ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2009


ოცდაცამეტი საფეხური (მერვე ნაწილი)

  მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე. შეხედე, რა სილამაზეა - ვთქვი და გამოქვაბულის ერთ კედელზე, მაცხოვრის ხატს დავუწყე თვალიერება. აი, ჩემი სიზმარიც, ღმერთო, მე აქ ვარ...
ასეთი გრანდიოზული არაფერი მენახა. სამი-ოთხი მეტრის უზარმაზარი ხატი სევდიანი თვალებით მიმზერდა და შემიძლია დავიფიცო, რომ არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც იმ წუთში.
    გოგა და მაგდა ჩამოვიდნენ თუ არა, ბაჩანამ ნავთის ლამფა აანთო, თავის ფოსფორის ჯოხებსაც ძლივს მოუხერხა რაღაც  და გაანათა მთელი დარბაზი.არავინ დამიჯერებს ქვეყანაზე, რომ ისეთი სილამაზე,  სადმე შეიძლება იყოს. ეს უდიდესი გამოქვაბული, ლამაზად თლილი თაღებით, ულამაზესს დარბაზს ქმნიდა. შუაში  ბარელიეფური ჯვარი წამომართულიყო, ირგვლივ კედლები ხატებით იყო დაფარული. შუაში  საკურთხეველი იდგა, საკურთხევლის წინ კი, კედელზე, ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატი იყო კეთური ბარელიეფით შესრულებული. ასეთი შექმნის მანერა არსად მენახა. ქვაზე ნაკვეთი მარიამის სახე საღებავებით იყო დაფარული. ის თითქოს ცოცხალი თვალებით შემოგვცქეროდა. ყრმა, რომელიც გულში ჩაეკრა ღვთისმშობელს, დედას შესცქეროდა. არა, არასოდეს ვიტყვი, რომ შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში იყოს რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება გადაგრიოს.  არა და არა! აი ამ ყველაფრით კი შეიძლება გადახვიდე გონების ზღვარს. აშკარად, მეტყველების უნარი დავკარგე, დამავიწყდა დაღლილობა, დამავიწყდა, რომ ჩემს გარდა აქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ. საკურთხეველს მივუახლოვდი, მუხლებზე დავეცი და ჩემდა უნებურად ავქვითინდი. დრო გაჩერდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ ვიცი და  ქვეყანაზე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ რაც მაშინ იქ მოხდა, მე ეს მომეჩვენა. აშკარად, ვიგრძენი თავზე ხელის შეხება. თბილი ხელი ჯერ თავზე შემეხო, შემდეგ შუბლზე სამი თითის ერთად შეერთებით ჯვარი გამომისახა. თვალი გავახილე. ჩემს ახლოს არავინ იდგა და მივხვდი, რომ არც უნდა მდგარიყო. მე იქ, მიწის სიღრმეში, თვით ღვთისმშობელმა დამლოცა და უბედნიერესი ქალი ვიყავი. ბედნიერი, ადამიანთა შორის.  არასოდეს მიგრძვნია თავი ასე ბედნიერად, მსუბუქად. ფრთები რომ მქონოდა, ალბათ, გავფრინდებოდი. ძნელია, გადმოსცე შეგრძნება, რაც მე დამეუფლა. როდესაც წამოვდექი, სხეულს აშკარად ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ისე არა, ცუდად რომ ხარ, რაღაც სხვანაირი შეგრძნებით, სიყვარულის, სიცოცხლის არსებობით გამოწვეული ბედნიერების უსაზღვრო სურვილით.
ბაჩანა მომიახლოვდა. ხმაამოუღებლივ დამიდგა გვერდით.
- იცი, მე მან დამლოცა, - ვუთხარი ჩერჩულით.
  - ბაჩანა - დაიძახა გოგამ.
- ბაჩანა, ბაჩანა, ბაჩანა... - გაიმეორა ექომ.
- ნახე, რა არის აქ, - თქვა გოგამ და ფარანი დაბლა დაანათა. მარცხენა მონაკვეთში კედელი ღრმად იყო გამოჭრილი. როდესაც მივუახლოვდი, ორი ფარნის შუქზე გარკვევით დავინახე ორი ადამიანის ძვლებად ქცეული სხეული. ერთი ჩონჩხის ხელის მტევანი, ზემოთ, რკინის ბორკილს შერჩენოდა, დანარჩენი ძვლები იმაზე მეტყველებდა, რომ გარდაცვლილი იწვა. გვერდითა ძვლები მჯდომარე მდგომარეობაში იყო. მაჯაზე შერჩენილი ოქროს სამაჯური, კისერზე ყელსაბამი და სქელი თმის ნაწნავი აშკარად ამბობდნენ, რომ გარდაცვლილი ქალი უნდა ყოფილიყო, ბორკილებში მყოფი კი-  მამაკაცი, რადგან გულზე მას მხოლოდ ვერცხლის ჯვარი ეკიდა და თმაც თითქოს არ ემჩნეოდა თავის ქალას.
მაგდას გარდა ვერავინ გაბედა ხმის ამოღება.
- აუ, ნახე, ალბათ, რაღაცისთვის დასაჯეს, - სხვა რა აზრი შეიძლებოდა მოგსვლოდა ამის შემხედვარეს?
- მაგრამ ქალი არ არის დაბმული, მას შეეძლო აეცილებინა საშინელი სიკვდილი... - შემომხედა ბაჩანამ.
- არ შეეძლო! მას ხომ უყვარდა, - ვთქვი და ავტირდი.
  ჩემი დაწყნარება არც არავის უცდია, ოთხივე მივჩერებოდით ორი ადამიანის დარჩენილ ძვლებს და ალბათ, ოთხივე ჩვენივე გონებისთვის ადვილად აღსაქმელ ისტორიას ვიგონებდით.
- ნახე, ქალს მეორე ხელში რაღაც წიგნი უკავია, - თქვა ბაჩანამ და წინ წავიდა. დაიხარა, მტევნის ძვლებიდან მთელი სიფრთხილით წიგნი ხელში აიღო.
- ბიბლიაა!... - თქვა მან, წიგნს სული შეუბერა და გადაშალა. ეს წიგნი, ალბათ, სადღაც X საუკუნისაა. ხედავ, დამწერლობა ასომთავრულია. ამას წავიღებთ. აი, ეს ოქროს ნივთები კი აქ დარჩება, ვიცი, თქვენც იგივეს ფიქრობთ, - თქვა და გოგას და მაგდას გადახედა,  იმის დასარწმუნებლად, რომ მეც ასე ვფიქრობდი, შემომხედა. მე ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ცრემლებს მაჯებით ვიმშრალებდი და მივჩერებოდი იმ ორს, რომლებმაც, ალბათ, წამებით გამოისყიდეს საკუთარი ცოდვები ღმერთის წინაშე.
- ღმერთო ჩემო, რა დააშავეს ამის ფასი, მათ ხომ ალბათ ასე უყვარდათ ერთმანეთი. როცა გიყვარს, ნუთუ შეგიძლია ბოროტება ჩაიდინო? წარმოუდგენელია, რატომ, რატომ დასაჯეს ასე საშინლად? - არ ვცხრებოდი მე - იქნებ, კაცი დასაჯეს სიყვარულისთვის. იქნებ, არ ჰქონდა უფლება და მაინც უყვარდა? ქალს კი უყვარდა და არ მიატოვა. ხედავ, ქალის მორთულობაზე თუ ვიმსჯელებთ, მდიდარი ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, მამაკაცი კი ერთი ვერცხლის ჯვრის ამარაა. ტანსაცმელი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს, დრომ მოსპო, გაანადგურა, თორემ ესეც გვეტყოდა რამეს.
- კარგი, გული ნუ ამოიგდე. ამაღამ აქ ვრჩებით, დილით კი გზა გავაგრძელოთ, - თქვა ბაჩანამ.
- და, აქ უნდა დავიძინოთ? - ვიკითხე შეცბუნებულმა.
- აბა სად? მესმის შენი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ძვლებია, რისი გეშინია?... - სიყვარულით მომმართა ბაჩანამ.
- არ, მე ძვლებს არ ვგულისხმობ, მე ამ სიწმინდეში ძილი მკრეხელობად მიმაჩნია. როგორ შეიძლება, ამის ღირსი გაგხადოს ღმერთმა, რომ ასეთ სიწმინდეებს შეეხო, ეს ყველაფერი ნახო შენი თვალით და დაგეძინოს. ეს წარმოუდგენელია, - ჩემი ნათქვამი უფრო აღშფოთებას ჰგავდა, ვიდრე რაიმეს ახსნას.
- “ნუ განრისხდებით, რომ არ გაბოროტდეთ”, - ბიბლიის ციტირება გააკეთა ბაჩანამ და თბილი თვალებით გადმომხედა - კარგი, თუ გინდა, არ დავიძინოთ, დრო მაინც აგვერია, სანამ შევძლებთ, ვიყოთ, კარგი? - მკითხა და პასუხის მოლოდინში ქვის იატაკზე ჩამოჯდა.
- კარგი! - ვთქვი და ისევ ღვთისმშობლის ხატისკენ წავედი.
  საკურთხეველი მეტრნახევარი სიგანისა და სიგრძის იქნებოდა, რაღაც უცნაური  ქვით, ბარელიეფური კვეთით იყო შესრულებული. ვეცადე, ფარნის შუქზე კარგად დამეთვალიერებინა იგი. მარჯვენა კედელზე ხარი იყო გამოსახული, მის ორივე მხარეზე კი – მტრედები. ერთი მტრედი ხარს პირისპირ უყურებდა, მეორე კი კვერცხებზე იჯდა. ამ ყველაფერს, ულამაზესი მაქმანივით დაჰყვებოდა ძველი ქართული ორნამენტი. მარცხენა კედელი მარჯვენის იდენტური იყო, საკურთხევლის წინ ჯვარი იყო ამოკვეთილი,  უკან კი მუხლებზე დამხობილი თორმეტი მლოცველი.
- ბაჩანა, მოდი! - მოვუხმე მეგობარს - ნახე, ხარია გამოსახული. მახსოვს, სვეტიცხოვლის კარიბჭეზეც ხარია, თუ არ ვცდები - მივმართე მას.
- ხო, ნამდვილად ხარია. იცი, სიტყვა “ხარი” ბევრ სიტყვასთან არის კავშირში. თვით სიტყვა “ხარება”, სახარებაც ხართანაა კავშირში. იცი, არა მგონია შემთხვევითი იყოს ის ფაქტიც, რომ ხარის თანავარსკვლავედს “ხარის გული” ანუ ალდებარანი ჰქვია. დაუკვირდი და ქართულად გაშიფრე, ალდება-რანი, ხვდები? “ალდება”, ესე იგი, ცეცხლად იქცევა და “რანი” –რანი კი ერთადერთი ტომია, რომლებიც იყვნენ მსტოვრები, ანუ სულიერი მეზვრეები. ასევე ხარის თანავარსკვლავედში შედის ვარსკვლავთა კრებული, რომლებსაც პლეადებს უწოდებენ. პლეადების სიმბოლოთი კი, როგორც ვიცი, მტრედია მიჩნეული, რომელიც კვერცხებზე ზის. წარმოგიდგენია? სვეტიცხოვლის კარიბჭეზე, ბაბილონის კედელზე და არ დაგავიწყდეს, რომ ლაბირინთოსის კარზეც ხარია აღბეჭდილი და თვითონ სახელი “ლაბირინთოსიც” იშიფრება როგორც ხარის ქალაქად...
- როგორ ხარის ქალაქად? - შევაწყვეტინე საუბარი ბაჩანას.
- ლაბა ძველქართულად ხარს ერქვა, ინთოსი კი, თუ არ ვცდები, ქალაქია. მოდი, დავალაგოთ ეს ყველაფერი, ხარი და მტრედი ერთად რას გვაძლევს? - მომაჩერდა ბაჩანა.
- რაღაც სიმბოლოების ნაკრებს. ამის გაშიფვრა კი, ჩემო კარგო, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია! - ვთქვი დანანებით.
- ასეა? - თქვა მან. უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, საკურთხეველთან ძალიან ახლოს მივიდა, ფარნით კიდეებს დაუწყო თვალიერება.
- ნახე, ზედა ქვა რაღაც უცნაური ნაზავით მყარად არის შეერთებული ქვედა ოთხ ქვასთან, თითქოს ჰერმერტულობაა დაცული. იცი, ახლა, კი ნამდვილად ვიცი, რომ ეს საკურთხეველი კი არა, სარკოფაგია, - ისეთი თვალებით შემომხედა, შემეშინდა, არ გაგიჟებულიყო. გული გამიჩერდა, სუნთქვა ისედაც მიჭირდა და მგონი, მთლად შევწყვიტე, სულ დამეკარგა აზროვნების უნარი.
- ისე, ამის ახდა რომც შეგვეძლოს, მაინც არ შეიძლება, - დანანებით თქვა ბაჩანამ.
- რატომ? - მთელი ძალების დაძაბვით ვიკითხე.
- ჩვენ ხომ არ ვიცით რა შეიძლება იყოს შიგნით. ეს სიმბოლოები იმაზე მეტყველებენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნისაა. მაგრამ, აი, წინ გამოსახული ჯვარი მაბნევს. მოდი, ამის გახსნა მათ მივანდოთ, ვინც ამაში ჩვენზე კარგად ერკვევა, კარგი? - მკითხა და საკურთხეველს თუ სარკოფაგს ხელი გადაუსვა.
- მაგრამ საშინლად მაინტერესებს, - საცოდავი ინტონაციით ვთქვი და გავჩუმდი, დაველოდე, კიდევ რას იტყოდა ბაჩანა.
- იცი, - გააგრძელა მან, -ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა, იერუსალიმის აოხრების შემდეგ, მაშინ, როდესაც “რჯულის კიდობანი” გაქრა იქიდან, გზა სადღაც სხვაგან განაგრძო, ბაბილონში არ დაბრუნებულა. ასე რომ, არავინ იცის, სად ჩაიტანა ეს საოცარი კიდობანი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის ეს? იქნებ, ზუსტად ეს სარკოფაგია, სადაც “რჯულის კიდობანი” დევს, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს აგერ, უკვე რამდენიმე საუკუნეა. იქნებ... - არ დაამთავრა აზრი ბაჩანამ. მის მზერას აშკარად ემჩნეოდა, რომ ტვინი გამალებით მუშაობდა და ეძებდა რაღაცას. იმ რაღაცას, რისი შეცნობაც ადამიანის მოდგმას ღმერთის გარეშე არ შეეძლო.
კიდევ რამდენი საიდუმლო იმალება მიწის ქვეშ და,თუნდაც ამ დარბაზში. რამდენი საუკუნეა აქ არავინ ყოფილა. ჩვენ კი ღმერთმა მოგვცა უფლება, გვენახა ეს ყველაფერი. შევძელით და მოვედით აქამდე. ახლა, აქ, ამ საიდუმლოებით მოცული დარბაზის შუაში ვდგავართ და მაინც ვერ ვიგებთ, რას გვეუბნება უფალი, რისი გაცნობიერება უნდა გონებას. რატომღაც მჯერა, რომ ეს საიდუმლოება ისევე გამოუცნობი დარჩება, როგორც აქამდე.
- ნანუკა, მე ფოტოაპარატი წამოვიღე. მინდა, გადავიღო ეს ყველაფერი, შენ რას ფიქრობ, მკრეხელობაა? - მკითხა ბაჩანამ.
- იცი? მეც ვიფიქრე, მგონი, ჩვენ ერთადერთი ადამიანები ვართ, ვინც ეს ყველაფერი ნახა და მგონი, ვერავინ, ვერავინ ნახავს ამას. ალბათ, ღმერთს ასე უნდა!...
- ვცდი, - თქვა მან და თავისი ზურგჩანთისკენ წავიდა. მალევე დაბრუნდა ძველი “ზენიტის” ფოტოაპარატით. ყოველი კუთხე, ყოველი ზედაპირი გადაიღო. ფოტოაპარატის ნათება უცნაურ შუქს ჰფენდა ირგვლივ ყველაფერს. ხატების გადაღება ძნელი აღმოჩნდა, ისინი იმდენად დიდი და გრანდიოზული იყო, რომ ფოტოაპარატის ობიექტივში არ ეტეოდა, მაგრამ როგორც შეეძლო, დეტალურად გადაიღო და ისევ ჩემთან დაბრუნდა.
- როდესაც დავბრუნდებით, გავამჟღავნებ და ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გამოიკვლევს და ვგრძნობ, ძალიან ძველ საიდუმლოს აეხდება ფარდა.
- ხო, ალბათ, - ვთქვი და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საიდუმლო ასევე დარჩებოდა გამოუცნობი.
  ბაჩანა გოგასთან და მაგდასთან დაბრუნდა. ისინი დარბაზის ერთ ნაწილში  საძილე ტომრებზე ჩამომჯდარიყვნენ და ამდენი ემოციისგან დაღლილები, ერთმანეთს აზრებს რატომღაც ჩურჩულით უზიარებდნენ.
- ბაჩ, გასასვლელი სად არის, ხომ არ მოგიძებნია? - იკითხა მაგდამ.
- ხო, გასასვლელი. ეგ, სულ ამომივარდა თავიდან, აქ იმდენი საინტერესო ვნახეთ, რომ გასვლაზე, მე მგონი, არც მიფიქრია. ხო... ჩამოსასვლელი კიბის გარდა კიბე არსად ჩანს. საპირისპირო მხარეს გამოჭრილ სენაკებში უნდა ვეძებოთ გასასვლელი. თუ არ ვცდები, მანდ სადღაც უნდა იყოს, - თქვა ბაჩანამ.
გოგა წამოდგა და სენაკების ფანრით თვალიერება დაიწყო.
- რა? უკვე უნდა გავაგრძელოთ გზა?... - თითქოს არ მინდოდა ამ ადგილის დატოვება დანანებით ვიკითხე.
- არა, ახლა ღამის სამი საათია, გამთენიისას დავიწყოთ ზევით სვლა. აქ კიდევ ბევრი რამეა სანახავი, თანაც დასვენება გვჭირდება. ასე არ არის? - მკითხა ბაჩანამ.
- ხო, ასეა, - მოკლედ ვუპასუხე და კედლების თვალიერებას შევუდექი. ბაჩანამ ბიბლია ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან.
- იცი, ეს წიგნი თუ ოშკის ბიბლიაა, მაშინ ესეც აღმოჩენაა და თანაც უდიდესი. ოშკის ბიბლია V–VII საუკუნებისაა და არ არის აღმოჩენილი. წარმოგიდგენია, რა მოხდება, ამას ზემოთ რომ ავიტანთ? არის ძველი აღთქმის ის წიგნები, რომლებიც არ არის კანონიკური, ამ წიგნებს აპოკრიფები ეწოდება, ბევრჯერ განიცადა ბიბლიამ ცვლილება, ჩვენამდე მოსული წიგნი უკვე ის არ არის, რაც ადრე იყო და, თუ ეს ოშკის ბიბლიაა, ხომ წარმოგიდგენია, რამდენი რამე შეიცვლება? - მკითხა ბაჩანამ.
- შენ ნამდვილი ბიბლიათმცოდნე ყოფილხარ. მიკვირს შენი, თითქოს იცოდი, აქ რა იქნებოდა, შენც ძალიან გინდოდა აქამდე მოსვლა, ხომ ასეა? - ვკითხე.
- ხო, თითქოს ვგრძნობდი, რომ ამ გვირაბის რაღაც მონაკვეთში, საიდუმლო იმალებოდა და არც შევმცდარვარ. გოგამ როგორც კი თქვა, მაგდას მეგობარს თავგადასავლები მოენატრაო და დამშრალ ჭაში აპირებს ჩასვლასო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე გამოვემართე შენსკენ და აი, ცხოვრების სიურპრიზიც, იმის გარდა, რომ ეს ყველაფერი ვიპოვეთ, მე მგონი, კიდევ ერთ საგანძურსაც მივაგენი, - მან ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, რაზეც ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ვკითხე:
- რა საგანძურს?
- შენ, ჩემო კარგო, შენ!... შენ სულ სხვანაირი ხარ, ყველასგან განსხვავებული...
- ეგ, უკვე ვიცი, - ვუთხარი და გავშორდი იმ ადგილს, სადაც ის იჯდა. ბაჩანამ ისეთი თვალები გამომაყოლა, თითქოს შემეცოდა, ხომ ვიცოდი, რომ იგი ჩემს გულში ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა, მაგრამ მაინც მის მიმართ საოცარ სითბოს ვგრძნობდი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველა თავისი ღირსებით ბევრად უკეთესი იყო იმ კაცზე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მიწიერი ცხოვრება აინტერესებდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებდი და რა მექნა?...
- ვიპოვე, გასასვლელი ვიპოვე, - დაიძახა გოგამ.
ბაჩანა მისკენ გაემართა, მე კი აღმოვაჩინე, რომ ჩემდა უნებურად ისევ ღვთისმშობლის ხატთან ვიდექი და მონუსხულივით მივჩერებოდი მარიამს თვალებში. ასეთი თვალები არცერთ ნახატზე და მითუმეტეს, ხატზე არ მენახა, ისინი თითქოს ცოცხალი ადამიანის თვალები იყო. ღმერთო ჩემო, რამდენი სითბო მოდიოდა მისი თვალებიდან, ამის გადმოცემა შეუძლებელად მიმაჩნია და არც ვეცდები. იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რაღაც უცნაური შეგრძნება გეუფლებოდა, როგორც კი შეხედავდი მის თვალებს, თვალებს, რომლებიც დარბაზის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა მდგარიყავი, მხოლოდ შენ გიმზერდნენ.
ბაჩანა ისევ ჩემთან დაბრუნდა.
- უცნაურია ყველაფერი, რომელი გვირაბიდანაც შემოვედით, სამი-ოთხი მეტრის სიმაღლეზე, კიბეებით ჩამოდის დარბაზში. აი, გასასვლელი კი დარბაზის ფსკერიდან ადის მაღლა, უცნაური გათვლაა. მე მგონი, არც ის უნდა იყოს შემთხვევით, 33 საფეხურით რომ დავეშვით ქვემოთ. ქრისტე 33 წლის ასაკში ავიდა მამამისთან, მაგრამ უკანა გზაც თუ 33 საფეხურია, მაშინ ვიღებთ ციფრს 66 - ეს ციფრი კი არ არის ქრისტიანული რელიგიისთვის წმინდა ციფრი. არის აქ რაღაც სხვა, - თქვა ბაჩანამ და ერთი კედლიდან მეორე კედლამდე ნაბიჯებით ზომვა დაიწყო. დიდხანს ზომავდა, რაღაცას ითვლიდა, შემდეგ ისევ დამიბრუნდა.
- თორმეტი მეტრის სიგანე და სიგრძეა ეს დარბაზი. ხედავ, სენაკებიც, რომლებიც კედლებშია შეჭრილი, ისინიც თორმეტია. აუ, ამას რამდენი თვლა და ფიქრი უნდა. ახლა ვბრაზდები ჩემს თავზე, ის რაც ვიცი, არ არის საკმარისი ამის ამოსახსნელად. ვიცით, რომ თორმეტიც ღმერთის ციფრია. 12 მოციქული, თითოეულს – თითო სენაკი, მაგრამ აი, 66 რას უნდა ნიშნავდეს?
- იქნებ, ზემოთ არ არის 33 საფეხური? - ვიკითხე მე.
- შეიძლება, მაგრამ მაინც მგონია, რომ 33-ია, არც მეტი არც ნაკლები.  ჩემი ტვინი ვერ ხსნის ამ რთულ ამოცანას. მოდი, ესეც მათ მივანდოთ, - ბრაზობდა ბაჩანა.
- ღმერთის ნებაა ყველაფერი, ნუ ბრაზდები, - ვტვი და გავიღიმე.
- მაშ ასე, ბიბლია თან მიგვაქვს, კიდევ? - მკითხა გოგამ.
- მეტი რა?... შენ თუ იმას გულისხმობ, შენი არ ვიცი და მე ვთვლი, რომ აქ უნდა დარჩეს, ასე არ არის? - მომმართა მე ბაჩანამ.
- მეც ასე ვფიქრობ, ნივთები პირადია და მათ ეკუთვნით, მათთან უნდა იყოს. -ბაჩანა აშკარად ზეიმობდა ჩემს გადაწყვეტილებას. გოგას ხმა არ ამოუღია.
- ხო, სურათები ხომ გადავიღეთ, ჰოდა, ამ ფოტოებს წავიღებთ მუზეუმში, იქ კი თვითონ იციან რას გადაწყვეტენ, - გააგრძელა ბაჩანამ.
- დავიძინოთ ხომ? - ხმა ამოიღო მაგდამ.
- ხო, დავიძინოთ, - თქვა ბაჩანამ და საძილე ტომარა გაშალა. ყველამ იგივე გავაკეთეთ და ჩვენ-ჩვენ ტომრებში შევძვერით.
  გვიან ჩამეძინა. ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და თავი სიზმარში მეგონა. ნუთუ ღმერთმა გამხადა ღირსი იმისა, რომ მენახა ის, რაც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის ოცნების დონეზეც კი წარმოუდგენელი იყო. ღმერთს ათას მადლობას ვუხდიდი ყველაფრისათვის. ჩამეძინა. სიზმარი ცხადზე ბევრად უცნაური არ ყოფილა, მაგრამ მაინც განსხვავებული, ტრიალ მინდორზე ვიდექი, ირგვლივ ათასგვარი ხე ყვაოდა, სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა. უცებ, ქარმა დაუბერა, ხეებს ყვავილის ფურცლები მოაცალა და ერთ ბურთად შეკრა. ბურთი ზეცაში ავიდა, ჩემს თავთან გაჩერდა და საშინელი სისწრაფით დატრიალდა. მე შემეშინდა და თვალები დავხუჭე, სანამ თვალს გავახელდი, ყნოსვის ორგანოს საშინელი სიმყრალის სუნი ეცა, თვალი გავახილე. სურათი, რომელიც აქამდე იყო, სადღაც გამქრალიყო, ირგვლივ წყვდიადი სუფევდა, ალაგ-ალაგ ცეცხლის ენები ამოდიოდა მიწიდან, წინ რაღაც საშინელი არსება იდგა და ჩემსკენ მოიწევდა. შიში? არა, ამას არ ერქვა შიში. გული აღარ მიცემდა, შევეყინე ერთ ადგილს. მოვკვდი, აღარ ვსუნთქავდი. როდესაც ის საზარელი არსება ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მოვიდა, ისევ თვალები დავხუჭე. როდესაც გავახილე, ეს ყველაფერი გამქრალიყო. შვებით ამოვისუნთქე, ტრიალ მინდორზე აღმოვჩნდი. ირგვლივ არაფერი, სულ არაფერი ჩანდა. წინ, ძალიან შორს, ერთადერთი ხე იდგა. ხის ქვეშ კი რაღაც ბრწყინავდა, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ხის ქვეშ გავჩნდი, ხეზე ჩვეულებრივი სარკე იყო მიყუდებული. მივუახლოვდი. სარკიდან ჩემი ორეული მიცქერდა. მე მას შევეხე და თითქოს არ გამკირვებია, როდესაც სარკის გლუვი ზედაპირის ნაცვალად თბილ, თხევად სითხეს შევახე ხელი. ხელი მაინც შევყავი იმ სითხეში, შემდეგ კი შესვლა გადავწყვიტე. ერთი ნაბიჯი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი და არამიწიერი შუქით განათებულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. არანაირი შიშის გრძნობა არ მქონდა, პირიქით, რაღაც სასწაულის მოლოდინით განაბული, გული სიხარულით იყო აღსავსე.
უცებ, ჩემს წინ ზუსტად ისეთი ღვთისმშობელი გამოისახა, ოღონდ ხატი არა, ცოცხალი ღვთისმშობელი. ის მომიახლოვდა და გამიღიმა. მის თვალებში ისევ ისეთი სითბო და სიყვარული ჩანდა, როგორც ხატზე. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მიმზერდა და თითქოს თვალებით საუბრობდა ჩემს სულთან. უცებ, იგი გაქრა და გარკვევით დავინახე იგივე დარბაზი, სადაც მეძინა, ღვთისმშობლის ხატის გვერდზე გამოჭრილი სენაკიდან, ხატის უკან, როგორ ადიოდა კიბე ზემოთ, შემდეგ კი გარკვევით გავიგე სიტყვები: იქ საკურთხეველზე პატარა ჯვარია, ის ჯვარი შენია, ატარე ღირსეულად, ნუ მიიღებ სატანის ნიშანს, იცოდე, ბოლო დროა, გაუფრთხილდი და უფალი დაგიცავს შენ...
გამეღვიძა. უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ბაჩანა და გოგა უკვე ამდგარიყვნენ და რაღაცას ათვალიერებდნენ ერთ-ერთ სენაკში. გამოვძვერი ტომრიდან, ქურთუკი მოვიცვი და ბიჭებისკენ წავედი.
- იცი, უცნაური სიზმარი ვნახე!... - მივმართე რატომღაც მარტო ბაჩანას - ხატის უკან კიბეა, რომელიც ზემოთ ადის, იქ კი საკურთხეველია, საკურთხეველზე ჯვარია, ის ჯვარი კი ჩემია, მე მეკუთვნის, თვითონ ღვთისმშობელმა მაჩუქა, - ჩემივე ხმა  მეუცნაურა, რაღაც უცნაური ტემბრი ისმოდა ჩემივე ბაგეებიდან.
  ორივე გაკვირვებული თვალები მიყურებდა. შემდეგ ბაჩანა ხატისკენ წავიდა, რომელზეც მე ვლაპარაკობდი და რატომაც მარცხენა სენაკის მხრიდან შემოუარა ხატს.
- არა, მარჯვნივ, - ვთქვი და მარჯვენა სენაკში შევძვერი. ბიჭები უკან გამომყვნენ. განათდა თუ არა სენაკი, სამივემ გარკვევით დავინახეთ ვიწრო კიბე, რომელიც ზემოთ ადიოდა. ბაჩანამ ხმა ამოუღებლივ დაიწყო ზემოთ ასვლა, ჩვენც უკან მივყევით.
  კიბე თითქმის იმ სიმაღლეზე ადიოდა, როგორც ის კიბე, რომლითაც ქვემოთ ჩამოვედით. ავათავეთ თუ არა საფეხურები, საშუალო ზომის ოთახში აღმოვჩნდით. იქ უცნაური შუქი იფრქვეოდა და საკმაოდ კარგად იყო განათებული. იმ კედლის მოპირდაპირედ, რომელზეც ღვთისმშობლის ხატი იყო ამოკვეთილი, კანდელი ეკიდა და რა გასაკვირადაც არ უნდა მოგვჩვენებოდა, ის ამ საუკუნეების მანძილზე ისევ ენთო. ეს სენაკიც მოხატული იყო სხვადასხვა რელიგიური სიუჟეტებით. იქ, შუაში, ქვის საკურთხეველი იდგა, ზედ კი მართლაც იდო ჯვარი, ვერცხლის ულამაზესი ნაკეთობა, უცნაური ჯაჭვით.
ბაჩანამ ჯვარი აიღო და მე გამომიწოდა,
- ეს შენია, აიღე და ღირსეულად ატარე, - გაიმეორა მისი სიტყვები.
არ ვიცი, რა დამემართა, ისევ მიმტყუნა ნერვებმა, ისევ წამერთვა ფეხები, ისევ მუხლებზე დავვარდი და ავქვითინდი.
მე ხომ არ მიცხოვრია წმინდა ცხოვრებით? მე, ხომ ცოდვილი ადამიანი ვარ? რატომ გამხადე ამ ყველაფრის ღირსი? გმადლობ, შენ უფალო, დედაო ღვთისმშობელო, მადლობა შენ. მაპატიე, შემინდე ცოდვები ჩემი და არ ვიცი რამდენ ხანს მივმართავდი ღმერთს, მომეჩვენა, რომ უსასრულოდ...
  ბიჭები მონუსხულივით მომჩერებოდნენ. როცა დავუბრუნდი ადგილს, სადაც ფიზიკურად ვიყავი, წამოვდექი და სენაკის დათვალიერება დავიწყე. ყველაზე უცნაური, მაინც ის კანდელი იყო და კიდევ ის, რომ კედელს, რომლის მეორე მხრიდან ხატი იყო გამოსახული, ერთმანეთის პარალელური ნახვრეტი ემჩნეოდა, რომელიც დიდ დარბაზს და ამ ოთახს აერთიანებდა ერთმანეთთან.
- აი, რატომ აქვს მარიამს ცოცხალი თვალები, - ვთქვი მე.
  ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ. თითოეული მივხვდით, რომ ზუსტად ამ კანდელის შუქი აძლევდა თვალებს სიცოცხლეს და სამივე ვლოცავდით შემქმნელს ამ საოცრებისას, რომლის ნახვის ღირსი გაგვხადა ღმერთმა. ჯვარი დიდი მოწიწებით ყელზე ჩამოვიკიდე და სამივე დარბაზში დავბრუნდით.
  მაგდას ისევ ეძინა. გოგამ იტვირთა მისი გაღვიძება. ბაჩანამ პარკში ფრთხილად ჩადო ბიბლია, ზურგჩანთაში შეინახა. როდესაც ყველა ავლაგდით და იქაურობის დატოვება გადავწყვიტეთ, მე ისევ ის უცნაური გრძნობა დამეუფლა.
- თქვენ წადით, მე ცოტა ხნით აქ დამტოვეთ. რამდენიმე წუთში შემოგიერთდებით, გთხოვთ, - ისევ სასწაული ტემბრით ვითხოვე.
  მათ თითქოს არ გაკვირვებიათ ჩემი თხოვნა, ბაჩანამ ნავთის ლამფა ჩააქრო, ის ჯოხებიც გათიშა და სამივე ბნელ სენაკში გაუჩინარდა. დავრჩი მარტო, უზარმაზარ დარბაზში, სინათლეს მხოლოდ ჩემი ფარანი გამოსცემდა. ღვთისმშობლის ხატის წინ ისევ დავიჩოქე, ვუყურებდი მას, მისი თვალებიდან კანდელის ნაზი შუქი იფრქვეოდა,  არ ვიცი, რამდენ ხანს ვემშვიდობებოდი მას, რამდენ მადლობას ვუხდიდი ღმერთს ყველაფრისათვის.  ბაჩანამ მომიყვანა გონზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები