ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2016


ჩემი ბავშვობის კანიონი

ჩემი ბავშვობის კანიონი

  თუ სწორად მახსოვს, კანიონი პირველად ლერი ტერელაძემ- ჩვენი უბნის შეუვალმა ინტელექტუალმა- უწოდა. მამამისი სკოლის მასწავლებელი იყო და ჩვენგან განსხვავებით, ლერის წაკითხული ჰქონდა მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი, მაინრიდი და ეგეთი სქელტანიანი წიგნები. ჩვენ კი- წაუკითხავები- უბრალოდ „ხევს” ვეძახდით, ოფიციალურად კი ნახალოვკის ხევი ერქვა. იმ მიდამოებში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს ბინძური, ყავისფრად ჩაშავებული და იდუმალი ადგილი ნამდვილი დისნეილენდი იყო, თუმცა მაშინ ამგვარი ამერიკული სამოთხის შესახებ წარმოდგენაც არ გვქონდა. იქ ვთამაშობდით ომობანას ჩვენ და ხევგაღმელები შურდულებითა და გაფისული კომბლებით შეიარაღებულები, ვიმალებოდით გაბუტულები, როცა მშობლები წაგვეჩხუბებოდნენ, ჩავდიოდით „საიდუმლო” საქმეების გასარჩევად. მოზრდილთათვის კი ის უბრალოდ ნაგავსაყრელი იყო. ამ მიდამოებს ჩვენს თვალში შავ რომანტიზმს ისიც მატებდა, რომ ამბობდნენ- ლოტკინელი ქურდები ღამ-ღამობით აქ ყომარს თამაშობენ და გაფუმფლოებულებს აქვე მარხავენო. ეს კანიონის მისტიკურ ხიბლს წარმოადგენდა. ერთი სიტყვით, ეს ადგილი ჩვენი ყმაწვილური, ყოვლის შემსრუტავი ფანტაზიის სარბიელი იყო. იმ დროზე მოგახსენებთ, როცა გვეგონა, რომ ტელევიზორს მაინცდამაინც ერთი არხი უნდა ჰქონოდა და იმასაც მარტო ოთხ  საათს ემუშავა. მულტფილმების სია კი მხოლოდ ორი დასახელებით ამოიწურებოდა: „ჩხიკვთა ქორწილი” და „მტრობა”. როცა ნაძალადევში პატარა სკვერიც კი უცხო ეგზოტიკა იყო, ხოლო ვიწრო ქუჩები ძველი რევოლუციონერების სახელებს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორი გვარწმუნებდა, ამ რევოლუციური წარსულით უნდა გვეამაყა და აღლუმის დროსაც კოლონას სწორედაც ლენინის რაიონის მუშები მიუძღვოდნენ, ჩვენთვის- ბავშვებისთვის- არც კახიანი ნიშნავდა რამეს, არც ინწკირველი და მით უმეტეს, არც ჩოდრიშვილი.
  ხევის გარდიგარდმო ფერდობებზე შეფენილი ეს კოლორიტული უბანი სავაგონე დეპოს ურჩ მუშებს- გუშინდელ გლეხებს- დაეფუძვნებინათ თავის დროზე მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად. ბევრჯერ უცდია მაშინდელ პოლიციას ამ ქოხმახების დანგრევა, მაგრამ ისინი ღამ-ღამობით სოკოებივით ამოიზრდებოდნენ თურმე. მთავრობაც ბოლოსდაბოლოს შეგუებია. ნაძალადევიც იმიტომ უწოდებიათ. ამას ჩვენი უბნის „ზროსლები” ყვებოდნენ აშკარა უპირატესობის განცდით, როცა სამუშაოს შემდეგ (მაშინ ყველა მუშაობდა) ქუჩაში გამოეფინებოდნენ სულის მოსათქმელად და ქვეყნის ამბის გასარჩევად. ეს კი თათარიახნი სუფრისა და თხლაშო არაყის გარემოცვაში უკეთ გამოუდიოდათ.
  გვეამაყებოდა, რომ ჩვენს ხევზე სიმღერაც არსებობდა. ოღონდ ეს სიმღერა უჩვეულოდ თხელ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი, რომელზეც რაღაც გაურკვეველი ფიგურები იყო გამოსახული და შავი ასოებით ეწერა „ჰამლეტა და ბენო”. ეს ფირფიტები რატომღაც ჩუმად ვრცელდებოდა. ამ სიმღერაში, მე რომ მოგახსენებთ, დოლ-გარმონის აკომპანიმენტით სოლისტი გამწარებული მოსთქვამდა:

„ჩაგიყვანე ნახალოვკის ხევშია,
გოგოვ ტკბილად გეხვეოდი ყელშია.
მეც კი შევცდი ჩემ ალალი გულითა...”

და ა. შ.ამ მონანიე სიტყვების ნამდვილი აზრი ჩვენ- ბავშვებს- არ გვესმოდა, მაგრამ რაღაც აკრძალულისა და თამამის სურნელს ატარებდა.  კანიონის დამრეცი კალთები საინტერესოდ სახიფათო საცდურს წარმოადგენდა. ე. წ. მყრალი ხეებით და უშნო ბალახით იყო დაფარული, ოღონდ უფრო დაბლა ფსკერთან. ფსკერზე კი ამ „გრანდიოზული” ხევისთვის შეუფერებლად პატარა ღელე მოწანწკარებდა. ეს ციცქნა რუ დიდ წვიმებში იწყებდა ბობოქრობას,. ან მაშინ, როცა ჯუმბერა დიდი ზარზეიმით დააგუბებდა ხოლმე. ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და იშვიათიც, რადგან უფროსები გვიგრძალავდნენ- მაგ ბინძურ წყალში ჩასული არ დაგინახოთო. ჯუმბერა ჩვენი საძმოს ატამანი იყო და განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტითა და კიდევ უფრო დიდი თავით გამოირჩეოდა. ერთხელ, შებინდებისას ყველა ხევში დაგვიბარა. საღამოობით მხოლოდ განსაკუთრებული საქმეებისთვის ვიკრიბებოდით. ეს ჩვენს ცნობისმოყვარეობას უფრო ამძაფრებდა. ჯუმბერა ზედა მხარეს მოექცა და რევოლუციურ ფილმებში რომ გვენახა, ზუსტად ისე,  მნიშვნელოვანი სახით გამოგვიცხადა: „ჩვენი ხევის ამბავი მჟავანაძეს გაუგია და ცუდ ამბავს გვიპირებენ. (პაუზა) ამოვსება უნდათ”.
  უმეტეს ჩვენთაგანს ეს გვარი არაფერს ეუბნებოდა. ჯუმბერას განცხადებაც ამაზე იყო გათვლილი. „მჟავანაძე ვინ არის”?- იკითხა ყველაზე ტანმორჩილმა ჩვენს შორის- ხაშნიკამ. (ხაშნიკებს ლიმონათის გაბრტყელებულ სახურავებს ვეძახდით, რომლის თამაშში ის გამორჩეულად დიდ შნოს ამჟღავნებდა.) ”მჟავანაძე არ იცი, ბიჭო? გაზეთები არ მოდის თქვენში.”- თქვა ავტორიტეტულად ჯუმბერამ. ხაშნიკა დადუმდა. ქვეყნის მაშინდელი მმართველის სახელისთვის ყური უფროსი მამაკაცების ლუდის სმის დროს მომეკრა და მხოლოდ გინების თემად ვთვლიდი. ჩვენი კანიონის კონტექსტში მისი ხსენება რაღაც განსაკუთრებით სახიფათოზე მეტყველებდა. უფრო კი ის გვაინტერესებდა, როგორ უნდა ამოევსოთ ამხელა ხევი. ”ტყუილი იქნება,- ვთქვი ბოლოს მე. ამდენ მიწას სად იშოვიან?”- ”ტვინი უნდა გაანძრიო, ბიჭო, მაგას რომ ამბობ”- დამცინავად წარმოსთქვა ჯუმბერამ. მივხვდი ასე აშკარა ეჭვი მის ნათქვამში არ უნდა შემეტანა. თუმცა ჯუმბერას სულ სხვა არგუმენტი აღმოაჩნდა ჩემი ეჭვის გასაცამტვერებლად. „შენი აზრით მეტროს რომ აშენებენ, (მაშინ მეტროს გრანდიოზული მშენებლობა იწყებოდა) იმდენი მიწა სად უნდა წაიღონ?”- ეს ფაქტი თავისი ლოგიკით დამანგრეველი აღმოჩნდა. ვინანე, რომ ასე გულუბრყვილოდ გავიყიდე. „მერე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?”- იკითხა ჩობანამ, რომელიც განსაკუთრებით პროტესტანტული ბუნებით გამოირჩეოდა. „შტაბი უნდა შევქმნათ და იქ დავგეგმოთ,  რაუნდა ვქნათ. ჯერჯერობით კი ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს. დაიფიცეთ!” ყველამ დავიფიცეთ.
  შტაბი საგანგებო ადგილას, მყრალი ხეების კორომში მოვაწყეთ. ამ კორომს ბუჩქნარი ფარავდა და შორიდან ვერ შეამჩნევდით. თუ შტაბში ჯუმბერა არ იმყოფებოდა, არავის ჰქონდა შესვლის უფლება. როცა ადგილზე იყო ხის ამობრუნებულ ყუთზე ჩამომჯდარი (ავეჯის ნაკლებობას განვიცდიდით) მაშინაც ვერ შეაღწევდი, თუ პაროლს „თავისუფალი კანიონი” არ წარმოსთქვამდი. პირველად მაშინ გავიგე სიტყვა „ბლინდაჟი”, თუმცა ეჭვი მაქვს, მისი მნიშვნელობა არცერთმა ჩვენგანმა ბოლომდე არ იცოდა. ვსაუბრობდით ძირითადად შენიღბვასა და მტრისთვის კვალის არევაზე. გაღმელების არასაიმედობაზე. მტერი ვინ იყო, კარგად არ გვესმოდა. უფრო სწორად ისიც იდუმალების ბურუსში იყო გახვეული და კრებსითი სახელი- მჟავანაძე ერქვა.
  გადიოდა დრო. მთავრობის ვერაგული განზრახვა ნელ-ნელა ისხამდა ხორცს. გახშირდა მეტროს მიწით- ჩვენი აზრით- გადავსებული თვითმცლელი მანქანების მოძრაობა, თუმცა გახშირების კვალობაზე თვალიც შეეჩვია და ვეღარც ვამჩნევდით. მალე ხევის ფსკერზე გიგანტური მილების დამონტაჟებაც დაიწყეს. ეს უკვე ჯუმბერას საიდუმლო ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებდა. თუმცა ჩვენში ინტერესს უფრო აღვივებდა, ვიდრე პროტესტს.
  ჯუმბერა მამამისის ძველი დურბინდით უთვალთვალებდა ამ მოძრაობას, რადგან შტაბში მოხვედრა უკვე სახიფათო გამხდარიყო და საიდუმლო რვეულში ინიშნავდა რაღაცას. იმ რვეულს საკუჭნაოს კიდობნის უკან მალავდა.
  ნელ-ნელა ივსებოდა ჩვენი ხევი, ჩვენი ბავშვობის კანიონი. მიწის ცივი ბელტების ქვეშ სამუდამოდ ინაცვლებდნენ ჩვენი ფანტაზიის მაჯლაჯუნები, რაინდული თავგადასავლები, საბრძოლო ეპიზოდები, ეგზოტიკური ხილვები.  მალე  ბულდოზერებმაც  დაიწყეს მძიმე ხვნეშით მიწის ჩიჩქნა.
  ჯუმბერა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებული ინდიელების რომელიღაც ბელადივით კუშტად უმზერდა ყოველივეს და ღირსებაშენარჩუნებულის ნირს არ ჰკარგავდა.
  ამასობაში, ხევის პირას მცხოვრებმა ზოგიერთმა მოსახლემ დრო იხელთა და ეზოს ღობე პოტენციური ქუჩის მიმართულებით გადასწია, რითაც საგრძნობლად გაზარდა თავისი კარ-მიდამო. მანამდე ოღრო-ჩოღრო ტროტუარების სახით არსებული ქართლელი ძმების- ჩოდრიშვილების- სახელობის ქუჩა ნელ-ნელა სოლიდურ ტრასას ემგვანებოდა.
  ერთხელ ჩვენს შორის ყველაზე ინფორმირებულმა- ლერი ტერელაძემ თქვა- „მამაჩემს თავისმა ძმაკაცმა- არქიტექტორმა- უთხრა: ამოვსებულ ხევზე ტრამვაი უნდა გაიყვანონო.” „როგორ, ტო, ჩვენს ხევზე?” „ჯერ ქუჩას გააკეთებენ ტროტუარებით და მერე. ის კი არა, გახსნაზე მჟავანაძე მობრძანდებაო.”- გააგრძელა ჩვენი გაოცება ლერიმ, რითაც ჯუმბერას ავტორიტეტი საგრძნობლად გაზარდა.
  ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც საზეიმოდ გაიხსნა ტრამვაის ახალი ხაზი. შეკრებას მცირე ჯგუფი დაესწრო, ნახალოვკელს მათში ცოტას თუ შეამჩნევდით. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ გახსნას მჟავანაძე კი არა, რაიონის რიგითი დეპუტატი ესწრებოდა. ამან ნახალოვკელების ერთ ნაწილში იმედგაცრუება გამოიწვია, მეორეში- თავმოყვარეობის შელახვა. ჯუმბერამ კი, რომელიც ყოველივეს საიმედო საფარიდან აკვირდებოდა, ეს გარემოება ასე ახსნა: „აბა თვითონ ხო არ გამოჩნდებოდა, ბიჭო. აზრზე მოდი” ეს სიტყვები რატომღაც ჩუმად წარმოსთქვა, ეტყობა კონსპირაციული მოსაზრებით.
  ცოტა ხანში ახლადდაგებულ ლიანდაგზე საგანგებოდ შეღებილი ტრამვაის ვაგონი ამოსრიალდა. მიტინგის მონაწილე ხელმძღვანელი ამხანაგები (მაშინ ასე უწოდებდნენ) ამაყად ავიდნენ ვაგონში და სახეგამტკნარებულები აუყვნენ ახალ გზას, რომელიც ჩვენი კანიონის კვალს მიუყვებოდა. ვატმანის კაბინაში საზეიმო ფორმაში გამოწყობილი კაცი ყინჩად გადმოსცქეროდა ხალხს.. მიუხედავად უჩვეულო კოსტუმისა, ქუჩის ტროტუარებზე მოფენილ ნახალოვკელებს არ გასჭირვებიათ ანზორა ბოქოლიშვილის ამოცნობა, რომელსაც უბნელები სუფრაზე არ ეძახდნენ, რადგან სიმთვრალეში ბუინი სჩვეოდა. ამის გამო ჩამოექვეითებინათ მემანქანიდან ტრამვაის ვატმანად. ლოტკინელი ანზორას ფაქტორმა იმდღევანდელ ღონისძიებას საბოლოოდ ჩამოაშორა საზეიმო შარავანდედი.
  ჯუმბერა კი- ჩვენი ბავშვობის კანიონის უიღბლო მცველი- იმ დღიდან მეტროს რატომღაც არ სწყალობდა.

    2016, VIII

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები