ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2014


ამომავალი მზის ქვეყანაში

"შენ რომ გიხსენებ,
ცხოვრებიდან მივალ იმედით,
რომ თუნდაც კვამლი იმ კოცონისა,
რომელიც უკვალოდ დამწვავს,
შენი სახლისკენ გაიწელება..."
ნიძიო.

აისს შეჰყურებს სამურაი, მზეს ელოდება,
მიწიდან ცისკენ მომზირალი, მიეცა ფიქრებს,
მზერით შეეხო აყვავებულ საკურას ტოტებს,
გადაწყვიტა, რომ სიკვდილის დღედ დღევანდელს ირჩევს.
მუხლებით იგრძნო მშობლიური მიწის სინესტე,
ფიქრით მსუბუქად ჩაეჭიდა ბოლო იმედებს,
დარდობს, რომ ირგვლივ ყველაფერი წარმავალია,
საკურას ყვავილს მოსაწყვეტად ქარი იმეტებს...
ცა მოწიწებით გადასერა ფრთათეთრმა წერომ,
მას გააყოლა უკანასკნელი ფუჭი ფიქრები:
-მშვიდობით ჩემო, დავიწყებას მივალ იმედით,
(იქნებ სიმშვიდე არის სადმე) მშვიდად ვიქნები.
თუ კვამლი ცეცხლის, საბოლოოდ რომელიც დამწვავს
შენი სახლისკენ ღრუბელივით გაიწელება,
მაშინ კოცონზე მოგონებად ჩავიფერფლები,
ჩემი სიცოცხლის ერთადერთო, სევდისთვალებავ...
სისხლი იღვრება და ირევა წვიმის გუბეში,
სუნთქვა შეეკრა ნორჩ საკურას, ერთადერთ მოწმეს...
ამომავალი მზის ქვეყანაში მზე ამოვიდა
და სამურაის ხარაკირის დაესწრო პროცესს.

28.05.13

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები