ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


ციკლიდან: "ქნარი აჭარულს მღერის"

ბათუმს

თუ შეგიძლია, აბა, ქნარო, წუთით დადუმდი,
ნუ განადიდებ ამ სილურჯის დიად ფარაონს!
მაგრამ ბათუმი?! - ეს თეთრი და სუფთა ბათუმი?!
მაგრამ პალმები?! - ეს პალმების ნაზი მარაო?!.

როგორ არა ვთქვა, როდესაც მაქვს სალაპარაკო!
როს აღტაცების ატლასებში ვეღარ ვეტევი!
როცა ბათუმო - ოცნების და სიზმრის ქალაქო,
შენს სწორ ქუჩებზე და ბულვარში დავეხეტები!..

მომართულია სიმი ჟღერად, სტრიქონი - ქებად
ვეალერსები, დედოფალო, შენს დაღლილ მზერას
და ვხედავ ღრუბლებს, ნელა-ნელა რომელიც ქრება
და ვხედავ მზეებს, გაბრწყინება რომლისაც მჯერა!..

ზღვა კი, ლამაზი, მშვენიერი სტუმარი პორტის,
მეძახის, მიხმობს მეათასედ, მემილიონედ...
ჰა, აქ ვარ ისევ, გესალმები, ევქსინეს პონტის,
დავრჩები შენთან, მარად შენი მევიოლინე...



აჭარისადმი

აჭარელი ვიყავ განა,
რომ ვეტრფოდი ამ ცას, ამ მზეს,
ლურჯ ტალღების განდაგანას
და პალმების მწვანე ავზებს.

ფშაველი ვარ, მაგრამ, მითხარ,
როგორც ბრძენი ვინმე ამბობს,
ვინ მასწავლის, ან ვის ვკითხავ
შენი ცის და მიწის ამბორს.

განა აჭარლობა უნდა,
ძმაო, სუფთა გულის პატრონს,
რომ მარადის შენთან სურდეს,
უყვარდე და მოენატრო?!.



სარფი, ზღვა, ლაზები...

ჩამოიარეს ლაზებმა,
მერედა, რა ლამაზებმა!
ქალები იყვნენ, ქალები,
უცქრიალებდათ თვალები!
შეიხსნეს ბროლის თითებით
შილიფი კაბა-ჩითები!
დარჩნენ ზღვისსამოსამარა -
ზეობდა ზეცის კამარა!
მერე ვით თეთრი გედები,
როგორც სივრცეში ქედნები,
ისე შეცურდნენ ტალღებში,
ბობოქრებში და მაღლებში!
სულ ნებიერად ცურავდნენ
ლამის ზღვის დასასრულამდე!
და როცა გული იჯერეს
და ზღვის შვილობაც გვიჩვენეს,
შემოეფინნენ ნაპირზე
სერაფიმები ცხრაპირ მზეს!
თითქოს სიზმარში ვიყავით
და ზღაპრისაკენ მივყავდით
ლაზი ქალების სინაზეს -
მკრთალ იეროგლიფს მინაზე,
მათი თვალების ათინათს -
სამ ულამაზეს ათინას!
სხეულთა მარმარილოებს -
შეუფასებელ ტილოებს!
მზერას იდუმალს, ვნებიანს
ბგერებს მშობლიურხმებიანს...
ბოლოს კი ფრთებად გაშალეს
შორით ღიმილის თავშალი
და მიეფარა ჩვენს მზერას
სამი ლურჯთვალა ენძელა...



ჩემი ეს ლექსები, ციკლიდან "ქნარი აჭარულს მღერის", 2001 წლის 6 აპრლის გაზეთ "ჩვენს მწერლობაში" დაბეჭდა ბატონმა როსტომ ჩხეიძემ.
ბათუმის, მზიანი აჭარისა და აჭარლებისადმი ჩემი გულწრფელი სიყვარული არც ყოფილა და არც არასოდეს იქნება ცალკეულ უსიამოვნო ფაქტებსა და პიროვნულ გამოსვლებზე დამოკიდებული!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები