ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრუტუსი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2021


ბრუტუსის მონოლოგი

ჰე კეისარო! როგორც მკვდარ თევზს მღვრიე მორევი,
კვლავაც აბრუნებს ისტორიას დროის გრიგალი.
ბედთან ჭიდილში საკუთარ თავს თუ მოერევი,
სისულელეა ყველა დაფნა - ცრუ რეგალია.

ჰე კეისარო! არ შეცვლილა სამყარო, დღესაც
ბრიყვთა სიმართლე ეწირება ჭკვიანთა გათვლებს.
მესამე მხარესაც უპოვი ჟანგიან მედალს
მონაზე ცოტა უფრო მეტად თუ გაგიმართლებს...

ჰე კეისარო! ყველა ბრძოლას აზრი მიეცა,
თუნდ უსამართლოს (სიმართლე ხომ მხოლოდ აკვირვებთ).
ხმელეთის ღალატს უკვე უფრო ძნელად ითმენს ცა,
მხოლოდ მახვილი მოსჩანს ახლა ბრმა თემიდას ხელთ.

ჰე კეისარო! გაიზარდა კიდევ ქვეყანა
და ახლა უფრო მარტივია ცნება  ღალატის,
ჰე კეისარო! გაუფრთხილდე უნდა უფრო თავს,
დღეს სამყაროა შენი მკვლელი - შენი სენატი!

ჰე კეისარო! უკვდავების საფასურს იხდი...
სისულელეა! არვინ მოგცემს სიმშვიდის ნებას!
და როცა გული განგიგმირეს მაშინღა მივხვდი
რა განასხვავებს მონობასგან თავისუფლებას.

ჰე კეისარო! კარგად ვიცი, მაპატიებდი.
ჩემი მახვილის დანაშაულს არ ვნანობ ამად
მე მკვლელი არ ვარ, თუმც არასდოს ვაღიარებდი,
რომ შენ მიმაჩნდი დიდ მეფედ და ბრწყინვალე მამად.

ჰე კეისარო! მჯერა ვინმე ჩემზე შეცვლის მითს,
ფაქტიც ჭირვეულ სინამდვილეს მხრებზე შეისვამს.
სანამ სამყარო იარსებებს დროის ლაბირინთს
გაჰყვება ექოდ ბრბოს ბღავილი - AVE კეისარს!

კაცის გენია ათასწლეულს ისევ წინ უსწრებს,
ბედის დაცინვით დღეს რთულია არ შეიშალო.
მეფეთა ჯიბრზე რა გამოლევს ქვეყნად ბრუტუსებს,
თავისუფლების მამაც შვილებს, - ჰე კეისარო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები