ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური. (მეორე ნაწილი)

იმ საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა. დილით, გამთენიისას, კარზე ზარი გაისმა. წამოვდექი, ძლივს წავჩანჩალდი კარებამდე, ნახევრად ძილ-ღვიძილში. ხმამაღლა ვიკითხე, ვინ არის-მეთქი.
- ერთი წუთით, თუ შეიძლება კარი გააღეთ, რაღაც უნდა გადმოგცეთ, - იყო პასუხი.
რატომღაც არ შემშინებია უცხო ხმის. ეგრევე გავაღე კარი. იქ ვიღაც ახმახი იდგა და უაზროდ იღიმებოდა.
- ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ, ეს თქვენთან გამომატანეს, - თქვა და რაღაც პატარა ყუთი გამომიწოდა.
- ვინ და რა არის ეს? - კითხვები დავაყარე უცნობს.
- არ ვიცი, გეთაყვა, ნახავთ და გაიგებთ. აი, წერილიც - კონვერტში ჩადებული რაღაც გამომიწოდა მან და გაქრა.
ისევ დავშტერდი კარებში. რა უნდა ყოფილიყო ან ვისგან. ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა. ჰოლშივე გავხსენი წერილი. შიგ ლამაზი ხელით ეწერა:
“ეს შენ! მინდა ვიცოდე სად ხარ, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ!... იმედია, მოგეწონება. ჩართულია.
ზაზა”
გულში რაღაც ჩამწყდა. თითქოს ადუღებული წყალი გადამასხეს. ყუთს უცებ შემოვაცალე ქაღალდი და გავხსენი. შიგნით “სიმენსი”-ს ტიპის მობილური აპარატი იდო. ღილაკს თითი დავაჭირე. ჩავრთე. მისალმება უკვე დაეწერა ზაზას. “დილა მშვიდობისა, ნუკი” - მომესალმა მობილური და ცისფერი ნათება ცოტა ხანში ჩაქრა.
მაშინ მობილური აპარატი ფუფუნებად ითვლებოდა. სულ მქონდა სურვილი, მეყიდა. მაგრამ ჩემი ხელფასი ამის საშუალებას არ მაძლევდა. აი, ახლა კი საჩუქრად მივიღე, მაგრამ ვისგან? მე მას ხომ არც კი ვიცნობ?...  ამ საჩუქრის აღება არ შეიძლება! რატომღაც ბოლო წინადადება ხმამაღლა ვთქვი და შევხტი, რადგან მობილურმა ლამაზი მელოდიით დარეკა.  დავიბენი, თითქოს აქამდე არ მენახა მსგავსი რამ. მწვანე ღილაკის ნაცვლად წითელს დავაჭირე და შემოსული ზარი გავთიშე. რამდენიმე წამში ზარი ისევ განმეორდა. ამჯერად სწორად შევძელი ზარის მიღება. რა თქმა უნდა, ზაზა რეკავდა.
- დილა მშვიდობის, ნუკი!... მოგეწონა ხომ საჩუქარი? ხომ მაგარია? აბა, შენ იცი, როგორ გამლანძღავ, - თავისი ლამაზი ხმით, ამოუსუნთქავად ლაპარაკობდა ზაზა.
- იცი, მე არ მჭირდება შენი საჩუქარი, - ჩემს ხმას აშკარად ემჩნეოდა, რომ ვიტყუებოდი.
- არა, შენ არა, მე მჭირდება! იცი, მე მგონი, დამაბი. მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი. შენ რაღაც სხვანაირი ხარ, განსაკუთრებული. დღეს არ შეგიძლია შევხვდეთ?
- არა! არც დღეს, არც ხვალ და არც არასდროს! მე ვმუშაობ, შენსავით უსაქმური ნამდვილად არ ვარ და ეს აპარატი წაიღე უკან, თუ შეიძლება!
- კარგი, ნუ ბრაზობ. აპარატი შენთან იყოს. შენ ეს დაიმსახურე. შენ კარგი გოგო ხარ. ჩათვალე, რომ ჩემს საქმიან წილში გაგიყვანე და მორჩა, კარგი? - ზაზამ მომთხოვნი კილო თხოვნის კილოთი შეცვალა.
- კარგი, ისე რომ ვთქვათ, შენ გასაჭირისგან გიხსენი და ეს ისედაც მეკუთვნოდა, - შევიფერე მეც.
მან კი ისე გემრიელად გადაიხარხარა, რომ ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა.
- კარგი, გემშვიდობები. დაგირეკავ ხანდახან. ხომ შეიძლება, - ისევ თხოვნის კილო.
- შეიძლება... ხანდახან - დავთანმხდი მე. მობილური დადუმდა.
- ეს ბიჭი თავს შემაყვარებს, - ვუთხარი საკუთარ თავს და მივხვდი, რომ მართალი ვიყავი. თითქოს უკვე მიყვარდა.
აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე, ჩავიცვი და სამსახურში წავედი.
დღემ ჩვეულებრივად გაიარა. თხუთმეტი თანამშრომლიდან თოთხმეტი გოგო ვიყავით და ყველას ეჭვი გვქონდა, რომ მეთხუთმეტეც უბრალოდ მამაკაცის სხეულში ჩასახლებული ქალი იყო. ამას გარკვეულად ჩვენს თავსაც ვაბრალებდით. მისი არასოდეს გვერიდებოდა. როცა ცხელოდა, ვიხდიდით, ვლაპარაკობდით იმას, რაც მამაკაცთან არასოდეს ითქმოდა. ამიტომ ჩვენი გიზო უფრო იზო იყო, ვიდრე გიზო. ხალისი არც ერთს გვაკლდა და გადიოდა დღე ისე, რომ ვერც ვიგებდით. ეს დღე ცოტა გაიწელა. მობილური, რა თქმა უნდა, არ გამოვაჩინე. ჩანთაში მედო ჩართული. მას არც გავხსენებივარ და, აბა სხვა ვინ დარეკავდა. მე კი მქონდა სურვილი, დამერეკა, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვრეკავდი. ჩვეულებრივად, ექვსის ნახევრისთვის დამთავრდა სამუშაო დღე და რამდენიმე გოგო ერთად გამოვედით სამსახურიდან. ამეკვიატა ფიქრი იმაზე, თუ რატომ არ რეკავდა ზაზა.
- რა გჭირს? დღეს რაღაც უხალისოდ ხარ, სხვანაირი, - მკითხა ციურიმ.
მას ყველაზე ახლო თანამშრომლად ვთვლიდი და მანაც მისცა თავს უფლება ეს კითხვა დაესვა ჩემთვის.
- არა! არაფერი. ისე კი, მე მგონი, მჭირს. მოგიყვები მერე! - ვუპასუხე ისე, რომ თავი არც ამიწევია.
- აუ!... შეხედე რა ბიჭია!... - ხელი ისე მკრა ციურიმ, ლამის წავიქეცი.
- ვაიმე, დედა, ახლა დავეცემი, - გაისმა მეორე მხრიდან ქეთის ხმა.
შევეცადე, გამეხედა იქით, საითკენაც გოგოები იყურებოდნენ.
ღვიძლისფერი “ტოიოტას” მარკის მანქანიდან, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, შავსათვალეებიანი, სიმპათიური ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოვიდა. უკანა კარი გააღო. იქიდან შავი ვარდების დიდი თაიგული გადმოიღო. ჩვენ ამასობაში მას რამდენიმე მეტრით გავცდით. გოგოები მაინც უკან იყურებოდნენ.
- აუ, ნახე, რა კარგი ვიღაცაა. ბედნიერი, ვისაც ის ელოდება, - შეჰნატრა ქეთიმ. მე უკან არ მიმიხედია.
უცებ ყველას გასაგონად იმ ახალგაზრდამ ჩემი სახელი ხმამაღლა დაიძახა.
მე ხომ ჩემი დამემართა, გავქვავდი, გავშრი, გავქრი, დავდნი და რა ვიცი, კიდევ რა არ, მაგრამ აი, გოგოები კი მთლად გადაირივნენ.
- შეხედე აი, თურმე, ვის ელოდება, - ჩაიქირქილა ისევ ქეთიმ.
- ძალიანაც კარგი, - უთხრა მას ციურიმ და შევამჩნიე, რომ ეს მას უხაროდა. მან ხომ არ იცოდა, ვინ იყო ზაზა?...
თითქოს სისხლის მაგივრად, რაღაც თხევადი ლითონი მოძრაობდა ჩემს ძარღვებში, ვგრძნობდი თითოეულ ჩასუნთქვაზე როგორ მიეწოდებოდა სისხლი გულს. გულს რომელიც ჯერ გაჩერდა, მერე კი გამალებით დაიწყო ფეთქვა. თავი კი ვერ შემოვაბრუნე, ასე გაშეშებული დავრჩი, იქ, სადაც ჩემს ყურთასმენას ჩემის სახელი მისწვდა.
ზაზა მომიახლოვდა. ჯერ სასიამოვნო სუნი მოსწვდა ჩემს ყნოსვის ორგანოს, შემდეგ თვალებმა დაინახა, ის, რომელიც მივხვდი, რომ თურმე მენატრებოდა.
- ეს შენ! - თქვა მან და თაიგული თითქმის ძალად ჩამიტენა გაშეშებულ ხელებში.
- გმადლობ, - ვიღაც სხვამ თქვა ჩემი ბაგეებიდან.
- აღარ მიბრაზდები? - მკითხა ზაზამ და ლამაზად გამიღიმა.
- მე? ა... ხო, ის მობილური აქ მაქვს, უკან წაიღე. არ მინდა ასეთი საჩუქარი. აი, ვარდებს კი დავიტოვებ - მოვედი აზრზე. ვიგრძენი, ლითონი ისევ გადაიქცა სისხლად და სუნთქვაც გამიადვილდა. უცებ, მის მანქანისკენ გამექცა მზერა. მაშინ უცხოური მარკის ავტომობილი ერთი-ორი თუ დადიოდა თბილისში.
- ეს ვიღას მოპარე? - და მანქანისკენ გავაქნიე თავი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები