ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 ივლისი, 2009


მორიჰეი უეშიბა, კაცი, რომელმაც შექმნა აიკიდო (1–ლი ნაწილი)

                                                                                                                    "როდესაც მე ვმოძრაობ, ეს  აიკიდოა."                   
                                                                                                                                                  მორიჰეი უეშიბა
                იაპონური საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ახალგაზრდა მიმდინარეობაა აიკიდო, რომელიც დიდმა იაპონელმა ოსტატმა, მორიჰეი უეშიბამ (1883-1969) შექმნა. აიკიდოს სამყაროში იგი ო-სენსეის - დიდი მასწავლებლის სახელითაა ცნობილი. მორიჰეი უეშიბას, როგორც დიდ ოსტატსა და ერთ–ერთი "დოს" (გზის) შემქმნელს, მრავალი დაუჯერებელი ამბავი, თუ ისტორია მიეწერება. ძნელი სათქმელია, რომელი არის მათგან სიმართლე და რომელი მონაგონი, ერთი უეჭველია, მორიჰეი უეშიბას ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა ჰქონდა და მეორე, მან მსოფლიოს დაუტოვა ძალიან ლამაზი, დახვეწილი და რაც მთავარია, ჰუმანურობითა და სკეთით განსჭვალული საბრძოლო სისტემა –აიკიდო, რომელსაც დღეს, ათეულობით მილიონი ადამიანი მისდევს დედამიწაზე.
              უეშიბა მორიჰეის დამსახურება აიკიდოს უნივერსალურ საბრძოლო სტილად ჩამოყალიბება, მისი სისტემატიზაცია და აიკიდოს იდეოლოგიის შექმნაა, რაც აგრესიის კონტროლირებისაკენ, მისი ნეიტრალიზაციისა და ორგანიზმის ბიოენერგეტიკული შესაძლებლობების რელიზაციისაკენაა მიმართული. უეშიბა წერდა:
            " ჭეშმარიტ საბრძოლო ხელოვნებას საერთო არ უნდა ჰქონდეს უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებასთან მოწინააღმდეგის გასანდგურებლად, რაც, თავის მხრივ, ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს განადგურებას იწვევს. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი უხეში ბრძოლის გარეშე საყოველთაო ენერგიის, "კი"-ს რეგულირება, მშვიდობის შენარჩუნებაა, საბრძოლო ხელოვნების ნებისმიერი სახეობა უნდა გვიმუშავებდეს სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობას სამყაროსა და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისადმი". 
                ეს სიტყვები ეხმაურება მეორე დიდი იაპონელის, ძიუ-დოს სკოლის დამფუძნებლის, ძოგორო კანოს აზრს საბრძოლო სისტემებზე. იგი ამბობდა, რომ საბრძოლო ხელოვნების სწავლის პროცესში აუცილებელია მოწინააღმდეგეში დავინახოთ ჩვენი "მეორე მე" - აუცილებელი პარტნიორი თვითშემეცნებისა და თვითდახვეწის ძნელ გზაზე.
              ტერმინი აიკიდო XX საუკუნის 40-იან წლებში გაჩნდა და დღეს უეშიბა მორიჰეის შექმნილი თავდაცვის საბძოლო ხელოვნების სახელწოდებას წარმოადგენს.
                " ... წმინდა ფიზიკურ დონეზე ეს ხელოვნება მოიცავს გდებებისა და "კლიტეების" ილეთებს მაჯაზე, იდაყვებზე, ტექნიკას კენ-ძიუცუდან, ძიუ-ძუცუდან. აიკიდო ძირითადად ფოკუსირებულია მეტოქის ენერგიისა და იმპულსის კონტროლორებაზე და არა დარტყმებზე, რაც საშუალებას იძლევა მოიცილო იგი, შეტევის ზონას განერიდო და სხვა. აიკიდო დამყარებულია ტანის მოძრაობაზე და მის დინამიკურ შესაძლებლობებზე... "
                ზემოთ მოტანილი ციტატა აიკიდოს ერთ-ერთ რიგით განმარტებას წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ ლექსიკონში, ვებ–გვერდზე თუ იაპონიის შესახებ შექმნილ ტურისტულ საძიებელში შეიძლება შეგვხვდეს. ეს განსაზღვრება სრულად ვერ ასახავს ამ საბრძოლო ხელოვნებას და იდეოლოგიას, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებას ოსტატმა უეშიბამ მთელი თავისი ცხოვრება და ენერგია მიუძღვნა.
    მორიჰეი უეშიბა დაბა ტანაბეში, (ვაკაიამას პრეფექტურა) 1883 წლის 14 დეკემბერს, იოროკუ უეშიბას ოჯახში დაიბადა. ერთადერთ ბიჭს (დანარჩენები ოჯახში გოგონები იყვნენ) მამა ბავშვობიდან მკაცრად ზრდიდა და ჯანმრთელობისა და საბრძოლო სულის გასამტკიცებლად (მორიჰეი სუსტი აღნაგობისა და ჯანმრთელობის ბავშვი იყო) სუმოსა და ცურვის კლასებში ატარებდა. ამ ვარჯიშებმა პატარა მორიჰეი გააკაჟა და ინტერესი გაუჩინა საბრძოლო ხელოვნებისადმი. მამის დამსახურებაა ისიც, რომ მორიჰეი უეშიბასთვის ბავშვობიდანვე ნაცნობი იყო ისტორიები სამურაებსა და მათ დანიშნულებაზე, ლეგენდები მათ შორეულ წინაპარზე კიჩიემონზე, რომელიც თავისი პერიოდის გამოჩენილი სამურაი იყო.
                მორიჰეის საბრძოლო სულისჩამოყალიბება ხდებოდა დედის, იუკისგან მიღებული რელიგიური განათლებისა და პოეზიისადმი ინტერესის პარალელურად, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უეშიბას პიროვნების ფორმირებაში. ახალგაზრდა უეშიბას ინტერესი ბუდოსადმი იმდენად დიდი იყო, რომ მის მშობლიურ პროვინციაში მეტ-ნაკლებად ცნობილი მებრძოლი ან საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელის სტუმრობისას, ისინი აუცილებლად უეშიბას ოჯახის სტუმრები ხდებოდნენ. ახლის სწავლა და ცოდნის "შიმშილი" უეშიბას მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა, ამან კი განაპირობა ის, რომ იაპონური საბრძოლო ხელოვნების ბევრი სტილი და სკოლა მისი განათლებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების შემადგენელი ნაწილი გახდა.
                მორიჰეი უეშიბას პირველი მასწავლებელი ტრადიციულ იაპონურ საბრძოლო დისციპლინებში იყო ტოკუსაბურო ტოძავა სენსეი, ტენშინ-რიუ ძიუ-ძუცუს სკოლიდან. მორიჰეის შემდეგი სკოლა, რომელშიც მან თავისი იაი–დოს (ხმლის ამოღებისა და ხმლით ჭრის ხელოვნების კრებითი სახელი) ხელოვნების დახვეწა გააგრძელა, იყო სკოლა კიტო-რიუ. აღსანიშნავია, რომ სწორედ კიტო-რიუს სკოლაში ეზიარა საბრძოლო ხელოვნებას დოქტორი ძიგორო კანოც, რომელიც შემდგომ ძიუ-დოს სისტემის შემქმნელად მოევლინა მსოფლიოს.
                განსაკუთრებით არის აღსანიშნავი ამ სკოლის თავისებურებები. კიტო–რიუ, ძველი იაპონური საბრძოლო ხელოვნების სკოლების (კორიუს) ჯიუ–ჯიუცუს მიმართულებას წარმოადგენდა და იგი მოიცავდა ატემი–ვაზას (დარტყმების ტექნიკას), ნაგე–ვაზას (გდების ტექნიკას), კანსეცუ–ვაზას (სახსრების ბლოკირების ტექნიკას) და შიმე–ვაზას (ხრჩობის ტექნიკას). ამ ილეთების დიდი ნაწილი მაშინ სრულდებოდა სრულ ჯავშანში (საბრძოლო შემოსვით). კიტო–რიუს სკოლას შირად "წონასწორობიდან გამოყვანის" სკოლას ეძახდნენ,რაც კარგად ასახავს ამ საბრძოლო მიმართულების მთავარ პრინციპებს. თუმცა კლასიკური სკოლის გარემო ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა მორიჰეისათვის და მისი ზღვა ენერგია მეტ პრაქტიკულ რეალიზაციას საჭიროებდა. მეორე სკოლა, სადაც მან ჯიუ-ჯიუცუს ანბანი შეისწავლა, იყო გოტო-ჰა იაგიუ-რიუ (მასაკაცუ კანაის ხელმძღვანელობით). ფეხებით გადაადგილებისა და ხელის მოძრაობის ბევრი ილეთი სწორედ ამ სკოლის გავლენით დამკვიდრდა თანამედროვე აიკიდოში.
                ამ დროიდან მოყოლებული უეშიბა იცვლის სამუშაოებს, გადადის ქალაქიდან ქალაქში. 1900 წელს უეშიბა, ტოკიოში ხსნის საკანცელარიო საქონლის მაღაზიას, (პარალელურად, საღამოობით ვარჯიშობს ჯიუ-ჯიუცუ კიტო-რიუს სკოლაში), მაგრამ მალევე ანებებს თავს ბიზნესს და 1901 წელს, შინკაგე-რიუს საბრძოლო სკოლაში კენ-ჯიუცუში იწყებს ვარჯიშს (ხმლის ეს სკოლა, იაი–დო ან იაი–ჯიუცუსგან განსხვავებით, ამოღებული ხმლით ვარჯიშებს მოიცავს და ხმლით შეტევა–თავდაცვის საბაზო მიმართულებას წარმოადგენს).
                  სამწუხაროდ, ტოკიოში იგი მძიმედ ავადდება და იძულებული ხდება სახლში დაბრუნდეს. სახლში დაბრუნების შემდეგ, იგი, გასაკაჟებლად, იწყებს ყოველდღიურად სიარულს, პერიოდულად ზრდის მანძილს, იწყებს სირბილს, რაც სხეულს უძლიერებს. უეშიბა აქტიურად ერთვება სოფლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეხმარება თანასოფლელებს მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში, რითაც ცნობილი ხდება თავის რეგიონში. გარდა ამისა, უეშიბა მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, რომელთა დროსაც ყოველთვის იმარჯვებს და, მიუხედავად ტანმორჩილობისა (157 სმ), ყველას აკვირვებს თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით.
                მოგვიანებით, ტანაბეში, 1903 წელს, იგი ცოლად ირთავს იტოკავა ჰაცუს, რომელიც სრულიად შემთხვევით (თუმცა შეიძლება არაშემთხვევითაც)  ტაკედას გვარის ერთ-ერთი ოჯახის (ვაკაიამას პრეფექტურის შტო) ჩამომავალია და როგორც უეშიბას ერთ-ერთ ინტერვიუში (1957წ.) არის ნახსენები, ტაკედას გვარს ატარებდა ქალიშვილობაში.
(პირველი ნაწილის დასასრული)
see the link: http://www.youtube.com/watch?v=exuO3Eb6TjY&feature=related

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები