ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური (მეხუთე ნაწილი)

          ტანსაცმლის ჩანთიდან ჯინსის მოკლე შორტი და  ვარდისფერი
მაისური ამოვიღე, ჩავიცვი და მეგობრებთან გავედი. ბაჩანასთან შეხვედრა ცოტა უცნაური მომეჩვენა. კი მომესალმა, მაგრამ თვალი ვერ გამისწორა.
საჭმელი გავაკეთეთ მე და მაგდამ, ყველი დავჭერით, პომიდვრის სალათიც ლამაზად დავალაგეთ ღრმა თეფშზე და მაგიდას მივუსხედით. ჩვენი მოდგვეფილი საუზმე საშინლად გემრიელი მომეჩვენა, ბიჭებიც დაიღალნენ ქებით. ისე გვშიოდა ყველას, რომ უგემურიც რომ ყოფილიყო, მაინც გემრიელად მივირთმევდით.
  საუზმის შემდეგ შევუდექით გეგმის შედგენას, თუ როდის და როგორ ჩავიდოდით ჭაში. წასვლა მეორე დღისთვის გადავწყვიტეთ. ბიჭები წყაროზე წავიდნენ მანქანით. დავრჩით მე და მაგდა, მანაც ენის მოსაფხანი დრო იპოვა და როგორ გაუშვებდა ამ შანსს ხელიდან.
- ნანუკი,  მგონი, ბაჩანას  შეუყვარდი, გოგამაც მითხრა რაღაც. აუ, იცი, თურმე, რა კარგი ბიჭია, მაგარი ოჯახი აქვს. შენზე 2 წლით არის უფროსი, ცოლი არ ჰყოლია, მუშაობს, მაგარი ვინმეა. , შენ არ მოგეწონა?  - მკითხა და როგორც ყოველთვის, მშიერი ძაღლივით მომაჩერდა.
- არა! - ისეთი მკაცრი ტონით ვთქვი, მე თვითონ გამიკვირდა.
- არა? რატომ? ვერ ხედავ, თუ რა გჭირს? მაგარი ვინმეა. მე გოგა რომ არ მიყვარდეს, დედას ვფიცავარ...
- ჰოდა, შენი იყოს გოგას მერე, თუ გინდა, - არ ვაცალე სათქმელი მეგობარს.
- გაგიჟდი? თუმცა, რა, გაგიჟება რად გინდა, შენ დაბადებიდან გიჟი ხარ! - ისე თქვა, რომ მართლა შემეპარა ეჭვი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე.
- ხო, კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. მე ვარ შენი გიჟი მეგობარი. რა ვქნა, ასეთი ვარ და თავი მოვიკლა? - თითქოს სინანულით ვთქვი და მოწყალე თვალებით გადავხედე მას.
- არა! შენ გიჟი არ ხარ. შენ ისევ ის გამოსირებული ზაზა გიყვარს არა?.  კარგი ბიჭია ბაჩანა. მე ვიქნებოდი შენი მეჯვარე. გოგო, გაიჟდი? თუ გიყვარდა ის ზაზა, რატომ გამოექეცი? და თუ გამოექეცი, გაახილე თვალი, ბედი კარს მოგდგომია, - სოფლელი დედაკაცივით აჭიკჭიკდა მეგობარი. ჭიშკარს ბაჩანას მანქანა მოადგა და მაგდაც დადუმდა. ბიჭებისკენ გაიქცა და ალაყაფის კარი გააღო.
  მანქანა ეზოში შემოვიდა, სახლის შესასვლელთან გაჩერდა. ბიჭები გადმოვიდნენ, საბარგულიდან ბიდონები გადმოალაგეს და სახლში შეიტანეს. მაგდა გოგას შეჰყვა სახლში, ბაჩანა კი ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ ჩამოჯდა და მოპარული მზერით მომაჩერდა.
- რა ლამაზი სოფელია, იცი, რა ბუნებაა, ქვემოთ, წყაროზე რატომ არ წამოხვედი? – დაბნეული, წყვეტილი აზრებით ლაპარაკობდა.
- რატომ არ მითხარით, წამოდიო? გეთქვა და წამოვიდოდი. ეს დალოცვილი ბუნება შენზე მეტად მე მიყვარს. საზომი რომ არსებობდეს, გავზომავდით და გაიგებდი, რომ ამაში მე ყველას ვჯობივარ, არა! შეიძლება ვაჟამ მაჯობოს, - ...
- ვაჟა ვინ არის?... - სასაცილო ეჭვის თვალით გადმომხედა ბაჩანამ.
- ვაჟა? - სიცილით კინაღამ გავიგუდე - ვაჟა! ვაჟა-ფშაველა - ძლივს ვთქვი და ლამის გული წამივიდა სიცილით.
- ლამაზად იცინი, - თქვა ბაჩანამ.
  მე კი მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. ძარღვებში სისხლი გამეყინა. მეგონა ჩემს წინ ბაჩანა კი არა, ზაზა იდგა. არა, მეგონა კი არა, წამის რაღაც მეასედში ის ნამდვილად იქ იდგა, მაგრამ რეალობა აღდგა თუ არა, არ ვიცი, რას ვერჩოდი ბაჩანას, მაგრამ საშინელი ტონით ვუთხარი:
- არასოდეს, არასოდეს აღარ მითხრა ასე, გესმის. არასოდეს! გესმის?- მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ის ხომ არაფერ შუაში იყო. თუ მე მოგონებები არ მაძლევდა გასაქანს, თუ მე წარსულში დარჩენილი, ჩემივე მიზეზით, აუხდენელი ოცნება მაწამებდა!...
- კარგი! - ისეთი საცოდავი ტონით თქვა, რომ ვინანე ჩემი საქციელი.
- არა, იცი, მაგდამ გამაბრაზა, სანამ მოხვიდოდით, ხომ იცი, როგორი უცნაური და საყვარელია? მაპატიე, შენზე ვიყარე ჯავრი, ხომ მაპატიებ?... - გავშაქრდი.
- რა საჭიროა ბოდიშები. შენ გიხდება, როცა იცინი და მე ეს შევნიშნე. სულ არ მინდოდა შენი წყენინება, პირიქით, მე მაპატიე!... - გული ამოიღო ბაჩანამ.
- რა სისულელეა, უბრალოდ... ხო, კარგი, მოვრჩეთ... ჯობია ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ... იცი, ხანდახან მეშინია იქ ჩასვლა. ამბობენ, ბოლომდე ვერავინ გაქაჩაო. ჩადიან, მაგრამ მერე შუა გზიდან უკან ბრუნდებიანო. შენ არაფერი იცი ამ ჭაზე?
- როგორ არა. ახლაც წყაროზე ვიღაც სოფლელი კაცები იყვნენ ჩამოსული და მე ვუთხარი ჩვენი გადაწყვეტილება. რაღაც-რაღაცეებიც ვკითხე.
- მერე, მერე რაო?
- არ გირჩევთო. ძალიან დიდი გზააო გასავლელი. საგზალი მაინც არ გეყოფათ, შიმშილი მაინც არ მიგიშვებთ ბოლომდეო. ჯობია, არც იფიქროთ იქ ჩასვლაზეო, - ბაჩანა აშკარად რაღაცას მალავდა.
- და შენც გადაიფიქრე, ხომ? - ვთქვი და მივხვდი, რომ ისევ მის თავმოყვარეობას შევეხე.
- ნუკი! ნუთუ მშიშარა, მხდალ კაცს ვგევარ? რატომ მექცევი ასე, იქნებ ამიხსნა ერთხელ და სამუდამოდ, - მითხრა მან.
- მე ნუკი კი არა, ნანუკა ვარ და ასე სულაც არ გექცევი. მე თვითონ ვარ ასეთი. უნდა შეეგუო, რა ვქნა, ტკბილი სიცოცხლეში არაფერი მიჭამია, - ისევ ზაზას სიტყვები, ღმერთო ჩემო, თითქოს ის ბიჭი აჩრდილივით დამდევს.
- შენ სულაც არ ხარ ასეთი. შენ ვიღაცამ ძალიან გატკინა გული. გგონია ვერ ვხვდები? გთხოვ, ნუ ბრაზობ. ისე, მითხარი, როგორ მოვიქცე, რომ არ გაგახსენო ის ადამიანი, კარგი. აღარ დაგიძახებ ნუკის, აღარ გეტყვი, რომ სიცილი გიხდება. მაგრამ მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე ,  ხომ ვხვდები, რომ ჩემი საქციელი სხვას გახსენებს, მე კი არ მინდა. მინდა მხედავდე მე, ბაჩანას და არა ვიღაც სხვას, რომელმაც აშკარად არ იცოდა შენი ფასი და გული გატკინა... - აღსარებასავით ჩაიკითხა მან თავის აზრი და მომაჩერდა.
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. უარყოფა იმის, რაც მან თქვა, არ იქნებოდა სამართლიანი. ის ხომ სიმართლეს ამბობდა. ამიტომ, ვარჩიე ორი სიტყვით მეთქვა ჩემი სათქმელი.
- კარგი, ვეცდები, - ვთქვი და ავდექი.
  სახლისაკენ წავედი. სანამ შევიდოდი, ხმამაღლა დავუძახე მეგობარს. ეჭვი მქონდა, წყვილი სიყვარულით ნებივრობდა და არ მინდოდა შევსულიყავი პირდაპირ. არადა, ჩემს ოთახში მარტო ყოფნა საშინლად მომინდა.
- ხო, ნანუკა შემოდი, შემოდი, - გამომეპასუხა მაგდა.
  ოთახში შევედი თუ არა, ზურგჩანთიდან ჩემი “სიდიფლეიერი” ამოვიღე, საყვარელი სიმღერების ნაკრები მოვძებნე, ყურსასმენი მოვირგე და საწოლზე მივწექი. ვგიჟდები თითოეულ ამ სიმღერაზე, არასოდეს მიყვარდა ადრე რუსული ესტრადა, ახლა ისე ელამუნებოდა სულს კრისტინა ორბაკაიტეს “ყოველი დღე შენთან”, რომ ლამის გავგიჟებულიყავი. ის, ისე ლამაზად მღეროდა სიყვარულზე. ის ქალი იყო და მასაც უნდოდა ყოფილიყო თავის სიყვარულთან სულით და გულით. ღმერთო ჩემო, რამდენი დრო გავიდა იმ ყველაფრის მერე? მაინც არ მშორდებოდა მისი ხმა, მისი ღიმილი, მისი სუნიც კი. თითქოს ეს ყველაფერი წყევლა იყო ჩემს მიმართ . ვგრძნობდი, რომ არასოდეს, არასოდეს შემიყვარდებოდა არავინ მის გარდა. ანდა ეს როგორ შეიძლებოდა, როცა ჩემი გული მხოლოდ მისით იყო დაკავებული. ხანდახან მინდოდა მოვმკვდარიყავი, ხან კი იმედის ნაპერწკალი გაღვივდებოდა და სიცოცხლის სურვილი ისევ ბრუნდებოდა. იყო დრო, როცა მთელი ჩემი არსება, მისით იყო მოცული, სხვა ვერაფერს ვამჩნევდი. ეს დღეც ისეთი იყო. მე დღესაც მისი აჩრდილის გარემოცვაში ვიყავი. მისით ვიყავი სავსე. ო, ღმერთო ჩემო, როგორ მინდოდა გამეგო სად იყო ახლა, ვისთან, რას აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა. იქნებ დაიჭირეს? იქნებ უჭირს?... იქნებ ვჭირდები? იქნებ ვენატრები? იქნებ... იქნებ... არა, ასე არ შეიძლება. მას ალბათ აღარც ვახსოვარ, ცხოვრობს თავისი ლაღი ცხოვრებით. არც სიყვარული აკლია და არც სიხარული. მე კი, მე კი თავს ვიკლავ! რა სულელი ვარ. მართალია, ღმერთმა ქალი ადამის ნეკნით გააკეთა და რას ერჩი?ამ  ძვალს, ხომ ტვინი არა აქვს, ჰოდა, მეც... რა სულელი ვარ!... მართლა კარგი ბიჭია ბაჩანა. ვერც ინტელექტს დაუწუნებ, ვერც ფიზიკურობას, ვერც ვაჟკაცობას. მგონი, მართლა მოვწონვარ! მაგდა ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, კარგი უნდა ჩემთვის. მე? მე კი წარსულის აჩრდილებით ვცხოვრობ. ასე თუ გავაგრძელე, გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები. ღმერთო, რატომ არ გამაჩინე ერთუჯრედიან, პრიმიტიულ არსებად. ხომ არიან ასეთები, მარტო ჭამაზე რომ ფიქრობენ. მათ არ აღელვებთ არც ლექსი, ლამაზად გამოთქმული, არც კლასიკური მშვენიერი მუსიკა, არც გულს დაიავანდმყოფებენ სიყვარულით, ასეთი სიყვარულით. მათთვის სიყვარული სექსია და მეტი არაფერი. არც მარკესი, არც შოკოლადის ნაყინის გემოს გაიგებენ არასოდეს. მაგრამ, მე მინდა ეს. არა, არა რა სისულელეა... მადლობა, შენ ღმერთო, რომ მე მესმის მუსიკა, შენივე ნაკარნახევი. ბეთჰოვენი, ბახი, მოცარტი მაღელვებს, სულიერად მავსებს, ამიტაცებს, აღტაცების ფრთებით მაფრენს. მადლობა, რომ მაგიჟებს ლექსი ლამაზად ნათქვამი, ტანში ჟრუანტელს მომგვრის, სულს ამიფორიაქებს, სისხლს გააჩერებს ძარღვებში, ჩემი გალაკტიონი, ვაჟა, ილია, აკაკი, შექსპირი და კიდევ რამდენი, - მადლობა, შენ ღმერთო, რომ მე ასეთი გამაჩინე. მადლობა, რომ კიდევ მაჩუქებენ დღეს, მშვენიერ დილას. მზე რომ ამოცურდება შენივე შექმნილ ცოდვილ დედამიწაზე. მადლობა, შენ, ღმერთო, რომ ამდენ ცოდვას პატიობ კაცობრიობას და არც დღევანდელი დაისი იქნება უკანასკნელი. მადლობა, შენ, ღმერთო, რომ ხარ... ასეთი შემწყნარებელი , თორემ ხომ არ იარსებებდა ასეთ ცოდვილ დედამიწაზე ასეთი ლამაზი ბუნება, ასეთი მუსიკა, ასეთი ლექსი. მადლობა,  რომ მიყვარს. შენ მომანიჭე სიყვარულის ნიჭი. სიყვარული ხომ ერთადერთი და მთავარია. მადლობა, შენ, ღმერთო. ყველაფრისთვის გმადლობ.  ნამდვილად მირჩევნია ვიტანჯებოდე, ვიდრე ისეთ ერთუჯრედიან არსებად ვიქცე, რომლებიც მრავლად არიან ირგვლივ. გმადლობ, უფალო, რომ ასეთი გამაჩინე. შევცოდე უფალო,  მაპატიე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები