ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რავი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2009


მინიატურები

***
ხუთიოდ წუთის წინ
მხარზე დამკრა ხელი და
შემეწიეო ისე მთხოვა
უარის ნაცვლად
სანახევროდ სავსე მჭიდი მივეცი

ახლა კი
სანამ სხვები დამასწრებდნენ
ისეთი სახით ვიხრები მისი ცხედრისკენ
თითქოს ჩემი ტყვიების
რომლის გახარჯვაც ვეღარ მოასწრო
უკან დაბრუნება კი არა
მხოლოდ თვალების დახუჭვა მინდიოდეს მისთვის


***
ქალი
ვისზეც ორ ცნობილ პოეტს ლექსები უწერია
მინისტრის საყვარელი ყოფილა
და თან ქალს ის უყვარდა თურმე
შეიძლება ისევე გულწრფელადაც
როგორც პოეტებს
მისთვის მიძღვნილი
თავიანთი ლექსები

***
მარტოხელა მეთევზეს
სანაპიროზე მოსეირნე წყვილის დანახვაზე
ქალი მოუნდა
შორს
ძალიან მედიდურად მიაკივლა ჩამვლელმა გემმა
მოღრუბლულ ამინდში თოლიები ისე ქათქათები არ ჩანდნენ
როგორც მზიანში

***
როგორღაც
ან რატომღაც ვუძლებდი შენს ნდომას
ავტობუსში კი
ჩემს გვერდით
დედაბერს
რომელსაც ბევრი რამ ენახა მიწაზეც
და ცისკენაც
ალბათ
მხოლოდ ამინდის გამოსაცნობად თუ აიხედავდა
ბაზარში პომიდვრის ფასი აოცებდა

***
კონდეციონერის ზუზუნში
ოხვრითა და კვნესით მორჩნენ საქმეს
ქალი
სააბაზანოში გატანტალდა
შიშველი ფეხებით
კაცმა
გახამებულ თეთრეულს რომ ვერ იტანდა
ზეწარი იატაკზე მოისროლა
მობილური ჩართო
და აღიდგინა კავშირი გარე სამყაროსთან.

***
ლიფტში სუნამოს სუნი დახვდა
ყველა მეზობლის ქალი გაიხსენა
მხოლოდ ქუჩაში გამოსულს მოაგონდა
რომ ცოტა ხნით ადრე
ბინიდან გამოსვლის წინ
მისმა ცოლმა
სწორედ ეს სუნამო ისხურა

ამოიოხრა
და სიგარეტს მოუკიდა

***
ავტობუსიდან
ექსკურსიაზე მიმავალი სტუდენტები გამოეფინნენ
გოგონები
თითქოს იხვეწებიანო
ვაშლის გამყიდველ კაცებს გაეპრანჭნენ
და გადარიეს
კაცებს
თითქოს ამ საქმეში ვარჯიშობენო
გოგონების თანაკურსელმა ბიჭებმა შეუბღვირეს
და მოსვეს
ბიჭებს კაცების ცოლებმა
ეჭვითა
და თან ქმრების უგერგილობით აღშფოთებულებმა
თვალები გადაუბრიალეს
შოფერს კი ეს ყოველივე
არაერთხელ ნანახი ჰქონდა

***
აბრეშუმის კაბის გადამკიდე
შენს მოქნილ წელზე
ხელს ძნელად ვიკიდებ
და არც ცეკვა მეხერხება
რასაც ყველაზე უკეთ
დედაშენის თვალებში ვკითხულობ
მაგრამ
იმდენად მომწონს შენი ცხელი სხეულის სუნი
სასიდედროს ძველმოდურ შლაპაზე აღარ ვიღიმი

***
პატარა გოგოს წარმოდგენით
მდიდრები ზამთარშიც ბედნიერები არიან
რადგან მათთან
მთელ სახლში ერთნაირად თბილა
და სამსახურიდან დაბრუნებულ მამას
გაზეთის წასაკითხად შეუძლია
სხვა ოთახში გავიდეს
ისე რომ ბავშვებს ხმაური არ აუკრძალოს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები