხვდურებს.. უცებ შეაშრა ის გესლის ნიაღვარი ძალო ნინას...შეშინებული ძაღლივით მოატარა თვალები და გატრიალდა, ამოძუებული კუდიც კი დავუნახე კაბის ქვემოთ. მამამ ჩაღუნული თავი ასწია, გაშეშებულ გოგიას ახედა...არაფერი უთქვამს ასე უყურა ერთხანს...გოგიამ თავი ჩაღუნა და გატრიალდა...კარგა ხანს ვიდექით ასე ხელჩაკიდებულები, არაფერი მიკითხავს, არც მას უთქვამს არაფერი...მამი, წყალი მოგიტანე, ხელზე მოვქაჩე, ხაჭაპურიც არ გიჭამია, გაგიცივდებოდა. - მარტო არ მინდოდა ჭამა, შემოვიპატიჟე და ხომ ნახე, რა დღეში ჩამაგდეს,- ეცინებოდა,- ჩემს ჭინკა აშექალას რომ არ დაეფრთხო, ხაჭაპურის ნაცვლად, მამიკოს შეუჭამდნენ.. -რა უნდათ, რას გერჩიან? -შენ ამაზე არ იდარდო, კარგი? ზოგჯერ ადამიანებს რაღაც-რაღაცები არასწორად ესმით, რა ქნან! ხომ ნახე, იმდენი კი ესმით, შენ რომ მოგრიდებოდნენ...ამისთვის მადლობის ღირსები არიან! მაინც როგორ ამოაძუებინე კუდი! ახლა ვეღარავინ დამჩაგრავს, მაგარი გოგო რომ მყავდა კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი მაგარიც არ მგონე,- იცინოდა, თვალები ეჭუტებოდა. -რა გაცინებს, დანახვაც არ მინდა მაგ ბოროტების, მაგ წყევლიების....! -აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, უფროსების ჩხუბი პატარების გასარჩევი არაა, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველაფერს, ყველა ავი სიტყვა თუ გულში შეუშვი და გველივით ჩაიბუდე, მაშინ რა განსხვავება იქნება შენსა და ნინას შორის. თუ მამიკო გიყვარს, ხვალ რომ შეგხვდებიან, ჩვეულებრივად მიესალმე, კარგი?! სახლშიც მიდი, ასე უფრო შერცხვებათ...კარგი?! გაკვირვებულმა ავხედე, შეუძლებელს მთხოვდა! კარგი?!-დაჟინებით გამიმეორა. ხო, კარგი, ...... ვეცდები,-ამოოხვრას ამოვაყოლე დაპირება. -ჩემი ჭკვიანი გოგო, ხო,უნდა ეცადო, რომ ადამიანთა სისულელეებს ზემოდან გადმოხედო, თუ პირდაპირ უყურე ან, მთლად უარესი, ქვემოდან, მორჩა შენც იმათ სისულელეში გაიხლართები, ზემოდან გადმოხედე და სიცილით, დაიმახსოვრე, ასე უფრო ადვილი იქნება ცხოვრება.მეტი აღარაფერი უთქვამს.მაშინ ბევრი ვერაფერი გავუგე ამ ზემოდან ყურებას, მაგრამ ჩემმა ტვინმა კი მაშინვე შეისრუტა და დაიმახსოვრა. საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდით, მეზობელი ქალი დაგვედევნა, ნესტანი, პატარა დათუნათი, ბოდიშს გიხდი, სანდრო ძიაო,- ტიროდა,- ამ უსიამოვნებაში რომ გაგხვიეო, ბოდიშს გიხდი და დიდი მადლობაო. სულ არ მინდა ეს კარი, მოვხსნი, ნეტა ეს სახლიც არ ამეშენებინა, რა ვიცოდი ამ გაბალახებულ და მიტოვებულ მიწის ნაგლეჯს თავისად თუ თვლიდაო, სადაც უნდა, იქ გავუცვლი, თუ უნდა სამამაგი წაიღოს, ათმაგი, ოღონდ ნუ იჩხუბებს და ბავშვს ნუ დამიწყევლისო. შენ რომ არ გამომსარჩლებოდი, არ ვიცი, როგორ დავიხსნიდი თავს მაგათგან, ვითომ დასასვენებდად ჩამოვედით, ჰაერის გამოსაცვლელად და ესეც ჩვენი დასვენებაო...აჩიკო მაინც ყოფილიყო აქ....აღარ ვიცი, წავიდე თუ დავრჩეო.... -შენ მაგაზე არ იფიქროო, მამამ, მეტყობა რამე უსიამოვნებისაო? არც შენ მიაქციო ყურადღება, აქაურობა არ შეიძულო მაგ სულელების გამო, იმ მამაშენის სულს გაფიცებო, დღეს ისეთი გაკვეთილი მიიღეს ჩემი ჭინკუტასაგან, მეეჭვება, რომ კიდევ ჰქონდეთ ჩხუბის ხალისიო, მერე დათუნას მიესიყვარულა, დიდი კაცი გაგვეზარდეო...იცოდე, არ წახვიდე თბილისში, იმ სულელებს გულზე ნუ გადამატარებ, ამ საღამოს კი ვახზშამზე გეპატიჟებით, რაღაც განსაკუთრებულს დაგვპირდა ჩვენი დედიკოო,უთხრა და წამოვედით. -მეც არ მიკვირდა, რატომ არაფერს პასუხობს-მეთქი, დილაადრიანად შეგიჯორავს. -ხო, შევჯორე, მარა სიტყვით ვერაფერი შევასმინე, დუმილმა უფრო გაჭრა!-ეღიმებოდა. თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა, დედამ ქათამი დაგვიკლა და ხაჭაპურები გამოგვიცხო,ნესტანიც გვესტუმრა, დათუნასთანაც კარგად გავერთე, ღვინოც დავლიეთ, ვიჭუკჭუკეთ,ნინა და გოგია აღარც გვახსოვდა....და მაინც ის სიტყვები, ის „ფაშისტო და მოღალატე“ ჩემს ტვინში შემომძვრალიყვნენ, ჩაებუდებინათ და ჭიასავით მიღრღნიდნენ გულ-გვამს, მაშინ პირველად მივხვდი, რომ სამყაროში არაფერი არ ქრება უკვალოდ, მით უფრო სიტყვა! იქნებ მართალია ნინა? მამაჩემი მართლა ფაშისტი და მოღალატეა! იქნებ გაჭირვებამ, უმწეობამ...უცებ წამომიტივტივდა ყველა გადაკრული სიტყვა თუ მოგონება, რაც მამის ტყვეობასა და გაციმბირებას უკავშირდებოდა. გამახსენდა, შემთხვევით რომ მოვკარი ყური ერთხელ, დაძინებული რომ ვეგონე, დედაჩემი მამიდაჩემის შესახებ რომ შესჩიოდა პაპიდას:თავიდანვე ისე ექცეოდა თავის ძმას, პირველად რომ ამ სახლში მომიყვანეს, შიშმა კინაღამ გამაგიჟა, ამ ურჩხულთან რა გამაძლებინებს-მეთქი. სანდრო რომ შემოდიოდა, თითქოს მგელი შემოუვარდაო, ის სუფრიდან დგებოდა და გარბოდა, არც კი ელაპარაკებოდა, შევესწარი როგორ უყვიროდა დედამისს, მაგ მოღალატესთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, ვერც სუფრასთან დავჯდები , წაეთრიოს, საიდანაც მოეთრაო....ასე მგონია, არც ახლა უყვარს თავისი ძმა, ბავშვსაც კი ზედ არ უყურებს....რა ქნას, შვილო, პატარა იყო, ტვინი გადაუბრუნეს იმ უნამუსოებმა ბავშვებს, ამიტომაა ყველგან მტრები და მოღალატეები რომ ეჩვენებათ, არ უნდა გეწყნოთ, გავა დრო და ყველაფერს მიხვდება...დამიჯერეთ, ყველაფერს მიხვდება....მაშინ ისე პატარა ვიყავი, ბევრი ვერაფერი გავიგე, გული მაინც ავად ამიძგერდა, მაგრამ პაპიდას ხმა და სიტყვები ისეთი მშვიდი და ტკბილი იყო, მალევე დაწყნარდა და ძილს მინებდა...ახლა კი ისე კაპასად ხმიანობდა ეს საზიზღარი სიტყვები მთელ ჩემს არსებაში, რომ მე თავად მაქციეს მოღალატედ, მე, მამიკოს გოგო, ჩემი ბავშვური სიყვარულითა და სიწრფელით კუდით ქვა რომ ვასროლინე სიხარბესა და სიძულვილს...მე ვიქეცი მოღალატედ, ჩასაფრებულ ჯაშუშად... ჩემი ბაშვური ფანტაზია ამჯერად ჯაშუშის თვალებით დაჰყვებოდა კუდში მამისგან აქა-იქ კანტიკუნტად მოსმენილ ამბებს (არ უყვარდა ამ ამბების გახსენება, იშვიათად თუ ალაპარაკდებოდა ხოლმე ამაზე, ნასვამი, ნაღველაშლილი) და ამოწმებდა, სწონიდა, ცხრილავდა, თავისი უმწეო გონების რენტგენში ატარებდა... აი, ჩემი საწყალი 19 წლის მამიკო, მხოლოდ რამდენიმეთვიანი საბრძოლო, მაგრამ როგორი გამოცდილებით! ალყაშემორტყმული, სასოწარკვეთილი, ტალახის აბჯრისამარა დარჩენილი, მშიერი, გაყინული, და ალბათ, დაღლილობისგან ქანცგაწყვეტილი, როცა სულ ერთი ხდება სიკვდილიც და გადარჩენაც...რას ფიქრობდა, როცა კაპიტულაციის ბრძანება მიიღო...შვებით ამოისუნთქა, რომ ომის ქარ-ცეცხლს გაეცლებოდა, თუ ტყვეობის შიშმა უარესად დაზაფრა? იცოდა უკვე, რომ განწირული იყო საკუთარი სამშობლოსგანაც კი, საბჭოეთს ხომ „ ტყვეები არ ჰყავდა, ჰყავდა მხოლოდ მოღალატეები“. იფიქრა მთავარსარდლის მოთხოვნისამებრ თვითმკვლელობაზე, თუ აზრადაც არ გაუვლია მსგავსი რამ?ინანა ნეტავ, თავი რომ გაიკლა და ჯარში მოხალისედ წავიდა, რადგან ბავშვობაში გადატანილი ფილტვების სისუსტის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად სცნეს. შინ რა დამრჩენოდა, ქვეყნიერების ნახვა მწყუროდაო, ნაღლიანად ეღიმებოდა თავის სისულელეზე...იქნებ ეს სისულელე კი არა სიბრძნე იყო გლეხის ბიჭისა, რომელისთვისაც ქვეყნიერების ნახვისა და სამყაროს შეცნობის ერთადერთი გზა იყო, დაეტოვებინა მშობლიური ბუდე და ახლად შეფრთიანებულს თავი გამოეცადა... არა მოღალატე ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ტყვედ ჩავარდა მთელ არმიასთან ერთად, ვერც იმიტომ, რომ თავი არ მოიკლა...მადლობა ღმერთს, რომ ისეთი სულელი არ აღმოჩნდა, ამ უაზრო აგიტაციის მსხვერპლად ქცეულიყო... აი, ჩემი 19 წლის მამიკოს, 35-კილოიან აჩრდილად ქცეულს, როგორ მიერეკებიან სხვა დანარჩენ ჩონჩხის აჩრდილებთან ერთად ყინვაში ფეხით კრაკოვისკენ, როგორ ტოვებს გზაზე ეს ჩონჩხიანი ქარავანი ფარის ცურცლივით დახოცილთა ცხედრებს, ჩემი მამიკო კი უძლებს, სული კბილით უჭირავს. რაც ძალი და ღონე აქვს, ყბებს ერთმანეთს აჭერს, რომ ჩიტივით არ გაუსხლტეს, არ გაუფრინდეს ის, რაც ერთადერთ იმედად და შემწედ დარჩენია...მხოლოდ ჩემი მამიკო გადარჩენილა იმ 300 000 ტყვიდან, რომლებიც ბელორუსიასთან დაატყვევეს გერმანელებმა, მხოლოდ ჩემი მამიკო!.......და, მართლაც, რატომ, რისთვის?..... აი, ჩემი 19 წლის მამიკო, როგორ ათევს ღამეს მავთულხლართით შემოღობილ გაყინული მიწის ლეიბსა და გაყინული ცის საბანშუა კრაკოვში, სადაც მას 10 თვეს მოუწია ყოფნა...რიგრიგობით სძინავთ, შუაში იყენებენ იმას, ვისაც ძილის რიგი მოუწევს, დანარჩენები ჩაცუცქულები უსხედან, ფხიზლობენ, რომ არ წაიქცნენ და საკუთარი სხეულებით ათბობენ, გაყინვისგან იცავენ შუაში მჯდარს, რომელსაც ორი საათით ეძლევა საშუალება თავი დააღწიოს ამ ჯოჯოხეთს და ძილბურანს შეახიზნოს გამწარებული სიცოცხლე...ალბათ სიკვდილამდე მემახსოვრება და მერეც, იმ ცხოვრებაშიც, მამის ნაამბობი: ძილშივე ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდხანს გამიგრძელდა „ნებივრობა“, ველოდი, რომ აი, საცაა გამაღვიძებდნენ და ისევ მებურებოდა გონება, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ძილისგან, როცა შევნიშნე, რომ თენდებოდა... მთელ ღამეს მე მეძინა,-ყუმბარასავით გასკდა უცებ აზრი ტვინში და ზეზე წამოვიჭერი....დავინახე როგორ გადაცვივდა ოთხივე მხარეს ოთხი გაყინული, ჩაცუცქული, მოკუნტული ცხედარი და ვიგრძენი იმ ყინვაში, როგორ შრიალით წამივიდა შეძრწუნებისგან თმები ყალყზე...მერე ვნახე, როგორ დაავლეს ამ ცხედრებს ხელი და ზუსტად ისე ისროლეს მავთულხლართს გარეთ, როგორც უადგილო ადგილას გათხლეშილ ფუნას მოისვრიან ხოლმე ჩვენში ნიჩბით. მახსოვს,როგორ თვალებად და ყურებად ქცეულნი ვუსმენდით ყველა, როცა მამა იმ საშინელი დღეების გახსენებას შეჰბედავდა ხოლმე. აი, ჩემი 35-კილოგრამიანი ჩონჩხად ქცეული მამიკო, თავისნაირ ტურტლიან მაკაკებთან ერთად შიმშილით, უმწეობით, მავთულხლართებით ღირსებააყრილი და ადამიანის სახედაკარგული, როგორ გამხდარა ცისფერსისხლიანთა გართობისა და ანგლობის საგნად. დღეში მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს გვაძლევდნენ, შავს, თითქოს ტალახისას, პურის რომ არც გემო ჰქოდა და არც სუნი, რომელსაც ერთ ლუკმად გადავსანსლავდით ხოლმე, ლანდებივით დავფარფატებდით დამშეულნი, ძალაგამოცლილნი. ერთხელ ერთმა გერმანელმა ოფიცერმა მთელი „ბუხანკა“ პური ისროლა ჩემკენ, ნამდვილი, პურის გემოსურნელიანი.... ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ შიმშილმა ჩემდაუნებურად შემაკვრევინა კამარა, დავიჭირე და დავინახე, როგორ გამოემართა ჩემკენ დამშეულ, თვალებდასისხლიანებულ ნადირთა გროვა, ამ პურს ვინ შემაჭმევდა, მეც თან მიმაყოლებდნენ, ერთი მოვკბიჩე, პირდაპირ პურიდან და ბრბოში ვისროლე...ახლაც მახსოვს იმ ერთადერთლუკმიანი პურის გემო....დავინახე, როგორ მიყურებდა ის გერმანელი, ახლა უკვე ღიმილმოსხეპილი, გაოცებული თვალებით.....არ გამოუვიდა „პირუტყვებით“ გართობა. დახვრეტის შიშიც უგემებიათ....გერმანელები ტყვეთაგან არჩევდნენ ოფიცრებს და ებრაელებს და ადგილზევე ხვრეტდნენ. ჩემი მამიკოც მოხვედრილა ამ განწირულთა შორის. ოფიცრობისა რა მეტყობოდა, ალბათ ჩემი შავტუხობის გამო ებრაელად ჩამთვალესო...შეშინებაც ვერ მოვასწარიო, ეღიმებოდა... ვერც მივხვდი, რისთვის გამოგვყვეს დანარჩენებისგან. მხოლოდ ბოლო წუთს დაუბრუნებიათ უკან...არ ვიცი, რატომო, იქნებ ჩემმა ცისფერმა თვალებმა გადამარჩინეს, იქნებ მამაჩემის მადლმა ან დედის ლოცვამ მიხსნა, იქნებ კიდევ რაღაცისთვის ვჭირდებოდი ამ სამყაროსო, ხოდა უკან დაუბრუნებიათ, მხოლოდ მერე ვიგრძენი შიში, როცა ავტომატის ჯერით მიცხრილეს ისინი, ვის გვერდითაც ორიოდე წუთის წინ ვიდექიო...იქნებ ეს ჩვენთვის, ბავშვებისთვის შეთხზული ზღაპარი იყო, იქნებ იმიტომ გამოარჩიეს, რომ მერე, შიშისგან დაზაფრული, სულძალაწართმეული და ძაღლივით მადლიერი მოღალატედ ექციათ.... ღმერთო, ეს რა აზრები მომდის! ღმერთო.... გაქცევაც უცდია.... ჩემს ბავშვურ ფანტაზიას ამ ამბიდან შემოენახა მთვარის ბუნდი შუქით განათებულ ველზე დიდი ხნის, უზომოდ დაბერილი, დამრგვალებული ცხედრები, ადამიანების, ცხენების ...და მათ შორის მობორიალე გაქცეული ტყვე, ჩემი 19, შესაძლოა უკვე 20 წლის მამიკო, ვხედავ როგორ დაეძებს ამ გაყინულ, გარუმბებულ და შესაძლოა ხრწნამორეულ, აყროლებულ ცხედართა ჯიბეებსა და უბეებში საჭმელს და ტანში მბურძგლავს შიშისგან, გულზე მაზიდებს, მაძაგძაგებს, მაგრამ მასთან ერთად მივფორთხავ, მასთან ერთად ვაფათურებ აკანკალებულ ხელებს, იქნებ მე მაინც წავაწყდე რაიმეს, რისი შეჭმაც შეიძლება, რომ სული მოვათქმევინო, დაუძლურებული მოვამაგრო... მამა ყვებოდა, როგორ თხრიდნენ და აგროვებდნენ გვიან შემოდგომაზე მიწაში ჩარჩენილ კარტოფილს მინდვრად გაპარულები და განსაკუთრებით დაუძლურებს აჭმევდნენ, რომ მოეღონიერებინათ და შიმშილით სიკვდილი აეცილებინათ. როგორ ამუშავებდნენ ოჯახებში მუშა პირუტყვივით... მამის მოგონებებში მობორიალეს ის მაოცებდა, რომ თურმე „კარგი“ გერმანელებიც ისევე არსებობდნენ, როგორც კარგი რუსები ან ქართველები. სისხლიმსმელი ფაშისტების ხატიც სადღა გაქრა....44-ში, მეორე ფრონტი რომ გაიხსნა, მამას კიდევ ერთხელ უცდია გაქცევა. ქართველები შეუკრებია და უთქვამს, როდემდე უნდა ვისხდეთ აქ ჭუკებივით, ხომ ხედავთ რა სიტუაციაა, ამათ ჩვენთვის აღარ სცხელათ, საკუთარი თავი გასჭირვებიათ, გავიქცეთ და ამერიკელებს შევუერთდეთ, აქ სადღაც ახლოს უნდა იყვნენო. მეორე დღეს გერმანელ ოფიცერს თავისთან დაუბარებია, ბიჭები გულში მიკრავდნენ, მიხუტებდნენ, დარწმუნებულნი რომ უკანასკნელად მხედავდნენ. არ ვიცი მართლა კარგი ადამიანი იყო თუ ხვდებოდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო და კეთილი საქმის ჩადენით უნდოდა ცოდვები გამოესყიდა, ისეთი რამ მითხრა, გაოცებული ვუყურებდიო, ამ დროს მამას გერმანული უკვე საკმაოდ კარგად სცოდნია, გერმანელ ჯარისკაცებს ქართულ ზღაპრებს ვუყვებოდი გერმანულადო, თავს იწონებდა. ხოდა იმ სისხლიმმსმელ ფაშისტს უთქვამს, ენას კბილი დააჭირე, ხომ ხედავ, ომი მალე დამთავრდება, აქამდე მოგიტანია სული და თავს გაუფრთხილდი, შენს გასაქრობად მხოლოდ ერთი ტყვიია საკმარისი, არ დაგვენანება, დარწმუნებული იყავიო....საიდან გაიგეთ, ვინ გითხრათო, მამას უკითხავს.“ რომ მიხვალ, შენ თვითონვე მიხვდებიო“, უთქვამს. რომ შევედი ბარაკში, ბიჭები შემომეხვივნენ გახარებულები, ისე მიყურებდნენ, როგორც მკვდრეთით აღმდგარს, მხოლოდ ერთი იდგა განზე, შუბლქვეშიდან გამომცქეროდა შეშინებული და გაოგნებული, სანამ არ მიხვდა, რომ სხვებისგან არ უნდა გამორჩეულიყო...იცოცხლეთ, ჩვენ ის იმ დღეს ვაბურთავეთო, იცინოდა. ციმბირიდან ახალი დაბრუნებული ყოფილა, გასვენებაში რომ მოხვედრილა იმ კაცის სოფელში, მოუკითხავს. უთქვამთ,ჩამოვიდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალაო.ასე იყო კია? იქნებ ის მოღალატე და გამყიდველი სწორედ მამაჩემი იყო, იქნებ სჭირდებოდათ და იმიტომ არ გაწირეს? აბა, კეთილი ფაშისტი ვის გაუგონია! ......ღმერთო, ღმერთო.... ბოლოს საფრანგეთში ყოფილა, რომელიღაც ფერმერს წაუყვანია დამხმარე მუშად. ქალიშვილი ჰყოლია იმ ოჯახს. შეიძლება ახლა ერთი ფრანგი ძამიკო ან დაიკო გყავსო, მეხუმრებოდა. ბევრს ეხვეწნენ თურმე,დარჩენილიყო. რა მომარბენინებდა მე სულელსო, სავსე, გამართული ოჯახი იყოო, გოგოც მშვენიერი.. წამოსვლის წინ ვიღაც მოხუცი ემიგრანტი ქართველი შეხვედრიათ, მწარედ გვემუდარებოდა, სისულელე არ ჩაიდინოთ, სამშობლოში დაბრუნდით, ისევ იქაური ცივი მჭადი გერჩიოთო, მგონი სულაც ნოე ჟორდანია იყოო, ამბობდა. ხოდა წამოსულა, წამოსულა და.... ციმბირში ამოუყოფინებიათ თავი. იქნებ დაიმსახურა კიდეც...ვაითუ დაიმსახურა კიდეც..... წყალი რომ შეჟონავს საძირკველში და ნელ-ნელა არყევს მის სიმტკიცეს, ასე შემოეპარა და მოედო ჩემს სულსაც ის ოხერი ეჭვი; ნელ-ნელა მირყევდა მარტო მამის კი არა, საერთოდ სიყვარულისა და სიკეთის რწმენსაც, თავზე მენგრეოდა სამართლიანი, მოსიყვარულე, ამაღლებული სამყაროს კედლები, ასე დაჟინებული რუდუნებით რომ მიშენებდა აგუნა-მამა. თავზე მენგრეოდა ჩემი ბავშვობა, ოცნებები, სულის ჰარმონია ... კიდევ კარგი საამისოდ ჭკუა მეყო: გულდაგულ ვმალავდი ამ გულის ჭაობს, ამყაყებულ გუბეს. ან როგორ უნდა გამემხილა ჩემი შხამიან- ნარიანი ეჭვები! სიტყვამ მომწამლა და სიტყვამ გამკურნა...იმ დღეს გვიან დავბრუნდით მე და დედა საყიდლებიდან. კვირა დღე იყო...მამა და ვიღაც კაცი სუფრას შემოსხდომოდნენ და უკვე კარგად იყვნენ ჩაბუჟბუჟებულები , როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე. უჰ, თქვენ გიშველათ ღმერთმაო, გახარებული შემოგვეგება მამა,-მოვკალი ეს კაცი ცარიელი ყველი და პურისა და ლობიოს ჭამითო. სახელდახელოდ მივაშველეთ რაღაც-რაღაცები, დედა თეფშზე მილაგებდა, მე შემქონდა და სუფრაზე ვუწყობდი. -ხომ იცი სანდრო, ძალიან მეწყინება, თუ მომერიდები, არა გრცხვენია, ხო იცი მაგ საქმეში რა მხეციცა ვარ, ორ საათში მოვრჩები, შენ მარტო დამიძახე, როცა გაჯს იყიდიო, -ეუბნებოდა, -ბიჭო, განა დამვიწყებია, კუსია ძაღლივით რომ მიზიდავდი იმ ნახევრად გაყინულ, ჭიან კარტოფილებს, ეხლაც პირში მაქვს იმათი გემო, -ხელი მოხვია,ჩაეხუტა, ორივე ჩაკუჭკუჭდა,- ბიჭო, სიცოცხლე მაჩუქე და ოთხი კვ. კედელი რომ გამალესინო, მაგის გერიდება, ძმობას გაფიცებ, მაგრად მეწყინება, კიდევ კრინტი თუ დაძარი ამაზე... ჩემი გაოცებული მზერა რომ დაიჭირა, მამამ გამიღიმა, გაიცანი ეს ვახო ძიაა,ფაშისტებთან 4 წელი ერთად ვშპიონობდითო...თან მთვრალი კაცის გულიანი ხარხარი მოაყოლეს...სისხლი გამეყინა, ნუთუ მიხვდა , რაც ჩემს სულში ხდებოდა?...კარგა ხანს გაშტერებული შევყურებდი...მერე ვიგრძენი, როგორ გამეხსნა გული და როგორ მიჰყვა ჩემი შხამიც და ტკივილიც ამ სიცილს, მერე... მეც ავყევი, ვიცინოდით, ვხარხარებდით მე პატარა ბავშვივით, ისინი ჩემსავით და მაშინაც კი, ასეთი პატარა მივხვდი, რა დიდი დანაშაული მიუძღოდათ საბჭოთა სამშობლოს წინაშე ამ ლაღად მოხარხარე კაცებს...ნუთუ წყენის ნასახიც არ ჰქონდათ იმ ტანჯვის, დამცირების, ტკივილის გამო ჯერ იქ, ომში, შემდეგ ორმაგ ტყვეობაში, ჯერ მტრებთან, მერე კი შინაურებთან? ნუთუ ასე აპატიეს ყველას-სახელმწიფოსაც, სამშობლოსაც, მეზობლებსაც, ოჯახის წევრებსაც, საკუთარ შვილებსაც?... ღმერთო დიდებულო!... მამის გარდაცვალების შემდეგ უცნაური სიზმარი ვნახე, კოკისპირულად წვიმდა და აქაფებული ნიაღვრები მოაწყდა ჩვენს სოფელს. გლეჯდა და თან მიათრევდა ადევებული ტალღები, რაც გზად ხვდებოდა, შიში და ძრწოლა თარეშობდა...შიში, ძრწოლა და სიშმაგე...როცა ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მიწყნარდა, მაშინვე სასაფლაოსკენ გავვარდი...და შეძრწუნებისგან გავშეშდი. სულ ზემოთ ამოეყარა ნიაღვარს კუბოები, აქა-იქ მათ გარეშეც მოჩანდა მიცვალებულთა სხეულები. მამაჩემის კუბომდე რომ მივაღწიე აკანკალებული მუხლებით, ვხედავ მხართეძოზე წამოკოტრიალებულა ეს ჩემი მამიკო და იღიმის. იმ პატარა ჭინკასავით ვეცი გახარებული, ვკოცნიდი, ვეხუტებოდი. თან გიჟივით ვყვიროდი:ვიცოდი,ვიცოდი!მერე, ცოტა რომ დავწყნარდით, იქვე ჩამოვსხედით,კუბოს თავსახურზე. მოულოდნელად ამღერდა ჩემი ბელტიყლაპია, მთებიღეჭია მამიკო... ჟუჟუნა წვიმა მოვიდააააა, მღეროდა და თან მანიშნებდა ამყევიო. ხოდა ვისხედით ასე ყელმოღერებულები, ძმაკაცებივით ხელიხელგადახვეულები და ვმღეროდით: ჟუჟუნა წვუმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამა თქვას, გული გაუპოს დანამა... ამ სიზმრიდან გამოყოლილი ძალა და სილაღე მერეც ბევრჯერ წამშველებია ცხოვრებაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მიხარია, რომ წაიკითხეთ და გამომეხმაურეთ. სააღდგომო თუა, ბარემ ბედნიერ აღდგომასაც გისურვებთ! რაც შეეხება ჯონათანის შენიშვნას თუ კითხვას. მოთხრობას წერს უკვე დიდი "მამიკოს გოგო", ოღონდ იხსენებს პატარა "მამიკოს გოგოს" განცდებს.ასე დასაშვები იქნება ალბათ თან პატარასავით და თან დიდივით აზროვნება, რას იტყვით? ჭა ყოველთვის მანებივრებს ემოციური კომენტარებით, სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ ვწერო, განსაკუთრებული მადლობა ამისთვის! მიხარია, რომ წაიკითხეთ და გამომეხმაურეთ. სააღდგომო თუა, ბარემ ბედნიერ აღდგომასაც გისურვებთ! რაც შეეხება ჯონათანის შენიშვნას თუ კითხვას. მოთხრობას წერს უკვე დიდი "მამიკოს გოგო", ოღონდ იხსენებს პატარა "მამიკოს გოგოს" განცდებს.ასე დასაშვები იქნება ალბათ თან პატარასავით და თან დიდივით აზროვნება, რას იტყვით? ჭა ყოველთვის მანებივრებს ემოციური კომენტარებით, სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ ვწერო, განსაკუთრებული მადლობა ამისთვის!
3. უუფ...კარგი იყო აინინა...:-*
კითხვისასა... ემოციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს... ჯერ იყო ბავშვობა , ლაღი და ხალასი...აყვავებული ვენახისა და მიწის სურნელით გაჟღენთილი... მერე, მოზარდობისას .... ეჭვი...ფორიაქი...უნდობლობა...რომელსაც მამის ფრონტის მეგობარმა დაუსვა წერტლი და მერე... სიხარული....სიყვარული და რწმენა სიცოცხლის...:-*
მამის მოგონებებში კი, მეორე მსოფლიო ომი იდო, მთელი თავისი სიმძაფრით...
და ეს ყველაფერი იყო იმდენად ცოცხალი და განცდადი, რომ არც კი ვიცი, რა ვთქვა...ერთდროულად ვარ დაზაფრულიც და სიხარულითაც სავსე ... ნამდვილი სააღდგომო მოთხრობა იყო ეს ჩემი აზრით...:-* ვითომ მამის კულტმა იმოქმედა, სუბიექტური ვარ და ამიტომ მომეწონა ასე ძალიან?...:) არა მგონია...- ვნახოთ სხვები რას იტყვიან? 555
უუფ...კარგი იყო აინინა...:-*
კითხვისასა... ემოციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს... ჯერ იყო ბავშვობა , ლაღი და ხალასი...აყვავებული ვენახისა და მიწის სურნელით გაჟღენთილი... მერე, მოზარდობისას .... ეჭვი...ფორიაქი...უნდობლობა...რომელსაც მამის ფრონტის მეგობარმა დაუსვა წერტლი და მერე... სიხარული....სიყვარული და რწმენა სიცოცხლის...:-*
მამის მოგონებებში კი, მეორე მსოფლიო ომი იდო, მთელი თავისი სიმძაფრით...
და ეს ყველაფერი იყო იმდენად ცოცხალი და განცდადი, რომ არც კი ვიცი, რა ვთქვა...ერთდროულად ვარ დაზაფრულიც და სიხარულითაც სავსე ... ნამდვილი სააღდგომო მოთხრობა იყო ეს ჩემი აზრით...:-* ვითომ მამის კულტმა იმოქმედა, სუბიექტური ვარ და ამიტომ მომეწონა ასე ძალიან?...:) არა მგონია...- ვნახოთ სხვები რას იტყვიან? 555
2. კარგი მოთხრობაა.
გოგონას ასაკმა დამაბნია ცოტა- თითქოს პატარაა და დიდივით აზროვნებს, ფიქრობს...
კარგი მოთხრობაა.
გოგონას ასაკმა დამაბნია ცოტა- თითქოს პატარაა და დიდივით აზროვნებს, ფიქრობს...
1. კარგი იყო, აინინა კარგი იყო, აინინა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|