ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2019


ბედნიერებას გაძლება უნდა

ნინო დარბაისელი

ბედნიერებას გაძლება უნდა
- -
(ციკლიდან: “გვიანი ჭკვიანობები ადრიანასთვის”)

უბედურების ამბავი ხომ ბევრი გითხარი,
ბედნიერების - უთქმელი დამრჩა.
იქნებ ამითი უნდა დამეწყო, მაგრამ ჯერ უნდა გაიზარდო და დაბერდე,
ბედნიერების შესახებ რომ მართლა დაფიქრდე.
მე გადავავლე თვალი ერთხელ ცხოვრებას ჩემსას,
ჩავყევი, სადაც მეხსიერების  ბეცი მზერა ჩამიწვდებოდა
და შემეცოდა ჩემივე თავი.
თურმე, როდესაც ბედნიერი მეგონა იგი,
რა უბედური ყოფილა მაშინ!
იქნებ აქა დევს თვითგადარჩენის საიდუმლო ზარდახშა,
სადაც ერთი კვერცხია,
გატეხავ კვერცხს და
ნაჭუჭებში ერთი წვრილი ნემსი დაგხვდება.
იმ ნემსის ყუნწში
უწვრილესში  სული სუფევს თვითგადარჩენის
და რაც ჩვენ მცირედ გვეჩვენება, მისთვის  სამყოფლად დიდია და  უზარმაზარი.

ეს იქით იყოს!
მინდოდა, თევზზე მომეყოლა,
ვერცხლისფერ თევზზე,
მტკვარში ბადით რომ დაიჭირეს და მომიყვანეს.

ზოოპარკის წინ,
იქვე, ზოომაღაზიაში
ჟანგბადის მილი,
ნათურები,
წყალმცენარეთა იმიტაცია,
სულ სათითაოდ დარჩეული ქვები,
კენჭები ფერად-ფერადი.
საუკეთესო საჭმელი,
ბადე...
რა არ მიყიდა მამაჩემმა
და ვერცხლის თევზის აკვარიუმი მოვაწყვეთ ისე,
შიგ ჩაწოლა და ქალთევზობა მოგინდებოდა.
გაიხარა და რა გაიხარა!
წყალს მიარხევდა, მიირხეოდა!
თვალის დევნებით მოთენთილმა ჩავიძინე.
დილით კი,
დილით
წყლის ზედაპირზე  გაუნძრევლად ტივტივებდა ვერცხლის თევზის თეთრი მუცელი.

მიუჩვეველმა ალბათ მტკნარ წყალში ვერ გაძლოო..

თეთრ ხელსახოცში გამოხვეული
ალუბლის ხის ძირში დავმარხეთ.

აი, ეს არის ბედნიერება!
ვერცხლის თევზივით ჯერ აღტაცებით შეიფართხალებ,
მაგრამ ძნელობა მერე იწყება.  ჭირნაჩვევს უცხო სისუფთავის,
სიკეთეების გაძლება გინდა.

რა გრძელი სიტყვა გამომივიდა!
მოკლედ გეტყვი:
იცოდე, შვილო,
შვილის შვილო,
ბედნიერებას  არა აქვს აწმყო.
ის ან იქნება
ან უკვე იყო.
ბედნიერება რაც გგონია,
მხოლოდ და მხოლოდ წარმავალი სიხარულია
და თუ არ წავა,
თუ შეიჩვიე,
ჩაენაცვლება კმაყოფილება.
ბედნიერება
სახეს არასდროს დაგანახვებს, თუ არ დაკარგე,
ვით ჭირისუფალს, საბოლოოდ შეგრჩება მისი გადიდებული კენტი სურათი,
შავი ჩარჩოდან მოღიმარი,
შენთვის - სათნო, სხვებისთვის ურგო,
რომ შეგახსენოს:
ბედნიერებას გაძლება უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები