ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2010


ნუთუ მართლა ასეა?...

        მათთან ურთიერთობა ჩემთვის, ნათლობის რიტუალივით წმინდათა წმინდაა... როგორც ღრუბლები ასე არიან მომართულნი და ჩემს ყოველ სიტყვას ჰაერში იჭერენ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამ დროს ყველაზე მაღალი და მხარგაშლილი ვარ მთელს მსოფლიოში, თუმცა...
        ერთ-ერთი მორიგი რიტუალი:
-გამარჯობათ...     
        არავის არ ესმის ერთი ყურსასმენების ტყვეობაშია, სულ არ ახსოვს, რომ უნდა შევიდე თანაც საკონტროლოს ნიშნებით; მეორე მომდევნო, სავარაუდოდ მათემატიკის გაკვეთილისათვის ემზადება და დასვენებაზე იწერს საშინაო დავალებას კლასელის რვეულიდან; მესამე მეოთხეს სცემს, თანაც ისე უმოწყალოდ, აი ახლა, მე რომ სიამოვნებით ვცემდი "ერთ უმადურ არსებას". დანარჩენ ორს კი, არც დერეფანში გაუგია ზარის ხმა და სადღაც "ცოდნის ტაძრის" კედლებში, უმიზნ-უმისამართოდ დაეხეტება. თუმცა, ამას ვერც გრძნობენ... მათ ხომ, ერთმანეთი უყვართ... 
-გამარჯობათ!  -მოვიშველიე ჩემი ვოკალური მონაცემები და ხმის იოგების დაჭიმვა ისე მტკივნეულად ვიგრძენი, კინაღამ ცრემლები გადმომცვივდა...
-უი მასწ, შემოხვედით? ვერ შეგამჩნიეთ, ბოდშით.
-არაუშავს სწრაფად მოწესრიგდით. დანარჩენები სად არიან?
-მასწ, ნინოს შოკოლადი უნდოდა და ბექამ წაიყვანა გიყიდიო.
-აჰა, შოკოლადი არა?.. კარგი თქვენ მოწესრიგდით, ისინიც მოვლენ და მერე გავარკვევ მათთან...
        არადა რა საყვარლები არიან, როდესაც გაკვეთილის თხრობისას იმ პატარა თითებს ნერვიულობისაგან იმტვრევენ. მოდიდ და გაუბრაზდი შენეხლა ამათ... ყოველ დილას, დერეფანში ისე არავინ გამატარებს, კოცნა არ მთხოვოს. ვინ საიდან მეხვევა ხან ვეღარც ვხვდები... ისეთი საოცარი სითბო მეღვრება სულში... სწორედ ეს მაძლევს "ფეთქვის" საშუალებას... მერე მოგიბრუნდეს ხელი და ორიანი მოხაზო არაადამიანი უნდა იყო. დირექტორთან გასასამართლებელი საბუთიც მაქვს "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა და გვათხოვა ორები არ დაწეროთო"... ეს მისთვის იმდენად დიდი მიზეზია, გასაჩივრებას რომ არ ექვემდებარება.
        აი, ის ორნიც... შესანიშნავად შენიღბული "ვითომ ორი მეგობარი" და-ძმასავით ერთად შეზრდილ-გაზრდილი. თუმცა მათი ფრაზები ერთმანეთისადმი ისეთი ამაღლებული, სუფთა და სათუთია... ასეთი საუბარი მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ალბათ. თუმცა, თუ ასეთი სიღრმე ჰქონდა დღევანდელ რეალობაში 13-14 წლის ბავშვის სულს, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
      დგანან კარებთან თავდახრილებ და ელოდებიან ჩემს "განაჩენს", რომელიც ან დირექტორის კაბინეტში ვიზიტს გულისხმობს, ან მთელი გაკვეთილის განმავლობაში ცალ ფეხზე დგომას. რომელი ვარიანტი ურჩევნიათ ვერ გეტყვით, მაგრამ მე, არც ერთს არ ვისურვებდი მათ ადგილას. ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ "დესპოტი" მასწავლებელი ვარ და წესით არავის არ უნდა ვუყვარდე, თუმცა "მელას თავის მახრჩობელა უყვარსო" ამბობენ...
      მათი დასჯა არც მიფიქრია, თუმცა სხვაგან ვარ...
      "ვაჟკაცური მკლავები და მათში მთელი ცხოვრების გატარება"; "ნეტა ვის დაემსგავსება ჩვენი შვილი? იმედია ბიჭი შენნარი ძლიერი იქნება"; "დღეს ძალიან გავბრაზდი ცუდო, ანიმ მითხრა მგონი ბექას მოვწონვარო. მე კი ვიცი, რომ მხოლოდ მე მეკუთვნის ყველა შენი ფიქრი, მაგრამ მაინც მეტკინა." -ვიხსენებ მესიჯებს რომელთა შესახებაც ვაჟის დედა მიამბობდა რამოდენიმე დღის წინ და მეღიმება, მათ ლამაზ, შეურყვნელ სამყაროს ვუღიმი... ახლა ბიჭის პასუხები-  "ჩემი სუნთქვა ხარ ნინ, ნუ გიჟობ გთხოვ. არ მომწონს შენი საქციელი ალეკოსთან და გოგასთან, მეგობრობაზე თავს დებენ და ვიცი ორივეს მოწონხარ. გათხოვ ნუ მაბრაზებ"; "ძილინებისა საყვარელო. ნუ დარდობ, შეიძლება მანძილი დიდია ჩვენს შორის, მაგრამ დახუჭე თვალები, ნახე შენთან ვარ... აი, გაკოცე, მკერდზე მიგიკარი და თოთო ბავშვივით გეფერები"; "ხომ გრძნობ რომ შენთან ვარ? მოდი ჩაგეხუტები და ასე დაგაძინებ. მე შენს სუნთქვას დავითვლი და მშვიდ ძილს დავიცავ"....
        არა, გამაგიჟებენ მე ესენი...  ტელეფონში XXI საუკუნი რომეო და ჯულიეტასავით ლაპარაკობენ, გაკვეთილზე კი, ხოცავენ ერთმანეთს. მათ შორის მეგობრობის მარცვალსაც კი ვერ დაინახავს ვერავინ. არადა, თურმე, იდეასა და ოცნებებში ერთადაც სძინავთ, შვილებიც ჰყავთ და ცდილობენ გაარკვიონ, რომელს უფრო ჰგავს შავგვრემან ეშხიან დედას, თუ ქერა ცისფერთვალება მამას...

-მასწ, შეიძლება დავსხდეთ? გამომარკვია ფიქრებიდან დაგვიანებულმა კითხვამ და უხერხულობისაგან გავწითლდი. მთელი კლასი გაშტერებული უყურებდა მასწავლებელს, რომელიც დამუნჯებული იჯდა და იღიმოდა. ვინ იცის იფიქრეს, რომ მეც ჩემს "ოცნებას" შევღიმოდი (დიდი მონდომებით ცდილობენ გაარკვიონ შეყვარებული მყავს თუ არა, რატომ არა, ან როდის მეყოლება, ან თუ მყავს ვინაა და როდის მექნება ქორწილი)...
      სამწუხაროდ, რიტუალი ამჯერად არ შედგა, თუმცა ამით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა...
    მოკლედ, ისინი თავისას ფიქრობენ მე კი, მთელი დღე არ მასვენებს კითხვა:
          ნუთუ ის სისუფთავე, სილაღე, სიწმინდე, უშუალობა, სინაზე და მიმიტობა წლებთან ერთად მიდის, გვტოვებს და მის ადგილს ყოველგვრი სიბინძურე, პრობლემები და მიზნისაკენ ნებისმიერი მეთოდით სწრაფვის ამორალურობა ანაცვლებს? 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები