ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2008


მოვა გასული გაზაფხული

ყველაფერს სძინავს, ალბათ, ძალზე უდროო დროა –
გაკვირვებული მთვარე თვალად ქცეული მიმზერს.
გაოცებული ვარსკვლავებიც ხმას ვერ იღებენ.
ცაც თითქოს მიწას საყვედურით მისჩერებია:
“ამ დროს კაციშვილს რა უნდა გარეთ?”
და უხერხულად იშუშნება ჩემს ფეხქვეშ მიწა
და დუმს,
დუმს დამნაშავის დუმილით.

ისეა ირგვლივ ყველაფერი დამუნჯებული,
რომ მძინარე მზეს გააღვიძებს ეს მდუმარება,
მოვა და დასავლეთის მხრიდან
უდროო დროს ამოიხედავს.
და დაიბნევა დამნაშავე მიწა, უკუღმა დატრიალდება
და შემოდგომა მიბრუნდება ზაფხულისაკენ.
უკვე სიყვითლეშეპარული ფოთლებიც ისევ გამწვანდებიან
და ნელა-ნელა იქცევიან ისევ კვირტებად,
მოვა გასული გაზავხული და
იმ ქუჩის მოსახვევიდან,
სადაც მაშინ თვალს მიეფარე,
გამოჩნდები და (გამომშვიდობების ნიშნად)
შენი პაწია ხელი ისევ
იმ გარდასული გაზაფხულის ჰაერს შეარხევს,
კვლავ შებრუნდები, მოხვალ ჩემამდე,
მობრუნდები და გამიღიმებ, გადამეხვევი.
გასული გაზაფხულის ჰაერს ღრმად ჩავისუნთქავთ,
გარდასული მღელვარებით კვლავ ავღელდებით
და დიდხანს, დიდხანს ვისაუბრებთ,
ან უფრო სწორად,
ძალიან დიდხანს მოვუნდებით ყველა სიტყვის,
ყველა ღიმილის, ყველა ცრემლის უკან წაღებას,
და სულ ბოლოს ჩვენ პირველად შევხვდებით ერთ-ურთს,
მე გაოცებას, აღტაცებას, ვნებიან მზერას წავიღებ უკან,
შენ – შენს წკრიალა ხმას და მორცხვ ღიმილს,
ყველა ფიქრს უკან ჩავიბრუნებთ,
და ყველა სიზმარს,
და უცნობები წავალთ ჩვენი ბავშვობისაკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები