ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სურამელი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


ჩემს ხალხს

მგონი ყველა ცდა უსაშველოა,
ტყე იქცა ველად,გახმა სახოხბო..
ჩემი სამშობლო საქართველოა,
შენ რას ტრაბახობ?რა გვაქვს სახოტბო?

დიდი ხანია გულს მიღრღნის ეჭვი,
დღეს საქართველო ვითომ ჩვენია?
ყველას სურვილი კლავს ჩვენი შეჭმის,
უსინდისობის არვის რცხვენია

საქართველოო!ზოგი შესძახებს,
ისე,რომ ჟრჟოლა დაგივლის ტანში,
შენს წმინდა გრძნობებს ხელს ვინ შეახებს,
მაგრამ სიყვარულს რად უნდა ტაში?

ჩემთვის ერთია,თერგის წყალს დალევ,
თუ მისისიპის გამოგყვა ხიბლი,
რუსის გზას მისდევ, თუ უსმენ დალესს,
ან იმედი გაქვს ციური იღბლის.

ჩემთვის ერთია,თუ მშობელ მიწას
არ ხარ შეზრდილი ყრმობის ფესვებით
და თუ ქართულად არ ხედავ სიზმარს,
საქართველოს ბედს ნუ შეეხები.

ეს საქართველოს სიყვარულია,
რისთვისაც გცემენ, გკლავენ და გწვავენ.
ეს საქართველოს სიყვარულია,
დედაზე ტკბილი,ღალატზე მწარე...

და ახლა როცა ბევრი ქართველი,
გადაიხვეწა საქართველოდან,
თავზე მოირგო შარავანდედი,
ვინც საქართველოს ნგრევას შველოდა!

ხალხი დანებდა შიშსა და შიმშილს,
ოცნებამ ფრენა შეწყვიტა შიშით,
საზიზღრობაა შენს ქვეყანაში
სხვისგან მალულად შიმშილის შიში.

შიმშილმა ჩაკლა ქართველ ქალებში
იაფ მეძავად გაყიდვის შიში
და ვის ჩავხედოთ ახლა თვალებში?
დას... დედას... ცოლს... თუ ჭირია სხვისი?

მიდის ქართველი საქართველოდან...
მიდის... სად მიდის არავინ იცის,
სად ჯანდაბაში არის სამოთხე?
სად ერთგულება მშობელი მიწის...

მოუსვლელეთი,ახლო და შორი,
ქართველებს გულში მაგრად იხუტებს,
ვინც არ იზარებს,ძაღლი და ღორი,
ყველას სურს ქართველს სახლში მიუხტეს.

სიტყვით და ფულით,ტყვიით და გულით
პრესით თუ წნეხით,ძალით თუ ხერხით,
ყველა გვებრძვის და ყველას ვნებდებით!
რა გვჭირს?რა ღობე-ყორეს ვედებით?..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები