 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 20 ივნისი, 2010 |
კრისტი მიჯაჭვულივით უსმენდა უცნობს. - როგორ წარმოგიდგენია შიში? არ მისმენ? გეკითხები, როგორ წარმოგიდგენია-მეთქი, - თითქმის ბრძანების კილოთი იკითხა უცნობმა - მე? არ ვიცი, ალბათ, შიშს დიდი თვალები უნდა ჰქონდეს,- ვიღაცის ნათქვამი გაიმეორა კრისტიმ. უცნობმა გადაიხარხარა. კრისტის გააჟრჟოლა. - შიში? ჰმ, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე,- იგივე ბრძანების კილო ისმოდა უცნობის ხმაში. კრისტი თავისდაუნებურად დამორჩილდა და თვალები დახუჭა. - წარმოიდგინე, ვიღაცამ თუ რაღაცამ უკნიდან ძლიერად შემოგაჭდო თავისი უზარმაზარი, მარყუჟივით ხელები. სუნთქვა გიჭირს, გული თითქოს გაჩერებას აპირებს. შენს უკან ვიწრო, ბნელი გვირაბია, რომელშიც ენის აუწერელი სისწრაფით მიგაქანებს ეს ხელები. შუქი, რომელსაც ჯერ კიდევ ხედავ, ნელ-ნელა პატარავდება და მალე სულ ქრება. შენ გეშინია! აი, ახლა კი მართლა გეშინია. კრისტიმ ისე მკაფიოდ წარმოიდგინა ყველაფერი, რომ ერთიანად აცახცახდა. თვალები სწრაფად გაახილა, რომ რეალობა შეეგრძნო და სასოწარკვეთილმა იკივლა. - გეყოთ, გაჩერდით. - კარგი, შენ უკვე იცი, რა არის შიში. ამას კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი ადექი და გააღე კარი, ლიზი მოვიდა, - ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა. კრისტის ყურმილი ხელში შეეყინა. კარზე მართლაც ზარს რეკავდნენ. კართან მართლა ლიზი იდგა. კარების გაღებისთანავე კრისტის მეგობრის თბილი ღიმილი შეეგება. - ლიზ, დროზე შემოდი,- თითქმის ყვირილით თქვა კრისტიმ და კარები ზურგს უკან სასწრაფოდ გასაღებზე დაკეტა. ლიზი გაკვირვებული უყურებდა მეგობარს. - რა გჭირს კრისტი, რისი გეშინია? - ვაი, რომ მეშინია,- ამოიოხრა კრისტიმ და მისაღებში შეუძღვა მეგობარს. - გიგისთან იჩხუბე? - არა, გაგიჟდი? დაჯექი. სადილს გაგიცხელებ, გშია?- ძლივს ლაპარაკობდა კრისტი. - არ მშია, შენ მხოლოდ ყავა მოადუღე, დამშვიდდი და მომიყევი, რა გჭირს. კრისტის აშკარად არაფრის თავი არ ჰქონდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ვინ იყო უცნობი ასე შორეული და ასე ახლოს. ყავა თვითონ ლიზიმ მოადუღა. გვიანობამდე უყვებოდა კრისტი ლიზის ამ უცნაურ ამბავს. ლიზი იმდენად ემოციური იყო, რომ შეშინდა, მაგრამ არ შეიმჩნია და მეგობრის დაწყნარებას შეუდგა. - სულელო, ვიღაც გაშაყირებს. - როგორ, მან ხომ თითქმის ყველა წვრილმანი იცის. ის მე მხედავს, გესმის, მხედავს. - ალბათ, ემთხვევა ყოველივე,- არ დაიხია უკან ლიზიმ. - რა ემთხვევა?! ჟურნალი, სადილი, გიგი, შენი მოსვლა, ყველაფერს ხედავს, ყველაფერს. აბაზანაში თითქოს უცხო იდგეს, გახდის მრცხვენია. ცოტა ხანში ალბათ, ვეღარ გავიხდი საკუთარ სახლში. - დაწყნარდი, როცა დარეკავს, ჰკითხე, გხედავს, თუ უბრალოდ, გრძნობს ყოველივეს. - რა სისულელეა, თითქოს ჰიპნოზი თუ რაღაც ამგვარი მიპყრობს, როცა სულ ყველაფერი მავიწყდება. მეშინია, გესმის, მეშინია!... - აიყვანე შენი თავი ხელში, ბავშვი ხომ არა ხარ,- ვეღარაფერი თქვა ლიზიმ. - რა ადვილად ლაპარაკობ. შენ რომ მისი ხმა გაიგო, მასე აღარ იტყვი. ეს საშინელებაა! საუბარში შეუმჩნევლად გაილია ღამე და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ორივეს. სამსახურიდან წამოსულმა კრისტიმ პირველად იგრძნო, რომ სახლში დაბრუნება არ უნდოდა. შემოსვლისას, რაც პირველად გააკეთა, იყო ის, რომ ტელეფონი გამორთო, აბაზანაში შევიდა. გრილი შხაპის ქვეშ მდგომმა წუხანდელი უძილობა თითქოს წყალთან ერთად ჩამოირეცხა. შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს, რადგან ტელეფონი გამორთო. იფიქრა, დავიძინებ და ყველაფერი უკან დარჩებაო. საძინებელში შევიდა, ფარდები დაუშვა, ლოგინი დაიგო და ჩაწვა. ფიქრებმა წაართვა თავი. უნდოდა რაღაც კარგზე ეფიქრა, მაგრამ უცნობის ხმა არ შორდებოდა გონებას. ის იყო, უნდა ჩაეძინა, რომ ტელეფონმა დარეკა. კრისტი ელდანაკრავივით წამოჯდა საწოლზე. - ტელეფონი ხომ გამოვრთე?- გაიფიქრა თავისთვის. ზარი ისე გაბმულად რეკდა, ლამის ჭკუიდან შეიშალა კრისტი. ხალათი მოიცვა და მისაღებში გავიდა. ყურმილს დასწვდა. ყურთან მიიტანა, მაგრამ ხმა არ ამოიღო. - რა დროს ძილია! მოდი, დღეს ჩემზე ვილაპარაკოთ, კარგი? - არ შემიძლია, რაც თქვენ ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭერით, მე, მე,- რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ უცებ იკითხა : - როგორ ჩართეთ ტელეფონი? - მე იგი არ ჩამირთავს, ის თქვენ არ გამოგირთავთ,- დამაჯერებლად თქვა უცნობმა. - როგორ? მე გამოვრთე, მახსოვს, გამოვრთე. - ხო, კარგი ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ჩემი ცხოვრება მოგიყვე. რა თქმა უნდა, ყველაფერი არა, გეტყვი მხოლოდ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, მომისმენ? - კარგი,- თქვა კრისტიმ და სავარძელში ჩაჯდა. თითქოს ოდნავ გაუარა შიშმა. - შენ ალბათ გაინტერესებს ვინ ვარ, რა მქვია, ან რას ვაკეთებ. არავინ ვარ, არ მაქვს სახელი და შენ წარმოიდგინე, არაფერს ვაკეთებ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შენ გელაპარაკები. ხოლო თუ მე შენში შიში გამოვიწვიე, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია. მე აღარაფრის მეშინია, სულ არაფრის, ჩვიდმეტი წლიდან სიბერემდე პროზექტურაში, ე.ი. მორგში ვმუშაობდი. მხოლოდ და მხოლოდ მიცვალებულებმა იციან მოსმენა და თან გულისყურით,- თქვა უცნობმა და დადუმდა. მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა. კრისტის გააჟრჟოლა მიცვალებულის ხსენებაზე. - მე აღარ მეშინოდა მათი, მაგრამ თავიდან, როცა პირველად დავრჩი მათთან მარტო, აი, მაშინ კი... ეს იყო საშინელი ღამე, რომელი არასოდეს დამავიწყდება, როგორც პირველი ღამე სატრფოსთან... კრისტი შეცბა და თავზე ხელი გადაისვა. - დიახ, დიახ სატრფოსთან... მე ახლა მიყვარს მიცვალებულები. ისინი ერთადერთნი არიან, რომლებსაც ჩემი არ ეშინიათ. ჩემი ადგილი ვიპოვე იმ მორგში,- ისევ სიჩუმე,- არასდროს არ მახსოვს ცოცხალს შემოეხედოს ჩემთვის ჩვეულებრივად, თუნდაც ისე, შენ რომ გიყურებენ. შენ ლამაზი ხარ, მე კი... ისევ სიჩუმე. კრისტის უცებ მოუნდა გაეგო მიზეზი მისი ამგვარი საუბრის, მაგრამ უტაქტო კითხვად ჩათვალა და დუმილი არჩია. - ახლა ხვდებით, რატომ მინდა თქვენთან საუბარი? თუ არ გინახავს მახინჯი, ვერ აღიქვამ ლამაზს. თუ ბნელეთი არ იცი, ვერ გაიგებ ნათელს. მე მივეჩვიე მკვდარს, დავაფასო,- ისევ სიჩუმე,-შენ გიხდება შიში, შენი სისხლი თითქოს ტოვებს ლოყებს, სახეს. ტუჩები გიფერმკრთალდება. იცი, რა ლამაზი ხარ მაშინ?- ისევ სიჩუმე. კრისტიმ უნებურად ტუჩებზე დაიდო ხელი. - იცი, როგორია სიკვდილის ფერი? კრისტიმ არ უპასუხა. - აი, იები, შენს გვერდით, ლამაზ ლარნაკში რომ იწონებს თავს, ისინიც კი სიკვდილის ფერია. კრისტიმ იებს გადახედა და ტანში გააჟრჟოლა. მათ მართლა სიკვდილის ფერი ედოთ. „იები სიკვდილის ფერია,“- თითქოს კივილით გაიმეორა უცნობმა, - ეს ის იებია, შენ რომ ასე ძლიერ გიყვარს, რომელთაც არა აქვთ სისხლი. გიგემია სისხლი?- საშინელი კითხვა დასვა უცნობმა. - ღმერთო ჩემო, რას მეკითხებით? - ხელი არ გაგიჭრია არასდროს? არ იცი სისხლის გემო? - არა, არა, არასოდეს, - გულისრევა იგრძნო კრისტიმ. - სისხლის წითელი ბლანტი სითხე, მოტკბო გემოთი. მიცვალებულის სისხლი ბლანტია და შედედებული. - კარგით, გეყოთ, მე არ მაინტერესებს მიცვალებულები, მორჩით, - იკივლა კრისტიმ და ღილაკს თითი დააჭირა, თითქოს საკმარისი არ არისო, ტელეფონი ქსელიდანაც გათიშა. ის აღარ კანკალებდა, მაგრამ რაღაც საშინელი გრძნობა დაუფლებოდა შიშის, სიბრალულის და სიკვდილის საშინელების. კრისტის არ ენახა სიკვდილი. თუ არ ჩავთვლით უცნობების ან უბრალოდ ნაცნობების პანაშვიდებზე სიარულს. ყველა ახლობელი ცოცხალი ჰყავდა. საყვარელი ადამიანის სიკვდილი ვერაფრით წარმოიდგინა. ასეთი საუბრის შემდეგ წუთითაც არ მიჰკრებია კრისტის ძილი. სამსახურშიც გამოუძინებელი მოუხდა წასვლა. შუადღემდე ძლივს გაძლო. გიგის დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. შეხვედრის ადგილი სამსახურთან ახლოს კაფე-ბარში დათქვეს, სადაც ორივე თითქმის ერთად მივიდნენ. ნახევრად ბნელი ოთახი უფრო ფერმკრთალს ხდიდა ისედაც დაღლილ სახეს. გიგი ჩვეულებრივი ღიმილით გაემართა მაგიდისკენ, სადაც კრისტი იჯდა. მიუახლოვდა და გაოცებულმა ჰკითხა კრისტის: - რა გჭირს, რა ფერმკრთალი ხარ, ძვირფასო?- აკოცა და გვერდით მიუჯდა. - არა, არაფერი, მერე მოგიყვები,- ძლივს გასაგონი ხმით უპასუხა კრისტიმ. - რაღაც არ მომწონხარ, მოხდა რამე? - ხო, მოხდა და ეს ყველაფერი ჩემი მარტოობის ბრალია! - რა იყო, რა გჭირს, აღარ მეტყვი?- ინტერესისგან ცოტათი აღშფოთდა გიგი. კრისტიმ მოუყვა, თუ როგორ რეკავდა უცნობი, რომელმაც თითქმის მდგომარეობიდან გამოიყვანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. kargi ramea kargi ramea
3. მოწონება ჩემი...:) თამუს მოკითხვა...:-* მოწონება ჩემი...:) თამუს მოკითხვა...:-*
2. თამუ ღირსეულად აგრძელებ!!! ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი!!! გაიხარე შენა!!! თამუ ღირსეულად აგრძელებ!!! ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი!!! გაიხარე შენა!!!
1. - წარმოიდგინე, ვიღაცამ თუ რაღაცამ უკნიდან ძლიერად შემოგაჭდო თავისი უზარმაზარი, მარყუჟივით ხელები. სუნთქვა გიჭირს, გული თითქოს გაჩერებას აპირებს. შენს უკან ვიწრო, ბნელი გვირაბია, რომელშიც ენის აუწერელი სისწრაფით მიგაქანებს ეს ხელები. შუქი, რომელსაც ჯერ კიდევ ხედავ, ნელ-ნელა პატარავდება და მალე სულ ქრება.
კლინიკურსიკვდილგამოვლილივით წერ! მაგარია! 5 - წარმოიდგინე, ვიღაცამ თუ რაღაცამ უკნიდან ძლიერად შემოგაჭდო თავისი უზარმაზარი, მარყუჟივით ხელები. სუნთქვა გიჭირს, გული თითქოს გაჩერებას აპირებს. შენს უკან ვიწრო, ბნელი გვირაბია, რომელშიც ენის აუწერელი სისწრაფით მიგაქანებს ეს ხელები. შუქი, რომელსაც ჯერ კიდევ ხედავ, ნელ-ნელა პატარავდება და მალე სულ ქრება.
კლინიკურსიკვდილგამოვლილივით წერ! მაგარია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|