ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


ახლაც შენი ვარ მთლიანად




მზემ ისე უცებ იალა
ფერები ააბრიალა
სიხარულს სალამურისას
/სალოცავ-საამურისას/
ბულბული შეეხმიანა
სამკაულების სიცილმა
ჰაერში გაიბრკიალა
კარუსელივით ტრიალებს
კრიალოსანი კრიალა
კამკამებს ტაძრის სარკმელი
კაფიამ დაიწკრიალა…

ყოველთვის შენი ვიყავი
ახლაც შენი ვარ მთლიანად!

ხმებს გადაევლო ძახილი
ხანჯლის პირივით პრიალა
სივრცეში ისე შორს არი
ცრემლივით მოჩანს ფრთოსანი
მიაფრენს ფრთების იარა
ხარობს ხალისის სოსანი
ხასხასა და სხივოსანი
დამჭკნარა ეჭვის ხვიარა
მეფესაც დაავიწყდება
ახლა ტახტი და ტიარა.

სამოთხის სითბო დატოვა
ჩრდილმა რომ გადაიარა.

ყოველთვის შენი ვიყავი
ახლაც შენი ვარ მთლიანად
შენი ხმის სურნელებასთან
თაფლი რაა და ია_რა
მემილიონედ დავცალე
უფალო შენი ფიალა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები