ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2016


ყრუთა ქვეყანა

          ყრუთა ქვეყანა

  უბედურება, როგორც წესი, ყოველთვის მოულოდნელია. უფრო მეტიც, მოულოდნელობა უბედურების ბუნებაა. ამის ახსნა მარტივად შეიძლება- ადამიანი ხომ მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებისადმი იჩენს მზაობას. თუმცა ის, რამაც ასე ფატალურად შეცვალა ერთი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს ცხოვრება, მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა. ეს ქვეყანა, სწორედაც ამ კატასტროფის გამო, ოფიციალურ დოკუმენტებში დეფაილენდის- ყრუთა კუნძულის- სახელით შევიდა. ზოგი ამტკიცებს, ეს სახელწოდება პირველად ერთმა უცნობმა პოეტმა უწოდაო. რამდენად შეეფერება ეს ვერსია სიმართლეს, ამაში თავად მკითხველი დარწმუნდება ცოტა ქვემოთ. იმ საბედისწერო დღემდე რა ერქვა, ვერ მოგახსენებთ. ამას არც აქვს მნიშვნელობა ჩვენი ამბისთვის.
  მოკლედ, სადღაც შორეულ ოკეანეთში, მოლივლივე ცისფერი სივრცის წიაღში არსებობდა ერთი პატარა, კუნძულოვანი სახელმწიფო. ცხადია, რომელიღაც განედისა და რომელიღაც გრძედის გადაკვეთაზე. ცხოვრობდა თავისი კანონებითა და წესებით. რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდა სხვათაგან. ხელისუფლება, ხალხის ნაცვლად, ბეჯითად ზრუნავდა საკუთარ კეთილდღეობაზე, ჩინოვნიკები ხელისაუკანკალებლად იღებდნენ ქრთამს, ჟურნალისტები სენსაციებს თხზავდნენ, მღვდლები ფარისევლობდნენ, ექიმები პირდებოდნენ,  ქურდები იპარავდნენ, სექსმუშაკები ცრუორგაზმს ეძლეოდნენ, ვაჭრები კლიენტებს აცუცურაკებდნენ, ბავშვები ცუღლუტობდნენ. ერთი სიტყვით, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. განსხვავება ის იყო, რომ ასეთი ყოფა თითქმის ყველას მოსწონდა. ხოლო ის, რაც ყველას მოსწონს, ჩვეულებრივ ნორმად ითვლება. ასე თვლიდნენ ამ ქვეყნის ქვეშევრდომებიც და ძალიანაც მოსწონდათ თავი. თვითკმაყოფილება ხომ სიმაძღრეა სულისა. მოქალაქეებს თავი მოჰქონდათ ცისფერი გლობუსით, რომელიც მტრედს ეპყრა ბრჭყალებში. ეს გლობუსი, ქალაქის უმაღლეს წერტილს რომ წარმოადგენდა, კეთილდღეობისა და სტაბილობის სიმბოლოდ აღმართულიყო დედაქალაქის რატუშის კოშკზე.
  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცაზე უცნაური ნათებები გამოჩნდა. ისინი აქა-იქ გაიელვებდნენ, ხანაც მკვეთრად ისახებოდნენ. თითქოს თვალშეუდგამი შორეთიდან ვიღაცას რაღაცის მინიშნება სურდა თავისი ჯადოსნური ფარნით. კუნძულის მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე ცაში იშვიათად იყურებოდნენ, საფიქრალი გაუჩნდათ. უამრავი ვერსია გავრცელდა, ჟურნალისტების მაზანდამ აიწია. საყოველთაო გაურკვევლობის ფონზე გავრცელდა ხმა,თითქოს ერთერთი პროვინციის მონასტრის სალოსს- ვინმე მამა გერმოგენს- უცნაური ხილვები სწვეოდა. ბერზე, ქადაგად რომ დავარდნილიყო, ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ყვებოდნენ. ზოგი- გიჟიაო, ზოგიც- წინასწარმეტყველად აცხადებდა. ეს გარემოება უფრო ამძაფრებდა ინტერესს. ცნობისწადილით ანთებული ხალხი ამ მიყრუებული პროვინციისკენ გაემართა. პირქუში ბერი, რომელსაც ტანთ ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული, უცნაურ და გაუგებარ უბედურებაზე ქადაგებდა. დანაწევრებულად წარმოსთქვამდა სიტყვებსა და ფრაზებს: „სასჯელი... მრისხანე ტალღები... კოშკი... მართალნი...” თუმცა მისი მინიშნებებითა და ქარაგმებით დანაღმული ქადაგების ბოლომდე გარჩევა შეუძლებელი იყო. ერთი კია, ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა, ხელისუფლებას კი უზნეობაში ჩაფლულად მოიხსენებდა. ჩვეულებრივ, გერმოგენი თავის ქადაგებებს ამ სიტყვებით ამთავრებდა: „ძრწოდეთ ცოდვილნო! მოახლოებულ არს ჟამი. რამეთუ რომელი არა ისმენდეს ჭეშმარიტებას, სასმენელნი მისნი დახშულ იქნებიან”.
  თავდაპირველად ზედა ეშელონებში წაუყრუეს, მაგრამ როცა შეიტყვეს, როგორ იზრდებოდა მონასტრისკენ დაძრული ბრბოს ნაკადი, შეშფოთდნენ. მალე, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქადაგად დავარდნილი ბერი უცნაური მანქანით წაიყვანეს სადღაც. რის შემდეგაც სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. პრესაში კი მოკლე ცნობა გამოქვეყნდა სალოსის სავალალო ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ხოლო ტელევიზიით ამ მონასტრის მიმდებარე დასახლების რამდენიმე მცხოვრები გამოიყვანეს, რომლებიც მადლიერებას გამოთქვამდნენ სოფელში აღდგენილი წესრიგის გამო.
  კუნძულის მოსახლეობამ, რომელიც თავისი უდრტვინველი შემგუებლობით გამოირჩეოდა, მალევე დაივიწყა ეს ამბავი. ადამიანებს ხომ ადვილად ეხერხებათ, მეხსიერების კიდობნიდან გულგრილად მოისროლონ თავიანთთვის უსიამო ამბები დავიწყების ოკეანეში.
  მხოლოდ სამიოდე ადამიანი გამოხატავდა თავის აღშფოთებას სალოსის გაუჩინარების გამო. აკი მოგახსენეთ, ცხოვრების ასეთი წესი თითქმის ყველას მოსწონდა-მეთქი. ხოდა ეს „თითქმის” ამ სამ ადამიანს გულისხმობდა. მათთვის, თანამოქალაქეებისგან განსხვავებით, ცაში ჭვრეტა რომ უყვარდათ, ერთნაირად მიუღებელი იყო ხელისუფლების ფარისევლობაც და ხალხის განურჩეველი გულგრილობაც. ეს ჯგუფი ქალაქგარეთ, ქარის წისქვილების უბანში იკრიბებოდა და ამიტომაც „ქარის წისქვილების კაცებს” ეძახდნენ. ნამდვილი სახელები კი ასეთი ჰქონდათ: სკოლის მასწავლებელი ლუსიანო- ერთი უცოლო და უთვისტომო ვინმე, რომელიც სკოლიდან გამოეძევებინათ იმის გამო, რომ მოსწავლეები გაკვეთილების პროცესში ახლომდებარე ჭალაში გაეყვანა ფრინველთა გალობის მოსასმენად. ის ბავშვებს უმტკიცებდა, პოეტებს მმართველებზე მეტი ძალა აქვთო.  მხატვარი- ფერწითელა პედრო, რომელიც ერთთავად წითელ პეპლებს ხატავდა. ის თავის ნახატებს საგამოფენო დარბაზების ნაცვლად ხეებსა და ბუჩქებზე კიდებდა, რის გამოც კოლეგების კილვის ობიექტი გამხდარიყო. ხელოსანი ხუანი, რომელიც აცხადებდა, უცხოპლანეტელებთან ღია კონტაქტი მაქვსო. ხუთი შვილის მამა ცოლს სახლიდან გამოეგდო, იმის გამო, რომ ოჯახის დანაზოგით, ბავშვებისთვის რომ უნდა მოეხმარა, ტელესკოპი შეიძინა. „ქარის წისქვილის კაცებმა” პირველად წარმოსთქვეს ფრაზა, ყუმბარასავით რომ გასკდა: „ყველაფერი კარგად არ არის!”
  ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ კუნძულის მცხოვრებთ სმენის პრობლემები შეექმნათ. თავდაპირველად ტელეფონების მიმართ გაუჩნდათ პრეტენზიები. ყველა ერთხმად ამტკიცებდა, სმენადობა გაუარესდაო. სატელეფონო ფირმის წარმომადგენლები დაბნეულები იჩეჩავდნენ მხრებს, რადგან ტექნიკურად ყველაფერი რიგზე იყო. ადამიანები ერთმანეთს ყვირილით ესაუბრებოდნენ, ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევდნენ ამას. მასწავლებლები მოსწავლეებს აიძულებდნენ ყვირილით ეპასუხათ. თავისდაუნებურად ყველა ენერგიულ ჟესტებზე გადავიდა.
  მალე სასნეულოებში, ოტორინოლარინგოლოგებთან რიგები გაჩნდა. ეს სინდრომი ყველას უცნობი ეპიდემია ეგონა. მაგრამ ანალიზები პაციენტების სიჯანსაღეზე მეტყველებდა. ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ უცნობი დაავადების წინაშე.
  ხალხი ნელ-ნელა ჰკარგავდა სმენას. როცა პირველმა შოკმა გაიარა და კუნძულის მოქალაქეებმა თანდათან გააცნობიერეს თავსდამტყდარი უბედურება, გადაწყვიტეს თავი მოეკატუნებინათ. გულუბრყვილოდ ეგონათ, თუ სხვათა გაცრუებას შეძლებდნენ, ამით თავადაც აიცილებდნენ პრობლემას. თავისმოტყუება ხომ ბრიყვების მეხამრიდია. ამიტომაც ფარისევლურად, სახეზე გაუგებარი ღიმილით ხვდებოდნენ, თავს დაუქნევდნენ და პასუხის დაუცდელად სცილდებოდნენ ერთმანეთს. ტელევიზიით კუნძულის მეთაურის- მისი უდიდებულესობა, პრინც ბენავენტურას ყოველკვირეულ გამოსვლას უწინდებურად საყოველთაო ინტერესით უყურებდა ყველა, თუმცა არავინ ისმენდა. ყველას თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ქუჩაში შემხვედრთა დიალოგი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

„-გამარჯობა!
-გმადლობ, ღვთის წყალობით, არა მიშავს.
-არა უშავს, ყველაფერი დალაგდება!
-არა, ბაზარში მინდა გავიარო.
-მე კი მეგონა, ბაზარში მიდიოდი.
-მართალი ხარ, ამინდს არა უშავს.
-მეც მაგას არ ვამბობ, ესეთი საზიზღარი ამინდი არ მახსოვს.”

  ერთი სიკეთე მაინც მოჰყვა ამდენ უბედურებას- ლანძღვა-გინებაზე არავინ პასუხობდა.
  ერთი სიტყვით, კუნძულელთა ჩვეული ყოფა საფუძვლიანად შეიცვალა. რადიოს აღარავინ უსმენდა, ტელევიზიაში კი წამყვანები ყასიდად, მოსაჩვენებლად აღებდნენ პირს, სრულიად დარწმუნებულები, რომ  არავინ უსმენდათ. დრამატული თეატრები ერთიანად პანტომიმის წარმოდგენებზე გადაეწყო, მოდაში ტიტრებიანი ფილმები შემოვიდა. სიმფონიური მუსიკის კონცერტები ისევ ტარდებოდა, ოღონდ ნახევრად მთვლემარე დარბაზში. ამ მუსიკის მოსასმენად ხომ არც მანამდე იკლავდნენ თავს. 
  ხელისუფლება დაბნეული იყო, პირველი, რაც მოიფიქრეს, უცხოეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო არხები საგულდაგულოდ დაგმანეს, ინფორმაციას რომ არ გაეჟონა. იშვიათ დიპლომატიურ შეხვედრებზე კუნძულელი პოლიტიკოსები მხოლოდ განცხადებების გაკეთებით შემოიფარგლებოდნენ და კოლეგებს არაფრისმთქმელი ღიმილით უქნევდნენ თავს. მთავრობის სხდომები შეწყდა, როგორც დროის უსაგნო ფლანგვა. ქვეყანაში ტურისტების შემოდინება აიკრძალა. ჯერ ერთი, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე და მეორე- მოსახლეობას უცხოელებისადმი მიმბაძველობის ცდუნება რომ არ გასჩენოდა. მთავარი იყო სტაბილობა და სიმშვიდე შენარჩუნებულიყო. რატუშის კოშკზე მტრედის ბრჭყალებში მშვიდად გატრუნულიყო ცისფერი გლობუსი- კეთილდღეობისა და სტაბილობის მაცნე.
  მთავრობამ ახალი საშინაო პოლიტიკა შეიმუშავა. გაზეთებში, რომლებიც ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო გამხდარიყო, გაჩნდა სამედიცინო შინაარსის სტატიები, სადაც ყური აპენდიციტის მსგავსად უსარგებლო რუდიმენტად გამოცხადდა. უფლებადამცველები სმენის საჩოთირო უნარს, სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევის ცდუნებად განიხილავდნენ, ხოლო ეკლესიის წარმომადგენლები ასაბუთებდნენ, რომ თავდაპირველად ადამიანი ღმერთმა ყრუდ გააჩინა, მოსმენის მკრეხელობა კი გვიან დაეუფლაო, რომ სიყრუე ღვთის წყალობაა, რათა ადამიანები დაცულნი იყვნენ მავნე ინფორმაციული ნაგვისგანო. ეკლესიაში წირვის დროს გალობები მაინც სრულდებოდა, თუმცა მგალობლებს აღარ იწვევდნენ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო პირი დაეღო. მუსიკისმცოდნეებმა სასიმღერო ჟანრი, როგორც ფსევდოხელოვნება გაუქმებულად გამოაცხადეს. კლასიკიდან კი მხოლოდ ბეთჰოვენს წყალობდნენ, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ კომპოზიტორს. ერთერთი ცნობილი ბიოლოგი წერდა: „დღემდე საზოგადოება ცრუსტერეოტიპებით საზრდოობს. მაგალითად ბევრს ჰგონია, რომ კორიდაზე ხარს წითელი ნაჭერი აღიზიანებს. მაშინ, როცა ხარები ჩვეულებრივ დალტონიკები არიან და წითელ ფერს საერთოდ ვერ აღიქვამენ. ასევე ფიქრობენ, რომ გველი მუსიკას აღიქვამს და რიტმის აყოლაც კი შეუძლია. მაშინ, როცა მას სმენის ორგანო არ გააჩნია.ეს არის მისი სიბრძნის წყარო.” ენათმეცნიერებმა სიტყვები: „ყურთასმენა, ყურისგდება, ყურისმოკვრა, ყურისწამღები”- არქაიზმებად გამოაცხადეს.
  ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ე. წ. მოსიარულე ბანერები ავრცელებდნენ ქუჩებში. ანუ ჩვეულებრივი ყმაწვილები მკერდზე სათანადო წარწერებით.
  სალოსი გერმოგენი გაათავისუფლეს. მაგრამ მკურნალობის შედეგად ქადაგების უნარი დაჰკარგვოდა. მხოლოდ უმიზეზო სიცილი დასჩემდა და უაზროდ აკანტურებდა თავს.
  ქალაქის რატუშის კოშკზე კი ისევ ამაყად აღმართულიყო მტრედჩაფრენილი ცისფერი გლობუსი- სტაბილობისა და კეთილდღეობის მაცნედ.
  ახირებული სამეული რომელთაც სმენა რატომღაც შერჩენოდათ, ისევ ქარის წისქვილების ძველ უბანში იკრიბებოდა. ოღონდ ახლა ღამ-ღამობით და ლაპარაკის მოწყურებულ სურვილს ქვეყნის თავს დამტყდარ  უცნაურ ამბებზე საუბრით იკლავდნენ. ლუსიანო თვლიდა, რომ რომელიმე უცხოური გემის ჩამოვლისთვის უნდა დაეცადათ და მათი დახმარებით დაკავშირებოდნენ მოწყვეტილ გარესამყაროს. ეს გეგმა მთლად რეალური არ ჩანდა, რადგან ხელისუფლებისაგან კუნძულის წყლებში შემოსვლა უცხოურ გემებს აკრძალული ჰქონდათ, ხოლო რომელიმე გზააბნეული ხომალდისთვის როდემდე უნდა ეცადათ. თავისი ტელესკოპით ცას მიშტერებული ხუანი ამტკიცებდა, ჩვენთვის უცნობი პლანეტებიდან ყურადღებით გვაკვირდებიან და საჭირო შემთხვევაში მათი სტუმრობა გარდუვალიაო. პედრო კი დუმდა და ისევ სხვადასხვა ზომის პეპლებს ხატავდა, ოღონდ ახლა- პირაკრულებს.
  სამაგიეროდ ლუსიანო ლოზუნგებს წერდა ლექსად. მაგალითად ასეთებს:

    „გული პირთამდე ბოღმით ივსება,
    ნაკლი საღდება როცა ღირსებად.”
  ან კიდევ:

    „ცრუთა წინაშე ასე უძლურო,
    გამოიღვიძე, ყრუთა კუნძულო!”

  ამ ლექსებს იგი მოსწავლის რვეულის ფურცლებზე წერდა, მერე ამ ფურცლებისგან მტრედებს აკეთებდა და მეგობრებთან ერთად  ქუჩებში აფრენდა.
  უცხო ცივილიზაციისა რა მოგახსენოთ და პოლიცია კი ნამდვილად უთვალთვალებდა , რადგან მოსმენას ვერ ახერხებდნენ. ხალხი „ქარის წისქვილის კაცებს” ამრეზით უყურებდა, ზოგი მათ ქვეყნიდან გაძევებასაც კი მოითხოვდა, როგორც საერთო წესრიგის დამრღვევებისა. არასამთავრობო ორგანიზაციები უმცირესობის დისკრიმინაციაზე ალაპარაკდნენ. ამიტომაც იყო, რომ დეფაილენდის მმართველმა- მისმა უყრუესობა პრინცმა ბენავენტურამ- დეკრეტი გამოსცა უმცირესობის უფლებების დასაცავად, სადაც ნათქვამი იყო- მიუხედავად იმისა, რომ სხვათა მოსმენა წარსულის მავნე გადმონაშთს წარმოადგენს და ზნეობის ნორმებში არ ჯდება, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, შეუზღუდავი უნარის მქონეთა მიმართ ლოიალობა და მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება ყველა ნამდვილი ყრუს მოქალაქეობრივი მოვალეობააო. თუ რა იგულისხმებოდა სიტყვებში- „ჭეშმარიტ გზაზე დაყენება”, მალე გაირკვა. პრემიერმინისტრმა ხორხე მანუელმა გეგმა წარმოადგინა, რომელშიც, მათთვის, ვინც დრომოჭმული სტერეოტიპის მიმართ გაუგებარ ერთგულებას იჩენდა, ცალკე შენობის აგება იყო გათვალისწინებული, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გაივლიდნენ და ზოგიერთი ქსენოფობის აგრესიისგან დაცულნი იქნებოდნენ. „ქარის წისქვილის კაცებმა” ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, როგორც განსხვავებულთა იზოლაციაში მოქცევის მცდელობა. მთავრობამ კი- თავის მხრივ- მათ უმადურობაში დასდო ბრალი.
  ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მოსიარულე ბანერებმა ხუანის ცოლის- ეუხენიას სიტყვები გაავრცელეს, სადაც ის ქმარს უსაქმურსა და შარლატანს უწოდებდა. მაგანო- ამბობდა- საიდუმლო შეხვედრებს თავი ანებოს, ყველაფერი არ მათქმევინოსო. (რას გულისხმობდა, ვერ გეტყვით). ამას მოჰყვა დეფაილენდენელ მხატვართა პედროს განმაქიქებელი კოლექტიური წერილი, სადაც იგი უნიჭო, ხელმოცარულ მჯღაბნელად იყო მოხსენებული. ბოლოს კი ლუსიანოს ყოფილი  სკოლის დირექტორის სიტყვები გავრცელდა, ყოფილ მასწავლებელს სინანულით ბავშვების თავგზისამბნევს რომ უწოდებდა. ქარის წისქვილის კაცების თავზე შავი ღრუბლები იკრიბებოდა. გამოვიდა კანონი უნარშეუზღუდავების სარეაბილიტაციო ცენტრში იძულებით მოთავსების შესახებ. უგუნურების ბლანტი ჭაობი ნელ-ნელა, ვერაგი სიჯიუტით ითრევდა ქვეყანას თავის წიაღში. საბედისწერო წამი ახლოვდებოდა.
  იმ დღესაც ჩვეულებრივად გაეღვიძათ დეფაილენდის მოქალაქეებს. ჩვეული თვითკმაყოფილებითა და თავდაჯერებით, რომ ყველაფერი კარგად იყო. ის იყო, ქუჩაში მოსიარულე ბანერები უნდა გამოჩენილიყვნენ მორიგი ახალი ამბებით, რომ უცებ, სადღაც სიღრმიდან ყრუ გუგუნი გაისმა, თითქოს უხილავ გოლიათს ნაყროვანი სტომაქი გვრემსო. მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია ლუსიანოს, პედროსა და ხუანის გარდა. მათ ქუჩებში დაიწყეს სირბილი ყვირილით- თავს უშველეთო, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. კუნძულელები კი, რომლებიც  დიდიხანია, პირს მარტო ჭამის დროს აღებდნენ, განსხვავებულთა ეს ჟესტი გაბმული მთქნარება ეგონათ და სიცილი დააყარეს. მხოლოდ მაშინღა შეშფოთდნენ, როცა მიწამ გემბანივით დაიწყო რყევა. ბიძგები თანდათან ხშირდებოდა. უზარმაზარი ტალღები, რომლებიც ქვიშიან ნაპირს გადავლებოდნენ, გაშმაგებით ლოკავდნენ მიწას. ქალაქის რატუშის თავზე აღმართულმა ცისფერმა გლობუსმა- კეთილდღეობისა და სიმშვიდის სიმბოლომ- ქანქარასავით დაიწყო აქეთ-იქით რწევა.  ახლაღა გაახსენდათ მამა გერმოგენის ქადაგება. ხელისუფლებამ თავიანთი ოჯახების გახიზვნა გადაწყვიტა, მაგრამ  უცხოეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის გამო ეს ვერ მოხერხდა. მაშინ ფლოტის მობილიზაცია გამოაცხადეს, მაგრამ გაირკვა, რომ კაპიტნების ბრძანებებზე მეზღვაურები დიდიხანია ვერ რეაგირებდნენ. წყლის დონე ოთხ დღეს მატულობდა. მალე დეფაილენდი წყალმა დაფარა. მანამდე კი, როგორც ამბობენ, ჩამოვარდნილი ცისფერი გლობუსის ადგილას, კოშკის თავზე ის უცნაური ნათება უხილავთ.
  მხოლოდ სამი ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, როგორც ამბობენ,ციდან დაშვებული უცნაური ხომალდის დახმარებით. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ლეგენდა, ვერ გეტყვით. მოწმეთაგან  არავინ დარჩენილა.

          2016,X

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს