ინტერვიუ ოლეგ იაკიმოვთან (ივამა-რიუ აიკიდოს 3-ე დანი) ინტერვიუერი ლ.ა. (ინტერვიუ აღებულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივამა-რიუ აიკიდოს დარბაზში, 29/05/2000)
მოკლე ცნობა: ოლეგ იაკიმოვი სანკტ-პეტერბურგის ივამა-რიუ აიკიდოს კლუბის პრეზიდენტი, აიკიდოს 3-ე დანის მფლობელი ოსტატი და ივამა-რიუ აიკიდოს წარმომადგენელია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. იგი არის ივამა რიუ აიკიდოს მოქმედი ინსტრუქტორი. თბილისში მან აიკიდოს 4-დღიანი სემინარი ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში მდებარე ივამა-რიუ აიკიდოს კლუბის წევრებისათვის. ბატონი იაკიმოვის მასპინძელი იყო საქართველოს ივამ რიუ აიკიდოს ფედერაცია, მისი პრეზიდენტი, აიკიდოს ინსტრუქტორი ბატონი ზურაბ გავარდაშვილი (აიკიდოს 1-ლი დანი, ახლა ბ–ნი ზურაბი აიკიკაის 3–ე დანის მფლობელია, ლ.ა.). სემინარში მონაწილეობას იღებდა თბილისის გოშინკაი აიკიდოს კლუბი, კლუბის პრეზიდენტი ბატონი სიმონ დარახველიძე.
(ავტორი ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო ინტერვიუ ცუდად იქნა ჩაწერილი და ტექსტის ნაწილში ვერ იქნა დაცული მონათხრობის ზუსტი მიმდევრობა და სტილი, ლ.ა)
ლ.ა.: ბატონო ოლეგ, თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ დაიწყო თქვენი გზა აიკიდოში? იაკიმოვი: აიკიდოში ვარჯიშის დაწყებამდე აქტიურად ვიყავი დაკავებული წყალქვეშა ცურვით, ამ სახეობაში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მაქვს. მოგვიანებით, 80-იან წლებში, აღმოსავლური ორთაბრძოლებით დავინტერესდი და ჩვენი კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან, ივან ვასილიევიჩ ემელიანენკოსთან ერთად დავიწყე ვარჯიში კარატეში, ეს მაშინ ძალიან პოპულარული იყო და ძალიან მაინტერესებდა. რამდენიმე თვეში, მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რასაც ველოდი. გადავწყვიტეთ, აიკიდოს გავცნობოდით და 1989 წელს სრულიად შემთხვევით დავამყარეთ ურთიერთობა დანიის ერთ-ერთ აიკიდო-კლუბთან (მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს კოპენჰაგენის ივამა-რიუ აიკიდოს სკოლა იყო). დანიელები გამოგვეხმაურნენ და იმავე წლის სექტემბერში თავიანთი ხარჯებით ჩამოვიდნენ მაშინდელ ლენინგრადში. ჩამოსულ ოსტატებს შორის იყვნენ ბატონები იტან ვეინგარდი (3-ე დანი), იან სტეფენსენი (2-ე დანი) და ლარს ლანსბერგი (2-ე დანი) ამ ვიზიტმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე და აიკიდო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა.
დღეს უკვე სანკტ-პეტერბურგში, აიკიდო აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა და ქალაქში რამდენიმე ათეული კლუბია ჩამოყალიბებული. ივამა-რიუს სკოლის რეგლამენტით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ივამა-რიუ აიკიდოს კლუბები დანია-შვეციის ივამა-რიუ აიკიდოს ფედერაციას ექვემდებარებიან, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ. გოტენბურგის კლუბის პრეზიდენტი ულფ ევენაასი, ივამა-რიუ აიკიდოს 7-ე დანი, აიკიკაი აიკიდოს 6-ე დანი, შიჰანი. ყველა კონტაქტი ივამასთან და სენსეისთან (ასე მოვიხსენიებთ საიტო მორიჰირო სენსეის) ბატონი ულფის მეშვეობით ხორციელდება.
ლ.ა.: ბატონო ოლეგ, როგორ დაამყარეთ ურთიერთობები საქართველოსთან და აიკიდოს აქაურ მოყვარულებთან? იაკიმოვი: 1989 წელს, ლენინგრადში მოვაწყეთ ივამა-რიუ აიკიდოს სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა. პირველი ქართველები, რომლებსაც აიკიდოში შევხვდი, იყვნენ ბატონები ალეკო დოდაშვილი და სოსო მამულაშვილი, რომლებიც ამ სემინარზე თავიანთი ხარჯებით ჩამოვიდნენ და რომლებმაც საქართველოში ივამ-რიუ აიკიდოს გავრცელება დაიწყეს. ლ.ა: ბატონო ოლეგ, ჩვენ ვიცით, რომ ორი წლის წინ თქვენ ივამაში იყავით და საიტო სენსეისთან გაიარეთ სწავლება. თუ შეიძლება მოგვიყევით ამის შესახებ. იაკიმოვი: დიახ, შიჰან ულფ ევენაასის ხელშეწყობით, 1998 წელს მე და ორი ჩემო კოლეგა - ბატონი ჯონი ბებუა, რომელიც მოსკოვის ივამა-რიუს კლუბში მოღვაწეობს და ბატონი ს. ბოტოვი ქ. ივანოვოს აიკიდო-კლუბიდან, ჩავედით ივამაში და უჩი-დეშის კურსით ერთი თვე ვივარჯიშეთ სენსეისთან. გარდა სენსეისა, ვარჯიშებს მისი ვაჟიშვილი - საიტო ჰიტოჰირო სენსეიც გვიტარებდა. საინტერესოა ერთი მომენტი, როდესაც სენსეი და მისი შვილი, ჰოტოჰირო ერთად არიან, საიტოს სენსეის ეძახიან და ჰიტოჰიროს კი - ჰიტოჰირო-სანს (იცინის). ივამაში ვარჯიშები კვირაში 6 დღე მიმდინარეობდა, გამოსასვლელი დღე კი ორშაბათი იყო. ასეთი დაძაბული გრაფიკის გამო ბევრი რამ ვერ ვნახე, თუმცა ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე და ტოკიოს დისნეილენდში ვიყავი (იცინის). რაც შეეხება საიტო სენსეის, პირველი, რაც ამ კაცის დანახვისას გაკვირვებას იწვევს, ის არის, რომ სურათებზე იგი ძალიან დიდი და მსუქანი ჩანს, რელობაში კი იგი საშუალო სიმაღლისა არის, 170-172 სმ და წონაც საშუალო აქვს, დაახლოებით 75 კგ. მე ყოველთვის მეგონა, რომ იგი მძიმე და მაღალი იყო. მეორე მოულოდნელობა იყო სენსეიში, იყო ის, რომ იგი ძალიან ცოტას მოძრაობს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მცირეამპლიტუდიან მოძრაობებს აკეთებს. ვარჯიშებისას, როდესაც ჩემი ჯერი დგებოდა შემეტია მისთვის, ვთქვათ ჯოთი (1,3 მ სიგრძის საბრძოლო ჯოხი აიკიდოში), სულ მიკვირდა, როგორ ვერ ვახერხებ, რომ ჯოს შეტევა წარმატებულად დავამთავრო ანუ შევეხო მას-მეთქი. იგი შეუმჩნეველი მოძრაობით გადიოდა შეტევის ზონიდან და ფილიგრანული ტექნიკით გვისროდა ტატამიზე. სხვათაშორის, იგი ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც შეტევა - ცუკი, არ იყო სწორი და ძლიერი. ასეთებს იგი საკმაოდ მკაცრად უმთავრებდა ილეთს, რაც კომფორტულად დაცემის საშუალებას არ იძლეოდა. საიტო შიჰანის მოსროლილ კაცს კი სამუდამოდ ახსომდება რა არის სწორად ჩატარებული გდება. მესამე მომენტი, რაც სენსეისთან ურთიერთობისას გამიჩნდა, იყო ის, რომ მის გაკვეთილებზე მუდმივად გსურს, რომ მეცადინეობა რაც შეიძლება დიდხანს მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება ბევრი ისწავლო, ნახო და გამოსცადო საკუთარ თავზე. ლ.ა.: რას იტყვით საიტო ჰიტოჰირო სენსეიზე? იაკიმოვი: იგი ძალიან ძლიერია ფიზიკურად და მისი ტექნიკა ერთ-ერთი საუკეთესოა, მე რაც მინახავს. ლ.ა.: როგორ ფიქრობთ, საიტო ჰიტოჰირო იქნება სენსეის სკოლის გამგრძელებელი? იაკიმოვი: არ ვიცი, მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ, არ ვიცი. ჩემი აზრით, ალბათ იგი გააგრძელებს, რადგან იგი მუდმივად ივამაშია სენსეისთან ერთად. ლ.ა.: ბატონო ოლეგ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საიტო სენსეის სკოლა არის ო-სენსეის აიკიდო? იაკიმოვი: დიახ, ეს ასეა, რადგან საიტო სენსეი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი დრო გაატარა ო-სენსეისთან და რომელიც დამსწრე და მონაწილე იყო ო-სენსეის აიკიდოსი მისი ცხოვრების ბოლო წამებამდე. მე არ მინდა ძვირი ვთქვა ო-სენსეის ცნობილი მოწაფეების შესახებ, მაგრამ არც შიოდა გოძო, არც კანაი, არც იამადა, არ რჩებოდნენ იავამაში დიდი ხნით. ერთადერთი მოწაფე, რომელიც მუდმივად ო-სენსეის გვერდზე იყო 1945-1965 წლებში, ანუ იმ დროს როდესაც უეშიბას მიერ აიკიდოს სისტემის ჩამოყალიბება ხდებოდა, იყო საიტო მორიჰირო. სწორედ ამიტომ მე ვთვლი, რომ უეშიბას აიკიდოს ტრადიციის გამგრძელებელი საიტო სენსეია. ლ.ა.: ბატონო ოლეგ, თუ შეიძლება, გვითხარით რამდენიმე სიტყვა სტივენ სიგალზე, რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და რომლის პოპულარობა გარკვეულწილად აიკიდომ განაპირობა. როგორ უყურებენ მას აიკიდოს სამყაროში? იაკიმოვი: ივამაში ყოფნისას ეს კითხვა მეც დავსვი. იაპონელებმა მითხრეს, რომ საიტო სენსეის ივამადან სამი კაცი ჰყავს გაგდებული, რომელთაგან პირველი სტივენ სიგალი იყო. მისი ამბიციურობისა და საიტო სენსეისადმი გამოჩენილი აგდებული დამოკიდებულების გამო, სენსეიმ იგი ივამას დოძოდან გააძევა* (შენიშვნა: * -ეს მოვლენა ჩემთვის ცოტა საეჭვოა, რადგან სტენლი პრანინმა, აიკიდოს ამერიკელმა ენციკლოპედისტმა, თავის წერილში, ჩემს შეკითხვაზე ამ ორი სენსეის ურთიერთობების შესახებ, სხვაგვარი პასუხი გამცა: მან მითხრა, რომ სიგალი და საიტო ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ოსაკაში, სიგალის დოძოში დემონსტრაციისას 70-იანი წლების ბოლოს. მათ შორის კონფლიქტზე სტენლი პრანინს არაფერი უთქვამს. ლ.ა.)
ამ დროს საიტო სენსეი ძალიან კეთილი და სამართლიანი კაცია. მისი ახალგაზრდობის შესახებ ივამაში ბევრი ისტორია დადის, იგი ჩხუბისთავი და ასე ვთქვათ სკანდალისტი იყო, მაგრამ ეს აგრესია მხოლოდ ადგილობრივი იაკუძას წევრებისადმი იყო მიმართული. ეს იმიტომ ვთქვი, რომ, ვინც არ მოსწონს, იმასთან საიტო სენსეი საკმაოდ მკაცრი იყო. ალბათ ასეთივე ისტორია იყო სიგალთანაც. როგორც ივამაში მითხრეს, სიგალი საიტო სენსეისთან ჩავიდა არა როგორც მოწაფე, არამედ, როგორც მსურველი ტექნიკისა, რომელიც საიტოსგან შეიძლება ისწავლო. იგი სენსეის პირდაპირ სთხოვდა "მასწავლე ეს ტექნიკა, მომეცი ახალი ტექნიკაო..." ასეთი დამოკიდებულება, არა მგონია, ვინმეს მოეწონოს. თუმცა მინდა ისიც ვთქვა, რომ ახალგაზრდობისას სიგალის ყველა ფილმი ვიდეოზე მქონდა ჩაწერილი და დღედაღამ ვუყურებდი. დღეს კი უკვე ვამჩნევ, რომ მისი ტექნიკური არსენალი ძალიან ღარიბია, ხოლო იარაღზე მისი მუშაობა უბრალოდ არასწორია. ლ.ა: ბატონო ოლეგ, თუ შეიძლება, გვიპასუხეთ ერთ ტრადიციულ შეკითხვაზე, რამდენად ეფექტურია აიკიდო რეალური ორთაბრძოლისას? იაკიმოვი: აიკიდო იაპონური ბუდოს ერთ-ერთი სახეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საბრძოლო დანიშნულების სისტემაა. საბრძოლო სისტემა კი ბრძოლაში გამოსაყენებლადაა შექმნილი. მე ვთვლი, რომ აიკიდო ძალიან ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ორთაბრძოლისას, სხვა საკითხია რამდენი ხანი დასჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ აიკიდოს ტექნიკური არსენალი მის ხელში ეფექტური გახდეს ბრძოლისათვის. ლ.ა.: ბატონო ოლეგ, თუ შეიძლება, გვითხარით თქვენი აზრი აიკიდოსა და ოსტატ ტაკედა სოკაკუს დიატო-რიუ აიკი-ძიუცუს კავშირის შესახებ? იაკიმოვი: ო-სენსეი, ტაკედა სოკაკუს მოწაფე იყო და ეს ცოდნა მას დიდად დაეხმარა თავისი საკუთარი სისტემის, აიკიდოს შექმნაში. საიტო სენსეის ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს დაიტო-რიუს სკოლისადმი და ამ სკოლის თავკაცებისადმი. სენსეი თვლის, რომ დაიტო-რიუ აკი-ძიუცუ ო-სენსეის აიკიდოს საფუძველია. ლ.ა.: ბატონო ოლეგ, თუ შეიძლება გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. იაკიმოვი: ძალიან მინდა დავესწრო დანიაში საიტო სენსეის სემინარს, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს (2000 წელს, ლ.ა). სენსეის ყოველი მოგზაურობა საზღვარგარეთ შეიძლება მისი ბოლო მოგზაურობა აღმოჩნდეს. მან შარშან რთული ოპერაცია გაიკეთა და არავინ იცის, რამდენი ხანი იქნება იგი აქტიური მასწავლებელი, იაპონიაში ჩასვლა კი საკმაოდ რთულია და ძვირიც. ამიტომ გეგმაში მაქვს დანიაში წასვლა, სადაც შევძლებ კიდევ ერთხელ ვნახო სენსეი და მისგან აიკიდო ვისწავლო. ლ.ა.: ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსათვის, გისურვებთ წარმატებებს აიკიდოში და ცხოვრებაში.
აქ ინტერვიუ შევწყვიტეთ, რადგან ბატონი იაკიმოვი ძალიან დაღლილი იყო თბილისის ივამა რიუ აიკიდოს კლუბში ორსაათნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ. მიუხედავად დაღლილობისა და თბილისში ოთხი დღის განმავლობაში დაძაბული მუშაობისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი კეთილგანწყობა და სიმშვიდე, მოთმინება, რომლითაც იგი ექცეოდა მოწაფეებს, მათ შორის თქვენს მონა-მორჩილსაც, სემინარის დროს. ბატონი იაკიმოვზე შეიძლება ითქვას, რომ ეს კაცი ძალიან კარგი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს აიკიდოს ინსტრუქტორი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჯურნალისტობაც შეგძლებია მეგობარო. :) ჯურნალისტობაც შეგძლებია მეგობარო. :)
6. მოგესალმები ჩემო ლევან! კარგი ინტერვიუა და განსაკუთრებით ჩემთვის. ზუსტად 29-ში საღამოს ჩამოფრინდა ჩვენი ტომიკი-აიკიდოს გუნდი იაპონიიდან. ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანეს პირადშიც (სამიდან სამი) და გუნდურშიც. ოქრო-ვერცხლი იაპონიის ორმა გუნდმა აიღო და ეს წინასწარვე ყველამ იცოდა. ნიკუშამ კი უმაღლეს დონეზე წარმატებით ჩააბარა გამოცდები და შავი ქამარი და პირველი დანი ჩამოიტანა. 14 წლის ყმაწვილისთვის ეს პირველი შემთხვევაა და დიდი წარმატება... ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეჯიბრზე სრულუფლებიან მონაწილედ წავა, ახლა კი კონკურსგარეშე იყო მიწვეული. მოგვიწევს ამ წარმატების აღნიშვნა მალე ჩვენს სამეგობროში! მოგესალმები ჩემო ლევან! კარგი ინტერვიუა და განსაკუთრებით ჩემთვის. ზუსტად 29-ში საღამოს ჩამოფრინდა ჩვენი ტომიკი-აიკიდოს გუნდი იაპონიიდან. ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანეს პირადშიც (სამიდან სამი) და გუნდურშიც. ოქრო-ვერცხლი იაპონიის ორმა გუნდმა აიღო და ეს წინასწარვე ყველამ იცოდა. ნიკუშამ კი უმაღლეს დონეზე წარმატებით ჩააბარა გამოცდები და შავი ქამარი და პირველი დანი ჩამოიტანა. 14 წლის ყმაწვილისთვის ეს პირველი შემთხვევაა და დიდი წარმატება... ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეჯიბრზე სრულუფლებიან მონაწილედ წავა, ახლა კი კონკურსგარეშე იყო მიწვეული. მოგვიწევს ამ წარმატების აღნიშვნა მალე ჩვენს სამეგობროში!
4. ძალიან საინტერესო ინფორმაცია!!! ლევანს მივესალმები!!! როგორ გიკითხო მეგობარო?
ძალიან საინტერესო ინფორმაცია!!! ლევანს მივესალმები!!! როგორ გიკითხო მეგობარო?
3. საინტერესოა, განსაკუთრებით სტივენ სიგალზე, ისე ლეგენდაა თუ მართალი, არ ვიცი, ამბობენ სიგალი ჩინგიზ-ხანის პირდაპირი შთამომავალიაო. +2 საინტერესოა, განსაკუთრებით სტივენ სიგალზე, ისე ლეგენდაა თუ მართალი, არ ვიცი, ამბობენ სიგალი ჩინგიზ-ხანის პირდაპირი შთამომავალიაო. +2
2. აუ ამას ვერ წავიკითხავ,სპორტის გაგებაში არ ვარ და თან ძალიან გრძელია,ინტერვიუ მიშასთან,მოსულა,წავიკითხავდი იზვინიტე. ნაშრომისთვის 5 აუ ამას ვერ წავიკითხავ,სპორტის გაგებაში არ ვარ და თან ძალიან გრძელია,ინტერვიუ მიშასთან,მოსულა,წავიკითხავდი იზვინიტე. ნაშრომისთვის 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|