ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2016


ბროწეული, როგორც ვერტიკალური გაგება

სამყარო ერთი დიდი ბროწეულია,
ადამიანები კი მის გულში მყოფი კაკლები.
დროდადრო ვმწიფდებით და გარეთ ვცვივდებით.
თუმც უფრო მეტად შიგნით ვეტევით, გულში ვლაგდებით.
.
მე შემეცვალა კალიგრაფია.
კარგა ხანია, ჩემ თავს ვეღარ ვცნობ.
შებოჭილი ვარ. მთვარის კაფია
გახდა უშენობის მთელი მეტაფორა.
მელაპარაკე, მინდა გისმინო,
მე დაცლილი ვარ შენით, უშენოდ.
თვალებს მიკრავენ, როგორც მიმინოს,
ძალას ვხარჯავ და სხვას სახლს ვუშენებ.
მელაპარაკე, მინდა გისმინო,
ოღონდ მარტივად მელაპარაკე.
ახ, როგორ მინდა, შენი სიცილის
სენი გადმოგვდო მე და ქალაქებს.
მელაპარაკე, გისმენ სხეულით,
ვიჭრები როლში მუსიკის მსმენლის.
შენ როცა ფიქრობ, მე და რვეული
მოვდივართ შენთან და ჩუმად ვსხდებით
იმ ბნელ კუთხეში, სადაც შენ ბოლოს
როდის იყავი, აღარც კი გახსოვს.
ასე დროდადრო ვპოულობთ შვებას,
ასე დროდადრო ვახელებთ პათოსს.
მელაპარაკე, მე შენი ძველი
სათამაშო ვარ, სახელიც მქვია,
რომელიც ალბათ შენ აღარც გახსოვს.
მე თავს გახსენებ, რომ აქვე ვგდივარ.
მელაპარაკე. ვღრიალებ ახლა.
შიგნიდან სული ბრჭყალებით მკაწრავს.
მელაპარაკე. ძალიან გვიან
რომ უშენობის მივიღო აცრა.
მელაპარაკე, რა მომასვენებს.
ხორცში ვწრიალებ. ვეღარ ვთავსდები.
მელაპარაკე, რა ქნეს მას მერე,
ცა რომ უჭერდა მთვარეს თასმებით.
მელაპარაკე. ახლა  ცუდად ვარ.
ისე, რომ კადრში ვეღარ ვეტევი.
მელაპარაკე მე - ტალღას, ცუნამს.
მელაპარაკე გულის შეტევას...
.
ადამიანები მიდიან და მოდიან.
გაუშვი, თუმცა ისე, რომ ვეღარც მოვიდნენ,
რადგან ვერ დაიტოვე ისე, რომ ვერასდროს წასულიყვნენ.
.
ალბათ არ იცი, რომ ყოველ დილით
გადიან ჩემგან, როგორც სახლიდან.
ალბათ არ იცი, რომ პოეტივით
მე ყოველ დილას ვიწყებ ახლიდან.
შენ მხოლოდ იცი, რომ ბევრი მიდის
ომშიც, სოფელშიც, ზღვაზე თუ მთაში.
მაგრამ არ იცი, რომ ექიმივით
ბევრს შენს ტკივილზე უყვარს თამაში.
ალბათ არ იცი, რომ კარი ღია
გაქვს და არც გინდა შეწყდეს ორპირი.
რომ რაც ვერ ხდება - მაინც კარგია -
ჩვენ თითქოს წარსულს ასე მოვტირით.
რომ რაც ვერ მოხდა, თუმცა გვინდოდა,
ამინდის პროგნოზს გავს თითქოს რამით.
რომ სითბოს შეცვლის უამინდობა,
უამინდობას მოვუწყობთ ამინდს.
განვმარტოვდით და ასე მოვეწყვეთ,
რომ ახლა ბინებს ვტოვებთ თვითონღა.
შენ არ იცოდი, ბედი პოეტებს
ძაღლივით მისდევს, ან და მიღოღავს
მათ გვერდით. ჩვენს ბედს თვითონვე ვმართავთ.
(ტანზე შენი თმა გადმომიხატე).
მტყუანი ვიყავ საკუთარ თავთან,
როცა ვამბობდი, რომ არ მიყვარდი.
ალბათ არ იცი, რომ ახლაც მელის
არ მოხდეს ის, რაც ასე მინდოდა.
ამიტომ შენ ხარ, რომ შენ ხარ მთელი
კარგი ამინდის უამინდობა.
.
სამყარო ერთი დიდი ბროწეულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები