ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"ცხოვრება პინგ-პონგია".
გურამ რჩეულიშვილი
ბართლომე (თავი მეთერთმეტე)
ამასობაში თვეზე მეტი გავიდა, რაც მელანო და მე ერთად ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის სრული იდილია სუფევს, რადგანაც მელანოს საშინელი მექალთანე ვგონივარ, თან იცის, რომ ალაგ-ალაგ ლექსებსაც ვუწერ გოგონებს და ჩემს "მუზებთან" ხშირად მაქვს მსუბუქი ფლირტი, იშვიათად სოციალური ქსელის გარეთაც.
პრინციპში, მელანოც ასე გავიცანი, thanks to Zucki და მას სრული უფლება აქვს საფუძვლიანი ეჭვები ჰქონდეს ჩემს მიმართ. პატარა ბავშვივით მამოწმებს ხოლმე.
"ბართლომე, რას შვრები?", "მალე მიხვალ სახლში?" "სამსახურში რა ხდებოდა?" "ნასვამი ხომ არ ხარ?" "Facebook-ზე რატომ არ გამოჩნდი გვიანობამდე?"
მოკლედ, მკაცრი კონტროლის ქვეშ ვყავარ, ერთად თუ არ ვიმყოფებით იმ მომენტში.
სულ რამდენიმე წლითაა ჩემზე უფროსი, მაგრამ ჩვენს შორის ასაკობრივი ზღვარი არ არის გავლებული.
მელანო 37 წლისაა, მე კი სექტემბერში 29 წლის შევსრულდები.
დაბადების დღე ივლისში აქვს. ვიცი, რომ პოეზია ძალიან უყვარს და ამიტომ საჩუქრად ჩემი მეგობრის ლექსების კრებული ვაჩუქე, "Postალიონური", რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მეგობარ პოეტსაც გიორგი ჰქვია. ის რიგით მეოთხე გიორგია აქამდე მონათხრობ ტექსტებს შორის, თუმცა შემდეგ ორ თავში მე სულ სხვა გიორგების შესახებ ვაპირებ მოგითხროთ.
მათგან პირველს თითქმის ყოველ დილით ვხვდები ვაგზლის მოედანზე, მეტროში, მეორე ხაზზე გადასასვლელ ალაგას რომ გაცდები, "ბავშვთა სამყაროს" მხარეს ამოსასვლელ ესკალატორთან ზის და ხელი აქვს გამოწვდილი.
დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გეყოლებათ შემჩნეული და შესაძლოა ხურდაც ჩაგიყრიათ მის მწვანე, პლასტმასის ჭიქაში.
რაც შეეხება მეორე გიორგის, გონის დაკარგვამდე მისული ვნახე თუმანიშვილის თეატრთან, არყის და ფსელის სუნად ყარდა, ეტყობა ჩაიფსა, არკაში ჩასვლას ცდილობდა, რომ სადმე მიგდებულიყო და დაეძინა.
მივედი და რის ვაი-ვაგლახით ჩავიყვანე "სამშვიდობო" ადგილას, სხავათა თვალს რომ მოვეფარეთ, იქვე ხის ძირას დავსვი უპატრონოდ მიტოვებულ საოფისე, გორგოლაჭებიან სკამზე და მისმა მონაყოლმა ამბავმა შემძრა და კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა საშინელ სენზე-ნარკომანიაზე.
მელანოს ისტორიის შემდეგ არ მეგონა კიდევ თუ შემზარავდა რაიმე...
თუმცა, დასაწყისისათვის იმ გიორგიზე მოგიყვებით, რომელსაც მეტროში ვხვდები ხოლმე თითქმის ყოველდღე.
გიორგი დეკანოიძე უკვე ჩემი მეგობარია. ყველაზე პოზიტიური ადამიანია მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.
ბუნებრივია, რთულია პოზიტივს ხედავდე იმაში, რომ ხელგამოწვდილი ადამიანის სტატუსი გააჩნია შენ მეგობარს, მაგრამ ყველა მედალს ორი მხარე აქვს.
შემდეგი თავი მედლის უკეთესი მხარის წარმოჩინებას დაეთმობა.
----------------------------------------------------------------------------------------
მელანოMANia
"amicicia vitam ornat".
"მეგობრობა ცხოვრებას ამკობს".
ბართლომე (თავი მეთორმეტე)
გიორგი სრულიად შემთხვევით გავიცანი, თუმცა გზადაგზა ვგრძნობდი, რომ ეს გარდაუვალი იყო.
რამდენჯერმე თავქუდმოგლეჯილმა ჩავურბინე წინ, ერთხელაც მარჯვენა ხელი გამომიწოდა სალმის ნიშნად, თან ხელი შორიდანვე ამიწია, შესაძლოა იფიქრა არ მომესალმება ან ვერ მოვასწრებო მის შეჩერებასო...
სალამი ღვთისააო და მეც გამოწვდილ ხელს მეგობრულად ჩამოვართვი ჩემი მარჯვენა ხელი, ერთმანეთს უცებ გავუგეთ. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, ბევრს არაფერს ვუბნობდით, როგორც წესი, უბრალოდ ხმადაბლა ვეტყოდი ხოლმე: აბა, წარმატებული დღე, შენი იცი, არ შემარცხვინო, მეთქი...
მუდმივად იღიმოდა ხოლმე ამ სიტყვებზე, თუმცა უკანა გზაზე არცერთხელ შემხვედრია, ეტყობა ადრე მიდის ხოლმე შინ, ან სულაც მიჰყავთ. მუდმივად ზის, რაღაცნაირად ირწევა ხოლმე და ისეთი უმწეო ჩანს ამ ქაოსში, რომ გული სიბრალულით მევსება, მგონი, დამოუკიდებლადაც კი ვერ გადაადგილდება თავისით...
ერთხელაც ისე მოხდა, რომ ჯიბეში რაღაც ხურდები მეყარა ზედმეტად. გამომუშავებაზე მყოფი სადაზღვევო აგენტი ყოველთვის გამოზოგილად მოძრაობს, მცირედი თანხითაც.
სამსახურში კი ვჩქარობდი, მაგრამ 2-3 წუთი აღარაფერს მიწყვეტდა. მივედი გიორგისთან და ხურდა მოვიჩხრიკე, რაღაცნაირად შეიშმუშნა, იუხერხულა ეს საქციელი, ჭიქა უკან გაწია, ისე თითქოს, ჩაყრის მაგივრად ამოღებას ვაპირებდი ხურდების...
-შენგან ხურდას ვერ ავიღებ-მითხრა და თავი ძირს დახარა, ფეხებზე დაიხედა და ჭიქა ძირს დადო, მარჯვენა ხელი გაითავისუფლა და გამომიწოდა.
მივხვდი, რომ მიცნო და საოცარმა სიამაყემ შემიპყრო, რადგან მის თვალწინ დღეში ათასი ჩემნაირი ადი-ჩამოდის, მან კი დინჯად მოსიარულე, გაწონასწორებულ ადამიანში მუდმივად სწრაფადმავალი და ქოშინა ბართლომე ამოიცნო.
-გამარჯობა, მიცანი?-ვკითხე მე.
-გაგიმარჯოს! რავა არ გიცანი შე კაცო, ბართლომე არ ხარ შენ?-მიპასუხა იმერულ კილოზე.
-კი, მაგრამ... საშინლად დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, აღარ შევიმჩნიე და ვუთხარი შენი სახელი გამახსენე მეთქი?
-გაგახსენო რავა, იცი თუ?-გულიანად გაიცინა და მითხრა გიორგი მქვიაო.
აქ კი მე გადავიხარხარე დასაშვებზე მეტი ხმით და მგზავრების ყურადღებაც მივიპყრე, ზოგმა ესკალატორიდანაც კი ჩამომხედა.
მერამდენე გიორგია, აღარც ვითვლი უკვე, ღმერთო ჩემო, ყურებს არ ვუჯერებდი...
ზოგჯერ საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ წინა ცხოვრებაში მეც გიორგი მერქვა და გზადაგზა ჩემ განვლილ ცხოვრებას ვხვდები კადრებად დალაგებულს, მხოლოდ ასე თუ შემიძლია იმ ფაქტის ახსნა, რომ ყველა შემხვედრ ადამიანს მაინდამაინც გიორგი ჰქვია.
საკმაოდ ბევრი ვიუბნეთ, არ ვაპირებდი ამდენ ხანს შეჩერებას, მაგრამ შევყევით, რომ იტყვიან.
გავიგე, რომ 23 ნოემბერს აქვს დაბადების დღე, გვარად დეკანოიძეა და ჭიათურელია.
გამომიტყდა, რომ ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს ბართლომეს დანახვა, რადგანაც ღიმილის მომგვრელია ჩემი მუდმივი დაგვიანება, რის გამოც სულ ვჩქარობ და შეშლივით ჩავუქროლებ ხოლმე წინ, ისიც მითხრა, რომ ჩემ გარდა იშვიათად თუ პასუხობს ვინმე მის გამოწვდილ ხელს, ოღონდ სალმისთვის მომართულს.
მეგობრულად ჩავეხუტე და გამომშვიდობების წინ ხელზე ვაკოცე, მას შემდეგ ამ რიტუალს ყოველ დილით ვასრულებ, თუ გიორგი ადგილზე მხვდება, ბოლოს თავად დავუწყე ხელის გაწოდება სალმის სათქმელად.
ცოტათი რომ მოვშორდი გიორგის, ნიშნის მოგებით მომაძახა: "ბართლომე, საღამოს ადრე დაწექი და დილით ძლიერი ყავა მიიღე, გამოგაფხიზლებსო"!
შემოვტრიალდი, მადლობის ნიშნად შორიდანვე თავი დავუქნიე, მერე გავტრიალდი, უკვე ესკალატორის ზღურბლთან ვიდექი და კიბეები სწრაფად ავირბინე, ახლა უკვე ნამდვილად მაგვიანდებოდა სამსახურში, რადგან 2-3 წუთის მაგივრად ლამის საათით შევყოვნდი გიორგისთან...
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


მელანოMANia
"ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან სჯულსა უფლისასა".
ფსალმუნნი, კანონი მეჩვიდმეტე
ბართლომე (თავი მეცამეტე)
"რაც შეეხება მეორე გიორგის, გონის დაკარგვამდე მისული ვნახე თუმანიშვილის თეატრთან, არყის და ფსელის სუნად ყარდა, ეტყობა ჩაიფსა, არკაში ჩასვლას ცდილობდა, რომ სადმე მიგდებულიყო და დაეძინა.
მივედი და რის ვაი-ვაგლახით ჩავიყვანე "სამშვიდობო" ადგილას, სხავათა თვალს რომ მოვეფარეთ, იქვე ხის ძირას, დავსვი უპატრონოდ მიტოვებულ საოფისე, გორგოლაჭებიან სკამზე და მისმა მონაყოლმა ამბავმა შემძრა და კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა საშინელ სენზე-ნარკომანიაზე.
მელანოს ისტორიის შემდეგ არ მეგონა კიდევ თუ შემზარავდა რაიმე".
სწორედ ასე ვიწყებდი თხრობას გიორგის შესახებ მეთერთმეტე თავში, მაგრამ მაშინ ვარჩიე სხვა ისტორია მომეყოლა თქვენთვის, ახლა კი ამ ამბავსაც მოგითხრობთ:
სლუკუნებდა და ასლოკინებდა შიგადაშიგ, წყალი გამოვუტანე ოფისიდან, ბოთლი მონიკას გამოვართვი, მონიკა კვიმსაძეს, ჩემ მეგობარსა და ამავდროულად თანამშრომელს.
ჩვენი back office-ს წინკარი საკმაოდ კარგი მოსასვენებელი ადგილია, შესასვლელთან ჩამოსასვლელ გზაზე დგას დიდი ხე, რომლის ჩრდილში ხშირად მინახავს გადაღლილი, ფეხით მოსიარულე ადამიანი, შესვენების მიზნით გაჩერებული.
ალბათ მონიკა ფიქრობდა, რომ ბოთლი სხვა მიზნობრიობით მჭირდებოდა და ნიშნისმოგებით გაეღიმა, როცა მინერალური წყლის პლასტმასის სათავსო მომაწოდა, თუმცა საუკუნეა დამატებითი დანიშნულებით არ გამომიყენებია ის, წელიწადზე მეტია კანაფის მოწევას შევეშვი.
მოკლედ, წყლითა და რამდენიმე ღერი სიგარეტით გიორგისკენ ავიღე გეზი, ძირს ეგდო, ეტყობა ვერ შეიკავა თავი, ისეთი მთვრალი იყო, დაძინებას აპირებდა, მაგრამ ჩემი დანახვისას უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სკამზე უკან დაბრუნება სცადა.
შერცხვა და თვალი ამარიდა, როცა გააცნობიერა რომ მარტო აღარ იყო და ბოლოს მაინც დახმარება მთხოვა, დაჯდომაში დავეხმარე და წყალი გავუწოდე.
ძლივს გადაუვიდა ორი ყლუპი და საშინელი ხველა აუტყდა.
-"სი, სი, გარეტ, სიგარეტი გაქვს?"-მკითხა სლოკინით და ჩასისხლიანებული, უძილო, აწ, უკვე ცრემლიანი თვალებითაც შემომხედა.
ხმაამოუღებლად მივაწოდე, მერე მოვუკიდე და ჩემი მეგობრის, გიორგის სიტყვები გამახსენდა, პოეტის:
"დავსხდეთ და ფინჯანი ყავიდან დავიწყოთ
სამყაროს შეცნობა ღმერთიდან-ნოემდე"...
იქვე:
"ასეთ დროს თამბაქო უხდება საუბარს,
აპრილის უბრალო და გრილი ნიავი"...
და თუმცა ყავის ნაცვლად წყალი გვქონდა, აპრილის ნიავის მაგივრად კი ფერიცვალებამდელი აგვისტოს ხვატი გვიდუღებდა ტვინს, გულდასმით მოვუსმინე მის ლუღლუღს:
"ზუსტად ერთი წლის წინ, 13 აგვისტოს, ჩემმა შვილმა საკუთარ დაბადების დღეზე, ბიჭებთან ერთად გაიჩხირა და დაიბრიდა.
ვაიმე, შვილო, რა მიყავი ეს? რატომ მომკალი დროზე ადრე?
რას მერჩოდი? იმ დღეს 19 წლის შესრულდებოდა.
სანამ ბოლო გოროხ მიწას მიაყრიდნენ, საფლავში ჩავხტი და ვყვიროდი: "მეც მასთან ერთად დამმარხეთ, ჩემ სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს?"
მის კუბოს ვეხუტებოდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
იმ დღეს ჩემ შვილთან ერთად მეც მოვკვდი, მაგრამ მე არ დამკრძალეს სამწუხაროდ მასთან ერთად!
ბოლოს ჩემმა ძმამ და რძალმა ამომათრიეს იქიდან...
მთელი დარჩენილი ზაფხული და შემოდგომის ნახევარი, სანამ აცივდებოდა, მის საფლავზე მეძინა, გავლოთდი, ცოლმა მიმატოვა და ახლა აღარავინ მყავს"...
მივხვდი, რომ მეტს აღარაფერს მეტყოდა, რადგანაც სიმთვრალენარევმა ტირილმა ძილი კიდევ უფრო მეტად მოგვარა და ზუსტად რამდენიმე წუთში მკვდარივით მიეძინა.
გიორგის ჩემი ცრემლები არ უნახავს...
ოფისში შევტრიალდი და სამზარეულოში შევიკეტე...
საათზე მეტხანს ვიჯექი და ვსლუკუნებდი.
ბოლოს, როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და გავედი, მაგრამ გიორგი აღარ დამხვდა ადგილზე.
ძალიან ვინანე, რომ ხურდა არ მივეცი, მახსოვს ამბობდა მუხათგვერდში უნდა ავიდეო, მაგრამ ვიფიქრე, რომ იმ ფულსაც სასმელში გადაყრიდა.
წყლიანი ბოთლის გვერდით "ფსალმუნნი" შევამჩნიე, ალბათ გიორგის ამოუვარდა ჯიბიდან, შვილის სურათით ჰქონდა მე-17 კანონი ჩანიშნული.
მას შემდეგ თან დამაქვს მისი "ფსალმუნნი", მაგრამ გიორგი აღარ მინახავს, ზოგჯერ 118 -ე ფსალმუნს თავადაც ვკითხულობ გიორგის შვილის და სხვათა სულის მოსახსენიებლად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები