ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2016


გ ა დ ა ბ ა დ ე ბ ა

წიგნს რომ გადაშლი,
მხოლოდ იმიტომ,
რომ უნდა ფურცლო
და მერე ხვდები,
შინაარსი მის არსსა შინა
არ არსებულა
და ისე გიჭირს დაჯერება,
რომ ორ ყდას შუა
არ შეიძლება არაფერი იკითხებოდეს.

ისე ვით შენში დაცოცავენ
მწერები მწირი რაოდენობით
და წარმოსახვით ჭიანჭველებს ბრძოლას უცხადებ.
ვთქვათ, ორ ინდივიდს ერთმანეთს აბამ
და წითელ ტანზე უსუსური შავი სახსრების
ყურება მერე სახსრებში გამტვრევს,
როგორც დამწყების დაკრული ჯაზი.

და მეორდები ისევ და ისევ,
თითქოს შენ შენ ხარ
და არ არსებობს ის მეორე,
რომელიც გიხსნის არავისაგან.
აღარ არსებობს ის პირველიც,
რადგან ბოლოა
და არც მესამე არსებულა
რომ არარსებულ
პირველსა და მეორეს შუა
არაობიდან რაობაში ამოიწვეროს.

და მალე ალბათ გამაგიჟებს მოწყენილობა,
რადგან ერთადერთ აზრიან საქმედ
წვეროსან ქარის წისქვილებთან ბრძოლა მგონია.

ვიდრე გენური ინჟინერიის მამამთავრები
გადაბადებას არ გახდიან ხელით შესახებს,
ტყუილად ბორგავ,
შემოიხვიე ყველა კადრი, ყველა ფურცელი
მოჩვენებითი გაზაფხულიდან,
ჩაითბუნე და მეორე წრემდე
პოლარულ ძილს მიეცი თავი.

31.03.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები