ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2009


მოგონილი ფოტოები

შესავალი
------------

სასაცილო სასამართლო.
ბოროტი და შეურაცხადი მეფე აჯანყებულ მხედრებს სჯის. ჯებირებს აწყდება აღელვებული პაიკების წყალივით ძლიერი და სისხლივით წითელი ტალღა.

კარგი კადრია: უყურებ – გეტირება და გეღიმება.
-  მოემზადეთ! გიღებთ.
-  კამერა მოაშორე გოგონი, თორემ დაგიმტვრევთ!!
-  არ მაქვს.



ავტოპორტრეტი
---------------------

რა ვქნა, მიყვარს ავტოპორტრეტები, ყველაზე ადვილია შენ თავს მიუთითო, რა გააკეთოს. მე საუკეთესოდ მესმის მე-სი, ისევე როგორც მეს ჩემი. ეს ჭადრაკის თამაშს გავს საკუთრა თავთან. საუკეთესო ვარიანტია: რასაც შენ აგებ, შენვე იგებ, ან, სამწუხაროდ, პირიქით: რასაც იგებ, იმასვე აგებ.

მარტივი კადრია:
ჭადრაკს ვთამაშობთ მე და მე.
დაფაზე სამოცდაოთხი სოფელია, სოფლებში უაზროდ მოფუფუსე ადამიანები, რომ ვერც ამჩნევენ წელიწადის დროების მონაცვლეობას, რადგან - ცა არის ლურჯი, რადგან სამყარო არის მრგვალი.
ვერ ამჩნევენ, რომ ის მიდის, მარტო, სოფლების გასწვრივ, მხრებზე ჯვარმოკიდებული. სასაცილოა და სევდიანი, სულ უყურადღებოდ რომ გვრჩება ეს გზა გოლგოთისკენ, რადგან ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ და არ გვცალია.
მე ჩემ თავს ჭადრაკს ვეთამაშები და სულ ვწუწნებ, რომ ამ ბოლო დროს გამოუდმებით და უმიზეზოდ მტკივა ხელის ძარღვები. ადრე მტკივდებოდა ყოველთვის როცა ვინმე მიყვარდა ან მენატრებოდა, მერე მივხვდი რომ აზრი არ აქვს, მაინც ვერავინ მამჩნევს, ვერ მამჩნევენ, რადგან გამჭვირვალე ვარ, სულ ოდნავ ამწვანებული ლოყებით.
ახლა ეს ჭადრაკის დაფა მიყვარს. არა, სულ მიყვარდა და სულ მენატრებოდა. უცნაურია სულ რომ გენატრება ის რაშიც ცხოვრობ.
უკვე გამუდმებით მატკიებს ძარღვებს ამ პატარა დაფის სიყვარული. ადრე სხვანაირი ფორმა ქონდა, ახლა პატარა კვარდატია და ისევ იცვლის ფორმას, იცვლის ჩვენს თვალწინ და უფრო და უფრო გვატკიეს ხელის ძარღვებს, რადგან ვიცით, რომ არაფერი შეუძლიათ ამ ხელებს, დაყურებ ამ მიწის ნაგლეჯს, როგორც მომაკვდავ ავადმყოფს, განუკურნებელი სენით, მომაკვდავია, რადგან ნაწილები მოგლიჯეს, უღონო ხარ, რადგან ვერავის აჯერებ, რომ მარტო ჩვენ შეგვიძლია იმ ნაგლეკებზე ფესვის გადგმა, რომ დანარჩენი ყველა ხელოვნური ხეებივით იდგება და იმოძრავებს ზედ, რომ სხვა ვერასდროს ვერავინ  შეეზრდება და ვერ გაიხარებს ამ მიწაზე, უძლური ხარ რადგან ვერავის აჯერებ, რომ ჩვენთვის ისევე მტკივნეულია უწოდო საყვარელ ქვეყანას ნაგლეჯი, როგორც ორსულ დედას უთხრა, რომ მისი შვილი ნაყოფია და არა ბავშვი.
გრძნობ, რომ უფრო და უფრო იზრდება ტკივილი, რადგან ეს უძლურება ყველაზე მწარეა და ყველაზე საზარელი კადრი ეს ჩამოყრილი და უღონო ხელები და ისევ გინდა, რომ გაქრე, როცა შენ თვალწინ უმოწყალოდ ახოცინებენ ერთმანეთს მხედრები პაიკებს დედოფლის დასაცავად და რომ ძალიან მოკლე და უსუსური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია გონებაშეზღუდულ მეფეს და
ის ისევ დადის, დადის სოფლების შორიახლოს და მხრებით უზარმაზარ ჯვარს დაატარებს.
განისვენებენ მტკივანი ხელები ამ მოფუსფუსე ჭადრაკის დაფაზე და ჩემს თავში ვიკეტები, ჩემს ნაჭუჭში ვძვრები, თვალებს ვხუჭავთ და ვიტყუები, ვატყუებ ყველას და საკუთრა თავსაც, რომ თითქოს გიგანტური კუ ვარ, "მე გიგანტური კუ . . . "

და


დასასრული
---------------

აქ უკვე მერამდენედ იყო წითელი წყლის წყალდიდოდა.
მოდი ავყაროთ ეს ჭუჭყიანი ასფალტი, ავახლიჩოთ ამ ნაგვიანად და პირდაპირ მიწაში ჩავღვაროთ სისხლი, თუ რამე დაგვრჩა. ოღონდ თუ ისევ ერთამანეთის სისხლს დავღვრით და უმიზნოდ მიწა აღარ მიიღებს, შეადედებს და დამანგრეველ ვულკანად ამოხეთქავს.
მოდი ფრჩხილებით ავგლიჯოთ ასფალტი და მიწა გავაწითლოთ,
მაგრამ ბავშვები, ბავშვები ვერ უნდა მიხვდნენ.
უთხარით ბავშვებს, რომ ეს მარწყვების მინდორია.
-  თქვენ, ქალბატონო შავებში ჯერ ნუ გადაყრით და ნუ ჩაფუშავთ ფერად ბუშტებს, გთხოვთ, ნუ მკითხავთ რატომ, ჯერ გვჭირდება. ყველა აკრიფეთ, აი ასე, ოდნავ ქვემოთ დაწიეთ, რომ კარგად მიწვდნენ ბავშვები.
არა ბავშვებო, ნუ ჩხუბობთ, ყველას გეყოფათ.
მზრუნველი სახელი მიიღეთ ქალბატონო, თითქოს თქვენი შვილები არიან. ხო ვიცი, ვიცი, რომ მართლა ზრუნავთ, კარგია, მომწონს ეს ღიმილი და ცრემლები.
გაიცინეთ ბავშვებო გაიცინეთ დაააააააა
მოემზაადეეთ! ეხლა ბევრი ჩიტი გამოფრინდება!
-  და საიდან?
-  სურათს გიღებთ ქალბატონო.
-  კიმაგრამ რითი?
-  თავით.

და წამწამები ავაჩხაკუნე.


Love is old, love is new
Love is all, love is you
Love is old, love is new
Love is all, love is you
Love is old, love is new
Love is all, love is you
Love is old, love is new
Love is all, love is you





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები