 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2016 |
"მეგობარი ის ადამიანია, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ." ალბერტ ჰუბარდი თავი მეთექვსმეტე ამ თავში თქვენთვის პირველი უთანხმოებისა და ჩხუბის შესახებ ვაპირებდი ამბის მოყოლას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დღე მშვენივრად დაიწყო და საბოლოოდ ალოგიკურად დასრულდა. დილით, Facebook-ზე შესულს, პირად წერილებში მეგობრის, გვანცა არევაძის შეტყობინება დამხვდა: "ბართლომე, ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე ასეთი რამ, მოვყვე ბართლომეზე ჩემი გადმოსახედიდან. ბართლომე არის ადამიანი, რომელიც თავის ასაკთან სრულიად შეუთავსებელი მეჩვენება. ხო, აი ასე, მგონია, რომ შემთხვევით დაიბადა სხვა დროებაში და თუ სხეულის გარდა, სხვა რამეც არსებობს, მას აუცილებლად ჩემზე პატარა ასაკის სული აქვს. თავისებური ადამიანია და მისნაირი სხვა მართლა არავინ შემხვედრია, თითქოს საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობს და მხოლოდ საჭიროებების გამო ეშვება ხოლმე მიწაზე. სამსახურშიც აუცილებლობის გამო დადის, თუმცა მგონია, რომ რამდენიმე კარგ მეგობარს ნამდვილად შეიძენდა ჩვენთან, თან ადამიანებთან ურთიერთობისას ბევრ საინტერესო ისტორიას გადააწყდება და ინახავს გონებაში, მერე კი აუცილებლად წერს. რამდენიმე დღის წინ, საჭმელად ერთად გავედით და პატარა ბავშვს გამოელაპარაკა, მან უთხრა გიორგი მქვიაო და იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ რომელიმე ახალ თავში მორიგ გიორგის შევხვდებოდი. წერის მისეული ნიჭი ყველას უყვარს ჩვენთან. მართლა, მელანომანიას ყველა კითხულობს, შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ ეს ასეა. ჩემთან ერთად თითოეული მათგანი ყოველ დილით ელოდება ახალ თავს და რაღაც მომენტში ბართლომეს ცხოვრებით ცხოვრობს, გულდაწყვეტილი კითხულობს მორიგი თავის ბოლო სიტყვებს და ეუფლება შეგრძნება, რომ მეტი და მეტი უნდა. ხო, ბევრი ცხოვრობს ბართლომეს ცხოვრებით, დაწყებული ბაღის ღამისეული ისტორიებით, დამთავრებული სააბაზანოს სცენებით... ხოდა ახლაც, ბართლომე, ველით მორიგ თავს." სიამაყესთან და მოულოდნელ სიხარულთან ერთად შევნიშნე, როგორ შემომეპარა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაც მეგობრების და მეტწილად იმ მკითხველის წინაშე, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ მიცნობენ და შესაძლოა, ვერც კი გამიცნონ. მადლობა, გვანცა! დღის მანძილზე სხვა შეტყობინებებიც მომივიდა. საღამოს ერთიანად ჩამოვუარე ყველას, განსაკუთრებული არაფერი, მოკითხვების ბანალური დასტა... ჩემი ყურადღება ერთმა მესიჯმა მიიპყრო განსაკუთრებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანი ჯერ შეხვედრას მთხოვდა, შემდეგ ღამის ერთად გატარებას, თან ამ ყველაფერს ბართლომეს უფრო ახლოდან გაცნობის სურვილით ხსნიდა. ბევრი საუბარი ნამდვილად არ დაგვჭირდა იმისათვის, რომ მისთვის ჩემი ნომერი მიმეცა და შეხვედრის ადგილი დაგვეთქვა, თუმცა გული საპირისპიროს მკარნახობდა, ბოლოს მაინც ჩემს მამაკაცურ, ხარბ გონებას დავემორჩილე და მზად ვიყავი სრულიად უცხო ადამიანთან ერთად ღამე გამეტარებინა, ერთი, უწყინარი ღამე, რომელიც ჩემი აზრით, არავისთვის ზიანის მომტანი არ იქნებოდა... საბოლოოდ კი გაირკვა, რომ იდუმალი ვიზიტორი მელანოს უახლოესი დაქალი აღმოჩნდა და ბუნებრივია ხვდებით, რა განზრახვითაც სურდა ჩემთან შეხვედრის ორგანიზება, არათუ შეხვედრა, ამაზე საუბარიც ზედმეტია... აქ კი, როგორც მჩვევია ხოლმე, თხრობა უნდა შევწყვიტო, რადგან არ შემიძლია დილით მეგობრისგან მიღებული პოზიტივის საპირწონედ, ვიფიქრო იმაზე, რაც თავს გადამხდა მელანოს დაქალთან მიმოწერის შემდეგ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. და რატომ? :) და რატომ? :)
4. მივხვდი, რატომ არ მომწონს = ) მივხვდი, რატომ არ მომწონს = )
3. :) მოკლედ წერის მომხრე ვარ. არადა, ყველა ადამიანი ნამდვილია აქ :) :) მოკლედ წერის მომხრე ვარ. არადა, ყველა ადამიანი ნამდვილია აქ :)
2. რას მაგონებს , იცი? ისეთ ანიმაციური ფილმებს, რომლებშიც ნამდვილი ადამიანებიც რომ ჩნდებიან დროდადრო :)
რას მაგონებს , იცი? ისეთ ანიმაციური ფილმებს, რომლებშიც ნამდვილი ადამიანებიც რომ ჩნდებიან დროდადრო :)
1. მაშ ბართლომე მახეში გაება?! თხრობის სტილი მომწონს, ცოტა მოცულობით გაზარდე. მაშ ბართლომე მახეში გაება?! თხრობის სტილი მომწონს, ცოტა მოცულობით გაზარდე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|