ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2008


გვირილა

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ: "ღმერთს, ამ ორიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ".

მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ... ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.

ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
"ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრად ყვავილად სადმე დანიშნე".

ეგება თვალი მეც ავახილო -
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს, ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს,

მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ, მოდი, ორივემ
ერთ-ურთს, რაც ჩვეში თრთის და ციმციმებს.

ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები