ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2009


დრო

  რა სწრაფად გადის დრო, თან მოთმინებას გვთხოვს. აუ!... პირდაპირ ლექსივით არ გამომივიდა? სწრაფად გადის თქო ვწერ და მახსენდება, რა ნელა, ზოზინ-ზოზინით გადიოდა წლები, დღეები, წუთები, წამები ოცდაათ წლამდე, ერთი სული მქონდა, როდის გავხვდებოდი ექვსის, რომ სკოლაში წავსულიყავი. სკოლაში მისულს, უკვე მისი დამთავრების დრო მეჩქარებოდა ვიცოდი, მაშინვე ვიცოდი, რომ დროს ვერ გავუსწრებდი და მეც მოთმინებით ველოდი ცხოვრების დინების თითოეულ ეტაპს. და აი, დამთავრდა სკოლის გაწელილი ათი წელიწადი, გათავდა უმაღლესი განათლების მიღების ექვსიც და ჩავთვალე, მაქვს უფლება გავიდე ცხოვრების ფართო ასპარეზზე.
  და აი, აქ უკვე სულ სხვა რამ აღმოვაჩინე. არ ვიცი ეს ჩემი თაობის არ შემდგარ ბენეფისს დავაბრალო თუ ჩემივე უბედობას, აქ მივხვდი, რომ არავის ვჭირდები, არც ჩემი შექმნილი, ღამენათევი ნახატებით და არც ტვინ-ნაჭყლეტი ლექსებით. თუმცა, იყო წყვდიადში, ციცინათელას ნათებასავით მკრთალი ეპიზოდებიც, როდესაც ვინმე,  აღფრთოვანდებოდა ჩემი ლექსით და სამსჯავროზე გამოყვანილი მსჯავრდებულივით ვიდექი და ვისმენდი, როგორ მიწონებდნენ თუ მიწუნებდნენ ჩემს შექმნილ, ახალფეხადგმულ შვილებს. იყო დრო, როდესაც ბედნიერი ვიყავი, შემთხვევით შემხვედრი ადამიანისგან გამეგო ლექსი, ჩემი ლექსი, რომელიც მიყვარდა და არ დავთმობდი არასოდეს იმ სიამოვნებას, რასაც ლექსის შეგრძნება ჰქვია. რომელ მძაფრ განცდას შეედრება შეიგრძნო ლექსი, მუსიკა? დამიჯერეთ არც ერთს...… მე მეცოდება ადამიანი, თუ არ განუცდია ეს გრძნობა, რომელიც დენივით დაგარტყავს, მთელს შენს სხეულს უცნაურ ჟრუანტელს მოჰგვრის და აგაღფრთოვანებს. ბედნიერება, იმიტომ არის ბედნიერება, რომ მოკლეა და მალე მიაქვს ცხოვრების დინებას და ეს ციცინათელების მცირე შუქი ისევე მალე ქრება, როგორც უცებ გამოჩნდება ხოლმე წყვიადში. ლექსი თავისით მოდიოდა და დაჟინებით მთხოვდა თეთრ ფურცელზე გადატანას. მეც ვწერდი (თუმცა, ვიცოდი, რომ არავის სჭირდებოდა), ვწერდი ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და მისთვის, ვისზეც ვწერდი, სიხარული თუ აღფრთოვანება სიყვარულივით მიდიოდა უკან.        ხო, ხო არ მოგჩვენებიათ, სიყვარულივით. ისევე, როგორც ბედიერება სიყვარულიც სულაც არ არის მარადიული. ნარკოტიკის მსუყე დოზასავითაა. ხარ რაღაც გარკვეული დროით გაბრუებული და ესეც უმოწყალოდ მიაქვს დროს, დრო… აი, რა არის რაც ყველაფერს აქრობს, ჭამს, კლავს და ნაცარ-ტუტად აქცევს. განა არ დამეთანხმებით, რომ შექსპირის რომეო და ჯულიეტა, ბანალური მოთხრობა იქნებოდა და არა შედევრი, მათ თვითმკვლელობით, რომ არ დაემთავრებინათ სიცოცხლე, როდესაც სიყვარულით ნარკოტიკივით გაბრუებულებს, მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის გვერდით ყოფნა უნდოდათ, მათთვის არავინ და არაფერი არსებობდა, იმ დროს სიყვარულის გარდა. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, შეცვალეთ ეს ფინალი. მათ არც უფიქრიათ თავის მოკვლა და ბედნიერად გავაგრძელოთ ეს სიყვარულის ისტორია. არ იფიქროთ შექსპირის გადაკეთება განმიზრახავს. არა! არა და არა. უბრალოდ, მივცეთ მათ დრო, გავიდა ათი ან მეტი წელიწადი, როგორ წარმოგიდგენიათ? ეყოლათ მათ სამი ან ოთხი შვილი, მერე? მოდი ახლა დავუბრუნდეთ ისევ იმ დროს, როდესაც რომეომ  შხამი დალია, ხო, რომეომ, რომელსაც ჰყავს სამი შვილი. უბრალოდ, წარმოუდგენელია მას ეს ჯულიეტას სიყვარულით გაეკეთებინა, ამდენი დროის მერე, მაგრამ მაინც, გჯერათ, რომ ჯულიეტა იგივეს გაიმეორებდა?
  აი, რას აკეთებს დრო, მაპატიოს შექსპირმა, რომ გავკადნიერდი და გავბედე ამის თქმა, რომ მარადიული არაფერია ამ ქვეყანაზე ადამიანის სულის გარდა                      საშინელებაა იგრძნო, რომ სულ სხვა რამ გინდა ამ ქვეყანაზე,  ვიდრე ის რაც გაქვს, რაღაც სხვა სულიერი. რელიგია, სარწმუნოება არ მაქვს აქ ნაგულისხმევი. თუმცაღა ბევრ რამეში ვეთანხმები და ჩემი ცხოვრების მთავარ დევიზადაც კი იესოს სიტყვები მაქვს წინ წამძღვარებული "მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ". ეს ძნელია მაგრამ მაინც ვცდილობ. ბევრ რამეში ვეთანხმები თქო ვწერ იმიტომ, რომ არის რაღაცა რაც არ მინდა დავიჯერო, ჩემი აზრით, სული მარადიულია. ის ერთი ცხოვრებით ამ ცოდვილ მიწაზე ვერც ჯოჯოხეთს და მითუმეტეს სამოთხეს ვერ დაიმსახურებ. უფრო მეტი გეძლევა დრო, ვიდრე გინდაც სულ ასი წელიწადია. ალბათ, უფრო ადვილია გჯეროდეს, რომ სიკვდილის შემდეგ კიდევ გეძლევა შანსი დაბრუნდე ისევ დედამიწაზე და შენივე დაშვებული წინა ცხოვრების შეცდომები გამოასწორო. განა შეგიძლია? შენ! ხო, შენ ადამიანო იცხოვრო ისე, როგორც ბიბლიის თითოეული თავი, თუ აბზაცი გვასწავლის? არა? ესე იგი რა? შენ რა, ჯოჯოხეთში მოხვდები? საშინელებაა ამის გჯეროდეს. განა ისინი ვინც ეკლესიურ ცხოვრებას უწოდებენ თავიანთ არსებობას, ბიბლიური სიზუსტით ცხოვობენ? ვერ ვიჯერებ და გინდათ მომკალით. ადამიანის არსებობა სულ სხვანაირად არის შექმნილი. ბევრ ადგილას თვითონ ბიბლია გვიმოწმებს ამას (აი, მაგალითი ამისა, მინდა დავწერო რაღაც ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას და მეშინია), შიში, შიში, ღვთის შიში, მაგრამ შიში, ხომ თრგუნავს ადამიანს, შეშინებული ადამიანი, ხომ არაფერს ფიქრობს იმის გარდა, რაც მისი შიშის მთავარი ობიექტია. თუნდაც ის, რასაც იესო იძახის ერთ-ერთ კანონად – ნუ იფიქრებთ ხვალინდლ დღეზე, მამა იფიქრებს მასზე. შეხედეთ შროშანებს, თვით სოლომონიც არ შემოსილა ისე როგორც ისინი, რადგან მათზე მამა ზრუნავსო. მაპატიეთ, კიდევ ერთხელ, რომ ჩემი სიტყვებით დავწერე ეს აბზაცი და ციტირება არ გამიკეთებია,  განა, რომელიმე თქვენგანი, არ ფიქრობთ ხვალინდელზე? თქვენს თუ თქვენი შვილების მომავალზე?... აქაც, ვიტოვებ უფლებას არ დაგიჯეროთ.
  ნუ იფიქრებთ, მე თქვენს განსჯას ვაპირებდე, არა ჩემო ძვირფასებო. არა, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირად ვერ ჩაეტევით ერთ ცხოვრებაში იმისათვის, რომ გარდაცვლილი ღმერთთან წახვიდეთ. ამას რამდენიმე ცხოვრება სჭიდება. დამერწმუნეთ, ძალიან დიდი დრო. დრო, რომელიც ბადებს, ზრდის, ჩუქნის, ართმევს, კლავს, ალპობს, ახმობს, აბედნიერებს, სხვა განზომილებაში გადაჰყავს, აბრუნებს და რა ვიცი კიდევ რამდენი შეუძლია ამ დროს. დრო განაგებს ყველას და ყოველივეს. დრომ იცის როდის მოდის თოვლი, როდის აყვავდეს ნუში, როდის დაიბადოს ბავშვი, როდის გარდაიცვალოს. დროს გვჩუქნიან თუ გვართმევენ, როდესაც მოსაფიქრებლად ტვინს ვიჭყლეტთ, დროს მივყავართ სიბერემდე და დროს ართმევენ ბავშვს, რომელიც უდროოდ ტოვებს ამ დედამიწას და გადადის სხვა განზომილებაში, რომ ისევ დაბრუნდეს, თავის დროზე, და დაყოს დედამიწაზე იმდენი, რამდენსაც მისცემენ დროს.
  ღმერთი ხომ არ გვაძლევს კანონებს ? იესომ ხომ გააბათილა და უარყო კანონები თავისი ჯვარცმით, რატომ გავიწყდებათ? მთავარი, ხომ სიყვარულია, გიყვარდეს მოყვასი შენი! ხომ, მთავარია და ამ პატარა მოცემულ სიცოცხლეში, ამ დროში თუ კი შეძელი და იცხოვრე ამ სიყვარულით, მაშინ რაღა საჭიროა დანარჩენი ყველაფერი,  იესო იძახის. -არა ის წაბილწავს ადამიანს რაც პირში ჩადის, არამედ ის რაც პირიდან ამოდისო. ხოდა, რაც არ უნდა ჭამო, მთავარია როგორ იქცევი, მთავარია შენი სიტყვით თუ საქციელით არავინ აცდუნო. მთავარია გიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ძნელია, მაგრამ ნუ დაივიწყებ ქრისტემ თავი გასწირა შენვის და შენც გაქვს მოცემული დრო, რათა მიიღო ის შენს გულში და იცხოვრო ამ დროში მისი სიყვარულის მარადიული კანონით. თორემ, გავა დრო და აბა ერი წუთით დაფიქრდით. რომ ფიქრობთ, ყველაფერ ამქვეყნიურზე-ვიზუალურზე, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, რით ვიარსებოთ ხვალ. ეს განა ნორმალური არ არის? მაგრამ, თან რას წავიღებთ? ერთი იგავი მახსენდება, უნებურად გამეცინა კიდეც: ორ ადმიანს ნება დართო, დიდი მიწების მფლობელმა ბატონმა, თქვენივე ფეხებით რამდენ მიწასაც მოზომავთ იმდენს მოგცემო. პირველმა, ნელი ნაბიჯით გადაზომა მიწა, იმდენი რამდენიც ეყოფოდა მის მრავალშვილიან ოჯახს და ბოლოში ჯოხი ჩაურჭო. აი, მეორემ კი, სიტყვის დამთავრება არც კი აცალა ბატონს და ტყვიასავით გავარდა მიწის მეტ ნაწილის გასაზომად. იმდენი ირბინა ძალა მთლად გამოელია, მაგრამ გაჩერება არც უცდია, რაც შეიძლებოდა მეტი მიწის დასასაკუთრებლად. ძალები, რომ გამოეცალა, ხოხვით განაგრძო გზა, როდესაც იგრძნო, რომ ესეც კი აღარ შეეძლო ორივე ხელი წინ გასწია მიწის ნახევარი მეტრით მეტის მიღების მიზნით. იცით ამ იგავის ფინალი? ის ხარბი კაცი მაშინვე გარდაიცვალა და იმას მაინც მიხვდებოდით რა წაიღო იმ კაცმა ამ ქვეყნიდან, არაფერი! აი, მიწის ორ მეტრამდე მონაკვეთი კი ნამდვილად დაისაკუთრა საკუთარი საფლავისვის, რომელზეც საზღვრის ჯოხის მაგივრად, ალბათ ჯვარს დაადგავდნენ. ასე, რომ ჩემო ძვირფასებო ადამიანის სული მარადიულია.  დროის კანონის მიხედვთ, არაფერი კვდება დედამიწაზე, ყოველივე იცვლება ახლით და ადამიანი? რატომ უნდა მჯეროდეს რომ არა.ბიბლიაშიც არის ციტატა, სადაც იესო ამბობს:უნდა მოკვდე, რომ თავიდან დაიბადო.ხოდა ნუ დამძრახავთ, თუ მჯერა, რომ სული  მარადიულია.
  ახლა კი, რადგან უკვე დიდი დროა რაც ოცდაათს გადავაბიჯე, უკვე სწრაფად მიჰქრის დრო, ისე სწრაფად, რომ ვერც კი ვეწევი. მთავარია მახსოვდეს, რომ ჩემივე სხეული პატარა ეკლესიაა, ღმერთის მიერ ნაბოძები ჩემი სულისთვის. ჩემი ეკლესიის ღმერთი კი ჩემივე სინდისია, სინდისის ღმერთი, რომელიც ყოველთვის მქეჯნის, როცა რაღაცას ვაშავებ და განა იესო არ იძახის იგავში, თუ სინდისი გქენჯნით, განა ღმერთი სინდისზე მაღალი არაა-ო. ხოდა, ღმერთმა მაპატიოს და იმედი მაქვს თქვენც მაპატიებთ თუ კი რამე დავწერე ისეთი, რამაც თქვენი სინდისის სიმი შეარხია, თუმცა კი ალბათ, ესეც ღმერთის ნებაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები