ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2010


***

დღე მიილია შენს სუნთქვაში უწყვეტ ღიმილად,
მზემ სინანულით აიკრიფა ბოლო სხივები,
შენს მხარქვეშ შემთბარს მიხარია ყველა ნაბიჯი
და სულ ბავშვურად, შუქიანად მეღიმილები...

გრილი ნისლები უფრო ახლოს მოგიყვანს ჩემთან,
მარტის მოკლე დღეს დაღამების ფერები უჩანს,
მოუსვენარი, დაუღლელი მდინარის ხმაში
ყურს გაედება ახლობელი ყველაზე სუნთქვა...

და მივატოვებთ ჯერ არმწვანე უსაზღვრო მინდვრებს,
კვამლის სვეტები კალთებყვითელს აუვა სოფელს.
უკან ვბრუნდებით. ლამპიონთა ყვითელი მძივი
გადაბნევია ჯერ უფოთლო, ნაცრისფერ ტოტებს.

დღე მიილია შენს სუნთქვაში უწყვეტ ღიმილად,
გადაკარგულა მოწყენები შენი მხრის იქით,
ახლა რიგ-რიგად აფენია შუქები გზაზე,
ყვითლად მინათებს მთელ სახეზე მოდებულ ღიმილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები