 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 18 მაისი, 2017 |
ალბათ ვერაფერი შეაჩერებდა ისე მძლავრად მოვარდნილ ვნებას, როგორც სოციალური ჩარჩოები და დოგმები. ახლაც ძრწოლვით მახსენდება (და თან სიამე მიპყრობს) მის ბავშვურ მანერებსა და ქალურ სიეშმაკეს რომ ვუხამებ უნისონში ერთმანეთს. შეეძლო საათობით ეტიტინა ჩემს შიშველ სხეულზე მოკრულს და შემთხვევით დაჭერილ ჩემს მზერას ფართო ღიმილით შეგებებოდა. მიმტკიცებდა ოდესმე ჩემზე წიგნს დაწერენო და ამაყად მიყვებოდა, რამდენ ენაზე მიუძღვნიათ მისთვის ლექსები. ალბათ როგორ ტყუვდებოდნენ შენი ღამეზე შავი თვალების ხიბლით და ეგონათ რაიმე სასიკეთოს უქადდა მაგ გამოხედვის სიწრფელე. ახლაც მჯერა, უფრო მოწიფულ ასაკში რომ გადაგწყდომოდი იქნებ ასე ძლიერ არ შემშინებოდა შენი. ახალგაზრდობის მირაჟებს აყოლილს რაღაც მყვირალა ფრაზები მიბინდავდა გონებას და მერე კიდევ ეს საკუთარი თავისთვის გამოგონილი სცენარები და იდეალები... ჰო, შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემი ოცნების ქალი. ალბათ გაგეღიმათ, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ტრივიალური ცნების მიღმა, თუ არა კლიშეებით შექმნილი ირეალური არსება, რომელიც რომც აღმოჩენილიყო ჩემს გვერდით, ალბათ ორიოდ დღეში მომაბეზრებდა თავს. ჰო, შენ არ იყავი ჩემი ოცნება, არ იყავი ის ოციოდე წლის გოგონა, რომელიც პირველ კოცნას დაფოფინებს თავზე და ბიჭებს ტუჩების ბავშვური აბზუებით იგერიებს თავიდან. (თუმცა კი ვიცოდი, რომ ოცდაერთ წლამდე დაფოფინებდი პირველ კოცნას). ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ყვიროდა, ასე მეგონა მაშინ. ჯერ კიდევ სურვილების ფორმირების გზაზე ვიყავი და მტკივნეულად აღვიქვამდი ყველა საგანსა თუ ადამიანს, რომელიც რაიმე სახით შემზღუდავდა. და ამ დროს, შენ გადაგეყარე. შავთმიანი და შავთვალება ალქაჯი (აკი, ასეც გეძახდი, უღმერთო არსებავ!), რომელიც ალერსისას ბოლომდე მოენდობოდა ხოლმე ჩემს სხეულს და ყოველი უჯრედით ჩემს სიამოვნებაზე იყო ორიენტირებული. ალბათ ავადმყოფურია ეს გონებაც, მაგრამ ჩემი პატარა გოგონა იყავი თითქოს მაგ დროს. გამოქცეული რომელიღაც კოშმარიდან და ჩემს მკლავებში შემოფარებული. ჰო, მეშინოდა. რაც უფრო კარგად ვგრძნობდი შენთან თავს, მით უფრო მეშინოდა გაგრძელების. ვინ იცის რამდენჯერ ფარულად შემიმოწმებია შენი ცხოვრების დეტალები. რთული ხასიათების ვარ-თქო, ვაღიარებდი ჩემს თავთან, მაგრამ შენ არ გაფრთხობდა ეს, პირიქით. მახსოვს როგორ მაკვირდებოდი საუბრისას, იჭერდი დეტალებს და მაგ საოცრად სხარტი გონებით ხშირად ძალიან მაოცებდი. მეამაყებოდა, ყმაწვილური ყოყლოჩინობით მეამაყებოდა ჭკვიანი და ვნებიანი რომ იყავი და რაც მთავარია ჩემთან იწექი. მე აგირჩიეო, ერთხელ ასე მითხარი. მახსოვს, როგორ ჩავიბურტყუნე საპასუხოდ - შენ კი არა, მე აგირჩიე-თქო. არა, ეს გაჯინება არ იყო. უბრალოდ არ მინდოდა თავი უმნიშვნელოდ მეგრძნო. არსება, რომელიც აირჩიეს რაღაცისთვის და შემდგომ მოიშორებენ. მერე დიდხანს ვიჯექი და გიმეორებდი, როგორი მგრძნობიარე იყავი და ალბათ დაშორების მერე ოთახში მარტო მჯდომი ტირილით გასკდებოდი ჩემს გამო. გიმეორებდი ამას და არ ვიცი ვისთვის უფრო იყო ეს განკუთვნილი, ჩემთვის თუ შენთვის. იქნებ ჩემი არსების რაღაც ნაწილს იმაზე მეტად უნდოდა გტკენოდა უჩემობა, ვიდრე შესაძლებელი იქნებოდა. არადა, ვფიცავ, არასოდეს მდომებია შენთვის გულის ტკენა, მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ ასაკით პატარა ვიყავი და მეგონა მარტო მე ვტკენდი გულს გოგოებს. კარმაზეც ბევრი გელაპარაკე, მახსოვს როგორ ისრუტავდი ჩემს ყველა სიტყვას და მერე ათას ინტერპრეტირებას უკეთებდი. ბოლოს გაცხარდი კიდეც. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და მივიღებ რაც მინდა, შენ კი იჯექი და კარმას ელოდეო, - გამომიცხადე მკვახედ. პატარა, ფიცხი და გოროზი გული გქონდა. უცებ აენთებოდი ხოლმე და მომწონდა მე შენი შინაგანი ცეცხლი. მასთან თამაში ჩემი იმ გააზრებული ქცევებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც შენთან ურთიერთობის დროს მივმართავდი. ახლა არ ვიცი რას ვცდილობ, ალბათ მინდა ჩემი გონიერი მომწიფების ამ ხანიდანაც დაგინახო და შეგათვალიერო. ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ხდება მეორე ადამიანის შეფასება, ამიტომაც ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში ჩვენი, ადამიანების შეხედულებებიც განსხვავებულია ერთმანეთზე. ხანდახან რა ჭკვიანურ რამეს ვიტყვი ხოლმე... ხედავ? ისევ ისე ვიქებ თავს. ალბათ არის რაღაცები, რაც არ იცვლება. შეხვედრის მომენტიდან ვშორდებოდით, თითქოს დამალობანას სახესხვაობა იყო ეს თამაში. არადა, არცერთხელ გვდომებია წასვლა და რაღაც ყბადაღებულ მიზეზებს ვეკიდებოდით. ამ გადმოსახედიდან სისულელეა ეს ყველაფერი, ალბათ ცოტათი შენზე ჯერ კიდევ ვბრაზობ, რადგან ჩემზე დიდი იყავი (თუნდაც ასაკით) და უფრო მეტი შეგეძლო გაგეკეთებინა. მაგრამ აქვე მახსენდება შენი მომენტებში მოსევდიანებული თვალები, როგორ მთხოვდი ლოგინში გადმოვსულიყავი და ჩამხუტებოდი, მე კი ჯიუტად დივანზე ვიჯექი და ამას კომფორტულად ვარ-თქო, ასე ვხსნიდი. როცა შენს ხელებს წარმოვიდგენ, ალბათ პირველი მაინც ის ორი ვერცხლისფერი ბეჭედი მახსენდება მარჯვენა ხელზე, ჩემთან დაწოლისას რომ არ იხსნიდი. რამდენჯერმე კი მისტიური სახით გამომიცხადე, შენ რომ გეფერები მაგ დროს მათში შენი აურის ნაწილს ვკეტავო, თუ რაღაც მსგავსი. მე მეცინებოდა, როგორი ცრუმორწმუნე და შეშლილი იყავი მაშინ ჩემს თვალში. არც კი მიფიქრია, რომ ეგ ცრურწმენებიც და იდეებიც მაგ პატარა, საშინლად ბავშვური, მაგრამ ჭკვიანი თავის ახირებები იყო. არ ვიცი, ხანდახან ალბათ ვნანობ რომ მაგ ასაკში გაგიცანი და არა მერე, უფრო რომ გავიზარდე და დავკაცდი. ალბათ სულ სხვა გემოს ჩავატანდი შენი სხეულის თითოეულ მილიმეტრს და შენი გონების არასტანდარტულ დინებას. ჩემო ალქაჯო, როგორ ბრაზობდი და გწყინდა, როცა განსაკუთრებულად არ გექცეოდი. როგორ მითხარი მაშინ პირველად? შენი ჩემდამი დამოკიდებულება მტკენსო. რას ითხოვდი ედმონ დანტესტზე შეყვარებულ, გულზვიად, თავგადასავლებისმოყვარული ბიჭისგან, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად იმედისგაცრუებისა და გულისტკენის ეშინოდა ცხოვრებაში. ახლაც იგივე ვარ გულის სიღრმეში, ოღონდ ჩემი სტერეოტიპები შემომაცვდა და ვფიქრობ რომ არც იმდენ რამეს აქვს მნიშვნელობა ცხოვრებაში, როგორც მეგონა. რა იყო ბოლოს? ხანდახან მგონია იმაზე ბევრად მეტი იცოდი ჩვენს შესახებ ვიდრე მეგონა და მარიდებდი ამ ინფორმაციას. ალბათ იცოდი რომ გამიჭირდებოდა გაგება და ათას კუდს გამოვაბამდი. ვბრაზობდი, რომ ფიქრობდი იმაზე უკეთ მიცნობდი, ვიდრე მე საკუთარ თავს. არა, ბევრი რამ მქონდა არეული ფიქრებში და წარმოდგენებში, ამიტომაც რთულია ამტკიცო რომ რომელიმე ჩვენგანი გვიცნობდა მაშინ მე-ს. არ ვიცი, აი, ახლაც უბრალოდ მომიარა იმ პრიმიტიულმა სიბრმავემ, რომელიც შენდამი მქონდა. რომელსაც ვნება ჰქვია ალბათ და რომელიც რაღაც ჯანდაბის გამო შენთან ყოველი სიახლოვის მერე კი არ ნელდებოდა, პირიქით, განმეორების სურვილს მიჩენდა. ხასიათით მედგარს და მებრძოლს, შეგეძლო აბსოლუტურად გაგეხადა ყოფიერება და საშინლად ქალური ყოფილიყავი ჩემს გვერდით. ჰო, ის მოხდენილი მანერა, თუ როგორ ფრთხილად მეხებოდი სახეზე თითებით და მიმეორებდი რომ თვალებში მეყურებინა. მეც უხალისოდ ვჯდებოდი და გიყურებდი თვალებში და არაფერს ვეძიებოდი მათში. რატომ გიყვარდა ეს პროცესი? ბევრი ახირებული თვისება გაგაჩნდა, ზოგიერთს უბრალოდ ვატარებდი, არც ვუღრმავდებოდი. საერთოდ, არ მდომებია არასოდეს ჩაგღრმავებოდი. ალბათ ვიცოდი, სადღაც გუმანის დონეზე, რომ შემოვტოპავდი ამ სიღრმეში და ო, შენ ხომ ჩემი ოცნების ქალი არასოდეს ყოფილხარ. შენი მკერდი ალბათ ის ერთ-ერთი დეტალია, რომლის გამოც მაშინ არაერთხელ ავღელვებულვარ. რატომ ხდება, რომ ასე ვაცალკევებთ სხეულისა და სულის განცდებს? როგორ მიმტკიცებდი, იმიტომ მინდიხარ რომ მომწონხარ და არა პირიქითო. მე კი ჯიუტად ვმიჯნავდი ვნებასა და გრძნობებს. ალბათ ეს პატარა ასაკისთვის დამახასიათებელი თვისებაა, როცა გინდა რომ ყველაფერი განსაზღვრო და თავისი სახელი დაარქვა. ვეცადე შენთვისაც იგივე მექნა. ჩამესვი რაღაც კონსტრუქციაში და მერე როცა დავინახე, როგორ მოჟონავდი კიდეებს შორის და ბოლოს გამოხეთქე ამ ხელოვნური ნიჟარიდან, - გაგიბრაზდი. უთავბოლოდ გელაპარაკებოდი დაშორებაზე. ალბათ მინდოდა დამესწრო შენთვის, რადგან ვიცოდი რომ არაფერს გაძლევდი და ადრე თუ გვიან აუცილებლად წახვიდოდი. წახვედი არა, უფრო გაგაქციე. რამდენი ვნებიანი ღამე, გემრიელი საუბარი და განსაკუთრებული მომენტი დავკარგეთ ამდენი დავიდარაბის გამო. ბოლო საუბრისას წუხილიც კი გამოთქვი, ასე გვესმოდა ერთმანეთისო. კი, შენ გესმოდა ჩემი, იმაზე მეტად ცდილობდი გაგეგო, ვიდრე ვისურვებდი. ვიცი რომ ხელოვნურად მოვკალით ყველაფერი. სახეზე ხელს ვისვამ, წვერი მუდამ მშვენოდა. ალბათ შემომრჩა ისევ ის ყმაწვილური ნაკვთები, მაგრამ ტვინში ბევრი რამ გადაბრუნდა და ვიცი, რომ არაფერია ამაში განსაკუთრებული. ყველა რაღაც თვისებას იძენს და კარგავს ცხოვრების გზაზე. შენ სად ხარ? ისევ მხარს ქვემოთ ატარებ შავ თმას, იგივე თვალები თუ შემოგრჩა? მახსოვს, ათი წლის სხვაობით რომ მანახე ფოტოები, გაოცებული დავრჩი, თითქმის არ იყავი შეცვლილი. კიდევ ერთი დადასტურება რომ ალქაჯი ხარ. ასე რომ გიწოდებ, მგონია რომ ისევ იმ დროში ვართ, როცა ბავშვური სიჯიუტით ვშორდებით ერთმანეთს და რაღაც პრინციპებისა თუ შეხედულებების გამო საკუთარ სურვილებზე ვამბობთ უარს. (იცი, მაინც იმდენად ეგოისტი ვარ და ალბათ იმდენად მინდოდი, რომ იმის წარმოდგენა თუ როგორ ზიხარ მარტო ოთახში და ჩემს გამო ტირი, ნეტარებით მავსებს). ხოდა წარმოვიდგენ ისევ მაგ ბავშვური მიმიკებით განათებულ სახეს და გამეღიმება. მამშვიდებდი და მავსებდი ამასთანავე, აღმაგზნებდი და მმუხტავდი დადებითად. ბევრ განცდას ვიღებდი შენგან, თუმცა კი ვნებაზე ვაპელირებდი მარტო. რა შეიცვლებოდა ერთი ასაკის რომ ვყოფილიყავით? მახსოვს, როგორ მეუბნებოდი გეყვარებოდიო. მეც წარმოვიდგინე, ალბათ ჩემი კლიშე იყო ეს ყველაფერი და შენი ასაკი მაკომპლექსებდა. ახლა კი ვზივარ სავარძელში, ვეწევი და მეღიმება. მახსენდება, როგორ გეჩხუბებოდი ამ მყრალ სიგარეტს ნუ ეწევი-თქო. შენ გამიღიმებდი და ისევ მოუკიდებდი გრაციოზული მანევრირებით. რა მოგწონდა ჩემში? ხშირად მიმეორებდი თვისებებს, რომელიც ჩემში გხიბლავდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. მოვედი, სადღაც ციდან შენს ცხოვრებაში, არც კი დამცალდა შენდამი ჩემი „დაკერვის“ მეთოდების გამოვლენა და აი, ჩემს გვერდით იწექი, სრულებით უდარდელი და ჩემზე მონდობილი. რატომ? ნუთუ ეს იყო ის შენი პიროვნული თავისუფლება, არც რომ ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს საზოგადოებას და არც სხვა წესებსა და ადგილებს რომ არ მიეკუთვნებოდი? მე კი განგსჯიდი. არ მინდოდა ალბათ, არც იყო საჭირო, მაგრამ განგსჯიდი. და ვერ წარმომედგინა ასეთი არსება, რომელიც არც არაფერსა და არც არავის ეკუთვნის, როგორ შეიძლებოდა მომექცია მუჭში. უმიზეზოდ მოხვედი და ვიცი რომ ასევე უმიზეზოდ წახვიდოდი ოდესმე. იქნებ მერჩივნა, ჩემს გონებას, ჩემს გარეგნობას მოეხიბლე. რამე კონკრეტულსა და ხელჩასაჭიდს, რომ შემდგომ ამით შემეკავებინე. არა, შენ არ ცნობდი არანაირ წესს და გჯეროდა იმისი, რასაც გრძნობდი, ჩემო პატარა ალქაჯო. ასეთ დროს ჩემზე ბევრად პატარა იყავი და ალბათ ჩემი თავისთვის უფლება რომ მიმეცა ბევრსაც მოგეფერებოდი ასეთი რომ იყავი მაგის გამო. ნეტავ რას იტყოდი ახლა რომ მხედავდე? როგორ ამბობდი? ჩემი ყველაზე დიდი ვნება ხარო. ხო, წყურვილს რომ მიჩენდი და მინდოდა უსასრულოდ დამელიე, ხო, ჩემთვისაც დიდი ვნება იყავი. და მაინტერესებს, რამდენად შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ძველი განცდები იგივე სახით ფორმირდნენ ჩვენში? ჯანდაბა, შესაძლოა ჩემზე რაღაცებიც კი დაწერე. როგორ არ მინდოდა, რაღაც მაფიქრებდა, მაჩერებდა, არ მინდოდა სახე მიეღო ამ ყველაფერს. ნებისმიერ კონტურს ვუფრთხოდი, მინდოდა სრულ ქაოსში და განცალკევებულობაში ვყოფილიყავით და მხოლოდ სარეცელზე გადავკვეთოდით ერთმანეთს. შენი ტუჩების თავდაჯერებული კოცნა ახლაც მახსოვს. თითქოს გემოს ატანდი, ბოლომდე ეძლეოდი თავდავიწყებას. ვგრძნობდი, რომ შენში იყო ყველა ქალური საწყისი, ამას მაშინვე ვგრძნობდი! ალბათ შენი ჩვევა, მაკვირდებოდე - რომელიც ხანდახან ძლიერ მაღიზიანებდა, ახლა მენატრება. ვაღიარებ, უფრო გულისგამაწვრილებელია ამდენი ადამიანის ჩემკენ მომართული უაზრო, უშინაარსო გამომეტყველება, რომ გიცქერენ და ადამიანური ნაკვთების გარდა ვერაფერს ხედავენ. ჩემო ახირებულო ალქაჯო. იცოდი ჩემი სიფიცხის ამბავი და სულ ვგრძნობდი, როგორ ფრთხილად მირჩევდი სიტყვებს. საკუთარი თავის მნიშვნელოვნების შეგრძნება მომწონდა შენთან. ჩემი დომინირებაც ხომ ამაზე იდგა. უპირობო მინდოდა ყველაფერი, მაგრამ წინააღმდეგობებში ვვარდებოდი სულ. ახლაც ასე ვარ. გწერ და თითქოს გეხები ასე. გწერ და მაინც არ გწერ. განა დავიწყება ჰქვია იმას, როცა გახსოვს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ზალიან ვნებიანი, ძლიერი და დაუვიწყარი ნაწერია ბრავა! ქეთ...
ზალიან ვნებიანი, ძლიერი და დაუვიწყარი ნაწერია ბრავა! ქეთ...
5. ზალიან ვნებიანი, ძლიერი და დაუვიწყარი ნაწერია ბრავა! ქეთ...
ზალიან ვნებიანი, ძლიერი და დაუვიწყარი ნაწერია ბრავა! ქეთ...
4. გილოცავ დაბადების დღეს, ლამაზო ქეთ, გილოცავ დაბადების დღეს, ლამაზო ქეთ,
3. ორივე პერსონაჟი რომ ქალი იყოს მეტი მუხტი ექნებოდა მეთქი ვიფიქრე) ბევრი ისეთი მომენტია დაჭერილი, რომელსაც ერთხელ მაინც შევხვედრილვართ პირად ურთიერთობაში. .
მოკითხვა ქეთის.. ორივე პერსონაჟი რომ ქალი იყოს მეტი მუხტი ექნებოდა მეთქი ვიფიქრე) ბევრი ისეთი მომენტია დაჭერილი, რომელსაც ერთხელ მაინც შევხვედრილვართ პირად ურთიერთობაში. .
მოკითხვა ქეთის..
2. მომეწონა, რაღაცნაირია, გრძნობადი. დინამიკური ემოციის მატარებელი.
მომეწონა, რაღაცნაირია, გრძნობადი. დინამიკური ემოციის მატარებელი.
1. მამრი ასე არ დაწერდა ( არ იფიქრებდა) , ალბათ :)
ალქაჯი ვიღაცას გავდა :)
მამრი ასე არ დაწერდა ( არ იფიქრებდა) , ალბათ :)
ალქაჯი ვიღაცას გავდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|