ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2019


ზინა

არის აქ ვინმე?
არა? ძალიანაც კარგი!
ახლა ამ გზას მარტო გავუყვები და აღარ მომერიდება ლაპარაკი, ხმამაღალიც კი!

გავიგნებ ჩემთვის , მარტო და ვიჭორავებ ზინაზე.
ხან მხრებს ავიჩეჩ, ხან ხელებს გავშლი, დროდადრო ჩავიქნევ კიდეც. ხან ცრემლს მოვიწმენდ, იქნებ გზადაგზა სასაცილოც მოვყვე რამე, მთავარია  ვერავინ დამინახავს, მომისმენს და... ვიქნები თავისუფალი ყველა ქმედებისთვის, რომელიც არც მე და არც სხვას დააზიანებს, თან დაცინვისგანაც ავირიდებ თავს.

რატომ არა ანაანიკოანანოანი, ან მარტივად - ნი ?
რა მნიშვნელობა აქვს, მკითხველო, რა ერქვა მას?  შესაძლოა პირველივე სიტყვებიდან ჭილაძისკენ გაგქცეოდა ფიქრი, ან ქარჩხაძისკენ, ან მისკენ, ვისზეც წარმოდგენა არ მაქვს მე.
არადა, არათუ წერის მანერა, გავლენაც კი, ხმამაღალი ნათქვამია აქ. ზოგადად ვამბობ, რომ მაინც ვერაფერს დავწერ ისეთს, რაც ჯერ არ დაწერილა და ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც არ თქმულა.
მაგრამ განა ტაიგაში, ჯუნგლებში ან ამაზონის ტყეში ამოსული ხე ამაზე უნდა ფიქრობდეს? არა!
ჰოდა მეც არ ვფიქრობ.
ტირიფი გეხსენებინაო, (იფიქრებ, ან არ იფიქრებ შენ), ჭალაში მდინარის პირას მდგომიო, გაზაფხულობით, წყალუხვობისას მისი ტოტების ბოლოებს რომ წვდება და ტალღებით ეთამაშება წყალიო.
ან ჭადარი, აქაური, ჩვენებური, მის ჩრდილში ზოგჯერ ხომ მაინც გაიგრილებს ადამიანი თავს,  მოითქვამს გულს, ან შემდგარ, თუ არშემდგარ პაემნებს მიითვლისო, რაღა ამაზონში და ჯუნგლებში გამაქციეო.

არა, ჩემო ბატონო, ზუსტად გაუვალ ტყეში მდომი ხის ამბავია ეს ნაწერი, რომლისგანაც ჯერ არც კი ვიცი რა გამოცხვება, ჩანახატი, მოთხრობა თუ სხვა რამ, ან შესაძლოა არც არაფერი გამოვიდეს. იმ ხეს ჰგავს, თავისთვის რომ დგას მიუვალ-მიუგნებელში და შრიალებს. ფესვით წყალს სვამს , მიწით საზრდოობს, წვიმას სიხარულით ხვდება, მზეს მით უფრო და იცის - ამის უფლება აქვს!
და ამიტომაც არ დარდობს, თუ ქარი მასაც იგივე ხმით აშრიალებს, როგორითაც სხვებს აშრიალებდა ადრე და მომავალშიც ააშრიალებს. ვიცი, რომ მხოლოდ რჩეულები ხვდებიან ადამიანების ხელში და მხოლოდ მათთან მოხვედრის მერე გამოსცემენ სრულიად სხვა ხმას, განსხვავებულ ფორმას და შინაარს იძენენ და ისიც იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთ გამოადგნენ. რაც ცუდი სულაც არაა, მაგრამ ეს სხვა ამბავი, შედარება და ისტორიაა, მე ზინაზე უნდა მოგიყვე.

რატომ ზინა და არა ნი? ან ანაანიკოანანოანი? ისე, უბრალოდ, სახელს მაინც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და უმნიშვნელოდ დაიბადა მისიც , როცა შემოდგომის ერთ წვიმიან დილას შემოიცვა ლურჯი საწვიმარი, თავზე შავი ბერეტი მოირგო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სარკეში ჩაიხედა, საკუთარ თავს მიაძახა: „სუფთა ფოსტალიონი ზინა ხარ, დაჟე პომადაც დაგაკვდაო“, მერე იგრძო როგორი ზუსტი ანალოგი იპოვა სარკეში, მისი, ბავშვობის მოგონებასაც ვერ დავარქმევ, უფრო მეხსიერების ერთერთ ფაილში ჩარჩენილი პატარა კადრიდან რომელიღაც სახის, რომელიც უძლური მოხუცებისთვის პენსიის მისატანად თვიდან - თვემდე, სადარბაზოდან - სადარბაზოში გადადიოდა. ვისაც უმრავლესობა ესალმებოდა და ისიც საპასუხოდ.

კი, შეიძლებოდა მისთვისაც ზინაზინულინკაზინაიდა დამერქმია, მაგრამ ნამეტანი იქნებოდა, თუმცა მასაც ეკუთვნოდა მოფერებაც, სახელის გაპრანჭვაც და გულში ჩახუტებაც, ისიც ხომ იყო ერთ დროს ბავშვი?!

თუმცა, ამ დილით ზინა არამხოლოდ ბავშვობიდან მოაბიჯებდა, არამედ უკვე დასახიჩრებულ-დამახინჯებული ფსიქიკით და დაბალი თვითშეფასებით აღჭურვილი, თავისუფალი თეატრის წინ, სამსახურისკენ მიიწევდა რიალური ნაბიჯებით, დამსხვრეული ილუზიებით დამძიმებული - პროგნოზირებადი იმედგაცრუებებისკენ.

ეჰ, ძვირფასო მკითხველო, აღარც კი მინდა ვახსენო სიტყვები: „დარდი“, „სევდა“,„მძიმე“, ვიცი მაგით ისედაც გაჯერებული ხარ. ამიტომ მარტივად ვიტყვი, როგორც ყველა, ზინაც ფიქრებით გამოტენილი თავით მიაბიჯებდა გატკეპნილ მარშრუტზე, ისევ იქით, სადაც აგერ უკვე მესამე წელია მუშაობდა.

მუშაობდა და უკვირდა, რომ უძლებდა. უძლებდა, მაგრამ არა ფიზიკურად, თუმცა ფიზიკურადაც არ იყო მისთვის ადვილი. პატარა გოგო ხომ აღარაა?! მეხუთე ათწლეულში შებიჯებული კიარადა, ლამის ფინალისკენ გასული.
უფრო ემოციურად იყო გადატვირთული, თან ისეთი პერიპეტიების ჟამს მის ცხოვრებაში, როცა ის, როგორც თავად იტყოდა , ყველაზე მოწყვლადი იყო.
მიდიოდა და ფიქრობდა: არა, მაინც როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ასეთი სუსტი? - ეს კითხვა კი არაა, რომელიც აწუხებდა ზინას, არამედ ბრაზი საკუთარ თავზე.
თუ ადამიანს მიზეზის მიკვლევა შეუძლია, ანალიზის უნარი აქვს და შედეგთან აკავშირებს, რატომ არ უნდა შეეძლოს შეცვალოს ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია და დაივიწყოს ის, რასაც ძვრას ვერ უზამს?
მაგრამ ხვდებოდა, რომ უკვე აშენებულ სახლს ათასჯერ შეიძლება ინტერიერ-ექსტერიერი გადაუკეთ-შეულამაზო,  საძირკველს კი რას უზამ?! დიდი-დიდი გაამაგრო, მაგრამ რაც არის, ისევ ის დარჩება .

სამსახურისკენ მიმავალი ზინა ხედავდა, რომ გზად არსებულ, ოქროსფერი ლითონით შესრულებულ გომელაურის ამ ციტატას:
„სასწაულები ხდება  წამებში - ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებთ დასაწუნს...
ყველას დავცინით ზურგის არეში
და წუთში ვკარგავთ სამოც სასწაულს“, ყოველდღიურად აკლდებოდა ასოები და ხვდებოდა, რომ ეს არც მექანიკური დაზიანება იყო, არც ვანდალიზმის ერთჯერადი გამოვლინება, არამედ დანაშაული, რომელსაც ქურდობა ჰქვია და მაინც უკვირდა.  უკვირდა ალბათ იმიტომ, რომ არ სურდა დაეჯერებინა ამის გამკეთებელი ადამიანების არსებობის.
და რადგან ზუსტად იცოდა რომ არიან ასეთები, მაშინ რატომღა უნდა გაჰკვირვებოდა? და ყოველ ჯერზე იმ ადგილზე გავლისას ეთქვა: „უი, ამას კიდევ დაკლებია ასოებიო“.
რა კავშირშია ეს ორი რამ? არაფერში! მხოლოდ შედარებისთვის და დასკვნების გამოსატანად მოვიტანე, - თუ ხვდები რომ შეუგნებლად ხდება დანაშაული უფრო ადვილი საპატიებელია, მაგრამ უფრო რთული მოსანელებელი, აი, თუ პირიქით, პასუხსაც ადვილად მოსთხოვ დამნაშავეს და შესაბამისად, გულდამშვიდებული შეეგუები შედეგს.

ალბათ საჭიროც აღარაა, მკითხველო, შენი ხსენება, რადგან მარტო ვარ, მაგრამ, თუ სადმე გახსენე და თვალი მომკარი, გაატარე, ნუ მომაქცევ ყურადღებას, ან მომიტევე, თუ გამიბრაზდები.
წესით, უნდა მიხვდე, რომ ახლა ზინას კომპლექსებზე ვიწყებ ლაპარაკს და ეს შესავალიც ჩემი მოკლე ჭკუით ზუსტად დააკვდა ამ წამოწყებას.

კომპლექსების ქონა სულაც არ ყოფილა ცუდი, იმიტომ რომ ზოგ შემთხევაში ისინი ადამიანს გადაარჩენენ ხოლმე უგუნური და შენ წარმოიდგინე საბედისწერო ნაბიჯისგანაც კი.
საზოგადოება ჯერ ვერ, თუ არ ჩამოყალიბულა ბევრ სხვადასხვა სასიცოცხლო საკითხზე და სულაც არაა გასაკვირი თვითმკვლელობის აქტის შეფასებაზე შეჯერებულიყო, კერძოდ - სიძლიერეა ასეთი ნაბიჯის გადადგმა , თუ სისუსტე? ზინა არც კი ორჭოფობდა, ამბობდა რომ მხოლოდ ძლიერს შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ გმირობად კი არ მიაჩნდა?! უბრალოდ თავის გამეტება იოლი არ ეჩვენებოდა. თავადაც არაერთხელ უფიქრია ამაზე, მაგრამ ... მაშინვე ყურში ჩაესმოდა ხოლმე სიტყვა - „სულელი“, თან ისე მკაფიოდ, მკაცრი სიზუსტით და დამცინავად ნათქვამი, რომ მთქმელის უპირატესობაში, თვითმკვლელთან შედარებით, ეჭვს ვერ შეიტანდა ადამიანი. მერე, იქიდან გამომდინარე თუ რას წარმოადგენდა ის, ვისი პირიდანაც ჟღერდა ეს შეფასება , თვითმკვლელი რომც არ გცნობოდა, შეგებრალებოდა, ამაზე სულელი თუ იყო, აბა რად უნდოდა სიცოცხლეო იტყოდი.
დაცინვა არ უყვარდა ზინას, არავის დასცინოდა, იმიტომ რომ სწორედ დაცინვა იყო ის, რასაც შეეძლო მისი გულის მოკვლა ყველაზე მეტად და ამიტომ, მისი შიშით ხარშა, ადუღა, ჩაისხა და ჩაიდუღაბა ყველა კომპლექსი. მისი შიშით სამუდამოდ დაწია საკუთარი თვითშეფასება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები