ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2021


როიალი

ნინო დარბაისელი

როიალი

მაშინ თვრამეტი  წლისა ვიყავი,
სავსე გზნებით და
სავსე ვნებით და
სავსე მუხტებით...
დრო მიგვაქანებს,
როგორც ჩქარი მატარებელი,
არც შეჩერდება
და ვერც ბაქანზე
გადავუხტებით.

ერთ სამსახურში ლხინი იყო
კაცთა როხროხი,
ტკარცალი ქალთა;
წინ სუფრა გვედო, -
დაგვეფერთხა სიუხვის კალთა.

სუფრაზე ერთი კაციც იჯდა,
მოხუცი, ჩია,
არ იზიდავდა არც ცხელ-ცხელი,
არც რამ ჩიჩია,
არც ხმას იღებდა,
ვის რით უნდა გამოგვერჩია.

გვერდით დარბაზში როიალი იდგა ახდილი,
და მერე, როცა აირია ცოტათი სუფრა,
წესი და რიგი,
მივიდა იგი როიალთან.
თრთოდა კლავიში,
ო, თავბრუსხვევა იყო რარიგი!
ვუსმენდი უბრად,
თითქოს ამბავი მიამბო იგი,
გამესაუბრა.

წამოდგა უცებ, ჩემს წინაშე მუხლზე დაეცა,
რა დაგიმალოთ, ჩემო ძმებო,
ჩემო დებო და
გეტყვით გასამხელს:
შემოსწვდა ჩემს ხელს
ღვთისმშობლისას
ვით შესწვდებოდა,
მევედრებოდა,
ჯერ რა უხმოდ  მევედრებოდა!...

ის როიალი, ის რიალი,
შენს წინ მუხლებზე დაცემული
მოხუცი იგი,  მწვანეთვალება,
რამ გაგახსენა, თავო ჩემო, შე იდიოტო,
რომ შემოგტირა:
“-ნე ვსტაიოტო, უჟე, ბოლშე ნე ვსტაიოტო!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები